გიული ალასანია: „პრეზიდენტ ზელენსკის პირად კონტროლზე ყავს აყვანილი მიხეილ სააკაშვილის საქმე“
თამარ სანაძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ურთულესი დაავადებების ფონზე, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსიც დაუდასტურდა.
უკვე კლინიკა „ვივამედიც“ ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სავალალოა. კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კლება გაგრძელდა, შესაძლოა, „ფატალური შედეგი დადგეს“.
„კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რამე გართულება, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა, მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ, დაარწმუნონ ადამიანი, რომ დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ: კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“, _ განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო მკვეთრი გაუარესებისა და უმძიმესი დიაგნოზების კვალდაკვალ, „ქართული ოცნება“ ჩვეულ რიტორიკას არ ცვლის. ამის ნათელი მაგალითია
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადება. როგორც მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.
რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ დასკვნას სასამართლოს გადაუგზავნიან და სააკაშვილის სასჯელისგან განთავისუფლებაზე მსჯელობა იქ გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იუსტიციის მინისტრის ბრიფინგსა და კლინიკა „ვივამედის“ დირექტორ ზურაბ ჩხაიძის გაცხადებებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა:
_ ქალბატონო გიული, პირველ რიგში, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის ფონზე, რომ მას, სხვა დაავადებებთან ერთად, კოვიდიც დაუდასტურდა?
_ აშკარაა, ამ კოვიდმა უფრო დაამძიმა სიტუაცია. როგორც ჩანს, ამას დაემთხვა ის ფაქტი, რომ ეტლში გადაჯდა. საერთოდ ვეღარ ადგამს ფეხს. სახსრების საშინელი ტკივილები დაეწყო, ტერფები ისე სტკივა, რომ ფეხს საერთო ვეღარ დგამს, ამიტომ იმ სავარძელში გადავსვამ ხოლმე ძლივს. სულ ორი ნაბიჯი აქვს გასავლელი, მაგრამ იმ ორ ნაბიჯსაც ვეღარ გადის, ვეღარ დგება უკვე.
თვითონ კოვიდი არ არის რთული ფორმის. დღეს მეხუთე დღეა. პისიარ ტესტიც აუღეს და, ჯერჯერობით, კორონავირუსი აქვს. ვნახოთ, რა იქნება. სამშაბათს კიდევ გაუკეთებენ ტესტს.
_ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილების პრობლემები კოვიდამდეც ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს. ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ თუ კლება გაგრძელდა, შესაძლოა, „ფატალური შედეგი დადგეს“. აღნიშნულ განცხადებაში მან მოუწოდა ოჯახს, პირადად თქვენ, რათა დაარწმუნოთ მიხეილ სააკაშვილი, დაექვემდებაროს მედიკოსების რეკომენდაციებს. რას იტყვით მის ამ განცხადებაზე?
_ დიახ, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება კოვიდამდეც ძალიან უჭირდა. აქამდე დამხმარე მისაყრდნობი საშუალებით დადიოდა, ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ იმითაც ვეღარ დადის. რაც შეეხება ზურაბ ჩხაიძის განცხადებას და ოჯახს, მიხეილ სააკაშვილთან ჩემ გარდა არავის უშვებენ. მე ვარ ერთადერთი, ვისაც მასთან შესვლა შეუძლია. ბავშვსაც არ უშვებენ. პატარა გოგოსაც არ უშვებენ, უსაფრთხოების მიზნით არ ვუშვებთო, ამბობენ. პატარას უკვე ნევროზი დაეწყო ამის გამო, იმიტომ რომ ძალიან უნდა, მამამისი ნახოს.
როგორ უნდა დავაძალო, რა ფორმით? ადამიანი საერთოდ ვერ იღებს საკვებს, ვერ ჭამს. მკურნალ ექიმებს არავინ ადანაშაულებს ამ ამბავში, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, მათ არ უნდათ აღიარონ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. ის, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია, აღიარეს გამოცდილმა სპეციალისტებმა, ექსპერტებმა. მძიმე მეტალები არის ადამიანის სხეულში, რომლის ორგანიზმიდან გამოდევნაზეც არავის უზრუნია. იმის გარდა, რომ მოწამლულია, როგორც ჩანს, ისედაც მძიმეა ეს ყველაფერი და ამას კიდევ ემატება სხვადასხვა დიაგნოზი. ვერ ატარებენ შესაბამისს მკურნალობას, _ როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის კლინიკებს არ ჰქონია მსგავსი დიაგნოზების მკურნალობის გამოცდილება, მაგრამ ის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა და გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ეს ვერ დავინახეთ. თუმცა მე რომ მკითხოთ, ის, რასაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ვისმენთ ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თუ რამე სახის სასჯელი ეკუთვნის, უნდა გადაუვადდეს.
_ „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ დაგადანაშაულათ იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი წონაში იკლებს და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ, ექიმი ითხოვს, ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთო. რას უპასუხებთ მის ამ განცხადებას?
_ ვიცი მისი ეს განცხადება. მე ეს სიტყვები, როგორც დადანაშაულება, ისე არ მიმიღია. დიახ, თქვა, რომ დედას არ მოაქვს ისეთი საკვები, კალორიებს არ აწვდის და რაღაც, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვერ იღებს ადამიანი საკვებს. აქაც იგივე მიზეზია, _ მათ არ უნდათ აღიარონ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, საკვებს ვერ იღებს, მხოლოდ ის საკვები მიმაქვს, რასაც თვითონ მეუბნება და რაც მიმაქვს იქიდან მხოლოდ რაღაც ნაწილს თუ დაიტოვებს, დანარჩენს მატანს უკან. ასეთი მდგომარეობაა და მე რამდენჯერ შევესწარი, ორი ლუკმა, ორი კოვზი საკვები გადაუყლაპავს და ამასაც ვერ იჩერებს, გული ერევა… ანდა საკვების ერთი ლუკმის მიღებისას ძალიან დიდხანს ისვენებს, გადაწვება, ფერი წაუვა-ხოლმე. უჭირს ადამიანს, ის ვერ იღებს საკვებს, თორემ, თავის დროზე, ჭამდა კიდეც და ზედმეტსაც ჭამდა, მე რომ მკითხოთ. ახლა ასეთი მდგომარეობაა, ვერ იღებს საკვებს!
გარდა იმისა, რომ მოწამლულია, ძალიან ცუდადაა, ადამიანს წელიწადი და ოთხი თვეა, ცა არ დაუნახავს, ჟანგბადი არ აქვს, გამოკეტილია ერთ ოთახში, როგორ მდგომარეობაშიც არასოდეს ყოფილა. გარეთაც კი არავის გაუყვანია. რა უნდა გავაკეთოთ? ასეთი მდგომარეობა გვაქვს.
_ ქალბატონო გიული, მინდა შევეხოთ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას. მინისტრის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სააკაშვილზე „ემპათიის“ დასკვნა არ არის სარწმუნო და თქვა, რომ საჭიროა ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმება, ანუ ექსპერტიზის ექსპერტიზა. როგორია ამაზე თქვენი დამოკიდებულება? რას ცდილობს ამით საქართველოს ხელისუფლება?
_ იცით, რა ხდება? განცხადება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა, ჩვენთვის არ იყო დამაჯერებელი. იმ დიაგნოზებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მანამდე დაესვა, მარიამ ჯიშკარიანის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით გავეცანი. იმ დასკვნაში ყველა დიაგნოზის დამსმელს აქვს თავისი გვარი, სახელი და გარდა ამისა, ამ დიაგნოზებს აქვთ თავისი უნივერსალური კოდები, რომლებიც ქვეყანაში ერთნაირია. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიგეთ, რომ გადაამოწმა სამხარაულის ექსპერტიზამ. ვინ არიან ესენი? ვინ წარმოადგენს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს? _ ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ან რა ფორმით გასინჯეს პაციენტი, რომელიც არც უნახავთ? რაღაც ცოტა საეჭვო და უცნაურია. ეს არანაირად არ არის დამაჯერებელი ჩემთვის.
_ ხომ არ გქონიათ რამე სახის კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ?
_ ამ თემას საერთოდ არ შევხებივართ. როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ის უფრო ჩართულია და ინტერესდება უკრაინით და უკრაინაში მიმდინარე საკითხებით. ძალიან ცოტა ხნით ვარ ხოლმე მასთან: ცოტა ხნით დილით და ცოტა ხნით საღამოს. როგორც ყოველთვის, ის საუბრობს უკრაინაზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ ინტერესდება ქართული პოლიტიკით. მე რასაც ვუყურებ, ასეა.
_ ქალბატონო გიული, თქვენ აქტიური კომუნიკაცია გაქვთ უკრაინულ მხარესთან. საომარი მდგომარეობის მიუხედავად, ისინი ინტერესდებიან და უყურადღებოდ არ რჩებათ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის მიმდინარეობაში. როდის გქონდათ მათთან კომუნიკაცია ბოლოს და რა მოლოდინები გაქვთ ამ საკითხის შესახებ?
_ მიხეილ სააკაშვილის ყველა სასამართლო სხდომაზე უსათუოდ მოდის უკრაინის კონსული. ყველა სასამართლო სხდომას ესწრება. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან, ეცნობიან ყოველმხრივ სააკაშვილის მდგომარეობას, მირეკავენ და მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან. პრეზიდენტ ზელენსკის პირადი კონტროლის ქვეშ აქვს აყვანილი ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული და მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, სააკაშვილის კაბინეტი არის ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ და დღემდე უკავია მას ის თანამდებობა, რომელიც ეკავა. მიხეილ სააკაშვილის საქმეში ძალიან აქტიურადაა ჩართული დავით არახამია. მე რამდენადაც ვიცი, ის ყოველთვის ინტერესდება ამით. ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საკითხით პროკურატურაც დაინტერესდა.
_ გაქვთ დამაიმედებელი მოლოდინები სააკაშვილის საქმეში, რომ უკრაინამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში?
_ მოლოდინები და იმედი მაქვს. უკრაინა არის რუსეთთან ომში გამარჯვებული ქვეყანა. ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა მსოფლიო ლიდერი. ეს ხომ ფაქტია, ყველა ამას ვუყურებთ, ყველა ამის მოწმე გავხდით. ის არის ლიდერი, რომლის სიტყვასაც ყველა უგდებს ყურს და ყველა ანგარიშს უწევს და ამიტომ იმედიც და მოლოდინიც მაქვს.
_ გერმანულ გამოცემა Dერ შპიეგელ-თან მიცემულ ინტერვიუში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2021 წელს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში მის დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რას გულისხმობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი?
_ დღიდან მისი ჩამოსვლისა, არასოდეს ამ თემას არ შევხებივართ. თვითონ არ შეხებია ამ თემას, თავად არ უსაუბრია ამაზე, არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ რაც დაწერა, რაც უთხრა გერმანულ გამოცემას ინტერვიუში, როგორც ჩანს, ასე ფიქრობს. მას მიაჩია, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, ჩართული იყო სოციალური ქსელები. ალბათ, როგორც ჩანს, ჩაფიქრებული იყო ისე, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინასთან და იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ზელენსკის გვერდით არ უნდა ყოფილიყო. მესამე პრეზიდენტი ზელენსკის გვერდით რომ ყოფილიყო, ეს უკრაინისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, _ მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები ძალიან დიდ წვლილს შეიტანდა ამ საქმეში და მისი ეს შესაძლებლობა სხვადასხვა ხერხით გააქრეს.