გიორგი რუხაძე: „მიხეილ სააკაშვილის საქმე არის ვიზუალური დადასტურება იმისა, თუ როგორ იმართება ეს სახელმწიფო“
ირინა მაკარიძე
რა გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავზე? სად დგას ცივილიზებული სამყარო და სად არის ამ დროს საქართველო? _
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგიული ანალიზის ცენტრ GSAC“-ის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი გიორგი რუხაძე:
_ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე ცხადია ის, რომ რუსეთთან მორიგებას აღარავინ აპირებს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის დამარცხებით, დასუსტებით. ერთადერთი სადავო საკითხი აქ არის დრო. არავინ იცის, რა დრო დასჭირდება ამას, ეს შეიძლება მოხდეს ერთ, ორ ან სამ წელიწადში. ფაქტია, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინის მხარეს არის, შესაბამისად, რა მიმართულებით წავა ომი, ეს გასაგებია.
უკრაინის ომის წლისთავზე გამოჩნდა, რომ უკრაინის მხარეს არის ცივილიზებული სამყარო და უკრაინა გაიმარჯვებს!
_ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ნატოს ებრძვის. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, მან გააძლიერა შავ ზღვაში თავისი ფლოტი. რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან შეტევების გაძლიერება?
_ ნატოს როგორ ებრძვის? ნატო რომ იყოს ომში ჩართული, მაშინ ნატოს შეიარაღებული ძალები შეებრძოლებოდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. რუსეთის მიერ ამაზე საუბარი ნიშნავს, რომ ის ვერ ამარცხებს უკრაინას, ვერ მიაღწია მის მიერ განსაზღვრული სამხედრო მიზნების შესრულებას და ცდილობს, რამით გაამართლოს ეს. თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ამტკიცებს, რომ რუსეთი ეომება არა უკრაინას, არამედ დასავლეთსა და ნატოს. რუსეთისა და ნატოს ომი იქნებოდა მაშინ, თუკი რაკეტები წავიდოდნენ ლონდონზე, პარიზზე და იქიდან დაბომბავდნენ მოსკოვს. ხოლო ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არის რუსეთის მცდელობა, დაეკავებინა კიევი, შეეცვალა ხელისუფლება, რაც, უბრალოდ, არ გამოუვიდა. ახლა, ბუნებრივია, იქნება ბაქი-ბუქი, რომ გავაძლიერებთ შეტევას და ა. შ., მაგრამ ფაქტია, ერთი წელი გავიდა რუსეთის კრაინაში შეჭრიდან და თუ რამე შეეძლოთ, აქამდე გააკეთებდნენ. ახლა შეიძლება რაღაც წარმატებას მიაღწიონ, ერთი ან ორი სოფელი აიღონ ან ერთი ქალაქი, მაგრამ სტრატეგიულად რუსეთი უკვე დამარცხებულია. ახლა საინტერესეო ისაა, რა დროში გაკეთდება ეს ყველაფერი.
_ გასულ კვირას კიევში შედგა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ბაიდენის ვიზიტიც სწორედ ამას ადასტურებს, _ შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მოსკოვს, რომ მას არაფრის ეშინია. ბაიდენის კიევში ჩასვლა ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რაშიც მას შეერთებული შტატები მიეხმარება.
_ არსებობს ინტერესი ჩინეთის პოზიციის მიმართ, მან დადო ომის დასრულების მისეული გეგმა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, ისევე როგორც საქართველო, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არაფერს ამბობს უკრაინის გამარჯვებაზე. ეს როგორ არის შესაძლებელი?
_ სამწუხაროდ, საქართველოს პოზიციონირება და რიტორიკა დაახლოებით არის ისეთი, რაც, მაგალითად, ჩინეთის, ბელარუსის, ვენესუელის. ეს არის სწორედ ტრაგედია. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ემთხვევა ავტორიტარული ჩინეთის, ავტორიტარული ბელარუსის პოზიციას.
24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე საქართველოს ათეულ ათასობით მოქალაქემ აჩვენა, რომ ის ჯგუფი, რომელიც დღეს არის საქართველოს ხელისუფლებას, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიცია ვერანაირად ვერ დაემთხვევა ვერც ჩინეთის, ვერც აზერბაიჯანისა და ვერც ბელარუსის პოზიციას.
რაც შეეხება ჩინეთის წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას, ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ის არ აპირებს პუტინთან მოლაპარაკებას, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ის რაღაც გაურკვეველი 12 პუნქტი, ჩემი აზრით, რუსეთისთვისაც არ იქნებოდა მისაღები.
ამ გეგმის პირველი პუნქტი ის არის, რომ ყველაფერი უნდა დაიწყოს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების მიხედვით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი თუ აღიარებს, ჯარებს გაიყვანს და მერე დაიწყება რაღაც მოლაპარაკება, ამაზე თავად რუსეთი არ წავა. შესაბამისად, ჩინეთის ეს მცდელობა კრახისთვისაა განწირული. გარდა ამისა, უკრაინა ამბობს, რომ მე უბრალოდ მშვიდობა კი არ მინდა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პუტინის გასამართლება ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე და დამნაშავეების დასჯაო. ეს არის უკრაინისთვის მშვიდობა და არა ის, რაზედაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე საუბრიობდა, რომ მთავარია, მშვიდობას მივაღწიოთ, სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობაო. მაშინ, როდესაც სხვა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება არის მშვიდობის საწინდარი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არ არსებობს დღეს სახელმწიფო, რომელსაც მეტად უნდა უკრაინაში მშვიდობა, ვიდრე უკრაინას, მაგრამ მშვიდობა არის რუსეთის დამარცხება და გასამართლება და არა ის, რომ ერთი მახინჯი რეალობა შეიცვალოს მეორე მახინჯი რეალობით.
_ რა რჯით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, აკეთონ ასეთი განცხადებები, რითაც, შეიძლება ითქვას, კომიკურ სიტუაციაშიც კი იყენებენ თავს?
_ ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკოსებად ვერ განვიხილავთ, რომლებსაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ. რეალურად, საქმე გვაქვს ივანიშვილის ლიფტიორებთან. მან თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ლიფტიორებისა და დაცვის თანამშრომლებისგან ვაკეთებდი ხელმძღვანელებსო. დაახლოებით ასე „გააკეთა“ მან მინისტრთა კაბინეტი. ეს არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც არც პოლიტიკური ინტერესი აქვთ, არც ღირსება, არც გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვები. Iსინი, უბრალოდ, საკუთარ ბატონს ემსახურებიან. შესაბამისად, ამ ბატონის პოზიციამ ჩიხში შეიყვანა ისინი. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი თავი ჩაიყენა იზოლაციაში. რა რჯიდა? ქალბატონი პრეზიდენტი ხომ მათი არჩეულია რეალურად? მაგრამ იმდენად თვალნათელია უკვე ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის თავისი პოზიციის მძევალი, აქედან გამომდინარე, რუსეთის მძევალი, რომ აქედან „გამოძრომა“ უკვე ძალიან რთულია _ ცდილობს, რომ იზოლაციის საშუალებით მიაღწიოს ძალაუფლების შენარჩუნებას. თუ ხდები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, იმ ტიპის შუასაუკუნეობრივი მონარქიული მმართველობა, რაც ახლა საქართველოში გვაქვს, ეს უბრალოდ თავსებადი აღარ არის ამ ყველაფერთან და ის დაინგრევა. შესაბამისად, მათი ამოცანა არც ცივილიზებულ სამყაროსთან დგომაა, არც _ უკრაინასთან და არც საქართველოს ინტერესების დაცვაა, მათი ამოცანა არის საკუთარი კეთილდღეობისა და ფინანსური უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, თუ საქართველოს ცივილიზებული დასავლეთიდან იზოლაცია და რუსეთთან მიბმა არ მოხდა, ის ამას უკვე ვეღარ შეინარჩუნებს. ამდენად, აქ კითხვის ნიშნები აღარ არის. ხელისუფლება ამას მიზანმიმართულად აკეთებს. დანარჩენი ადამიანი, ზოგიც ნებით, ზოგიც უნებლიეთ, არის ამ პოზიციის მძევალი.
_ საქმე ისაა, როდემდე შეძლებს მმართველი ძალა ამ პროპაგანდით ფონს გასვლასა და ძალაუფლების შენარჩუნებას?
_ დროის საკითხი უკრაინის გამარჯვებაა, თორემ არა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება. გეოპოლიტიკური ცვლილები კი მოხდება, მაგრამ თუ ამის პარალელურად საქართველოში არ მოხდა ცვლილებები, ამით საქართველო ვერ ისარგებლებს, ისევე როგორც, ვთქვათ, აზერბაიჯანი. უკრაინაში როგორადაც უნდა დამთავდეს ომი, ეს აზერბაიჯანში ალიევების დინასტიას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის? რატომ? Iმიტომ, რომ აზერბაიჯანი არის იზოლირებული სახელმწიფო, გამაგრებული თავისი ნავთობ და ენერგორესურსებით და იმის მიუხედავად, რუსეთი დამარცხდება თუ უკრაინა, აზერბაიჯანში მმართველობა არ შეიცვლება. დაახლოებით ამის მიღწევა უნდა ივანიშვილს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქროს. თუ საქართველოს მოსახლეობამ, როგორც, მაგალითად, 24 თებერვალს არ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ არ გაპატიებთ იმას, რომ დაგვიკარგოთ ევროპული მომავალი და საბოტაჟი გამოუცხადოთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსო და შემდეგ უკვე არჩევნების საშუალებით არ გაისტუმრებს მას ოპოზიციაში, თავისთავად, არაფერი მოხდება. ბუნებრივია, გამარჯვებული უკრაინა და დამარცხებული რუსეთი დაასუსტებს ივანიშვილის ხელისუფლების პოზიციებს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციურმა ლიდერებმა უნდა შეცვალონ.
_ სალომე ზურაბიშვილმა გულისწყვეტით განაცხადა, რომ მიუხედავად სურვილისა და დროული კომუნიკაციისა, ის არ მიიწვიეს კიევში. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარს?
_ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა, ამის მთავარი მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გასული ერთი წლის განმავლობაში უკრაინასთან მიმართებით…
შეიძლება ბევრს არ მოსწონს ზელენსკი, იმიტომ რომ უხეშად აწვება სახელმწიფოებს _ გერმანიას, ბრიტანეთს.. არცხვენს, იარაღი მომეცი, რაღაც არ არის საკმარისიო, მაგრამ ვინმეს გაუგია მათგან უკრაინის ხელისუფლების ლანძღვა? ერთადერთი გამონაკლისია საქართველოს ხელისუფლება. ხანდახან ლუკაშენკო თუ გამოვა და რაღაცას იტყვის, ისიც, სხვათა შორის, ძალიან იშვიადად, თუ პუტინმა არ აიძულა, ისე ლუკაშენკოც კი არაფერს ამბობს. ვიქტორ ორბანიც კი, რომელიც პირდაპირ ლანძღავს უკრაინის ხელისუფლებას, ბოლოს უკვე კიევში ჩასვლას ითხოვდა.
ძალიან საინტერესო იქნება, რომ ჩამოვყვეთ ამ სიას, ვინ არ იყო კიევში ომის ერთი წლისთავზე. სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდება ბელარუსის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება, აზერბაიჯანის ხელისუფლება… მთელი ცივილიზებული სამყარო, მთელი ევროკავშირი, მთელი ანგლო-საქსური სამყარო იქ იყო, ჩვენგან კი არავინ, ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირი, დამლაგებელიც კი არ იყო ჩასული. მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი გახლდათ წარმოდგენილი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
სალომე ზურაბიშვილს თუ მართლაც უნდოდა კიევში წასვლა, შეეძლო რაღაც გაეკეთებინა ამისთვის. გასაგებია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს თავისი პროტოკოლი აქვს, მაგრამ ზელენსკის რომ შეხედავ, როგორ აცვია, როგორ საუბრობს, რამე პროტოკოლს დაგიდევს? ამერიკის პრეზიდენტსა და რომის პაპს ხვდება მაისურით. თუ დაარღვევ პროტოკოლს და ამას იმით ახსნი, რომ მე უკრაინისკენ ვარ, საქართველოსკენ ვარ, ცივილიზებული სამყაროსკენ ვარ, ამას ყველა გაიგებს. იმის თქმა, რომ მე მოწვევა ოფიციალურად არ გამომიგზავნეს და ამის გამო ვერ წავედი, ეს არის თავის მართლება.
რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს, თავი რომ დავანებოთ მის დამსახურებას ამ ქვეყნის წინაშე და იმას, რომ ის ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, ნებისმიერი ადამიანიც რომ იყოს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობენ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, ეს, ბუნებრივია, წარმოშობს პრობლემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სახელმწიფოა საქართველო. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საქმე არის ჩვეულებრივი ინდიკატორი, ვიზუალური დადასტურება იმისა, თუ როგორ იმართება ეს სახელმწიფო, ინსტიტუტები ვის ექვემდებარება და საერთოდ რა ტიპის მმართველობასთან გვაქვს საქმე. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო გვიფუჭდება საქმე ევროპასთან ან უკრაინასთან, საქმე გვიფუჭდება იმის გამო, როგორც ვიქცევით. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ამის ვიზუალური დადასტურება. ეს ეხმარება ადამიანებს, მარტივად აღიქვან, რა ტიპის მმართველობაა ქვეყანაში. შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ასე ექცევიან, ჩNN-ის ეთერში არ მოხვდეს და მსოფლიო მედია მასზე არ საუბრობდეს, კავშირი არ იყოს ვლადიმირ პუტინთან, რუსეთთან და ა. შ., მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, რომელმაც გაბედა და პირველმა გაუწია წინააღმდეგობა რუსეთს და მის შემოჭრას, როდესაც დასავლეთი აღიარებს, რომ არ მოვუსმინეთ თავის დროზე, ეს კაცი რას გვეუბნებოდაო, შესაბამისად, პუტინის მუქარა მასზე ცნობილია და ზახაროვამ 3 დღის წინ რომ გაგვიმეორა, _ როგორც სააკაშვილი ისჯება ციხეში, ასეთი ბედი ელის ზელენსკისო, _ ამაზე მეტი რა უნდა ითქვას? ამ ყველაფერს ისმენს 2 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებებიდან. და ამის გადაფარვა უნდათ ირაკლი კობახიძის სტატუსით ან მაგათი ფილოსოფოსის, შათირიშვილის გამოსვლით „იმედზე“. არ გადაიფარება ეს საკითხი და მერე გვიკვირს, უარს რატომ გვეუბნებიან…
_ 24 თებერვლის აქციაზეც გკითხავთ: იყო თუ არა ეს აქცია, ზაფხულში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართული აქციის მსგავსად, განაცხადი იმისა, რომ ქართველი ხალხი სხვაგან არის და ხელისუფლება _ სხვაგან? ამასთან, უკვე ამუშავდა პროპაგანდა, რომ ამ აქციის ძირითად ნაწილს უკრაინელები და გამოქცეული რუსები შეადგენდნენ და არა ქართველები, ამაზე რას იტყვით?
_ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანა შეეცდება იმის გავრცელებას, რომ ამ აქციაზე რეალურად საქართველოს მოქალაქეები კი არა, ძირითადად, უკრაინელები იყვნენ. ან სხვა მიზეზს მოიგონებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფეისბუქზე რას დაწერენ ოცნების „ტროლები“, სურათი შეიქმნა და ამას ვერაფერი გადაფარავს.
ამ აქციამ გვაჩვენა, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ის, რომ ქვეყანას კურსი აქვს გამრუდებული, ამას გრძნობს, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ხოლო ცივილიზებულ სამყაროს და კონკრეტულად ევროკავშირს გზავნილს უკეთებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ის, რომ ზაფხულის აქციის შემდეგ ევროკავშირმა გამიჯნა ხალხი და ხელისუფლება, ერთი მხრივ, კარგია. ჩვენ გვსიამოვნებს, რომ დაინახეს, ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ცუდიც არის. როდესაც უკვე ზღვარის გავლება ხდება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ამით უკვე სახელმწიფო დგება ავტორიტარული სახელმწოფოების რიგში. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ადგილი ევროკავშირში არ არის.
_ პრობლების აღიარებით ხომ უნდა დაიწყოს პრობლემის გადაჭრა?
_ პრობლემა სწორედ ესაა, რომ დღეს საქართველოში არის დემოკრატიის ელემენტები, მაგრამ საქართველო არის უკვე ავტორიტარიზმისკენ სერიოზულად გადახრილი. თავის მოტყუება იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ხელისუფლებას აქვს ნება, საქართველო ევროკავშირისკენ წაიყვანოს. მაშინ რა უნდა ვქნათ? ჩემი აზრით, სწორია, რომ ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, დღეს აღარ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხალხს კი უნდა, მაგრამ სახელმწიფოს სათავეში მყოფ ჯგუფს, რომლის პასუხისმგებლობაცაა ამ ნაბიჯების გადადგმა, აღარ აქვს ამის ნება. შესაბამისად, საქართველოს უნდა მოექცნენ, როგორც ავტორიტარული მმართველობისკენ გადახრილ სახელმწიფოს, მის მმართველობას უნდა მოექცნენ, როგორც რეჟიმს, მიეხმარონ ქართულ საზოგადოებას, რომ შეცვალონ ეს რეჟიმი მშვიდობიანი და კონსტიტუციური მეთოდებით და ამის შემდეგ განახლდეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება უფრო დიდი ტემპებით, ასეთი ცვლილების შემთხვევაში ქვეყანაში იქნება სრული მზაობა დემოკრტატიული რეფორმების გატარების, რასაც ითხოვს ევროკავშირი. სხვანაირად ეს პროცესი ყველანაირად ჩიხში შევა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დავუშვათ, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვას, რომ მე ვერ დავსჯი საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ასე უნდა ევროკავშირის წევრობა, იმის გამო, რომ მისი ხელისუფლება დღეს ცუდად იქცევა და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, საბოტაჟი მერეც გაგრძელდება. მხოლოდ ამ კანონს „აგენტების შესახებ“ კი არ მიიღებს, ხვალ და ზეგ უარესს კანონს შემოიტანს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ევროპულ ნორმებთანაც და, საერთოდ, ევროპულ სამართალთან. შესაბამისად, შემდეგ იძულებული გახდება ევროკავშირი, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მოგანიჭა, უკან წაგართვას. ახალი უნგრეთი და ახალი ორბანი ევროკავშირში არავის სჭირდება.