გიორგი მუმლაძე: „ეს თუ დადასტურდა, მელიას პარტიის რიგით წევრად დარჩენის უფლებაც აღარ გააჩნია“
ირინა მაკარიძე
„რეჟიმთან ბრძოლა მათ კაბინეტებში სხდომა, ტელევიზიებში სიარული და ფეისბუკზე პოსტვა ჰგონიათ“, _ ასე ფიქრობს გიორგი მუმლაძე იმ პარტიის ლიდერებზე, რომლის თავმჯდომარეობასაც აპირებს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა ბიძინა ივანიშვილის იძულებაზე გადის.
მესამე პრეზიდენტის განთავისუფლებაზე, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და პარტიაში დაგეგმილ არჩევნებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე:
_ ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ფარული ჩანაწერებით ბრძოლა ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა რადგანაც ნიკა მელიას გუნდში დაიწყეს საუბარი, რომ იცოდნენ ამ „ვოისის“ გავრცელების შესახებ და არაფერი იღონეს მის შესაჩერებლად, რაც ასევე მიუღებელია, ამიტომ ვითხოვთ ჩანაწერის ექსპერტიზას. ეკა ხერხეულიძემ თქვა, ჩანაწერებს აფრიალებენ და ეს ფაბრიკაციააო. ასევე მაინტერესებს, ვინ აფრიალებდა, ვინ ავრცელებდა და ვინ ასმენინებდა ადამიანებს ამ ჩანაწერს, რადგან ეს არის ამორალური საქციელი. ამ პროცესისთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელია ნახევრად სიმართლე. სჯობს, ამხილო ადამიანი, რომელიც ბინძური მეთოდით თამაშობს და ამით გადარჩეს პარტიის საერთო ავტორიტეტი. სჯობს, კონკრეტული პირები დასახელდნენ. ვითხოვ, ეკა ხერხეულიძემ, ასევე ბაჩო დოლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თვეზე მეტია, ეს ჩანაწერი ვრცელდება სოფელ-სოფელ და ხელიდან ხელში, თქვან, ვისზეა საუბარი, ფაქტებით დაადონ ხელი იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. ასევე რადგან ეკა ხერხეულიძემ თქვა, უშუალოდ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერს ექსპერტიზაზე გაგზავნის და მის ავთენტიკურობას დაადგენს, მაქვს მოლოდინი და ვითხოვ, დადასტურდეს, რამდენად არის ეს ჩანაწერი ავთენტიკური, ვინაიდან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რას ფიქრობს პარტიის მმოქმედი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილზე. თუ ის სიმართლეა, რაც „ვოისში“ ისმის, ე. ი. ნიკა მელია არასდროს და ვერასდროს იბრძოლებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის გულწრფელად. ზურგსუკან ამას ფიქრობდეს თანამებრძოლზე და მერე მისი განთავისუფლებისთვის ან გადარჩენისთვის იბრძოდეს, ჩემთვის ეს ცოტა შეუსაბამოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს: ერთი მხრივ, დასახელდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამას ავრცელებდნენ და ამაში ჩართულები იყვნენ და მეორე მხრივ, გამოკვლეულ იქნეს ამ ჩანაწერის შინაარსი, რადგან იქ რაც ისმის, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მათ დაიწყეს საუბარი, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია. რადგან ამაზე ალაპარაკდნენ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
_ ამ ჩანაწერის შესახებ ნიკა მელიას დუმილი რას გეუბნებათ?
_ მელიამ უნდა უპასუხოს გაჩენილ კითხვებს. გაქცევით, დამალვით პრობლემას ვერ მოაგვარებს. რასთან გვაქვს საქმე, ეს უნდა გამოაშკარავდეს. მე ვაპირებ ამ პარტიის თავმჯდომარეობას და არ მინდა, პარტიაში ისეთი ხალხი მოღვაწეობდეს, რომ არ ვიცოდე მათ შესახებ, ვინ რას სჩადის, თუნდაც, მათ შორის, ნიკა მელია. თუ ეს სიმართლეა, რაც იქ ისმის, მას ამ პარტიის რიგით წევრად დარჩენის მორალური უფლებაც კი აღარ გააჩნია.
_ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ფარული ჩანაწერის შინაარსში შესვლა. ამაზე რას იტყვით?
_ სიმართლე ვთქვათ, ეს არ არის ფარული ჩანაწერი, ეს არის „ვოისი“, ანუ ტელეფონით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება; ვინმეს ფარულად კი არ ჩაუწერია მისი საუბარი. ეს არ არის მოსმენა ან მიყურადება, ეს მოიგონეს იმისთვის, რომ გადაფარონ თემა. ნიკა მელიამ უნდა დაადასტუროს, მათ შორის, ექსპერტიზის საფუძველზე, რომ არ გაუგზავნია აღნიშნული შეტყობინება ვინმესთვის.
_ პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის 4 სხვადასხვა საუბრის მონტაჟი…
_ ოთხია, ხუთი თუ ერთი შეტყობინებაა, ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ.
_ ვინ შეიძლება იდგეს ამ ჩანაწერის გავრცელების უკან?
_ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია, რომ ამ პარტიაში ცვლილებები არ განხორციელდეს, მაგრამ ასე კონკრეტულად ვერავისზე ვიტყვი.
_ ჩანაწერი გაასაჯაროვა პარტიის წევრმა. რამდენად შეიძლება აიხსნას ეს კეთილი განზრახვით?
_ კეთილი განზრახვით ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა. ეს ფაქტი ხელს უწყობს იმას, რომ პარტიაში არ განხორციელდეს ცვლილებები, რაც ხელს უშლის საარჩევნო პროცესს. ახლა ჩვენ ამ საკითხზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ სხვა თემებზე. აქცენტი სპეციალურად გადააქვთ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან.
_ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ პარტიის ლიდერებთან თანამშრომლობა? თქვენ ხშირად აკრიტიკებთ მათ. ბოლოს ბაჩო დოლიძესთან დაკავშირებით გქონდათ პოსტი. ის, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეთ.
_ ის ადამიანები გააგრძელებენ პარტიასთან ურთიერთობას, რმლებიც მზად არიან, რომ იბრძოლონ თავგანწირვით რეჟიმის წინააღმდეგ. ვინც აირჩევს კომფორტს, ისინი ამ პარტიასთან ერთად ვერ იბრძოლებენ, შეუძლიათ იყვნენ რიგითი წევრები, მაგრამ წამყვანი ძალა იქნება ის ხალხი, ვინც თავისი მაგალითით აჩვენებს ბრძოლის სტანდარტს, მათ შორის, თავგანწირვას. ბევრ ადამიანს არ აძლევდა პარტია გასაქანს და ისინი დაწინაურდებიან და ჩადგებიან გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში.
_ როგორ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა?
_ პარტიის მთლიანი რესურსი უნდა მოხმარდეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, სადაც მთავარი იქნება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის იძულების კამპანია.
_ ქვეყნის გარედან ძალიან დიდი აქტივობაა სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩანს, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საკითხი გადაწყდეს?
_ „ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს დასავლეთის გზავნილებს, რადგან მას აქვს არჩეული მკვეთრად გამოხატული რუსული კურსი, რომ დასავლეთისგან მაქსიმალურად იზოლირება მოახდინონ. მნიშვნელოვანია, რომ შიდა ზეწოლა გაძლიერდეს. ქართველი ხალხის გასაკეთებელი თვითონ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
_ რატომ ვერ ხერხდება ამ მუხტის შექმნა?
_ 2021 წლის 14 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც გაიმართა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ხალხის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვიდა. ასევე ქართველმა ხალხმა მოუგო არჩევნები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ უნიათო ოპოზიციონერი ლიდერების არასწორი გადაწყვეტილებების გამო ეს მუხტი ჩაქრა და აქამდე ვერ მივაღწიეთ მიზანს. ეს უნდა შეიცვალოს, პრინციპული ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, რომლებიც თავიანთ სიტყვას არ გატეხენ, რაც საფუძველს მოგვცემს, რომ ეს ბრძოლა იყოს შედეგზე ორიეტირებული და არა მხოლოდ ტელევიზორიდან და ფეისბუკიდან ლაპარაკზე.
_ ფიქრობთ, რომ მელიამ და მისმა ჯგუფმა ეს მუხტი განგებ ჩაახშეს?
_ განგებ თუ უნიათობით, შედეგის თვალსაზრისით, ერთი და იგივეა, _ ბიძინა ივანიშვილი მე-11 წელიწადია, ხელისუფლებაშია.
_ რაც შეეხება თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატ ნონა მამულაშვილს, იგი ინიციატივით გამოდის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მიხეილ სააკაშვილის შეყვანის შესახებ. ამაზე რა აზრის ხართ?
_ ამ საკითხს უკომენტაროდ დავტოვებ.
_ ამ დღეებში გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ გიული ალასანიას ჩანაწერში იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. იქიდან რაც გავიგე, საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტია მიშასთან დაკავშირებით. ამ საკითხის შესახებ მეც მილაპარაკია, ამიტომ აქ არაფერი ახალი არ არის ჩემთვის. ცხადია, მიშას ბედს წყვეტს პუტინი და ბიძინა ივანიშვილი სწორედ პუტინის დავალებას ასრულებს, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც რუსეთი და კრემლი დაავალებს.
_ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან თქვენ მართავდით მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქციებს. ამოწურეთ უკვე იმედი ამ მიმართულებით?
_ სალომე ზურაბიშვილი მიიმალა, მოეფარა პროცესებს. მას ახალ წელს ან შობას ჰქონდა შანსი, გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება და გაეთავისუფლებინა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ეს მან არ გააკეთა. ვფიქრობ, ამით ის ხდება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილე.
ჩვენ 11 დღე გვქონდა უწყვეტი პროტესტი, ღამეებს ვათენებდით, სიცივეში ყოველგვარი გათბობის გარეშე ვიყავით. ამის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ჩვენს თანამებრძოლ ნიკა ნარსიას _ საავადმყოფოში მოუწია გადაყვანა და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად შევთავაზეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ გვერდით დავუდგებოდით, თუ რამე წნეხი იქნებოდა „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ მივიღეთ ის, რომ ბოლო 4 დღე არ გამოჩენილა არც სახლში და არც რეზიდენციაში. პრაქტიკულად, ის მიიმალა და მოშორდა ამ პროცესს. სავარაუდოდ, მან ბიძინა ივანიშვილის წნეხს ვერ გაუძლო.
_ მიგაჩნიათ, რომ აქციებს მაინც ჰქონდა შედეგი და რა არის ის?
_ თუნდაც ის, რომ მას კონტრაქცია მოუწყვეს, ეს შედეგია. შეეშინდა „ქართულ ოცნებას“, სალომე ზურაბიშვილს მართლა არ შეეწყალებინა სააკაშვილი. თან, ორაზროვანი განცხადებები ჰქონდა. ამდენად, გარკვეული წინსვლა იყო, თუმცა ბოლომდე ვერ გადადგა ნაბიჯი, რადგან სათანადო წნეხი ვერ განხორციელდა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ წნეხის შესაქმნელად თავისი რესურსი არ და ვერ გამოიყენა. ჩვენ ყველას მოვუწოდებდით, შემოერთებოდნენ აქციებს, თუმცა ასე არ მოხდა. ისინი კომფორტს არიან მიჩვეულები და სიცივეში დგომა არ მოსწონთ. ამიტომაც ვართ ცუდ დღეში. რეჟიმთან ბრძოლა მათ კაბინეტებში ჯდომა, ტელევიზიებში სიარული და ფეისბუკზე პოსტვა ჰგონიათ.
_ კიდევ გრძელდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვა? როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით არის ისევ რესურსი დარჩენილი?
_ ბიძინა ივანიშვილზე როგორც კი განხორციელდება სათანადო წნეხი, მაშინვე იქნება შედეგი. სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. იქნება ბიძინა ივანიშვილზე წნეხი? _ იქნება შედეგი! არ იქნება წნეხი? _ არ იქნება შედეგი.