გიორგი კაპანაძე: „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება თავისთავად ნიშნავს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას“
ნენე ინჯგია
9 თებერვალს ე. წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის შემდეგ პუტინის გეგმაა „შიდა ქართლის რუსეთის ტერიტორიისთვის მიერთება“.
„პუტინ-ივანიშვილის პირად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის სრულიად ქართული ოპოზიციის სირცხვილი, ეს არის ისტორიული სირცხვილი“, _ ამის შესახებ კი „ქრონიკა+“-ს განუცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
რა კონკრეტული გეგმა აქვთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მესამე პრეზიდენტის ციხიდან გასათავისუფლებლად? როდის და რა ფორმით დაიწყება საპროტესტო აქციები? არის თუ არა პარტიაში განხეთქილება?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ენმ-ს წევრ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა:
_ ბატონო გიორგი, 9 თებერვალს ე. წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, _ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და რა გამოვლინდა ამჯერად სასამართლო სხდომაზე?
_ მაშინ, როდესაც ე. წ. დღგ-ს კორუფციული სქემით 600 მილიონი მოიპარა ბატონმა ფარცხლაძემ, ასევე 1 მილიარდით აზარალა უჩა მამაცაშვილმა საქართველოს რკინიგზა, გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ელიტური ჯგუფები მონაწილეობენ ქოლცენტრების კორუფციულ სქემაში და არცერთი მათგანი ამ დრომდე არ დაკითხულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმის გამო ასამართლებენ, რომ მან უმანსპინძლა უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოს; პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის დასაფლავებაზე გვირგვინი მიიტანა; შეხვედრებისთვის რამდენიმე პიჯაკი იყიდა. ეს ბრალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წაუყენეს, არის ნონსენსი, სამართლებრივი აბსურდი და აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სარჩული _ ეს არის პოლიტიკური შურისძიება, შესაბამისად, ბოლო პროცესზე დავინახეთ ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არის არა ე. წ. სამართლიანობის აღდგენა, არამედ ოპონენტების ციხეში გაშვება და პოლიტიკური ბრალის წაყენება იმ პირისთვის, რომელიც მთავარი პოლიტიკური ლიდერია, _ არა მხოლოდ პარტიული დონის, არამედ ზოგადად ქართული პოლიტიკისა და რეგიონული მნიშვნელობის.
_ პროცესზე მოწმის სახით გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. რაზე მეტყველებს მისი ეს ჟესტი?
_ ჩუბინიძის უარი, სასამართლოს წინაშე ჩვენება მიეცა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ პოლიტიკური ბრალით, რადგან თუკი ჩუბინიძე სასამართლოზე ჩვენებას მისცემდა, მაშინ ის იძულებული გახდებოდა ეღიარებინა, რომ ხარჯები, რომელსაც მესამე პრეზიდენტს ედავებიან, გაწეული არის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას და ასევე გაწეული იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. ვიმეორებ: ჩუბინიძეს ჩვენება რომ მიეცა, ე. ი. პროკურატურას ბრალი უნდა წაეყენებინა როგორც მარგველაშვილისთვის, ასევე _ მოქმედი პრეზიდენტისთვისაც, რადგან ჩუბინიძე არის ის პირი, რომელიც უშუალოდ ადებს ვიზას, თუ როგორ და რისთვის უნდა დახარჯოს თანხა ამა თუ იმ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ე. ი. თუ ჩუბინიძე ჩვენებას მისცემდა, მარგველაშვილი და ზურაბიშვილიც ციხეში იქნებოდნენ გასაშვებები, რადგან მიხეილ სააკაშვილი სწორედ თავისი უფლებამოსილების განხორციელების გამო არის ციხეში და წაყენებული აქვს პოლიტიკური ბრალი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩუბინიძემ სასამართლოს წინაშე ჩვენება არ მისცა: 1. მას შეეშინდა; 2. დიდი ალბათობით, მას აუკრძალეს სიმართლის თქმა და ეს აკრძალვა მომდინარეობს პროკურატურიდან.
_ ტვ „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველში. ჩანაწერში ნიკა მელია სხვადასხვა თემაზე საუბობს, მათ შორის, ის ერთ-ერთ მხარდამჭერს მიმართავს: „თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს“, _ ეთანხმებით მას?
_ არ დავიწყებ ამ ფარული ჩანაწერის შინაარსის გამოკვლევას და განხილვას, რადგან იგი უკანონოდ გაკეთდა, არა ე. წ. მოქალაქის, არამედ სპეცსამსახურების აგენტპროვოკატორების მიერ, სპეციალურად იმისთვის, რომ შემდეგ „იმედს“ გავრცელებინა და მიზნად დაესახათ, რაღაც განხეთქილება მომხდარიყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არავითარი განხეთქილება, მით უმეტეს ისეთი, რომ ამბად ღირდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის. ეს პოლიტიკური პარტია არ გახლავთ კომუნისტური, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის მოსაზრებები გვაქვს, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. მიზანი კი არის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და, ზოგადად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება თავისთავად ნიშნავს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას და ხელისუფლებიდან მის წასვლას. პირადად, მგონია, რომ აუცილებელია აქტიურობა, საპროტესტო აქციები. როდესაც ჩვენ მესამე პრეზიდენტი ციხეში გვყავს, მთავარი ოპოზიციური ძალის უპირველესი მიზანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ამ უკანონო ტყვეობიდან გამოხსნა. გარდა იმისა, რომ ამას მორალური მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური ბრალით მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს, პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს: თუ მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლდება და მას ექნება შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, გარწმუნებთ, დღეების საკითხია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა აქტიურობა და საპროტესტო აქციები, თუმცა ეს მხოლოდ ანონსის სახით გვესმის ბოლო თვეებია. რატომ არ არის შესაბამისი აქტიურობა?
_ პუტინ-ივანიშვილის პირად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის სრულიად ქართული ოპოზიციის სირცხვილი, ეს არის ისტორიული სირცხვილი. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, პირი, რომელმაც უამრავი რეფორმა გაატარა, ბიუჯეტი 10-ჯერ, პენსია 3-ჯერ გაზარდა, ეკონომიკა კი რამდენჯერმე გაზარდა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მოდელი შექმნა, დღეს პუტინისა და ივანიშვილის გასახარად ციხეშია. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრაგედია, ეს არის ტრაგედია როგორც სრულიად ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვისაც. აქედან გამომდინარე, მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე, რაც შეიძლება სწრაფად, გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან. ჩემი აზრით, ამისთვის საპროტესტო აქციები უნდა იყოს და იქნება კიდეც გაზაფხულიდან, რადგან სხვაგვარად გაიმარჯვებს პუტინი და ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი მიზანი კი არის, რომ გაიმარჯვოს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ, არამედ, საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს სრულიად საქართველო.
_ საზოგადოება სამ ნაწილადაა დაყოფილი: ერთი ნაწილი გულშემატკივრობს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლებას; მეორე არიან ე. წ. ანტიმიშისტები; მესამე ნეიტრალურად არის განწყობილი. ამის გათვალისწინებით, თუ გაქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ აპირებთ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასის მობილიზებას საპროტესტო აქციებისთვის, რამაც შეიძლება რეალურად შეცვალოს სააკაშვილის ბედი?
_ დავიწყოთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი უმსხვილესი პოლიტიკური ფიგურაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბით. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ათიათასობით პერსონალური მხარდამჭერი, რაც დაადასტურა გასული წლის 14 ოქტომბრის მიტინგმა, როცა პესიმისტური გათვლებით 65 ათასი კაცი იდგა იქ, სადაც ადამიანები მივიდნენ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და იმ ვითარების გასაპროტესტებლად, როდესაც რეჟიმმა ის ციხეში ჩასვა. ამიტომ ჩვენთვის, მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის სწრაფად განთავისუფლება. მაგრამ ისმის კითხვა, _ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას იმ პირობებში, როცა „ქართულ ოცნებას“ მისი ციხიდან გამოშვება არ უნდა? ამას უნდა მივაღწიოთ იმგვარად, რომ ქვეყანაში შევქმნათ ისეთი პოლიტიკური ამინდი, რომლითაც „ქართული ოცნება“, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, იძულებული გახდება, მყისიერად გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ამისთვის გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან საზოგადოებისვე ინტერესია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში. ხვალ შეიძლება მიშას ადგილზე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოხვდეს. ეს არ არის გამორიცხული. ამ შემთხვევაშიც კი სოლიდარული ვიქნები იმ კონკრეტული ლიდერის მიმართ. რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს ასამართლებდნენ და წლების განმავლობაში გრძელდებოდა მათი სასამართლო პროცესები, მე მათ პარტიას არ წარმოვადგენ და არ ვარ მათი პარტიის ამომრჩეველი, მაგრამ მათ მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოვხატავდი, ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისა და მათი მხარდამჭერების ამოცანა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა, რადგან ხვალ შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ მის ადგილას. ერთი ვარიანტია: ერთ დღეს ჩვენ ყველანი შეიძლება წავიდეთ ციხეში ან ემიგრაციაში, ან მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში, _ ასეთი მოცემულობაა. ეკონომიკა უკან იხევს, ხალხი ღარიბდება, უმუშევრობა იზრდება, ხალხი მიდის საზღვარგარეთ და ქვეყანა იცლება, მათ შორის, ახალგაზრდებისგან, _ ეს ეროვნული ტრაგედიაა. ეს ტრაგედია რომ შევცვალოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ყველას მიმართ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით და „ქართული ოცნება“ წავიდეს მინიმუმ ოპოზიციაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც ამ წლების განმავლობაში მრავლად დააგროვა ქვეყანამ და ხელისუფლებამ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო გაღარიბდნენ.
_ გასულ კვირას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ წამოაყენა ინიციატივა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები. რა პერსპექტივა აქვს აღნიშნულ ინიციატივას?
_ ზოგადად, „ქართული ოცნების“ შესაცვლელად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება და გაერთიანება, განსაკუთრებით პროდასავლური ნაწილის. ჩვენ კოორდინაციაში უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამისთვის შეიძლება, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოედგინოს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, სხვა პოლიტიკურ ფუგურას კი სხვაგვარი ხედვა ჰქონდეს. მთავარი ამ შემთხვევაში მიზანია. როდესაც მიზანი ერთი გვექნება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ ან მეორე პოლიტიკურ ფიგურას უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ განხილვა შესაძლებელია. პოლიტიკური პარტიები და ლიდერები უნდა იყვნენ ღია იმისთვის, რომ მოისმინონ შეხედულებები, შემდეგ იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ აზრს, რომელიც ოპოზიციური სპექტრის გამსხვილებისკენ მიემართება, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება.
_ ასევე გასულ კვირას ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შერიგების პროცესზე დისკუსია განაახლა და პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლებს შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მან განაცხადა, „არა და არასდროს“, რამდენად რეალისტურია შერიგების საკითხი?
_ ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აშკარად შეინიშნება ცვლილებები. მაგალითად, პოზიტიური ნაბიჯი იყო ის, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტ დუდას ვიზიტისას ამოღერღა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ემუქრება უკრაინას და ის ქმედებები, რომელსაც პუტინი ახორცილებს, არის აგრესია, ამ შემთხვევაში, უკრაინის მიმართ. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ვისურვებდი და ვურჩევდი კიდევაც ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. რაც შეეხება მის ინიციატივას, ზოგადად ურთიერთშერიგება და ეროვნული შერიგება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მხოლოდ სურვილად არ დარჩეს, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი? „ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი ჰყავს 600 ათასამდე მხარდამჭერი. მათი ძირითადი მიზანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობიდან გამოხსნა. თუ ქალბატონი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 600 ათასი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, რაღაცას ნიშნავს და ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, მან ეს ეროვნული შერიგება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯის გადადგმით, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლებით. სხვა შემთხვევაში, პირადად ჩემთვის, ეს ამბავი არასერიოზულია და მხოლოდ სიტყვებია. იმისთვის, რომ სრულყოფილად და ეროვნულ დონეზე შევრიგდეთ და ადამიანები ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ, მაშინ აუცილებელია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა სერიოზულად აღიქვას 600 ათასი ადამიანის მიზანი, რომელიც მოიცავს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას. ეს იქნებოდა მისი მხრიდან სერიოზული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ამ საერთო პროცესიდან გაირიყონ, პრეზიდენტს ნამდვილად აქვს ბერკეტი, დაიწყოს ეროვნული შერიგების პროცესი მესამე პრეზიდენტის ციხიდან განთავისუფლებით.