გია ხუხაშვილი: „პროცესები არის უმძიმესი, ჩვენი ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით სრული იზოლაციისკენ მიდის“

თამარ სანაძე

ახალი წელი პოლიტიკურად კვლავ მძიმე მოვლენებით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა მიმართულებით ჩიხში შედის. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი.
„ქართულ ოცნებას“ როგორც ევროპელი, ასევე დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს მკურნალობის საშუალება. განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ვენდანტ პატელიმ და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

აღნიშნულ თემებზე, ასევე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურ კურსსა და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“ ვრცლად ესაუბრება პოლიტიკურ ექსპერტ გია ხუხაშვილს:

_ ბატონო გია, როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? შად არის დღეს საქართველო?
_ იმას, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ პირობითად დავარქმევდი პოლიტიკურ პროცესს, ტოტალური დაპირისპირებისა და სრული დეგრადაციის პერიოდია ყველა მიმართულებით, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. განვითარებაზე, მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი უბრალოდ არ არსებობს, ჩაკეტილია მხოლოდ ერთ თემაზე ყველაფერი. ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემა და თითქოს საზოგადოებას, ქვეყანას სხვა პრობლემა საერთოდ არ გააჩნია. ამ დროს კი უზარმაზარი პრობლემებია როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით.
პოლიტიკურ ელიტას, როგორც სახელისუფლებოს, ასევე ოპოზიციურს, შეიძლება ითქვას, წარმოდგენაც არ აქვს, რა იქნება ხვალ ან თუნდაც რა უნდა იყოს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას. ანუ გადაწყდეს რაღაც პრობლემები. ერთადერთი თემა, რომელსაც ჩვენ დილიდან საღამომდე ვუსმენთ და ვუყურებთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის თემა და ეს საკითხიც არის გაჭედილი და გაჩხერილი ერთ ადგილზე. ამ კუთხითაც არაფერი ხდება.
_ ამ დაპირისპირებების, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როგორია თქვენი ხედვა? ელოდებით, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება? ხედავთ რამე სახის გამოსავალს?
_ გამოსავალი ყოველთვის არის, მაგრამ გამოსავალს სჭირდება გამკეთებელი. თეორიული გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამ გამოსავლის რეალიზება რომ მოხდეს, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და შესაბამისი პოლიტიკური მენეჯმენტი. არც ერთი და არც მეორე სახეზე არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს გამოსავალზე საუბარს, რომლის განხორციელების მიზანიც ქვეყანაში არ არსებობს?
_ საქართველოსა და უკრაინის თემასაც შევეხოთ, როგორია თქვენი თვალით დანახული პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ უკრაინა ჩვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ მომენტში არაერთხელ დახმარებია?
_ პროცესები არის უკიდურესად მძიმე. ჩვენი ხელისუფლება თავისი უგუნური, გაუგებარი პოლიტიკით მიდის სრული სტერილიზაციისკენ, სრული იზოლაციისკენ. ასე რომ, აქ არ არის მხოლოდ უკრაინასთან ურთიერთობაზე საუბარი. უკრაინა დღევანდელ სამყაროში დიდწილად განსაზღვრავს სრულიად დასავლეთის პოლიტიკას. როდესაც შენ დილიდან საღამომდე უკრაინის ხელისუფლებას ლანძღავ, აქ არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებაზე საუბარი. ევროპარლამენტარი არ დატოვეს, ევროსტრუქტურებიდან აღარავინ დარჩათ გაულანძღავი. ამერიკელებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. შესაბამისად, აქ რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ მივდივართ სრული იზოლაციისკენ და რაც უფრო ცხადი გახდება რუსეთის მარცხი უკრაინაში, ჩვენი მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ გაუმჯობესებულიყო თუ ჩვენ სწორ ბანაკში ვიქნებოდით ამ ომში და რაღაც ახალი პერსპექტივები გაგვჩენოდა, მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდება. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის მოკავშირედ იქცა, რადგან რუსეთის მარცხი უკრაინაში გამოდის საქართველოს მარცხი და ეს უნდა ყოფილიყო პირიქით. ეს არის პარადოქსი. რიტორიკულად ისინი ამბობენ და აღნიშნავენ, რომ თურმე ევროკავშირი უნდათ, მაგრამ პრაქტიკულად საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. წარმოიდგინეთ, საყოფაცხოვრებო ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, როგორია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ ვიღაცას ეუბნები, მე მინდა შენს ოჯახში ვიცხოვრო, მაგრამ შენ ხარ ბანდიტი, ნაძირალა, შენი შვილი მსუბუქი ყოფაქცევისაა, ნარკომანი გყავს, საზიზღარი ხარ, ნაძირალა ხარ, მაგრამ მე შენთან მინდა ვიცხოვრო. ლანძღავენ ევროპას, ლანძღავენ მათ ფასეულობათა სისტემას, ათას სიბინძურეს აბრალებენ და თან ეუბნებიან, რომ იცი, რაა? შენ კი ნაძირალა ხარ, ძალიან ცუდი ხარ, მაგრამ მე შენთან მინდა. ამას სახელი არ არ აქვს, ამას რა შეიძლება ეწოდოს, პოლიტიკა როგორ უნდა დავარქვათ?
_ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძალიან მძიმე პროგნოზებს აკეთებენ უცხოელი ექსპერტები და ექიმები. ამის ფონზე, თვალში საცემია უცხოელი ლიდერების განცხადებებიც, არის მოწოდებები, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. თქვენთვის რისი მიმანიშნებელია ეს განცხადებები და რამდენად რეალურია ის, რაცას თუნდაც ევროპელი ლიდერები ამბობენ?
_ ურთულესი სიტუაციაა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი იმ პრობლემებისა, რაც აქვს ხელისუფლებას. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ სააკაშვილის გამო შეიძლება, ჩვენს ხელისუფლებას პრობლემები შეექმნას. პრობლემები „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის თემის გარეშეც არ აკლია. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი კიდევ უფრო ამძიმებს მათ საერთაშორისო სტატუსს. მით უმეტეს, თუ კიდევ უფრო გართულდა ვითარება, მაგრამ ჩვენი პრობლემა იცით, რა არის? ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ აიძულა საკუთარი თავი, რომ ამ პრობლემას შეხედოს ჰუმანიტარულ ასპექტებში, ისინი ამას უყურებენ წმინდა პოლიტიკურ ასპექტში, თავისი უგუნურებით თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით ვითარება შეიყვანეს ჩიხში, მათ უკვე კარგი გამოსავალი აღარ აქვთ. მათ აქვთ გარკვეული შიშები ამ თემასთან დაკავშირებით, ფიქრობენ, რომ გაუშვებენ და ვაია, არ გაუშვებენ _ უია. ისინი ვერ ხედავენ ამ ვითარებიდან კარგ გამოსავალს, შესაბამისად, ვერ გაურკვევიათ, ცუდსა და უარესს შორის უერესი გამოსავალი რომელია და, შესაბამისად, გაჩერებულები არიან. არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ. აი, ამ ვითარებაში აღმოვჩნდით. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, რისკები იზრდება და ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. გადაწყვეტილებას არ კი არა, ვერ იღებენ. ისინი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
_ ზურაბიშვილის ფაქტორი _ უცხოელი ლიდერების წერილებსა თუ გამოსვლაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში, ხაზგასმით არის ნახსენები საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისინი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს თავისი ექსკლუზიური უფლება, რომელიც კანონით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რომ დასავლეთის ზეწოლამ ბიძინა ივანიშვილის შიში გადაწონოს?
_ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს სააკაშვილის საქმეში ნულოვანი მნიშვნელობა აქვს. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ლამაზად ლაპარაკობდეს, მაგრამ, პრაქტიკულად, მოლოდინი იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, არ მაქვს. მეჩვენება, რომ არანაირი რესურსი მას არ გააჩნია. ვერ ვხედავ ამ ადამიანში რესურსს. ის, რა თქმა უნდა, ხშირად ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ რიტორიკას არც ერთი ნაბიჯით არ გასცდენია, არც ერთი კონკრეტული ქმედება, რაც ხელისუფლებასთან, ხელისუფლების პოზიციასთან დისტანცირებას მოახდენდა, მას არ განუხორციელებია. ერთადერთი პრანჭვის თემა აქვს, რომ რიტორიკა რაღაცნაირად სიტყვიერად მაინც გააკეთოს, ამას ის არასოდეს გასცდენია და, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს გარდა რაღაც სიტყვების რახარუხისა, არ მაქვს.
ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჯერჯერობით, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს რაიმე კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯი გადაედგას ნებისმიერი მიმართულებით, უბრალოდ, არ არსებობს.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მინდა გკითხოთ: რამდენად დამაზიანებელია ეს მიხეილ სააკაშვილის საქმისთვის? თქვენი გადმოსახედიდან, დღეს, როდესაც პარტიამ ვერ გაართვა თავი საკუთარ დავალებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დაკარგა თუ არა მან ელექტორატი და შეიძლება თუ არა მისი კვლავაც მთავარ ოპოზიციურ პარტიად განხილვა? რა ვერ გააკეთა ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გამოსწორებულიყო?
_ ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება ახლა, ეს არის მათი შიდა პრობლემა. მეტსაც გეტყვით, ეს კრიზისი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ იმით დასრულდა, რომ პარტია გაიხლიჩა, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით ამაში ცუდი არაფერია, იმიტომ რომ ეს, მინიმუმ, დაასრულებს ქვეყანაში არსებულ ორპოლუსიანობას, რითაც მუდმივად ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფლება. გაიშლება ფრონტის ხაზი და მულტიპარტიული კონკურენტული გარემო შექმნის გარკვეულ წინაპირობებს. ეს მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესებს. როდესაც ორი პარტია ურთიერთდაპირისპირებაზე, ურთიერთსიძულვილზე აგებს პოლიტიკას და შესაბამისად მთელი საინფორმაციო ველი მხოლოდ ამით არის დაკავებული, ეს აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ეს არ უხდება პოლიტიკურ პროცესებს. მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აშკარად ჩაგრავს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება სარგებლობს. შესაბამისად, თუკი ეს პარტია რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ეს მხოლოდ კარგია. თავად „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კარგია, იმიტომ რომ მათ რებრენდინგს მისცემს. როდესაც კრიზისია, ბუნებრივია, ამ ტიპის კრიზისის გადალახვის ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები. სხვა საკითხია, მოხდება თუ არა არჩევნების შედეგების აღიარება, იმდენად მაღალია დაპირისპირების ხარისხი. გამოჩნდება ყველაფერი. ამ პრობლემას სახელმწიფოებრივი პრობლემების რიგში არ ჩავაყენებ. რაც მოხდება, მოხდება, ეს არც ტრაგედიაა და არც რაიმე განსაკუთრებულ პოზიტივს ველოდები. რაც იქნება, იქნება.
ეგაა მთავარი პრობლემა. პირდაპირი დემოკრატია რას ნიშნავს? _ ესაა ხალხის ძალაუფლება, ხალხმა უნდა მოგცეს ხმა და შენ თუ ხალხთან არ მიხვედი, ხალს არ ესაუბრე, თუ ხალხის ნდობა არ მოიპოვე და არ დაარწმუნე ის, რომ შენ ხარ უფრო უკეთესი, ვიდრე არის სხვა, მაშინ რაზე უნდა ისაუბრო? სხვა გზა არ არსებობს, ეს არის ერთადერთი გზა და ოპოზიცია ამ გზის გარდა ყველა მიმართულებით დადის. ერთადერთი დაკავებულია იმით, რომ მუდმივად ამბობს, რომ ხელისუფლება არის ცუდი. ამომრჩეველი მათ ეუბნება, გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცუდია, კი ბატონო, მაგრამ შენ ვინ ხარ, ისიც გვითხარი. ოპოზიცია ამას არ აკეთებს. რას ფიქრობენ, იცით? მათ ჰგონიათ, ხელისუფლება რომ ცუდია, ისინი ავტომატურად კარგები არიან, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ხალხი ფიქრობს, რომ, კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ შენც რომ ცუდი ხარ, ამას რა ვუყოთ? ამას ოპოზიცია არ აცნობიერებს. ხალხი! ხალხი! სწორედ ხალხია ერთადერთი ძალა, რის ბაზაზეც შეიძლება რეალური ცვლილებების დაწყება და თუ ხალხს არ ესაუბრები, არც ცვლილებების იმედი უნდა გქონდეს.
_ ვადამდელი არჩევნები (რომელიც ყბადაღებული თემა იყო და დღემდე რჩება რიგი ოპოზიციური პარტიისთვის) რომ დანიშნულიყო, იქნებოდა თუ არა იგი რამე შედეგის მომცემი ოპოზიციური სპექტრის სასარგებლოდ?
_ რას უნდა ველოდოთ ვადამდელი არჩევნებისგან, მაშინ როცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველი არის დისტანცირებული მთლიანად პოლიტიკური ელიტისგან? 70 პროცენტამდე ამომრჩეველი ელოდება ახალ ძალას. ვითარებაში, როდესაც არ ჩანს ახალი ძალა და ისევ არსებული პოლიტიკური სპექტრი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის ერთჯერადი არჩევანი. ამომრჩეველი ამ დროს იცით, როგორ ფიქრობს? _ რომ არც ის ვარგა, არც ეს ვარგა. შესაბამისად, მზად ვარ, ერთჯერადად გავიყიდო. ვინც დღეს აქ მოვა და კონკრეტულად გზას დამიგებს, გაზს შემომიყვანს, იმას მივცემ ხმას ერთჯერადად, იმიტომ რომ არც ერთი მომწონს. ამგვარად, ფაქტობრივად, ამ ტიპის ნეგატიური არჩევნები, როდესაც ამომრჩეველს არჩევანი არ აქვს, არის ე. წ. გაყიდული ამომრჩეველი, როდესაც მოქალაქე აკეთებს ერთჯერად არასისტემურ არჩევანს არა იმის მიხედვით, თუ ვინ უკეთესია, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ ვისგან შეუძლია ერთჯერადი გამორჩენით სარგებლის ნახვა. ბუნებრივია, ამ მხრივ ხელისუფლებას აქვს აშკარა უპირატესობა. ეს რესურსები ხელისუფლების ხელშია და, შესაბამისად, შედეგებიც წინასწარ ცხადია. ოპოზიციას არანაირი შანსი არ გააჩნია.
_ როგორია თქვენი მოლოდინები ახლო პერიოდის საქართველოზე? როგორ შეიძლება წავიდეს პოლიტიკური პროცესები?
_ დღეს პოლიტიკა მკვდარია. არანაირი მოლოდინი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არ მაქვს, მოლოდინებზე საუბარი ახლა არასერიოზულია.