„ლოგიკურად, გვარამია უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე“

გიგა გელხვიიძე

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც გუშინ ვიხილე აჭარის უზენაეს საბჭოში.
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემ მიერ დაფუძნებულ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, _ ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო მიმართვაა საქართველოს მოქალაქეებისადმი და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მიმართ, რასაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოყვა და რომელმაც ისედაც დაძაბული და გაურკვეველი მომავლის მქონე ქართულ პოლიტიკაში დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა.

სააკაშვილის ამ განცხადების კვალდაკვალ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეძლო პირადი წყენებისთვის გადაებიჯებინა და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ციხიდან გამოუშვა კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე საკმაოდ მკაფიო იყო საკუთარ განცხადებებში და ჩანს, რომ მის ცხოვრებაში უკვე ნაკლები დოზით იქნება „მთავარი არხი“ და აქტიურად უნდა ველოდოთ მას ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე, სადაც ოპოზიციასაც კი საკუთარი ოპოზიციის შექმნა მოუხდა.

შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებას და რა როლი ექნება ამ ყველაფერში კლინიკა „ვივამედში“ მყოფ მიხეილ სააკაშვილსა და ციხიდან ახლად გამოსულ ნიკა გვარამიას? რა ბედი ელის „ქართულ ოცნებას“ და, ზოგადად, რა პროცესებთან გვაქვს და გვექნება მომავალში საქმე ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე? ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გია, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში?
_ არაფერი, სამწუხაროდ, ამომრჩეველი, ჯერჯერობით, რეალური არჩევანის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ მას არ აქვს მომავლის არჩევანი, ჩაკეტილია წარსულსა და აწმყოს შორის, ანუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ორპოლუსიანობის გარღვევა ვერა და ვერ მოხერხდა. ამ დროს ბაზარზე არის ძალიან დიდი მოთხოვნილება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალოს. ოპოზიცია საკმაოდ სუსტად გამოიყურება. არსად ჩანს იდეების ისეთი გენერაცია, რაც საზოგადოებას დააინტერესებდა. უფრო იმიტაციური პროცესი მიდის და, ფაქტობრივად, შიდა პოლიტიკა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის გარშემო, რას იზამენ ჩვენი პარტნიორები. შიდა პოლიტიკურ პროცესს საკუთარი ავტონომიური პოტენციალი, ჯერჯერობით, არ გააჩნია.
_ ყველამ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. ვინაიდან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რა დოზით შემოვა ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში?
_ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია ასეთი რაღაცები: ირაციონალური, არაპრაგმატული პოლიტიკური ხედვები, ილუზორული ზეიმების შექმნა. რამდენიმე ძირითადი იმედი იქმნება, _ პირველი ის, რომ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს. თავი გავანებოთ იმას, რომ მისგან ნაკლებად მოსალოდნელია სააკაშვილის შეწყალება, ეფექტი რა იქნება ამ შეწყალების, გაუგებარია, რადგანაც გარდა იმისა, რომ სასჯელს იხდის, რამდენიმე მიმდინარე საქმეც კიდია მის თავზე. თუ ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ციხეში დატოვოს, სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს, ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ მიმდინარე საქმეებზე ის დატოვოს ციხეში და არ გაუშვას. შესაბამისად, ეს მოთხოვნა და ამაზე რაღაც იმედების აგება სისულელედ მიმაჩნია. გარდა ამისა, საუბარია, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იყოს, რადგან ის არის რეალური ლიდერი. ამ დროს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და კონსტიტუციით მოვლენების ასე განვითარება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ის, რომ მას ამ ვითარებაში მოქალაქეობის მიღება შეუძლია, ესეც ილუზიაა და მესამე, _ სააკაშვილი შეზღუდულია ქმედებებში, იმყოფება პენიტენციური სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, არასერიოზულია ამაზე აპელირება და იმედების აგება და რაღაც მესიანისტური იდეები პოლიტიკაში, რომელიც ემოციას ემყარება. პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით შედეგი ნულოვანი თუ არა, ნულთან მიახლოებული იქნება… რა გითხრათ. გასაგებია სააკაშვილის ტაქტიკა, როცა ამ განცხადებას აკეთებს, პარტიაში არის რთული პროცესი, რღვევის პირას დგას და ამ განცხადებით მან დრო მოიგო პარტიისთვის ან შეაჩერა ეს დეზინტეგრაციული პროცესები _ უნდა გვესმოდეს: ამომრჩეველი პირადად მასზეა ორიენტირებული. ძირითად მასაში, ანუ ტაქტიკურ ნაწილში, რაღაც ლოგიკა არსებობს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის განვითარების მხრივ მისი განცხადებებისა და ფაფხურის შედეგი, ჩემი აზრით, ნულოვანი იქნება.
_ შეძლებს სააკაშვილი დანაწევრებული ენმ-ს გაერთიანებას?
_ გამომდინარე იქიდან, რომ პარტიაში დაპირისპირებული მხარეები მისდამი გარკვეულ ლოიალობას ინარჩუნებენ, ის ამით დროს მოიგებს, მაგრამ პროცესი იმდენად შორს არის წასული, რომ ამასობაში თუ რამე ფორმულა ვერ იპოვა, ეს დროის მოგება ერთი-ორი თვე იქნება, მაგრამ თუ მაინც იმ ტრაგიკომედიას ვუყურეთ, რასაც ლევან ხაბეიშვილი ჰქვია, მაშინ არასერიოზულია. „ნაციონალებს“ ახლა პარტიის შენარჩუნების შანსი აქვთ, რაც გაუჩნდათ გვარამიას გამოსვლით. მოვლენების ლოგიკურ განვითარებას ვხედავ, რომ გვარამია გახდეს პარტიის თავმჯდომარე. და ეს, გარკვეულწილად, პარტიას მისცემს პოტენციალის შენარჩუნების შანსს, რადგანაც გვარამიას გარდა ასეთი ფიგურა არ ჩანს. სხვა საკითხია, რამდენად ენდობა გვარამიას სააკაშვილი, აქაც პრობლემა ჩნდება, რადგანაც გვარამია არ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება მართო.
თუმცა ჩვენ ყველამ ვიხილეთ სააკაშვილის დამოკიდებულება გვარამიას მიმართ და ის ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალა მედიამენეჯერი.
ეს რევერანსებია, მაგრამ პოლიტიკაში სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არასოდეს უნდა გავიგოთ. რეალურად, ახლა სიყვარულების ახსნისა და რევერანსების უკან ბევრი შფოთი დგას. ყოველ შემთხვევაში, ეს იქნებოდა რაციონალური პოლიტიკის სტანდარტით სწორი განვითარება, რომ შიდაპარტიული წონის პრობლემა გადაეწყვიტათ და ეს დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან დაესხათ. დანარჩენი ახლა თავად გადაწყვიტონ.
_ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. როგორ აფასებთ ამ კონკრეტულ ფაქტს?
_ ამ ფაქტს შევაფასებ პოზიტიურად. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა ქართულ სინამდვილეში, როდესაც ინსტიტუციურმა ლიდერმა შეძლო და სახელმწიფო ინტერესი დააყენა საკუთარ ბოღმებზე, პოლიტიკურ ვენდეტასა და პარტიულ კონიუნქტურაზე მაღლა. ეს საკმაოდ იშვიათი ფენომენია, არ ვართ შეჩვეული ასეთ ქმედებებს პოლიტიკოსებისგან და ეს მისასალმებელია.
_ ამ გადაწყვეტილების შემდგომ უნდა ველოდოთ თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მმართველი პარტიის მხრიდან ან რამე სხვა სახის ზეწოლას?
_ არა მგონია, არ აქვს „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის რესურსი. ამით კიდევ უფრო გააძლიერებს სალომე ზურაბიშვილს, ეს მათ კარგად ესმით. მათ არ აქვთ საკმარისი ხმები იმისთვის, რომ იმპიჩმენტი ბოლომდე მიიყვანონ და თვითონ პროცესი თავად სალომე ზურაბიშვილისთვის იქნება სასარგებლო. რომ ჰქონდეთ ამის რესურსი, აუცილებლად იზამდნენ, მაგრამ არ აქვთ.
_ შეძლებს ის ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას?
_ გაერთიანებაში ვერაფერ კარგს ვერ ვხედავ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე თუ შეიკრიბება ყველა პარტია, ეს შანსებს გაზრდის, არა _ ეს იქნება ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა და სხვა არაფერი. დღეს ჩვენ გვჭირდება არა დიდი გაერთიანებები, არამედ ფრონტის ხაზის რაც შეიძლება მეტად გაშლა, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც მოშორებულები არიან „ქართული ოცნებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“, ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომ ხელისუფლებას პრობლემა შეექმნას. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა აიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ „ტიტანიკზე“, ეს აწყობს ბიძინას.
_ თუ „ქართული ოცნების“ ბოლო სვლებს შევაფასებთ, რა დოზით არის ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში?
_ ბიძინა ივანიშვილი არის „ღმერთი“, ის არსად არის, მაგრამ ყველგან არის. ღმერთი სამყაროს რა დოზით მართავს, დაახლოებით ამას მეკითხებით.
_ გაქვთ თუ არა ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის გამოჩენის იმედი, რომელსაც ასე ელოდება ამომრჩეველი და ეს კვლევებიდანაც კარგად გამოჩნდა?
_ ეს არის ობიექტური აუცილებლობა, რადგანაც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა პოლიტიკურ ბაზარზე. ჩვენ ამას ვხედავთ და როდესაც არის მოთხოვნილება, ადრე თუ გვიან, მიწოდებაც ჩნდება? ვინ იქნება, რა იქნება? _ ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც კონკრეტიკა არ გვაქვს.
_ კითხვა, რომელიც მუდმივად აქტუალურია, _ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს?
_ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად მოიქცა-მეთქი, რატომ გითხარით? იმიტომ, რომ რაღაც იმედი, რაღაც ნაბიჯები ჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე კიდევ ბევრი რამე მოხდება, ამიტომ დღეს რომ ვთქვა, მოგვანიჭებენ სტატუსს-მეთქი, რეალური არ იქნება. შანსები უფრო დიდია, ვიდრე გუშინ იყო, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რა მოხდება რუსეთში და დღეს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო. ასე რომ, ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას, რაზედაც ჯერ პასუხები არ გვაქვს.
_ ძალიან რთული პროცესები დაიწყო რუსეთში. როგორც ვხედავთ, იქონიებს თუ არა ეს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე?
_ „ოცნებას“ ახლა აქვს სერიოზული პრობლემა, რადგანაც ფსონს ჩამოვიდა კოლაბორაციონიზმზე ასეთი პროგნოზით, რომ რუსეთი უძლეველია და ყველას დაამარცხებს. ახლა რუსეთი მარცხდება, ხომ? ამის ფონზე მათ ყველა ჩვენს მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენეს, რა არ დააბრალეს. ზოგს ომი უნდოდა; ევროსკეპტიციზმი, ანტიამერიკანიზმი მძვინვარებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, გადაათამაშონ ამ რეალობაში ეს ყველაფერი. ტაქტიკურად შეიძლება ეს გამოვიდეს კიდევაც, თუმცა დასავლეთმა „ქართულ ოცნებას“ არა მგონია, აპატიოს ეს პოლიტიკა, თუ ამას პოლიტიკა ერქვა, რასაც აკეთებდნენ მთელი წლის განმავლობაში. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ბედი, ისევე როგორც საქართველოს ბედი, დიდწილად დამოკიდებულია ამ გლობალური პროცესების განვითარებაზე და მის შედეგებზე. შედეგების კონტურები კი უკვე ჩანს. ასე რომ, დალხენილი ცხოვრება „ქართულ ოცნებას“ არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათ, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად აქვთ.
_ არსებული პოლიტიკური მოთამაშეებიდან ვის უფრო აქვს გია ხუხაშვილის ნდობა?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. საერთოდ არასოდეს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, ახლაც არ ვიცი, ვის მივცემ ხმას წელიწად-ნახევრის შემდეგ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მე ხმას ვაძლევ მულტიპარტიულ დემოკრატიას, რადგანაც ერთპარტიულ დემოკრატიას მივყავართ ძალაუფლების უზურპაციისკენ. ჩვენ ამის მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანაა, რომ ძალაუფლების უზურპაციისგან დავაზღვიოთ ქვეყანა, ამას კი სჭირდება საარჩევნო მულტიპარტიული კოალიციები. მე ხმას ვაძლევ მრავალპარტიულობას იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე მომავალ არჩევნებზე ქვეყანამ თავიდან აიცილოს.
_ ვინაიდან არჩევნების საკითხს შევეხეთ, გკითხავთ, _ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკში, ასევე ვხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის მხრივ, სადაც სრულად გადადის ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში. რა პროცესებს უნდა ველოდოთ წინასაარჩევნოდ? შეეცდება მმართველი გუნდი კვლავ, ხელში ჩაიგდოს ყველანაირი რესურსი? ამ შემთხვევაში უკვე ქვეყნის მთავარი ფინანსური სექტორიც?
_ ვფიქრობ, ეს თემა, ცოტა არ იყოს, გაბუქებულია. აქამდე არ ჰქონდა წვდომა და მესტვირიშვილი არ ემორჩილებოდა, თუ რა ხდება? აქამდე დამოუკიდებელი ინსტიტუტი იყო ეროვნული ბანკი და ახლა ხდება დამოკიდებული? რა მნიშვნელობა აქვს, იქ თურნავა იქნება თუ ქიბროწაშვილი, თავის მსახურს ვერ იპოვიდნენ? ეგრე ხუციშვილზე რომ ატყდა ამბავი, იპოვეს ალტერნატივა, თურნავაზეც რომ ატეხილიყო ამბავი, ასევე იპოვიდნენ ალტერნატივას. ჩვენ თვითონ ვქმნით იმ ილუზიას, რომ რაღაც თავისუფლება არსებობს და ახლა კარგავენ თავისუფლებას. რაც არ ყოფილა, იმის დაკარგვა როგორ შეიძლება?