რაზე ისაუბრა გერმანიის პირველმა დიპლომატმა ოპოზიციასთან? – „ქრონიკა+“-მა შეხვედრის დეტალები გაარკვია

გიორგი საკარული

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ საქართველოს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბაერბოკი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის გარდა, მთავრობის მეთაურსაც შეხვდა. გერმანელი მინისტრი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ვიზიტის ფარგლებში ბაერბოკი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელსაც ეწვია და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალსაც. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.
ანალენა ბაერბოკი ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოთხი პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „პარტია საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.

რაზე ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან? რა აქცენტები გაკეთდა შეხვედრაზე? რას უკავშირდება მისი მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში? ამ და სხვა დეტალების გარშემო „ქრონიკა+“-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ესაუბრება:

_ ბატონო სერგო, თქვენ იყავით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან შეხვედრაზე. რა აქცენტები გაკეთდა და, ზოგადად, რაზე გქონდათ საუბარი? იქნებ, დაწვრილებით გვიამბოთ ამის შესახებ?
_ პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა. ეს ვიზიტი პირდაპირ ადასტურებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მნიშვნელობას დასავლელი პარტნიორებისთვის, ევროპისთვის. მნიშვნელოვანი იყო ასევე, რომ ოპოზიციას, 4 პარტიის წარმომადგენლებს, ცალკე ფორმატით შეხვდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი იღებენ და ყურს უგდებენ ინფორმაციას, პატივს სცემენ არა მხოლოდ ხელისუფლების აზრს, არამედ ოპოზიციის მოსაზრებებსაც. ეს მიგვანიშნებს, რამდენად დაბალანსებულად იღებენ ისინი ინფორმაციას. მთავარი აქცენტები იყო: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ვიცით, რომ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი გახლდათ ამასთან დაკავშირებით, ზოგადად, მხოლოდ საქართველოსთან კი არა, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით. დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ამბობს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს იყო უმთავრესი გზავნილი; მეორე გზავნილი გახლდათ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი: 12 რეკომენდაცია განუხრელად უნდა აღსრულდეს ყველანაირი გამონაკლისის გარეშე.
ძალიან სასიხარულო იყო, რომ ბაერბოკმა რამდენჯერმე ახსენა მარტის მოვლენები და აღნიშნა, რომ იქ მდგომ ადამიანებში, იქ მოფრიალე ევროკავშირის დროშის ყურებისას, როცა ეს ხალხი დარბევის დროს უპირისპირდებოდა რობოკოპებს და აფრიალებდა ევროკავშირის დროშას, აქ დაინახა ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო. ნათელი გზავნილები იყო, რომ ყველა ერთად იდგა: საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პარტიები, დიდები და პატარები, ერთ მუშტად შეკრული იდგა ყველა ევროპისთვის და ევროკავშრისთვის _ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მისთვის და თქვა, რომ ეს დიდ მოტივაციას ბადებს სხვა ქვეყნებისთვის, რომ დარწმუნებულები იყვნენ, საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და ევროპისკენ.
გზავნილები ძალიან ნათელი იყო, რომ მხარს გვიჭერენ, რეკომენდაციები უნდა შესრულდეს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს არავის მხრიდან (აქ ხელისუფლება იგულისხმება, რა თქმა უნდა), ევროკავშირის დამაზიანებელ განცხადებებს, ქვეყნებზე, ცალკეულ ევროპარლამენტარებზე თავდასხმებს და ა. შ. ეს იყო ძირითადი გზავნილები. ოპოზიციას რაც შეგვეხება, მან აღნიშნა, რომ ამ რეფორმებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რადგან გასაგებია, რომ ოპოზიცია და ოპოზიციური პარტიები რეფორმას ვერ ჩაატარებენ _ ხელისუფლებას იმიტომ აქვს უმრავლესობა, რომ მისი უპირველესი მოვალეობაა არჩევნების ობიექტურად ჩატარება. მაგრამ, ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას ძალიან დიდი როლი აქვს, ყველა საკითხი, განსაკუთრებით 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, ყველა ასპექტით დავიცვათ, ხმა ავიმაღლოთ და ყველაფერი გავაჟღეროთ. რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით მოხდა, ამ აქტივობებმა დაადასტურა, რომ ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად ვიბრძვით.
_ თქვენ რა კითხვები დაუსვით და რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება?
_ რა თქმა უნდა, ჩვენგან იყო გარკვეული საკითხების კონკრეტიკა. მე მას ვესაუბრე იმაზე, რომ რა არის წარმატების ფორმულა 12 პუნქტის შესრულების თაობაზე? როგორ შეიძლება შესრულდეს თითოეული პუნქტი? როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? მაგალითად, რუსულ კანონთან მიმართებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლსობამ საპროტესტო გამოსვლებით აიძულა მთავრობა, კანონი ჩაეგდო. ჩვენ გვინდოდა ბაერბოკისგან მკაფიო გზავნილი, უბრალოდ საუბარი კი არა, კონკრეტიკა, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე ვუთხარი და წერილობითაც გადავეცი, რომ ამ 12 პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მედიის თავისუფლების თემა, სასამართლო რეფორმა, რეალური დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, რაც გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ძირითადი თემები, რაც ამ 12 პუნქტშია, რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. პირდაპირ ვუთხარით, რომ აღნიშნულ თემებზე თქვენგან მკაფიო გზავნილები გვჭირდება. 12 პუნქტის შესახებ ზოგადად საუბარი არ შეიძლება. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის არსებული კანონი არ გამოიწვევს დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ შემოცურებული რაღაც კანონი ვერ შეცვლის სასამართლო სისტემას; პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე, გვარამიას განთავისუფლების, სააკაშვილის ჯანმრთელობის მოგვარების, მისი გადაყვანის გარეშე ვერ მოხდება დეპოლარიზაცია, _ ასეთი კონკრეტიკები არის საჭირომე-თქი. აი, ეს გზავნილები გავაჟღერე.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკაზე, ხელისუფლების დამოკიდებულებაზე უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პრემიერის გუშინდელმა გამოსვლამ, როდესაც მთელი მისი გამოსვლა ეფუძნებოდა უკრაინისა და დასავლეთის დემონიზებას და კიდევ ერთხელ მავნე გზავნილს, რომ უკრაინის მთავრობასა და ევროპარლამენტარებს უნდათ საქართველოს ომში ჩათრევა. მთელი მისი გამოსვლა ამაზე იყო აგებული, ასევე ის ძალადობის თემები, რაც გახლდათ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ასევე თუნდაც პარასკევს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ძალადობა ცალკეულ დეპუტატებზე, ბატონ გუბაზ სანიკიძეზე ძალადობა და ა. შ. ერთ საათზე მეტხანს გვქონდა შეხვედრა. ასე რომ, ძალიან კონკრეტულად შევეხეთ საკითხებს.
კვლავ ხაზი მინდა გავუსვა მარტის მოვლენებს. მან რამდენჯერმე ახსენა და საჯარო განცხადებებშიც ისაუბრა, რომ მთელმა მსოფლიომ დავინახეთ, რომ დიდია სურვილი, ქართველი ხალხის მიერ ევროკავშირში შესვლისა და ევროპული მომავლისო. მეორე კომპონენტია, რომ ძალიან ძნელია გამიჯნო ხელისუფლება და ხალხი, იმიტომ რომ რეფორმები უნდა ჩატარდეს. ცალკე ხალხი ან ცალკე ოპოზიცია ამას ვერ განახორციელებს. ამიტომ არის ხელისუფლება, რომ უნდა დაამტკიცოს ახალი რეალური კანონები. ამიტომ თვითონვე თქვა ძალიან გახსნილად, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი და შესრულდეს 12 პუნქტი.
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ გააკეთეთ შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტზე აქცენტი?
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც მესამე პრეზიდენტის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხები დავსვით პეტრე ცისკარიშვილმა და მე. მას წერილობით გადავეცი, სადაც ამ ყველაფერზე ძალიან კონკრეტულადაა საუბარი. ეს კონკრეტული პუნქტები არის 4 პარტიის ერთობლივი განცხადებები. ასევე გავაჟღერეთ საკითხები სასამართლოს კლანთან დაკავშირებით და ა. შ.
_ რა შანსები ჩნდება საქართველოსთვის? რამდენადაა შესაძლებელი ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება?
_ იმედი არსებობს, რომ ისეთივე ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ, რაც იყო რუსულ კანონთან დაკავშრებით. პირდაპირ ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ თუკი წინსვლა არ იქნება, „არა რუსულ კანონს“ კამპანია ბუნებრივად გადაიზრდება „არა რუსულ რეჟიმს“. მე მას განვუცხადე, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და ყოველდღიურად აზიანებს ჩვენს ევროპულ მომავალს. პროტესტისა და ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ევროპული გზა. რომ უნდოდეს, მაქსიმუმ, სამ კვირაში გამოვა ყველაფერი. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი ბერკეტი არის თქვენგან ზეწოლა, კონკრეტიკა და ეს არის პროტესტი ერთიანობით. როცა გავერთიანდით, შედეგიც ვნახეთ. ეს არის ამ პუნქტებთან მიმართებით წარმატების ფორმულა. ზოგადადაც ასეა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ თუ „ქართული ოცნებ“ა არაფერს აკეთებს და აზიანებს ყველაფერს, ეს შეიძლება სხვა პროცესებშიც გადაიზარდოს-მეთქი.
_ ცოტა ხნის წინათ საქართველოში ასევე იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რას იტყვით საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილ ინტერესებზე და როგორ ფიქრობთ, დაკავშირებულია თუ არა ეს მარტის აქციებთან?
_ დიახ, ეს არ არის შემთხვევითი, რომ ორი წამყვანი ქვეყნის მინისტრები თითქმის ერთკვირიან შუალედში ჩამოვიდნენ, თან ეს არ იყო დაგეგმილი ვიზიტები. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც საგანგებო ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. კარგი ის არის, რომ დასავლელი პარტნიორები არ გვტოვებენ. ხანდახან ისმის განცხადებები, რომ „ქართული ოცნება“ აძლიერებს აზრს, თითქოს არ ვჭირდებით დასავლეთს, დასავლეთმა მიგვატოვა, რასაც სკანდირებენ ხოლმე ეს რუსული ძალები. ეს ასე არ არის, დასავლეთს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ მოგვიაზრებს როგორც მათ სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენს რეგიონში. საგანგაშო და ცუდი ის არის, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება და დასავლეთი კიდევ უფრო გააქტიურებულია, რომ რუსული გავლენისა და კლანჭებისგან დაგვიცვას. მხარდაჭერა დასავლეთისგან გვაქვს. პროდასავლურ ოპოზიციას აქვს მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან, რაც რამდენიმე წლის წინათ არ იყო. ახლა მთავარი ამბები არის შიგნით, _ როგორც რუსულ კანონზე დამარცხდა ხელისუფლება, ასე უნდა დამარცხდეს ყველა მიმართულებით. სწორედ აქ გვინდა ერთიანობა, პრინციპულობა. სწორედ ესაა გამოსავალი. სხვა ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გვიშველის.
_ 9 აპრილის აქციაზე მინდა გკითხოთ: თუ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, აქციას შეუერთდეს და რა იქნება ამ დღის მთავარი გზავნილი?
_ ჩვენ შევუერთდებით ყველანაირ პროტესტს, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა, სადაც რუსულ რეჟიმთან დაპირისპირებაა, _ სადაც ეს ხაზები გაივლის, ვიქნებით ყველგან. ჩვენ გავიზიარებთ ამ სულისკვეთებას. ყველგან, სადაც პროტესტი იქნება, ვიქნებით, მივიღებთ მონაწილეობას.
_ თუ გქონიათ ან გაქვთ პარტიაში საუბარი, თუნდაც თქვენს კოლეგებთან, რომ ამ აქციებს მიეცეს უფრო აქტიური სახე?
_ არ ვიცი, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია, რადგან რუსულ კანონთან მიმართებით არავის ეგონა და არავინ იცოდა, რომ ეს ასეთი მასშტაბური პროტესტი იქნებოდა. ყველაფერი დაიწყო პარლამენტის კომიტეტებში და გადაიზარდა დიდ აქციებში, შემდეგ იყო დარბევა და უკანონო ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ ვამბობ, რომ ვერ განსაზღვრავ ამას, რა და როგორ შეიძლება იყოს.
მთავარია, ჩვენ ყველა ვიყოთ ამ პროტესტის ხაზზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ხაზი არ დაიკარგოს. ის, თუ რა მოხდება, ამას მოვლენები და საზოგადოების განწყობა გვიჩვენებს. ამასთან, მთავარია შეიქმნას ის მუხტი, რაც მარტის დღეებში იყო. მეორეა, რას დავაანონსებთ. ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება დღეს კი არა, გუშინ უნდა შეცვლილიყო, ამას სჭირდება კონსენსუსი და ის მუხტი, რაც მარტის დღეებში ვნახეთ. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი და გეზი ევროკავშირისკენ.
_ ბატონო სერგო, მიხეილ სააკაშვილზე მინდა გკითხოთ: „ვივამედმა“ თავიდან აირიდა და, შეიძლება ითქვას, პასუხისმგებლობა მოიხსნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკურნალობის გაგრძელებაზე. როგორია თქვენი პროგნოზი, როგორც ექიმის, როგორც პოლიტიკოსის. არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში და რა ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს ამით?
_ „ვივამედის“ განცხადება არ არის სამედიცინო დაწესებულების განცხადება, ეს არის რაღაც სადამსჯელო ორგანიზაციის ან საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი განცხადება. სირცხვილი, ვინც ეს განცხადება დაწერა და ხელი მოაწერა. თუმცა ამ დაწესებულების ხელმძღვანელებისგან არაფერი გვიკვირს. ეს განცხადება ტყუილებით არის სავსე, რომ თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა ოქტომბრამდე უმჯობესდებოდა და ოქტომბრის შემდეგ ის თავს იზიანებს. ჩვენ კადრებშიც ვნახეთ, როგორ იყო სააკაშვილი აგვისტოში. თვითონ ეს განცხადებაა ტყუილებით სავსე და ზაფხულში მოვუწოდებდით „ვივამედს“, რომ თუ ვერ მკურნალობთ ამ ადამიანს და ცუდად არის, თქვით. ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ ავიღოთ, თუ ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაშინ მიგყავს სხვა კლინიკაში, სხვა ექიმთან. თუ ისინი ვერ შველიან, მიგვყავს საზღვარგარეთ. იგივე ალგორითმია სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს განცხადება არის ტყუილი და მეორე მხრივ არის საშიში, იმიტომ რომ ხელ-ფეხს უხსნის პენიტენციურს, რომ წაიყვანოს ციხის საავადმყოფოში ან საკანში, რაც ფატალურად დასრულდება. თუ მკურნალობის მინიმუმსაც ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს აშკარა სიკვდილისთვის გაწირვას ნიშნავს.
პროგნოზირებაც კი ძალიან ძნელია, პროგნოზირება შეიძლება მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად მაინც ადეკვატურია ხელისუფლება. „ქართული ოცნების“ პირობებში კი რა პროგნოზზეა საუბარი?! ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც აგრესიულ რეჟიმად ჩამოყალიბდა და ამის მაგალითებს ყოველდღე ვხედავთ _ მათი შავბნელი საქმეების შემსრულებელი დეპუტატებიც არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართული მათთვის მიუღებელ ადამიანებთან. რა პროგნოზზე ვსაუბრობთ? ხვალ რომ ჩამოგვიარონ და დაგვხვრიტონ ყველა, ვინმეს გაუკვირდება? მით უმეტეს, როცა საუბარია სააკაშვილზე, რომელიც ხელისუფლებას ნომერ პირველ მტრად ჰყავს აღიარებული. რაზე უნდა ვისაუბროთ და რა უნდა გაგვიკვირდეს? ამიტომ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია და, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ ყველაზე ცუდს, რომ გადაიყვანონ ციხეში. ყოველ შემთხვევაში, ის განცხადებები, რაც კეთდება, შეიძლება სწორედ აქეთკენ იყოს მიმართული.