ქართულ და უკრაინულ უმსხვილეს კომპანიებს შორის დაპირისპირების მიზეზი ტოპმენეჯერის რუსეთის მოქალაქეობა გახდა

თამარ როსტიაშვილი

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ მსხვილ ქართულ კომპანიას, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს ემსახურება, დაუპირისპირდა უკრაინული კომპანია და მას რუსეთის ფედერაციასთან კავშირში დასდო ბრალი. საქმე განიხილა საქართველოს კონკურენციის სააგენტომ და უკრაინულ კომპანიას დაუჭირა მხარი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ აუკრძალა და დაუშვებლად ცნო კომპანია „სოფთლაინ საქართველოს“ საჩივარი, რომლითაც ის უკრაინულ კომპანია „ბაკო ტექს“ უჩიოდა. ქართულ მხარეს, ანუ მომჩივანს, უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე.
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, საჩივარი შეეხებოდა უკრაინული კომპანია „ბაკო ტექის“ მიერ მომჩივანთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტას და მასზე გარკვეული შინაარსის ცნობების გავრცელებას, რაც „სოფთლაინ საქართველომ“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნია. ამას საჯარო სივრცეში რეპუტაციის შელახვა ჰქვია. თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მოკვლევის დასაწყებად. საქმე ის არის, რომ კომპანიები საქმიანობენ სხვადასხვა გეოგრაფიულ და პროდუქციულ ბაზარზე და არ წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტებს, რაც 113-ე მუხლის ამოქმედების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
დაპირისპირება ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც „სოფთლაინ საქართველომ“უკრაინული კომპანია „ბაკო ტექის“ წინააღმდეგ სასამართლომდე, კონკურენციის სააგენტოში შეიტანა საჩივარი. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ 2018 წლის 20 მარტს მომჩივანსა და მოპასუხეს შორის დაიდო „გადაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მომჩივანი განისაზღვრა მოპასუხის პროდუქციის არაექსკლუზიურ გადამყიდველად და მას მიენიჭა აღნიშნული პროდუქციის გადაყიდვის უფლებამოსილება საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. მომჩივანი მიუთითებს, რომ მოპასუხესთან თანამშრომლობის სრულ პერიოდზე იგი ზედმიწევნით ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რის შედეგადაც მოპასუხის პროდუქცია შეიძინა არაერთმა საბოლოო მომხმარებელმა, მათ შორის, კომპანია „კრისტალმა“.
სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალიდან“ იწყება პრობლემების მთელი კასკადი, მანამდე კი ორიოდე სიტყვა ქართულ და უკრაინულ კომპანიებზე.
შპს „სოფთლაინ საქართველო“ გახლავთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე 1993 წლიდან მუშაობს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი _ 12 წელია ოპერირებს. ის ემსახურება საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საბანკო და საფინანსო სექტორს, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და ა. შ. კერძოდ, „სოფთლაინ საქართველოს“ კლიენტების სიაში არიან: საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ა. შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია.
„სოფთლაინ საქართველოს“ 90%-ს ოფშორში (კვიპროსზე) რეგისტრირებული შOFთLINE HOLDING PLჩ, HE 242943 ფლობს, 10%-ს კი _ რევაზ ურუშაძე, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორი გახლავთ.
როგორც ქართული კომპანია განმარტავს, რამდენიმე თვის წინ მან უკრაინულ კომპანიას მიმართა, კომპანია „კრისტალში“ ლიცენზიების ვადის განახლების თხოვნით, მაგრამ მოპასუხისგან მიიღო უარი, რომელიც ეხებოდა „სოფთლაინ საქართველოსთან“ თანამშრომლობას და მიზეზს წარმოადგენდა ქართული კომპანიის შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. მიუხედავად „სოფთლაინ საქართველოს“ წერილობითი განმარტებისა, თუ საერთოდ რა შუაში იყო რუსეთის ფედერაცია, მოპასუხე უთითებდა მომჩივან კომპანიასთან შესაძლო კავშირის მქონე ორ პირზე: ი. ბ.-სა და ს. ჩ.-ზე, როგორც რუსეთის ფედერაციასთან აფილირებულ პირებზე.
ამის შემდეგ უკრაინული მხარე ქართულ კომპანიასთან შეუთანხმებლად დაუკავშირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“. „კრისტალის“ ხელმძღვანელობას განუმარტა, რომ „სოფთლაინი“ რუსეთის ფედერაციასთან არის კავშირში და „კრისტალს“ შესთავაზა ალტერნატიული დისტრიბუტორი კომპანია თავისი პროდუქციის მისაწოდებლად.
საჩივარში მითითებულია, რომ „სოფთლაინ საქართველო“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის პარტნიორებიც არიან საქართველოს მოქალაქე რევაზ ურუშაძე და კომპანია შOFთLINE HOLDING PLჩ (HE 242943), რომ თანადამფუძნებელი პარტნიორი კომპანია არის კვიპროსში რეგისტრირებული საზოგადოება, რომელიც ოპერირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი სათავო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში და არ არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. დოკუმენტში მითითებულია, რომ იმ პირებთაგან, რომლებზედაც „ბეკო ტექიმ“ მიუთითა, ვითომდა რუსეთის ფედერაციასთან არიან კავშირში, ერთ-ერთი _ ი. ბ., არის პორტუგალიის რეზიდენტა, ხოლო მეორე პირი _ ს. ჩ., დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს წარმოადგენს. ქართული კომპანია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დამფუძნებელი პარტნიორი კომპანიის არცერთი დირექტორი, ადმინისტრაციის წევრი თუ ხმის უფლების მქონე პარტნიორი არ წარმოადგენს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ პირს, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ რუსეთის ფედერაციასთან.
კონკურენციის სააგენტომ არასაკმარისად მიიჩნია მომჩივნის მოსაზრება, რომ მოპასუხე, რომელიც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეჭვქვეშ აყენებს მის რეპუტაციას, მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, რაც ნეგატიურად აისახება მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაზე, მის ურთიერთობაზე თავის მომხმარებლებთან და უმსხვილეს კომპანიებთან. რომ მომჩივნის შეფასებით, ადგილი აქვს უკრაინული კომპანია შპს „ბაკო ტექის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, რაც გამოიხატება ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვაში.
ქართული მხარის მსგავსად, მის საჩივარზე უკრაინულმა მხარემ სააგენტოში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც განმარტა, რომ უშუალოდ იგი არ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე; რომ იგივე აზრზე დგას და არ შეუცვლია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „სოფთლაინ საქართველო“ არის რუსეთის ფედერაციასთან კავშირში მყოფი კომპანია. როდესაც კონკურენციის სააგენტომ მოსთხოვა დამადასტურებელი ფაქტები, „ბეკო ტექმა“ პასუხად მისწერა, რომ კომპანია დაფუძნებულია ქ. მოსკოვში 1993 წელს, ხოლო ზემოთ ნახსენები პირები: ი. ბ. და ს. ჩ. არიან შOFთLINE HOLDING PLჩ-ის დირექტორები, რომლებიც იმავდროულად არიან შOFთLINE ღUშშIA-ს ტოპ მენეჯერები. მოპასუხის განმარტებით, მომჩივანი, შპს „სოფთლაინ საქართველო“, ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გადაყიდვას საბოლოო მომხმარებლებზე, ხოლო უკრაინული კომპანია შპს „ბაკო ტექი“ არის აღნიშნული პროდუქტების უცხოური ბაზრიდან დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც ახორციელებს ამ პროდუქტების საბითუმო გადაყიდვას. უკრაინული კომპანიის მტკიცებით, ის არ არის ქართული კომპანიის კონკურენტი, რადგან თითოეული კომპანია ოპერირებს სხვადასხვა, როგორც სამომხმარებლო, ასევე გეოგრაფიულ ბაზარზე.
„ქრონიკა+“-ის მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ უკრაინული „ბეკო ტექი“ ეწევა პროგრამული უზრუნველყოფის საბითუმო დისტრიბუციას უკრაინის ბაზრიდან, ხოლო ქართული „სოფთლაინი“ ახორციელებს საქართველოს ბაზარზე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის საცალო გადაყიდვას საბოლოო მომხმარებლებისთვის.
უკრაინული მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მათი, ანუ „ბაკო ტექის“ მიერ იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უკავშირდება მომჩივნის რუსეთის ფედერაციასთან კავშირს, არ ყოფილა სისტემატური ხასიათის და იგი ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ და ერთ საბოლოო მომხმარებელს, კერძოდ შპს „კრისტალს“.
კონკურენციის სააგენტო ორი თვის განმავლობაში იძიებდა საქმის დეტალებს. მოკვლევის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ქართულ და უკრიანულ კომპანიებს შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მხარეთა შორის ურთიერთობა გაგრძელდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ანუ დოკუმენტურად, ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
რაც შეეხება ფაქტობრივი მასალების მოძიებას იმის შესახებ, რომ ერთხელ და საბოლოოდ დაზუსტებულიყო, რომელი ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენდა შOFთLINE HOLDING PLჩ (HE 242943)-ის ერთ-ერთი დირექტორი ი. ბ., ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება გახლდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მიუხედავად ამისა, „სოფთლაინ საქართველო“ არ დაეთანხმა უკრაინული მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ იგი არ ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. „ბაკო ტექის“ ქსელის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველო მითითებულია, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ფარავს კომპანია და საქართველოსთვის საკონტაქტო ოფისს სწორედ უკრაინა წარმოადგენს.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი უნდა ყოფილიყო და რომელთანაც გარიგება უკრიანულმა მხარემ ჩააგდო, როგორც მომჩივანი აღნიშნავს, „ბაკო ტექის“ მიერ „კრისტალისთვის“ გაგზავნილმა მაკომპრომეტირებელმა წერილმა ეს უკანასკნელი შეიყვანა შეცდომაში და შეუქმნა არასწორი შეხედულება ქართულ კომპანიაზე. გარდა ამისა, მას შეეზღუდა წვდომა ლიცენზიაზე, რომელსაც იყენებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ ალტერნატივად უკრაინელებმა შესთავაზეს ახალი კომპანიის დახმარებით სარგებლობა, რითაც ქართულ მხარეს, პრაქტიკულად, შეეზღუდა არჩევნის თავისუფლება. მომჩივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინულ მხარეს სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებდა. რომ შეელახა კომპანიის იმიჯი, რაც საბოლოოდ მისი რეპუტაციის შელახვას გამოიწვევდა, ხოლო მეორე მხრივ, საბოლოო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ალტერნატიული კომპანია, რათა გაეგრძელებინა ოპერირება საქართველოს ბაზარზე.
როგორია ამ ყველაფერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პოზიცია?!
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, „კრისტალმა“ კონკურენციის სააგენტოში ოქტომბერში წარმოადგინა წერილი, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა, რომ ამ უკანასკნელმა მომჩივნისგან 2018 წელს შეიძინა ვებაპლიკაციების ფაირვოლი (ჭAF) და 2022 წლამდე აღნიშნული პროდუქტის მხარდაჭერის ლიცენზიას მომხმარებელი იძენდა „სოფთლაინ საქართველოსგან“. რაც შეეხება მიღებული მომსახურებების უცხოური ბაზრიდან იმპორტიორ კომპანიას, „კრისტალის“ განმარტებით, ასეთ კომპანიას წარმოადგენდა უკრაინული „ბაკო ტექი“. ასე და ამრიგად, საბოლოოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ მათი მხრიდან უკრიანულ მხარესთან გაგრძელდა თანამშრომლობა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა განხორციელდა არა პირდაპირ მოპასუხე უკრაინული კომპანიისგან, არამედ უკრაინული მხარის მიერ შემოთავაზებული საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი სულ სხვა კომპანიის _ შპს UGთ-ის მეშვეობით. ანუ ერთი ქართული კომპანია „სოფთლაინი“ უკრიანულმა მხარემ თავადვე შეცვალა მეორე ქართული კომპანია UGთ-ით. მიზეზი ერთ-ერთი მენეჯერის რუსეთის მოქალაქეობა გახდა.
კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები. მოცემულ ეტაპზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააგენტომ მხოლოდ 113-ე მუხლით დადგენილი პირობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს არის „ქმედება, რომელიც უნდა ლახავდეს კონკურენტთა ინტერესებს“. თუმცა რადგან მომჩივანი და მოპასუხე _ ქართული და უკრაინული კომპანიები _ არ წარმოადგენენ ბაზარზე მოქმედ ერთმანეთის კონკურენტ მხარეებს, საქმის წარმოება შეუძლებელი გახდა. სააგენტოს პასუხი იყო, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებობის სტანდარტს და აღნიშნული მოცემულობა არ ჯდება კანონის 113-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციაში. საქმე კი ვერ აღიძვრებოდა სწორედ ამ ელემენტარული ზიზეზის გამო. არც ფაქტობრივი მიზეზი არსებობს საქმეზე მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძვლის სახით.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ „სოფთლაინ საქართველოს“ არ შეუძლია, სასამართლოს მიმართოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჩივრის დაუშვებლად ცნობა არ უთანაბრდება მასში მოყვანილი შესაძლო სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ დასკვნას. კონკურენციის სააგენტოს ოფიციალურ გადაწყეტილებაში მითითებულია, რომ ნებისმიერ დროს, გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობის პირობებში, ახალი საჩივრის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია დაიწყოს მოკვლევა კონკრეტულ ბაზარზე.
დოკუმენტაციის შესწავლის დროს „ქრონიკა+“-მა ვერსად მიაკვლია პასუხს, თუ კონკრეტულად რომელ კომპანიას წარმოადგენდა უკრაინული „ბეკო ტექი“. კერძოდ, კონკურენციის სააგენტომ წერილობით მისწერა და სთხოვა მოპასუხეს, პასუხი გაეცა შემდეგ კითხვაზე, _ უკრაინული ფირმის სახელით მოქმედი იმპორტიორი კომპანია წარმოადგენდა უკრაინულ შპს „ბაკო ტექს“, თუ ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანია BAKOთEჩH ს.რ.ო-ს? ამაზე პასუხი არ გვაქვს!
მიუხედავად ამისა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სააგენტომ დაუშვებლად ცნო კომპანია „სოფთლაინ საქართველოს“ საჩივარი, რომლითაც ის უკრაინულ კომპანია „ბაკო ტექს“ უჩიოდა. ქართულ მხარეს, ანუ მომჩივანს, უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე.