გადმოინაცვლებს თუ არა სტუდიები და რედაქციები რუსთაველის გამზირზე? _ მედია ახალი შტურმის მოლოდინში
გიგა გელხვიიძე
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასექტორის, რუსული და კიდევ ვინ იცის, რომელი ქვეყნის კანონით გისოსებს მიღმა გამოკეტვა არც „ოცნებას“ და არც მის ქვედანაყოფად ქცეულ „ხალხის ძალას“ არ გამოუვიდა.
მმართველ პარტიას წლების განმავლობაში რამდენჯერმე წარმატებით დატესტილი ქართველ ხალხთან ბრძოლის მეთოდები GEN Z-ის თაობამ ზუსტად ორ დღეში გაუნადგურა და ოლიგარქიულ რეჟიმს მკაფიოდ უთხრა, ვის ეკუთვნის საქართველო და ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი.
თუმცა სანამ ივანიშვილის გუნდი პუტინის მორიგი დირექტივის შესასრულებლად პარლამენტის შენობაში გაურკვეველი წარმომავლობის კუნთმაგარ პირებს შეიყვანდა, ხოლო შემდეგ თბილისის ქუჩებში ამ ქვეყნის მომავალ თაობას რობოკოპებს მიუქსევდა, პროპაგანდისტული მანქანები ამოქოქა და „იმედის“, „პოს ტვისა“ თუ რადიკალების ბუდედ ცნობილი „ალტ ინფოს“ ეთერებიდან ყველაფერი დასავლურის ჩაწიხვლა და კარგად შებათქაშებული რუსული ნარატივის ფრქვევა დაიწყო. „ოცნების“ ლიდერების არხიდან არხზე სირბილმა და პირის ამომხობამდე საუბარმა, თუ რამდენად მაგარია ამერიკულ ყდაში ჩასმული რუსული კანონი, ვერ გაამართლა, მოქალაქეებმა უფრო მეტი შეიტყვეს სხვა, ხელისუფლების თქმით, ტენდენციური მედიებისგან, რომლებმაც ახალთან ერთად კარგად ნაცნობი ქართული თუ უცხოური მაგალითები გაიხსენეს, როგორ ახშობდა ხელისუფლება არასასურველ ქმედებას, არასასურველ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, თავისუფალ სამყაროში დაბადებულ თაობას უთხრა, რომ მათ „უდარდელ“ ცხოვრებას სულ ცოტა დარჩა და მალე შეეცდებოდნენ, ისინიც ისეთივე მარიონეტებად ექციათ, როგორც ის ადამიანები, სამთავრობო არხებიდან ერთი მეორის მიყოლებით, კარგად გაზეპირებულ ტექსტებს რომ იმეორებდნენ.
მოკლედ, ყველაზე მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, ტელეკომპანია „იმედი“, ხელისუფლებისთვის უკვე უიმედო იარაღად იქცა, რადგანაც მათივე ხელით გამოკვებილი ადამიანებიც კი, რომლებიც წლებია, „ოცნების“ მარწუხებში არიან მოქცეული, მარცვალ-მარცვალ ცდილობდნენ ეთქვათ, რომ ეს კანონი ცუდია და „ოცნება“ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის საოცნებო რუსეთში მიაქანებს.
წაგებული საინფორმაციო და ახალ თაობასთან გაჩაღებული ომის შემდეგ ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა ან უფრო გადააწყვეტინეს, თუმცა ორივე შემთხვევაში საზოგადოება გამარჯვებული გამოვიდა.
წაგებული ომის შემდგომ ინფორმაციამ არ დააყოვნა და ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუსრულებელი გეგმის გამო ჯერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს „შემოულაწუნა“, ხოლო „გალახული“ კობახიძე კარგად გამოკვებილ სამთავრობო მედიებს მიადგა.
ამის შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კრიტიკული მედიების ჯერი დადგება, რასაც სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა მედიის წარმომადგენლების განცხადებები და მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა სახის სადამსჯელო ღონისძიება შეიძლება განახორციელოს მმართველმა გუნდმა იმ მედიის წინააღმდეგ, რომელმაც პუტინისა და ივანიშვილის გეგმები გამოააშკარავა და ახალგაზრდების პროტესტის შემდგომ მათი ჩანაფიქრი სისრულეში ვეღარ მოვიდა.
2012 წლის შემდგომ კრიტიკულ მედიას არაერთხელ უგრძნია ივანიშვილის დიქტატურის საცეცები, მარეგულირებელ კომისიაში შეტანილი ცვლილებების, ქუჩაში მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ან პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების შემთხვევები, მათგან ყველაზე მძლავრი კი 2021 წლის 5 ივლისი აღმოჩნდა, როდესაც მედიის ათობით წარმომადგენელს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების შემდგომ, „ალტ ინფოს“ მოძალადე-რადიკალურმა ჯგუფმა გადაუარა, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაც საბოლოოდ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე იმსხვერპლა, შემდგომ არც ეს იკმარეს და გარდაცვლილის გაშავების კამპანიით დაასრულეს; ამის შემდგომ იყო სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის მფლობელებისა და დამფინანსებლების წინააღმდეგ (დღემდე გრძელდება), ხოლო კულმინაცია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება გახლდათ.
რაც შეეხება ახალ მოლოდინებს, ამ შემთხვევაში ეს იქნება ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც „ხალხის ძალა“ დააინიცირებს. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში უკვე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, კანონპროექტი უკვე მზად არის და ბოლო ნაწილების შესწორება მიმდინარეობს. მედიის წინააღმდეგ ახალ რეგულაციებზე საუბრობენ „ოცნების“ მომხრეებიც.
გაზეთი „ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ ქართულ მედიაში და აღნიშნული კითხვა იმ პირებს დაუსვა, რომლებსაც წლების მანძილზე ბევრი რამ უნახავთ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გუნდის წევრი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, არ გამორიცხავს, რომ გაბრაზებული „ოცნება“ ახლა კრიტიკულ მედიაზე გადატეხავს ჯოხს და შეეცდება, იმაზე მეტად მოახრჩოს იგი, ვიდრე აქამდე აკეთებდა:
_ ინგა, რას უნდა ველოდოთ კიდევ „ქართული ოცნებისგან“?
_ მე არ ვიცი, მედიის კანონს შემოიღებენ თუ არა, რაღაცა ახალს გამოაგდებენ თუ არა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ ახლა, როცა საკუთარ პარტიაში თავებს დაახევს ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე მტყუან მართლის გარკვევა დამთავრდება, ვისი ბრალი იყო, რომ ასე პირწმინდად წააგეს ამხელა ომი, ომი საზოგადოებასთან, ამის მერე გეგმაში იქნება შეტევა კრიტიკულ მედიაზე. ახლა ყველაზე კარგად ისინი ხვდებიან, რომ მრავალმილიონიანი პროპაგანდის მიუხედავად, უზარმაზარი თანხები რომ იყრება პროპაგანდაში, თურმე, სინამდვილეში, საზოგადოებრივ აზრს ეს პროპაგანდა ვეღარ ქმნის და ახლა დადგება იმის დრო, რომ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედიასაშუალებები. ღასაკვირველია, არ ვარ მიამიტი ბავშვი, რომელსაც არ სჯერა, რომ მეორედ და მესამედაც ექნებათ მცდელობები, პუტინის რაღაც კანონები დაგვიკანონონ. ამ დროისთვის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კრიტიკული მედია აღარ არსებობდეს ახალი ბრძოლის ეტაპზე. ისედაც დაწყებულია მოხრჩობა, ფინანსური რეგულაციები თუ პირდაპირი რეპრესიები, ნიკა გვარამია გავიხსენოთ. ალბათ ახლა ყველაზე დიდი შტურმი წამოვა მედიაზე, მათ შორის, არა მხოლოდ მორიგი რეგულაციებით თუ კანონებით, არამედ სამმაგი და ოთხმაგი შეტევებით, რეპუტაციული განადგურებების მცდელობებით, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე აქამდე გვინახავს. მგონია, რომ ეს ყველაფერი იქნება ფუჭი ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ როცა ხელისუფლება სასაცილო ხდება, ის იქ მთავრდება. პლაკატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ვნახეთ აქციებზე, როგორ დასცინოდნენ ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას. მგონია, რომ საზოგადოებასთან ჭიდაობა არ გაუვათ, არც მედიასთან ჭიდაობა გაუვათ, საერთოდ საზოგადოებასთან, თავისუფლებასთან ჭიდაობის ყველა მცდელობა ომს მოიტანს. მწვავე ბრძოლას გამოიწვევს და არ გაუვათ.
ამ ბოლო ამბებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება შინაარსით დამთავრებულია, რას გამოაგდებენ და რა პროვოკაციებს შეიძლება ველოდოთ, თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია, პროგნოზი გავაკეთოთ, მაგრამ უბრალოდ ხელისუფლება, რომელსაც დასცინის საკუთარი საზოგადოება და რომელიც სპეცრაზმს გამოუყვანს საკუთარ ახალგაზრდობას, ის თავისი შინაარსით დამთავრებულია. ტექნიკურად რას და როგორ იცავენ და რა მცდელობები ექნებათ, ამას ვნახავთ. დიდი შტურმის მოლოდინი მაქვს.
_ უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გავალთ რუსთაველის გამზირზე?
_ არ ვიცი, ამ შემთხვევაში წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს სტუდიაში, ხოლო როცა საჭირო ხდება, ყველანი გავდივართ ქუჩაში. თუ არადა, ყველანი ვართ რედაქციებში, გაზეთებში, ტელევიზიებში. კარგად გავიხსენოთ, ამ პროცესებში როგორი აქტიური იყო მედია, არ ამოასუნთქეს მთავრობა. ჟურნალისტები ბიუროს სხდომიდან დაწყებული, ქუჩაში დგომით დამთავრებული, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. არნახულმა ერთიანობამ გამოიწვია ეს შედეგი. კიდევ ერთი: აქამდე ხელისუფლება ცდილობდა, რომ რეპუტაციულად გაენადგურებინა კრიტიკული მედია და ამ ბობოქარმა მარტის დღეებმა აჩვენა, რომ ამ მედიას შეუძლია ახალგაზრდობის პარალელურად იდგეს სპეცრაზმის პირისპირ და პირდაპირი ეთერი წაიყვანოს, როცა მას ხელკეტებით უდგანან სპეცრაზმელები, წამლავენ, გაზს ასხამენ და დარბევა მიდის. თურმე, რა მაგარი თაობა გვყოლია, მათ შორის, მედიაშიც, მედიის ახალი თაობაც რა მაგარი თაობაა!
გრიგოლიასგან განსხვავებით, ახალ შეზღუდვებსა და წნეხს ამ ეტაპზე გამორიცხავს მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი რამაზ სამხარაძე. მისი თქმით, ახლა მმართველი გუნდი დასუსტებულია და მას არ აქვს კიდევ ერთი ბრძოლის წამოწყების რესურსი, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოყვება.
„არასერიოზულად მეჩვენება „ხალხის ძალის“ ნებისმიერი განცხადება, რადგანაც მმართველი პარტია ახლა შეშინებულია და ის ვეღარ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს, რითაც საზოგადოებასა და მედიას კიდევ ერთხელ გააღიზიანებს, ამიტომ არ მგონია, რომ ასე უცებ, ნაჩქარევი წესით, ახალი კანონპროექტი შემოაგდონ“, _ აცხადებს სამხარაძე.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსული კანონი ჩავარდა, მმართველი პარტია აუცილებლად შეეცდება, სხვა გზებით გააჩუმოს მედია და ამის ნიშნები ჯერ კიდევ რუსული კანონის მომზადების პროცესში, სხვადასხვა სახის განცხადებებით, გამოიკვეთა:
„ხელისუფლება უკვე წლებია ცდილობს, რომ გარკვეული კანონპროექტები დააინიციროს, ასევე აქვს გარკვეული ინიციატივები მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ამას შევხვდეთ მომზადებულები, რაშიც ვგულისხმობ მათი მხრიდან ისეთი კანონების დაინიცირებას, რომელიც გამოიწვევს გამოხატვის სტანდარტის გაუარესებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიასთან ბრძოლა მათ უკვე წლების წინათ დაიწყეს. მახსენდება მაუწყებლებთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც დეკემბერში მიიღეს და პირდაპირ ვამბობთ იმას, რომ ეს გამოიწვევს მაუწყებლების შინაარსში ჩარევას, შემდგომში დაჯარიმებასა და გაუქმებასაც კი. ეს კანონი ამოქმედდება ა. წ. ივნისიდან და არ არის გასაკვირი, რომ დღეს ვისმენთ კიდევ სხვადასხვა ინიციატივას. მაუწყებლობის გარდა არსებობს ონლაინ მედია, გაზეთები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გააკონტროლონ მათ მიერ მომზადებული კონტენტი, რაც ძალიან ცუდია. ეს ინიციატივები მიმართულია არა მხოლოდ ცენზურისკენ, არამედ თვითცენზურისკენაც იმის გამო, რომ რაღაც კონკრეტული მასალა არ მოეწონებათ ამით, საფრთხე ექმნება არა კონკრეტულ ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს, არამედ სრულიად მედიასაშუალებას.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, არცერთი მსგავსი ინიციატივა არ დავტოვოთ უყურადღებოდ, ვადევნოთ თვალყური მიმდინარე პროცესებს, შეიტანენ თუ არა მომზადებულ კანონპროექტებს პარლამენტში, რადგანაც ვიცით, რომ რუსული კანონი როდესაც შეიტანეს, მაშინ იყო საუბარი ამაზე, რომ მომზადებულია კანონები მედიასთან მიმართებით. მოსალოდნელია ისიც, რომ რადგან ეს რუსული კანონი ჩავარდა, რაღაც სხვა გზებით უზრუნველყონ, კრიტიკული ხმის ჩახშობა“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს გოგოსაშვილმა.
საკითხის პოლიტიკური ნაწილის შეფასება ვთხოვეთ ასევე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. იგი მმართველ გუნდს ურჩევს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი სახის გადაწყვეტილებების მიღებისგან, ვინაიდან ეს ძალიან მძიმედ აისახება თავად მათზე, მით უფრო ბოლო პერიოდის მოვლენების შემდგომ:
„ეს არის უკვე სახის შენარჩუნების მცდელობა, არაფრის თავი არ აქვთ, თავისივე მოქაქული აალოკვინეს, საკუთარი უთავმოყვარეობა ბოლომდე გაამჟღავნეს და გაჩუმდნენ. თავი დაგვანებონ, ღირსება არ აქვთ, მაგრამ სირცხვილის გრძნობა მაინც უნდა ჰქონდეთ“, _ განაცხადა მან.