ვალერი გელბახიანი: „სასამართლო სისტემა თეთრი ძაფით შავ ფურცელს კერავს“
გიგა გელხვიიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე და სასამართლო პროცესები ყველაზე გახმაურებული მოვლენაა ქართული მართლმსაჯულების უახლეს ისტორიაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი გახლავთ.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის საიუბილეო ნომერში გადავწყვიტეთ, აღნიშნული საქმე და არა მხოლოდ ის, ზოგადად, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული პროცესების მიმოხილვა სწორედ ვალერი გელბახიანისთვის მიგვენდო. აღსანიშნავია, რომ ბატონი ვალერი ამ ათი წლის მანძილზე „ქრონიკა+“-ის ერთ-ერთი სტაბილური რესპონდენტია:
_ ბატონო ვალერი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორ დასრულდა მიხეილ სააკაშვილის საქმე ქართულ სასამართლოში? რა თქვა ქართულმა მართლმსაჯულებამ?
_ ვფიქრობ, სასამართლო დამარცხდა _ იმდენად, რამდენადაც სასამართლომ კანონით დადგენილი ყველა ნორმა და პროცედურა დაარღვია და საქმეში მხარედ ჩართო პენიტენციური დაწესებულება, რაც სავსებით დაუშვებელია ამ ტიპის შუამდგომლობების განხილვის პროცედურული ნომრებით, ეს ერთი. მეორე: სასამართლომ საკუთარ თავზე იმდენი უფლებამოსილება აიღო, ვიდრე მას აქვს კანონით დადგენილი ფარგლებით და, პრაქტიკულად, სამედიცინო დარგის სპეციალისტებსაც რომ გაუკვირდებათ, ისეთი იურიდიული დასკვნები გააკეთა მედიცინის სფეროში. დამაჯერებლად არ მიიჩნია ხუთი საერთაშორისო დონის სპეციალისტისა და ექსპერტების დასკვნები ისე, რომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა ისინი და გაიზიარა მხოლოდ პენიტენციურის ექიმის დასკვნა, რომელსაც არავითარი პრაქტიკა, არავითარი ავტორიტეტი, არავითარი პრეცედენტული შედეგები არ გააჩნია. უცნაურია, რომ ეს ტვირთი აიღო საქართველოს სასამართლომ და სასაცილოდ გახადა ქართული მართლმსაჯულების დონე მთელ მსოფლიოში.
_ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლომ გვერდი აუარა და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
_ ყველა შემთხვევაში, რადგან ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის და სცდება სასამართლოს ფარგლებს, აღიქმება, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას არ სჭირდება დიდი პოლიტიკური და იურიდიული ექსპერტიზების ჩატარება, _ ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამას ადასტურებს არა მარტო ქართული, არამედ ევროპული საზოგადოებაც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ სანქციები შემოიღო, რომ ქართული მართლმსაჯულება იმყოფება ტყვეობაში და ასრულებს პოლიტიკურ დირექტივებს, მართლმსაჯულება არის საფრთხეში, რომ სამართლიანობის ფუნქციას სახელმწიფო ვერ ასრულებს.
_ რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ?
_ სასჯელის გადავადებაზე ჩვენ შუამდგომლობა არ შეგვიტანია და ამაზე ვერ იმსჯელებს. აპლიკაციაა შესული, რომ დროებითი ღონისძიება გამოიყენოს, რადგანაც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და გამოჯანმრთელებას, ამიტომ დროებით, ვიდრე არ გამოჯანმრთელდება, ევროპის ან ამერიკის შესაბამის კლინიკაში იქნეს სამკურნალოდ გადაყვანილი. სტრასბურგის სასამართლოს ასეთი სამი ფაქტი აქვს პრეცედენტულად განხილული და სამივე დაკმაყოფილებულია. აღსანიშნავია, რომ ქართველ იურისტებს არ გვაქვს იმის გამოცდილება, რა სტანდარტით იწერება ასეთი აპლიკაციები, რას ითხოვს ის. რახან ჩვენ არ ვიცით, ეს უნდა მოითხოვოს სტრასბურგმა, არა მხოლოდ სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს, არამედ ჩვენც, რომ წარვადგინოთ შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარე მზად არის, წარადგინოს საჭირო მტკიცებულებები. ეს არ იხილება ადვოკატების თანდასწრებით, ზეპირი მოსმენებით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე იხილება, ამიტომ ვართ მოკლებული ამ ნიუანსებს.
_ ანუ, ჯერჯერობით, დინებას მიჰყვებით?
_ რა თქმა უნდა. ჩვენი ინიციატივა, რომ შევქმნათ ის სტანდარტი, რაც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამის პრეტენზია საქართველოში ვერცერთ იურისტს ვერ ექნება, რადგან მაგალითები არ გვაქვს.
_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ, _ რა ჰქვია იურიდიულ ენაზე ამ გადაწყვეტილებას და რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მართლმსაჯულება?
_ მართლმსაჯულება რომ კოჭლობდა, ცხადი იყო, მაგრამ თუ მართლმსაჯულება პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდებოდა, ეს მოლოდინზე მეტი იყო. ჩვენ წინა ხელისუფლებების პერიოდშიც და კომუნისტების დროსაც გვინახავს, რომ ერეოდა სახელმწიფო, მაგრამ ფარულად, რომ არცერთი ნიშნით არ დადასტურებულიყო ვინმეს ინტერესი სასამართლოს მხრიდან, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ღიად მიმდინარეობს, არავინ მალავს არაფერს, ანუ უფრო ფარდაახდილი მდგომარეობაა, თეთრი ძაფით შავ ფურცელს კერავენ, ეს ყველაფერი იმდენად შესამჩნევია, რომ აღარ სჭირდება ამას ლატენტური კვლევები, სჭირდება პირდაპირი შეფასებები.
_ როგორ უნდა უპასუხოს ქართულმა მხარემ აღნიშნულ სანქციებს (იგულისხმება ხელისუფლება)?
_ თუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვიგულისხმებთ, ე. ი. მხედველობაში გვყავს პარლამენტის უმრავლესობა, რომელსაც იგივე თანამონაწილეობის ნიშა ადევს, რაც შეფასებითი თვალსაზრისით აშშ-მ უკვე განახორციელა, ანუ თანამონაწილეები არიან იმ კორუფციისა, რაც არსებობს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. მფარველობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს თანამონაწილეობას და რახან მფარველობას ვხედავთ, ე. ი. ისინი აღიარებენ და ქმნიან საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებას იმ მხრივ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება იზიარებს იმ ბრალდებებს, რაც აშშ-მ წამოაყენა და არის თანამონაწილე იმ კორუფციული გარიგებებისა, რაც ხდება სასამართლოში, ანუ საკუთარ თავს ზიანს თვითონ აყენებს „ქართული ოცნება“. ამ ნიშნით გვაჩვენებს, რომ ფეხებზე კიდია ქართველი ხალხის მოთხოვნა, საერთაშორისო საზოგადოებისა და აშშ-ის შეფასებები. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ არიან და არასოდეს გააკეთებენ იმას, რაც ხალხს უნდა, ანუ სამართალი მოპარულია და ჯიბეში უდევს ხელისუფლებას. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას იმ ხუნდების ახსნის საშუალება მისცა, რომლითაც ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და უთხრა, რომ სრული უფლება გაქვთ, დაიწყოთ რეფორმა და ოდიოზური ფიგურები გაუშვათ სისტემიდანო. ასეთ შემთხვევაში მოვუწოდებ „ოცნებას“, განახორციელონ რეფორმა. გასაგებია, რომ კლანი არსებობს და გარკვეულ პირობებს უყენებს ხელისუფლებას _ ისინი მერე ილაპარაკებენ იმ ფაქტებზე, რასაც მათ ავალებდნენ, ამიტომ არის, რომ თავგადაკლული იცავს „ქართული ოცნება“ სასამართლო ხელისუფლებას. მაგრამ ამ განცხადების შემდეგ შეეძლოთ მათ აეხსნათ იგივე თავისი პარტნიორი მოსამართლეებისთვის, რომ იცით, რა? _ უხერხულ სიტუაციაშია მთელი ქვეყანა და ამიტომ რეფორმის ფარგლებში რაღაცებს შევკვეცავთ, რაღაცებს ჩავასწორებთ, რომ ვთქვათ, _ აი, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. ამდენი ტვინიც არ ეყოთ, ამდენის საშუალებაც არ ჰქონდათ, იმდენად არიან შებოჭილები და იმდენად არის ჩაფლული ეს ყველაფერი ჭაობში, რომ ერთი განცხადებისაც კი ეშინიათ მოსამართლეების მხრიდან, რომ ფარდა არ აეხადოს ამ ყველაფერს, თორემ მე დარწმუნებული ვარ, ნორმალური ხელისუფლება იზამდა ამ ყველაფერს და ბიძგის მიმცემი იქნებოდა შტატების სანქციები მისთვის, რომ სასამართლო რეფორმის გამოცხადება დაწყებულიყო. სასამართლო რეფორმა მარტო მოსამართლეების განთავისუფლებას კი არ ნიშნავს, სისტემის შეცვლასაც ნიშნავს და ამას იმდენი დრო უნდა, რომ ერთჯერადად ეს არ ხდება. ამით ძალიან ბევრ ბრალდებას გაფანტავდა ქართული ხელისუფლება, მაგრამ რა ვქნა, უტვინოები არიან და იხუნძლავენ თავზე კიდევ უფრო მეტ ბრალდებას. როდემდე გაუძლებენ მათი სხეულები ამ ბრალდებებს, ეს უკვე საკითხავია.
_ კიდევ ერთი კითხვა მექნება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, _ რა როლი აქვს „ვივამედს“ ამ საქმეში?
_ „ვივამედს“ შეეძლო ერთადერთი სამართლიანი და სწორი პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ ვერ ვმკურნალობ, მაგრამ „ვივამედი“ აჰყვა ნარატივს, რომ სააკაშვილს კახექსია იმიტომ აქვს, რომ ის შიმშილობს და არ იღებს საკვებს. თანამონაწილე გახდა ამ ნარატივის, ამიტომაც დადგება დრო და გაირკვევა, რატომ აკეთებდა „ვივამედი“ ამას.
_ ვიცი, რომ თვალს ადევნებთ ყველა გახმაურებულ საქმეს. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო 10 წლის მანძილზე არსებული ყველაზე რეზონანსული საქმეები?
_ რა თქმა უნდა, იყო ასეთები, ამ ათ წლამდე სააკაშვილის დროს იყო, მაგალითად, ყველაზე გახმაურებული გირგვლიანის საქმე, მაგრამ იქ თუ პერსპექტივა იყო, რომ დამნაშავე პირები დაისჯებოდნენ და არ დაუმალავს წინა ხელისუფლებას დამნაშავე პირები, ამათ შემთხვევაში ეს მთლად ნულოვანი იყო. მაგალითად, მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც ცნობილია ყველაფერი, ვინ მოკლა, როგორ მოკლა, მაგრამ არავინ აგო პასუხი. იგივეა ბაჩალიაშვილის საქმე, სადაც აშკარაა, რომ ქოლცენტრში მუშაობდა ეს გოგონა და რაღაც კავშირები ჰქონდა ძალოვან სტრუქტურებთან, დამალეს ეს ყველაფერი, ანუ სადაც ხელისუფლების ხელი ჩანს, იმ გახმაურებულ საქმეზე ყოველთვის ნულოვანი შედეგია. რატომ ხდება ასე, თუ ხელისუფლება არ არის ჩარეული ამაში? გასული წლიდან წლევანდელის ჩათვლით ყველაზე რეზონანსული არის სააკაშვილის საქმე და მას ვერაფერი ფარავს, ეს ყველაზე აქტუალური საქმე იყო თავისი პოლიტიკური ბუნებით. საქმე ის არის, რომ ვინც სასამართლოში არ დადის, ჰგონიათ, რომ მარტო გახმაურებული საქმეებია და მეტი არაფერი, ამ დროს კი ყოველი მეორე საქმე, თუ ყველა არა, არის ფალსიფიცირებული და სასამართლოს მიერ უკანონობით დაკანონებული. ანუ დანაშაულთან ბრძოლა უკანონობით მიმდინარეობს. უკანონობას არ შეიძლება ებრძოლო უკანონობით, ეს ხომ აქსიომაა, თუმცა აქ ეს პრინციპია უფრო გაბატონებული, ვიდრე ის, რომ დამნაშავეს ებრძოლო კანონით.
_ „ქრონიკა+“ 10 წლის გახდა, რას გვისურვებთ?
_ „ქრონიკა+“ ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი, აქტუალურ თემებზე მომუშავე და ყველაზე საინტერესო გაზეთია ქართულ ბეჭდურ სივრცეში. ვუსურვებდი, რომ უფრო მეტი მკითხველი გასჩენოდეს, უფრო გაყიდვადი ყოფილიყოს და ქართველი ხალხის სამსახურში უფრო აქტიურად ჩადგეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, კიდევ რამდენად შეიძლება ეს აქტიურობა იყოს, მაგრამ მაინც.