„სახიფათო და საგანგაშოა!“ – ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

თამარ სანაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება, მას აქვს ისეთი დაავადებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი მის მდგომარეობას არ აღიარებს და საკითხს კვლავ ცინიზმით ეკიდება.

პარალელურად კი არ წყდება საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებები, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.
ცოტა ხნის წინათ ერთობლივი განცხადება გაავრცელა 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, სააკაშვილის მკურნალობისა და საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტების რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ და არა პოლიტიკური შეხედულებით:
„საჭიროა საკითხის გადაწყვეტა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“, _ ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ თავისი ხისტი და კატეგორიული განცხადებები, „არა და არასდროს“, შეცვალა და ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და მას არ სურს, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ მის ადვოკატს, ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

_ ბატონო ვალერი, თქვენ ხშირად ნახულობთ მესამე პრეზიდენტს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა: ვერ მოძრაობს, არ ემორჩილება სხეულის არც ერთი ნაწილი, მხოლოდ მეტყველებს. მარჯვენა ხელს შედარებით არა უშავს, მარცხენა ხელი კი, პრაქტიკულად, გამოუყენებელია. სხეულის ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს. ამას ემატება ისიც, რომ ვერ დგება, ვერ მოძრაობს, არის წოლით რეჟიმში, სიცხეები აქვს მუდმივად, ვერ ურეგულირებენ. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, როგორც საექსპერტო ასევე სამედიცინო თვალსაზრისით.
_ მაშინ, როცა გამოქვეყნდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თქვენ საინფორმაციო სააგენტო ჩNეწს-თან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ რამდენიმე დიაგნოზი თქვენთვისაც კი მოულოდნელი იყო, მათ შორის, დემენცია. თქვენ აცხადებდით, რომ დემენცია ისეთი დიაგნოზია, რომ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელისგან. რა ხდება ამ კუთხით?
_ მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენციის ნიშნები, რომელიც ძალიან სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის, ასევე საუბარია ტუბერკულოზზე, რომელიც ასევე ძალიან საშიშია ვიტალური თვალსაზრისით; აღენიშნება ფსიქოლოგიური სისტემის ჩამოშლა, _ ესეც საშიშია სიცოცხლისთვის, ვერნიკეს სინდრომი საშიშია სიცოცხლისთვის, ეს ძალიან საგანგაშოა, მას აქვს დაახლოებით თხუთმეტამდე დაავადება.
არსებობს ჯანდაცვის მინისტრის არაერთი ბრძანება, მარტო ამ ხელისუფლების არა, ყველა ხელისუფლების დროს ხელახალი, განახლებული რედაქციით გამოდიოდა, ახლაც მოქმედებს. ეს ბრძანება არის კოდიფიცირებული კლასიფიკაცია იმ დაავადებებისა, რომელიც საფუძვლად ედება მსჯავრდებულის სისხლის სამართლის სასჯელისგან განთავისუფლებას.
აქედან დემენცია არის ნომერ პირველი კატეგორიის კოდიფიცირებული კლასიფიკაცია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამას არ აკეთებს სასამართლო, ეს არის სასჯელაღსრულების სამსახურების, ანუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოვალეობა და ასევე იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა.
კანონში პირდაპირ არის მითითებული მატერიალური კოდექსის 74-ე მუხლი და საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლი. ამ მუხლებში წერია, რომ აღნიშნული კატეგორიის დაავადებების შეყრისას მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასჯელისგან, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს სამოქალაქო სამედიცინო სივრცეებში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოში იქნება თუ უცხოეთში, მაგრამ ვინაიდან კონსტიტუციურადაც ვალდებულია სახელმწიფო, რომ იზრუნოს ყველა ადამიანის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობაზე (ვინაიდან სისხლის სამართლის მატერიალური საპროცესო კოდექსები ამ ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებს), ამიტომ როდესაც ასეთი კატეგორიის დაავადებები აღმოჩდება, არ არის საჭირო არც ადვოკატის მიერ შუამდგომლობით მიმართვა სასამართლოსთვის და არც _ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობით მიმართვა. კიდევ ვიმეორებ: ამის გარეშეა ვალდებული სახელმწიფო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ავადმყოფი მსჯავრდებული პასუხისმგებლობისგან.
ყველა ვხედავთ, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე, სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციით და კანონით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს, პირიქით, ცდილობს, რომ არ აღიაროს მიხეილ სააკაშვილის ამგვარი უმძიმესი მდგომარეობა. სამაგიეროდ, სახელმწიფოს საპირისპიროდ დაცვის მხარემ მოიძია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც შიდა ეროვნული და საერთაშორისო, საექსპერტო კომპეტენციების ფარგლებშია მოპოვებული და ადასტურებს ასეთი მძიმე ავადმყოფობების არსებობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შერყევის ასეთ კატეგორიას, ამიტომ რადგან სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, ჩვენ ვიზრუნეთ ამაზე, ხარჯებიც გავწიეთ, მოვამზადეთ საქმე და ორშაბათს უკვე სასამართლოში შევიტანთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ასეთი უსულგულო დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ჩვენ ახლა ვუსმენთ საერთაშორისო ექსპერტებსაც, საერთაშორისო შეფასებებსაც, ვუსმენთ თანამეგობრობის სახელმწიფოთა დამოკიდებულებებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს.
ვფიქრობთ, უკვე მომზადებულია საკითხი იმისთვის, რომ თუ სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდება იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანის უფლება დაიცვას და არა პოლიტიკური დირექტივა შეასრულოს, ასეთ შემთხვევაში ვხედავთ იმის საფუძველს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი და იგი გაყვანილ იქნას უცხოეთში სამკურნალოდ.
_ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სურს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხეში გარდაიცვალოს. თუკი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ეს იმ ნაწილს შეეხება, რომელიც მას მისჯილი აქვს? არსებობს ისეთი საქმეებიც, რომლებზედაც, ჯერჯერობით, გამოძიება მიმდინარეობს. შეწყალების შემთხვევაში ხომ არ იქნება აღნიშნული საკითხი ხელის შემშლელი ფაქტორი?
_ დიახ, ოთხი ეპიზოდი, ოთხი განაჩენია ძალაში შესული. თუკი ამ ნაწილში შეიწყალებს, იმ ორ ბრალდების საქმეს, რაც ახლა სასამართლოში განიხილება, ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, ეს საქმეები ამ ღონისძიების გარეშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყალების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავისუფალია.
_ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დიაგნოზების გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მან სასამართლო სისტემას დააკისრა ერთგვარი პასუხისმგებლობა. რას ფიქრობთ და რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით?
_ თუ სასამართლო გაჯიუტდა და შეასრულა პოლიტიკური დირექტივა, სხვანაირად შეუძლებელია, უარი უთხრას სასამართლომ. ასეთ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ რეალობაში, რომელსაც შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სამართლებრივი კუთხით, ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. შეუძლებელია, დაუშვებელია ამ არგუმენტებზე უარი თქვას სასამართლომ, მოსამართლემ საკუთარი არგუმენტებით გააქარწყლოს ის მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია ამ საქმეში და რომელშიც არსებობს ხუთი ამერიკელი ექსპერტის დასკვნა, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტების დასკვნა. რომელმა ლიცენზირებულმა ექიმმა უნდა თქვას, რომ მე მეტი ცოდნა და გამოცდილება მაქვს, ვიდრე ამ ექსპერტებსო? თუ ასე მოხდა და ვინმე ამას იტყვის, ეს ცინიზმია და მეტი არაფერი.