ირაკლი ღარიბაშვილის ტყუილი დაპირებები კახურად
მაკა მოსიაშვილი
„დღეს გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა არის საჭირო კახეთის განვითარებისთვის, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია მთავრობასა და ბიზნესს. ლაგოდეხს აქვს თამბაქოს წარმოებისა და პირველადი გადამუშავების, ასევე აბრეშუმის წარმოების განვითარების რესურსი. ახმეტას აქვს ტყავის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების რესურსი. გურჯაანს აქვს აგურისა და რკინა-ბეტონის გადამუშავების რესურსი. სიღნაღში შეგვიძლია სამკერვალო წარმოება განვავითაროთ“…
აბა, ვისი სიტყვებია, თუ გახსოვთ? ეს ნამდვილად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა 2015 წლის აპრილში, პრემიერობის პირველად ყოფნის დროს, როცა კახელებს აცნობდა პროექტს: „ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის“.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა…
ირაკლი წავიდა… ძლიერი რეგიონი და ძლიერი საქართველო სხვებს დარჩათ მისახედად…
იმ სხვებმა ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ისინიც წავიდნენ…
დაბოლოს, ირაკლი ისევ მოვიდა…
და დაავიწყდა, რაც თქვა 2015-ში.
ან არ დაავიწყდა, მხოლოდ, გადაიფიქრა…
ან ვერ შეძლო…
ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გააკეთა, დაავიწყდა, თუ ვერ შეძლო?..
უბრალოდ, კახელები გადააგდო.
ისე, თუ დაუკვირდებით, მან ისაუბრა ლაგოდეხზე, სიღნაღზე, ახმეტაზე, გურჯაანზე…
თელავს ძლიერი რეგიონის ცენტრის სტატუსი ისედაც აქვს. როცა ამ ქალაქისთვის მხოლოდ მეფე ერეკლე გახსენდება, ესაა ნამდვილი სიძლიერე,
როცა მეფის ქალაქზე უნდა იფიქრო, მინიმუმ, უნდა იყო მეფეც. აი, მეფე კი არ არის ჩვენი ირაკლი.
თუმცა თელავის შემოგარენი არ დავიწყებია მაშინ პრემიერს და გვითხრა, რომ აქ მარმარილოს მოპოვება უნდა დაგვეწყო…
მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხანა ათწლეულების წინათ მართლაც მუშაობდა და 100-ზე მეტი ადამიანი იყო იქ დასაქმებული. ოღონდ ეს მეფე ერეკლეს დროს კი არ იყო, უფრო აქეთ _ ბრეჟნევის დროს გუგუნებდა. მაშინ ქარხნის 12 საამქროში მარმარილოს ფილებს ამზადებდნენ. მათ შორის ამ ქარხნის მარმარილოთი მოსკოვის მეტროსაც აპირკეთებდნენ. ირაკლიმ კი თქვა, უნდა ავაგუგუნოთ ქარხანაო, თუმცა როცა ეს თქვა, მაშინ ერთი საამქროღა მუშობდა და ახლა ისიც გაქვავდა…
ასე რომ, აღარც ბრეჟნევია!
აღარც გორბაჩოვი!
აღარც მარმარილოს ქარხანა უშვებს კვამლს!
და ირაკლის დანაპირებმაც ჩაილურის წყალი დალია.
გადავხდეოთ სხვა დანაპირებ ამბავს…
ინიციატივები, რომელზედაც ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს ლაპარაკობდა, ძირითადად ეხებოდა ათწლეულების წინათ არსებული წარმოების აღდგენა-განვითარებას.
სიღნაღში სამკერვალო ფაბრიკა საბჭოთა პერიოდში არსებობდა და იქ 600-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. სიღნაღელებს ფაბრიკის აღდგენის მოლოდინი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეგონათ, რომ რომელიმე მთავრობა შენობას მაინც მოუვლიდა:
გაჩერებულ სამკერვალო ფაბრიკას რა ფუნქცია აქვს, იცით? _ წინასაარჩევნოდ კანდიდატები ამბობენ, რომ ფაბრიკა დაიწყებს გუგუნს, თუკი მათ მისცემენ ხმას!
არ ყოფილა ურიგო გაპარტახებული ისტორიული ფაბრიკის შენობის არსებობა…
აბა, რა… ფაბრიკა აშენდება, იმედები არ გადაიწუროთ, თუ ირაკლი დაბრუნდა, მასე შეიძლება საბჭოთა კავშირიც დაბრუნდეს!
ლაგოდეხში თამბაქოსა და აბრეშუმის კულტურების აღდგენა _ აი, რა იწინასწარმეტყველა პირველად მოსულმა პრემიერმა ჰერეთში.
მაგრამ აქაც ჩავფლავდით!
სოფლის მეურნეობის ამ დარგების განვითარებაზე მუშაობა არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუწყიათ.
„ახმეტას აქვს ტყავის გადამუშავების რესურსი“, _ თქვა ირაკლიმ 2015-ში და მას მერე იმდენი ახმეტელი წავიდა ემიგრციაში მოსამსახურედ, რომ უკვე ცხრა პირი ტყავი აქვთ გამოცვლილი. სწორი იყო პრემიერი, ნამდვილად! _ ახმეტას აქვს ტყავის გადამუშავების რესურსი!
რაც „აწარმოე საქართველომ“ ახმეტაში საგრანტო თანხები დაარიგა, ადგა ხალხი და იმ ფულით ევროპის ბილეთები იყიდა და წავიდა.
„გურჯაანს აქვს აგურისა და რკინა-ბეტონის გადამუშავების რესურსი“, _ გვახარა პრემიერმა.
და მას მერე, რაც გურჯაანში აგურის ქარხნის ბანდიტები მომრავლდნენ, რეგიონში საღორეც და საქათმეც გურჯაანის ცემენტითა და აგურით შენდება…
აი, რა გითხრათ ახლა?!
რით გაგახაროთ?
„ლაგოდეხს აქვს თამბაქოს წარმოებისა და პირველადი გადამუშავების, ასევე აბრეშუმის წარმოების განვითარების რესურსი“.
ჰქონდა, ჰქონდა…
მორჩა ეგ კინო.
უბრალოდ, მეტი ფანატაზია რომ არ გაქვს სახელმწიფო მოხელეს, როგორ განავითარო სახელმწიფო, როგორ აუწყო ფეხი კაპიტალიზმს და ისევ რომ ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ხანის ეკონომიკურ მიდგომებსა და მათი განვითარების რესურსებზე საუბრობ, უხერხულია! მაგრამ ის უფრო უხერხულია, რომ რასაც ამბობ, ვერ კეთდება…
არ კეთდება?
აბა, როგორ უნდა გააკეთო?
რა აგური? რა ბეტონი? რა აბრეშუმი? რა მარმარილო? რა ტყავი?.. აი, ეგ რომ ეთქვა 2015-ში პრემიერისთვის ვინმეს, მაგის მთქმელიც არ იყო არავინ მაშინ პოლიტიკაში…
უბრალოდ, ჩვენ ყველანი ერთად დავდივართ რაღაც წრეზე… სადაც დაპირებები ძმები გრიმების ზღაპრებს ჰგავს.
ყველას გვაწუხებს ერთი კითხვა:
გვეშველება რამე?