ვიოლა ფონ კრამონი: „უკრაინის ომმა ცხადყო, რომ საქართველოს მთავრობა აშკარად იღებს კრემლისა და ФСБ-ს დავალებებს“
მიხეილ ხაჩიძე
„ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა, ივანიშვილისა და მისი გუნდის დასანქცირება, მიხეილ სააკაშვილის როლი და ფუნქცია საქართველოს ევროპულ გზაზე, რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში და კრემლის ნარატივი, რომლითაც „ოცნება“ ხალხს აშინებს _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-მა ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი ჩაწერა.
ის, რომ საქართველოს მომავალი და ევროპული ინტეგრაცია მიხეილ სააკაშვილზე გადის, ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინათ მიღებულ რეზოლუციაშიც ცალსახად დაადასტურა. „ქრონიკა+“-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპელი დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, ამბობს, რომ ევროპა პროცესებს აკვირდება და სერიოზული სანქციები განიხილება. კრამონის განცხადებით, საქართველოს მომავალი და ევროპული ინტეგრაცია სწორედ სააკაშვილზე გადის. ამას გარდა, ევროპელ დეპუტატს მიაჩნია, რომ ჩვენი მომავალი გარკვეულწილად უკრაინაშიც წყდება: უკრიანის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, _ ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ვიოლა ფონ კრამონი იმ ევროპელ დეპუტატებს განეკუთვნება, რომლებიც სააკაშვილის მთავრობას ოპონირებას უწევდნენ, თუმცა დღეს არსებულ ვითარებაში ის „ოცნების“ მწვავე კრიტიკოსია.
_ ქალბატონო ვიოლა, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ?
_ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, ამჟამად არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სწორედ ამ მიზეზით, ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს, არის სასამართლო რეფორმების საბოლოოდ განხორციელება. გადამწყვეტი მოქმედება ამ სფეროში სასწრაფოდ არის საჭირო. სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმემ გაასაჯაროვა საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური პარტიზანულობა. მომავალში იურისდიქციის შემდგომი ეროზიის რისკი მაღალია, თუ კურსის კორექტირება არ მოხერხდა.
_ სააკაშვილს საქართველოში ივანიშვილის პირად მძევლად განიხილავენ. როგორ ფიქრობთ, ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი ამ კოზირს რამე კონკრეტული მომენტისთვის გამოიყენებს?
_ ვიცით, რომ უმდიდრესი ქართველი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად ყველა განცხადებისა, კვლავ არის „ქართულ პოლიტიკაში“ ჩართული. თუმცა ამ საქმესთან მისი კავშირის შესახებ ვარაუდის გაკეთება არ მინდა. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან პოლიტიკურად სარგებლობენ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ნაწილი. მთელი ქვეყანა ამჟამად ჩართულია ამ საქმეში და უგულებელყოფს სხვა, უფრო დიდ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოების თემები ან დემოკრატიული უკუსვლა. ქვეყანამ უნდა მოძებნოს გონივრული, ჰუმანური გადაწყვეტის გზა სააკაშვილის სიტუაციიდან გამოსაყვანად და საბოლოოდ ფოკუსირება მოახდინოს უფრო დიდ პრობლემებზე, როგორიცაა უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაცია ან ეკონომიკური განვითარება.
_ პირდაპირები ვიყოთ, _ დგას თუ არა დღის წესრიგში ივანიშვილისა და მისი გუნდის დასანქცირება? მაგალითად, კობახიძე, რომელიც გერმანიაში სწავლობდა და როგორც ამბობს, დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება აქვს, ხშირად გამოირჩევა ანტიევროპული რიტორიკით. თქვენგან (ევროკავშირისგან) ასეთ განცხადებებზე სერიოზულ მექანიზმებს არ უნდა ველოდოთ?
_ სანქციები ნამდვილად არ არის გამორიცხული. ეს ევროპარლამენტმა 8 იანვრის რეზოლუციაშიც გამოხატა. თუმცა ასეთი მექანიზმის გამოყენებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღებით შევაფასოთ შესაძლო შედეგები. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ, ძალიან არაპროგნოზირებად ვითარებაში, ევროკავშირი და მისი პარტნიორები განსაკუთრებით გონივრულად მოქმედებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში არსებულ ვითარებას და არცერთი ინსტრუმენტი არ გამოირიცხება.
დიახ, მართლაც გასაკვირი და თითქმის ტრაგიკულია, რამდენად შორდება ზოგიერთი ლიდერი, რომელიც სწავლობდა გერმანიაში ან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გერმანულ ორგანიზაციებში, ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს.
_ საქართველოს ხელისუფლება აშკარად უგულებელყოფს და არაფრად მიიჩნევს ევროპარლამენტარების პოზიციებს, ანუ ყველაფერზე მიდის.
_ სამწუხაროდ, ეს საქართველოს ტოქსიკური პოლიტიკური კულტურის ნაწილია. საქართველოს მთავრობა ხედავს, რომ საკუთარი მოსახლეობა უზომოდ დიდ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირს და მის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენ, ევროპარლამენტარებს, მაგრამ ხელისუფლება არ მოქმედებს ქართველი ხალხის სურვილის მიხედვით.
სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პარტიამ უარი თქვა ევროკავშირთან დაახლოების თავდაპირველ მიზანზე. მაგრამ საკუთარი წარუმატებლობის დასაფარად, ახლა იწყებენ კამპანიებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დისკრედიტაციისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით. ეს იწყება მცირე ცრუ განცხადებებით, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ყალბი ამბებით მანიპულირებენ საქართველოში შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ან ის ინსინუაცია (მონაჭორი, _ რედ), რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. ასეთი ბრალდებები არაფრის მომცემია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის მომავალი თანამშრომლობისთვის. არც საქართველოს მოსახლეობა ერევა საკუთარი ხელისუფლების მიერ წარმოებულ აშკარა ყალბ ამბებში. რაც შეეხება ანტიევროკავშირის ნარატივს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში აგრძელებს ზრდას, მიუხედავად მმართველი პარტიის ანტიდასავლური კამპანიისა.
_ საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული კურსი და დაპირისპირება დასავლეთთან გამოიხატება იმითაც, რომ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობის მიმართვაზე სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი ამას არაფერად მიიჩნევენ, ყურს არ იბერტყავენ და რეაგირებას არ აპირებენ.
_ გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ და ასევე სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბევრ საერთაშორისო პარტნიორს შორის. უკრაინისადმი სოლიდარობის გამოუცხადებლობა ეწინააღმდეგება ყველა ქართულ ღირებულებასა და მის ისტორიას. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია აფხაზეთიდან ქართველ ლტოლვილებს 90-იანი წლების დასაწყისში, 2008 წლის ომამდე და განსაკუთრებით რუსეთის შემოჭრისთანავე. სრულიად ცინიკურია, რომ საქართველოს მთავრობა ახლა ეჭვმიტანილია რუსეთისადმი დასავლური სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. ეს რომ დადასტურეს, საერთაშორისო თანამეგობრობა ე. წ. მეორად სანქციებს (შეცონდარყ შანცტიონს) დაუწესებს საქართველოს.
რუსეთის პასიური მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ, თუ მას სურს გახდეს ევროპული ღირებულებების თანამეგობრობის წევრი, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური სოლიდარობა, ისევე როგორც მოლდოვამ. ეს არ არის და არც არასდროს ყოფილა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს ტყუილს, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ომში ჩავრთოთ. ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება. ევროკავშირის ინტერესებში არ არის საქართველოს ხილვა ნებისმიერ ომში. საბედნიეროდ, ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ აბსოლუტურად გრანდიოზულია.
უკრაინას მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა არ უჭერს მხარს. ბევრი ქართველი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინელების მხარდამხარ. თბილისში მხარდაჭერა განსაკუთრებით თვალსაჩინოა: ქალაქის ქუჩებზე უკრაინის დროშები ფრიალებს.
_ რამდენად არის დამოკიდებული სააკაშვილის ბედი საქართველოს დასავლურ მომავალზე?
_ ჩემი აზრით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მზარდი უარყოფითი ვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივასა და მის მომავალს. ამიტომ ვთხოვ ქართველ პოლიტიკოსებს, ამ კატასტროფული სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად იპოვონ გონივრული და სწრაფი გზები ჰუმანიტარული თვალსაზრისით. იმის ნაცვლად, რომ ენერგიას დებენ ასეთ სამარცხვინო სპექტაკლში, მთავრობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება რეალურ საკითხზე _ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე.
_ თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსული, პროპუტინისტური? რადგან რაღაც მომენტებში ისინი თითქოს კრემლის ნარატივის მატარებლები არიან. ამას გრძნობენ ადამიანები და ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორებიც.
_ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში აშკარა შემობრუნება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი მთავრობა ცნობილი იყო რუსეთისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობით, უკრაინის ომმა ცხადყო, რომ საქართველოს მთავრობა ახლა აშკარად იღებს კრემლისა და ФСБ-ს დავალებებს. ეს ყველაზე ნათლად ჩანს რუსი უფლებადამცველების გაძევებაში, რომლებიც მოსკოვის უშიშროების სამსახურს საქართველოში გამოექცნენ. თუმცა საქართველოს მთავრობამ გააძევა ან უარი თქვა ზოგიერთი მათგანის თბილისში შეშვებაზე. ხოლო რუსეთის ასობით ათას სხვა მოქალაქეს შეშვებაზე პრობლემა არ შექმნია. მხოლოდ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ რუსებს უქმნის საქართველოს ხელისუფლება პრობლემას.
_ საქართველო არ უერთდება სანქციებს, როგორც სერბეთი. ბევრი ეთნიკურად რუსი შემოვიდა საქართველოში, მთავრობა მათთვის კომფორტის ზონას ქმნის, არადა, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოზოცია?
_ გასაგებია, რომ საქართველო ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. რუსული აგრესია არ წყდება: ფაქტობრივად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ისევ და ისევ იტაცებენ მიწებს და საზღვრებს გადააადგილებენ რუსეთის სასარგებლოდ. საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმები ამ რეგიონებშიც ხდება.
ბოლო დროს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ გაიზარდა, საბედნიეროდ, კრიტიკულ მდგომარეობამდე მიღწევის გარეშე. გარდა ამისა, ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ახლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების შესაძლო რისკს წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ გონივრულად უნდა იმოქმედოს.
დიახ, სომხეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი ეკონომიკური „ომის მომგები“, შეიძლება ასეც ვუწოდოთ.
საქართველოს ეკონომიკა იზრდება რუსი მიგრანტების მაღალი ნაკადის წყალობით, რომლებიც ადგილობრივ ინვესტიციებს ახორციელებენ შემოტანილი კაპიტალით. თუმცა საეჭვოა, ეს კაპიტალის ნაკადები ქვეყანაში თანაბრად შემოდიოდეს. ამ მომენტისთვის უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იზრდება. ბევრი ქართველი, განსაკუთრებით კი სტუდენტი, სწრაფად მზარდი ფასების გამო ბინებს ვეღარ ქირაობს. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის სანქციებს სისტემატურად გვერდს უვლიან. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენებს და ექნება შესაბამისი რეაგირება.
_ რა არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ამჟამად საქართველოა?
_ პასუხი შედარებით მარტივია: ჩვენ ველოდებით კომისიის 12 რეკომენდაციის სრულ შესრულებას, კერძოდ: დეპოლიტიზაციას, დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმებს.
_ როგორ პროგნოზს გააკეთებთ ფინალზე? იქნება Happy End-ი?
_ 2023 წელი გადამწყვეტი იქნება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ევროკავშირთან შეთანხმებების შესაბამისად და გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვება. თუმცა უკრაინის ბედსაც ექნება გავლენა მომავალ გზაზე.
უკრაინის გამარჯვება, დიდი ალბათობით, ტრანსფორმაციას მოიტანს საქართველოშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს. საქართველოს ბედი უკრაინაშიც გადაწყდება.