ქართული სახელმწიფოს გადაუწყვეტელი პრობლემა – ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის
მაკა მოსიაშვილი
ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
როდის იგრძნობა განსაკუთრებულად მტკივნეულად ეთნიკური უცირესობების დაბალი განათლება და სახელმწიფო ენის არცოდნა?
მაგალითად, კახეთში ეს თვალში საცემი ხდება განსაკუთრებით არჩევნების დღეს.
წარმოიდგინეთ ეთნიკური სოფლები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანულენოვანი, მათი მოსახლეობის გრძელი რიგი საარჩევნო ყუთთან და მათ კი, უბრალოდ, არ იციან ქართულად წერა და კითხვა. და თუ რომელიმე მათგანს ხელის გულს გაუხსნი, ნახავ, რომ იქ აწერიათ ციფრი, რომელიც ბიულეტენში უნდა შემოხაზონ.
მათი განათლების დონე იმდენად დაბალია, რომ საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანმა მოსახლეობის ნაწილმა ისიც კი არ იცის, ციფრის გასწვრივ რა გვარი და სახელი წერია.
სად არის გასაღები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?!
საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 87 პროცენტს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ხოლო 13 პროცენტს _ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამ ჯგუფებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანელები არიან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 5% ეთნიკური სომეხია.
თანამედროვე საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ძალზე მრავალფეროვანია. ქვეყნის უმცირესობებში შედიან: ზემოხსენებული აზერბაიჯანელები, სომხები, აგრეთვე, ბერძნები, ქურთები, იეზიდები, ასირიელები, ებრაელები, რუსები და უკრაინელები. ქისტები, ჩრდილოკავკასიის ჩეჩნების მონათესავე ხალხი, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში სახლობენ, ამ რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს შეადგენენ.
წარმატებული სახელმწიფოს შენებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია უმცირესობების ინტეგრირება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რაც ენის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, ეთნიკური ქართველების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის აზროვნების შეცვლასაც მოითხოვს, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს უმცირესობების წარმომადგენლებთან.
განათლების შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას განათლების მიღების თანაბარი პირობები შეუქმნას, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ჯგუფისა. აღნიშნული ქვეყანას დაეხმარება განავითაროს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე.
საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში დანერგვის პროცესი. მე-4 მიზანი ეხება ხარისხიან განათლებას, რაც გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და ყველასთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას.
ჩOVID-19-ის პანდემიამ წარმოაჩინა განათლების სექტორში არსებული გამოწვევები დისტანციური სწავლების შეფერხებებით მიმდინარეობის ფონზე.
2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებასა და პროფესიულ მომზადებაზე დანახარჯები დაახლოებით 2.2 მლრდ. ლარია, აქედან ინკლუზიურ განათლებაზე მხოლოდ 1.2% დაიხარჯა.
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გვრცელებულ მიგნებებსა და რეკომენდაცბში ვკითხულობთ:
„2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს, უფრო მეტი სიზუსტისთვის, 207 სკოლა. მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოში 54,325 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა, რაც მოსწავლეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენს. არაქართულენოვან მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანულენოვანია, 27% _ რუსული, ხოლო 25% კი სომხურენოვანია.
პროფესიულ განათლებაზე წვდომა ეთნიკური უმცირესობებისთვის გაიზარდა. აღნიშნულს ხელი შეუწყო გადაწყვეტილებამ, რომ მსურველებს შეუძლიათ პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად პროფესიული ტესტირება ჩააბარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენებზე. 2021 წელს, არაქართულენოვანი ტესტირების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 250 აპლიკანტი, რაც 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.
ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს განათლებაზე წვდომა გაზრდილია. მოქმედებს „1+4“ პროგრამა, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პანდემიამ აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა. პანდემიამდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელების რაოდენობა ნელი ტემპებით იზრდებოდა.
ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა. საქართველოში 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია დარჩა შეუვსებელი. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, 2021 წლისთვის მასწავლებელთა მხოლოდ 27%-ია გადამზადებული.
IDFI-ის რეკომენდაციით, გამოწვევაა ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი, სკოლის მიტოვება და დასაქმების პრობლემები.
„აუცილებელია განათლების სექტორზე გამოყოფილი ფინანსური რესურსების ზრდა. კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, ვინაიდან მოსწავლეების მონიტორინგის საშუალება გაიზრდება. ზოგადი განათლების სისტემა საჭიროებს კვლევებზე დაფუძნებულ ძირეულ რეფორმას. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა შეამციროს გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენა განათლების სისტემაზე.
განათლების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს და ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მეტად ჩართავს მშობლებს სასწავლო პროცესში. მნიშვნელოვანია ქართული ენის შემსწავლელი კურსების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. სახელმძღვანელოების პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, თარგმანში ჩართული იყოს როგორც ფილოლოგი, ისე საგნის სპეციალისტი. მიზანშეწონილია საინფორმაციო კამპანიის წარმოება ადრეული ქორწინების, როგორც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელის შემშლელი ფაქტორის შესახებ“.
და მაინც, საბოლოოდ, ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების უზრუნველყოფის უწყვეტი გამოწვევა საქართველოში ტრადიციად რჩება.