ქართული ეროვნული სამოსი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

გიორგი საკარული

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ უკვე 15 წელია, ქალბატონებს აბედნიერებს და ალამაზებს თავისი უნიკალური კაბებით. ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდა ცნობილი და წარმატებული. სწორედ საქმის უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა იმ უდიდესი პროექტების დაგეგმვა, რომელიც „მარიგოლდმა“ წლებთან ერთად განახორციელა.

კომპანია „მარიგოლდი“ 2008 წელს დაარსდა და ის მრავალი ჯილდოს მფლობელია; ასევე მინიჭებული აქვს ქართული ბრენდის წოდება. ამ 15 წლის მანძილზე „მარიგოლდის“ დიასახლისმა და დამფუძნებელმა, ქალბატონმა თამარ ნადირაძემ, განსხვავებული სტილის სამოსი შექმნა: ეს არის საქორწინო და საღამოს კაბები, პრეტაპორტე. ასევე უამრავი მომხმარებელი ჰყავს გათანამედროვებულ ქართულ ნაციონალურ სამოსს, რომელმაც უდიდესი მოწონება და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით.

_ ქალბატონო თამარ, 15 წელია, რაც ტანსაცმლის ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ არსებობს, რომელიც თავისი ულამაზესი კაბებით აბედნიერებს ბევრ ქალბატონს. რა არის „მარიგოლდის“ წარმატების საიდუმლო?
_ პირველ რიგში, „მარიგოლდის“ შეკრული ოჯახი. 4 წლის გახსნილები ვიყავით, როდესაც უცხოელმა ჟურნალისტმა დამისვა ეს კითხვა: რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
_ და რა უპასუხეთ?
_ რა თქმა უნდა, ეს არის სამოსის შექმნის დიდი სიყვარული. ეს უპირობო სიყვარულია იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ.
_ როგორ იქმნება ასეთი საოცარი სადედოფლო კაბები? ვინ ან რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?
_ ბევრი რამ შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო. ადრე ფანტაზიის გამომჟღავნების საშუალება მეტი იყო, მომხმარებელი თავის სურვილებზე გეუბნებოდა, ასევე ისმენდა შენს აზრს, სთავაზობდი სხვადასხვა მოდელს, არ ხდებოდა კოპირება, ურჩევდი, თუ როგორი სტილი მოუხდებოდა. შენ თვითონ იხარჯებოდი, თავად ქმნიდი და საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი სჭარბობდა. დღეს კი ინტერნეტსამყარომ მოიცვა ყველაფერი.
იმდენად ბევრი უცხოური საიტია, რომ თავისდაუნებურად კოპირების, მიმსგავსების წინაშე ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ სასურველია, ინდივიდუალური შეიქმნას. ინტერნეტმა მაინც თავისი გააკეთა.
ერთხელ უცხოეთში ჩემი მეგობარი მახლდა და იქ უთხრეს ჩემზე, _ ვგიჟდებით ამ ქალბატონზე, როცა შემოვა, ფასს არ კითხულობს, დადგება ფაქტურასთან, შეიძლება ნახევარი საათი იდგეს, მერე შემოტრიალდება და კითხულობს, რა ღირსო? ე. ი. იმათგანაც კი ვგრძნობდი ძალიან დიდ პატივისცემასა და დაფასებას, რადგან ჩემში ხედავდნენ უფრო ხელოვანს, ვიდრე ბიზნესმენს. მეც შევიგრძენი ეს ფაქტორი და თავიდან საიტსაც ზუსტად ასეთი სლოგანი ჰქონდა, რომ ჩვენთვის კაბის შექმნა არის ხელოვნება და არა _ ბიზნესი. უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ასე ვიხარჯებოდი და მქონდა ფანტაზია: უცებ ჩახატე, გააკეთე ესკიზი. არ დამავიწყდება, მთელი ღამე გავათენე, დაახლოებით ხუთი უძვირფასესი ფაქტურა დავჭერი, რომ შემექმნა ჩემი სულის ამოძახილი.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტი ინდივიდუალიზმს პრობლემებს უქმნის, მაგრამ ღრმა პროფესიონალიზმს ინტერნეტი ვერაფერს დააკლებს.
_ წლების შემდეგ საქორწინო კაბებს მიემატა ქართულ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსი…
_ დავიწყებ იდეიდან: ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმოგზაურობდი, უამრავ გამოფენაზე ვყოფილვარ. განსაკუთრებულად სენსიტიური ვარ ჩემი სამშობლოს მიმართ. მე, რომელსაც წლების წინათ შემეძლო დამეტოვებინა საქართველო, ეს არ გავაკეთე. ჩემი შვილიც მე მგავს, _ იგი 9 წლის წინათ ამერიკის მოქალაქე გახდა, მაგრამ ჩამოვიდა და საქართველოში ცხოვრობს, დიდი დაძაბულობის დროსაც კი არ დაუტოვებია საქართველო _ არ წავალ, ჩემი შვილები აქ გაიზრდებიანო.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ჩვენივე ისტორია, კულტურა და ტრადიცია. ამით შეგვიძლია ვიამაყოთ მსოფლიოს წინაშე, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და თუ ამას ჩვენი საქმითაც დავამტკიცებთ, საუკეთესო იქნება. ერთ-ერთმა მსახიობმა თქვა, რომ ეს ქვეყანა თუ არსებობდა, არ ვიცოდიო.
ერთი ისტორია მახსენდება: საფრანგეთში ვართ ნინო ცქიტიშვილი და „ნატალის“ ერთ-ერთი მოდელი გოგონა. გამოფენაზე ვიყავი მიწვეული და ფლაერი ვაჩვენე. გაგიჟდნენ, _ რა ლამაზი სამოსია, საიდანო? _ საქართველოდან-მეთქი. გიყვებით ზუსტად 15 წლის წინანდელ ამბავს. მაშინ არ იყო ინტერნეტი ასე აქტუალური. საქართველო რომ ვახსენე, შემდეგ ნინოს და სხვა მოდელებს გადახედეს. _ ქართველები არიან-მეთქი. _ როგორო? _ აი, ეს გოგონა, ნინო, ოთხი შვილის დედაა-მეთქი. ექსკლუზიური მოდელი, ქალთევზას ვიწრო კაბა ეცვა შლეიფით და ნინოს ხელს უსვამდნენ, _ როგორ, ეს ქალბატონი ოთხი შვილის დედა არისო? აღფრთოვანებულები იყვნენ. მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ შეიძლება, რაღაც შენი აჩვენო. ევროპული რაღაცებით ისე ვერ გააკვირვებ სხვას, ხოლო ამ ტრადიციულით მათ აიძულებ, შენ შესახებ წაიკითხონ, გაგიცნონ. ამიტომ გაჩნდა ზუსტად ქართული სამოსის იდეა, მაგრამ გათანამედროვებული ვარიანტის, რადგან ისტორიულის ზუსტად დაცვა, თითქმის, შეუძლებელია, _ ქსოვილებიდან დაწყებული და ბევრი სხვა ნიუანსით დამთავრებული. ეს ძალიან დიდი სფეროა, ამიტომ უნდა გათანამედროვდეს. ჩვენ აქ გვაქვს რამდენიმე მოსასხამი, რომელიც მოკლე კაბებზე, ლასინებზე, მაღალყელიან ჩექმებზეც აცვიათ უცხოეთში _ გერმანიაში, ჰოლანდიაში. ჰააგაში ვიყავით და შეიძინეს. ჩვენ ბრენდბუქიც გვაქვს.
_ თქვენი ბრენდბუქის ისტორია როგორია?
_ პირველი გასვლა როდესაც გავაკეთეთ, საქართველოს თხუთმეტივე კუთხის გათანამედროვებული სამოსი ჩვენებური ხედვით წარვადგინეთ. ჩემისთანა არანორმალური თუ იზამს ამას: 20-მეტრიან ბიაზზე მოვხატე საქართველოს რუკა და წავიღეთ. 180 კგ. იყო ბარგი. ჩავფრინდით შვეიცარიაში, ისე ვიწვალეთ, ვერ აგიხსნით. კლებენზე გავშალეთ ეს დროშა. იქაურ დიასპორას ჩავაცვით სამოსი და ასე ვიწონებდით თავს. იქ ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობდა, მოვიდა რამდენიმე, ზოგმა იცოდა საქართველო, ზოგმა იქვე დაგუგლა, ერთმა გვკითხა, _ რომელი ჯორჯია, ამერიკისო? აი, აქ თითქოს რაღაც გადატრიალდა თავში, ზუსტად აქ დაიბადა აზრი, რომ გაგვეკეთებინა ბრენდბუქი, რომლის პრეზენტაციაც შედგა ლონდონდში. ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი იყო წარდგენაზე. მგონი, ასეთი წარდგენა არსად ჰქონია არ ერთც ელჩს და არც საქართველოს.
ლონდონის მთელი დიპლომატიური კორპუსი, ყველა ქვეყნის ელჩი, კონსული, მაღალი თანამდებობის პირები და ელიტა იყო ამ წარდგენაზე. მიხაროდა, რომ ყველას ვჩუქნიდი ბრენდბუქს, სადაც საქართველოს კუთხეების მოკლე ანოტაცია იყო. აი, ასე შეიქმნა ის კოლექცია. შემდეგ უკვე მივამატეთ „თავადური“ და მსოფლიო მოვიარეთ. ეს არ იყო კომერციული პროექტი, მას თავიდანვე დავარქვი არაკომერციული. კონკურსებზე ხშირად გამიცია სამოსი. ქირას მთავაზობდნენ, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს ქირა, მაგრამ ჩემი სამშობლოსთვის და მისი პოპულარიზაციისთვის ეს გამიკეთებია _ აქედან წამოვიდა ქართული კოლექცია.
„მარიგოლდს“ როდესაც მხოლოდ საქორწინო კაბებად აცნობენ ხოლმე საზოგადოებას, გული მწყდება, რადგან მე ასევე ვქმნი გათანამედროვებულ ნაციონალურ სამოსს. საქართველო და ყველაფერი ქართული ჩემი სულია. ჩვენ ქართველები ვართ, ხშირად ეს შიდა ომები, დაპირისპირებები უკან გვხევს ხოლმე, მაგრამ ნიჭიერი ერი ვართ ყველაფერში, სიყვარულშიც და ალბათ იმ კარგშიც და ცუდშიც. სამოსში პროფესიონალურად და ზომიერად უნდა ჩავაქსოვოთ ჩვენი ნაციონალური ტრადიციები, კულტურა. მსოფლიო ცივილიზაცია და სხვა ერები ყველა დასაფასებელია უკლებლივ, მაგრამ როცა უცხოელი ახალგაზრდები ჩამოდიან, ზუსტად ჩვენს ტრადიციებსა და ისტორიაზე გიჟდებიან, იმ ყველაფერზე, რაც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა.
ჩვენც სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობით ვქმნით მოდელებს და „მარიგოლდის“ სამოსმა უკვე მოიარა მთელი მსოფლიო.