რა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ეროვნულ მუზეუმში და რატომ ვერ წარადგენს ამ კეისს წულუკიანი პროკურატურაში?
თამარ როსტიაშვილი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ყველაზე მეტად ელოდებოდა აუდიტის ამ დასკვნას. მან მთავრობის ოთხივე სხდომაზე ახსენა იგი, ასევე 11 სატელევიზიო გადაცემასა და 5 სატელევიზიო ინტერვიუში. ყველგან აპელირებდა მუზეუმიდან გატანილ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ექსპონატებზე, რომელთა შესახებაც პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო.
აუდიტის 100-ზე მეტგვერდიან დასკვნაში, რომელიც „ქრონიკა+“-მა დეტალურად შეისწავლა, დარღვევები ბევრია, მაგრამ არცერთი მათგანი არ ეხება არც ექსპონატების დაკარგვას და არც მათ გაქრობას. პირიქით, დასკვნაში ხაზგასმით არის მითითებული მათი რაოდენობა, მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. დარღვევები კი ეხება: სააღრიცხვო ჟურნალების წარმოებას, ფონდების რეესტრის არასრულყოფილებას, გადაბარების აქტების ხარვეზებს, გაურკვეველ ტენდერებს, იჯარით გაცემულ ფართებში გარღვევებსა და ა. შ.
კონკრეტული კეისი, რომელიც თეა წულუკიანს უნდა წარედგინა პროკურატურაში _ არ არსებობს. აქ ბევრი სამუშო აქვს გენინსპექციასა და ფინანსურ უწყებებს, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.
ეროვნულმა მუზეუმმა 2018-2020 წლებში გააფორმა 1624 შესყიდვის ხელშეკრულება 11 443 807 ლარის ოდენობით. „ქრონიკა+“ ამ შესყიდვებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს შეეხება.
2018 წლის ნოემბერში მუზეუმმა ავეჯის დამზადება-მიწოდებაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 12 000 ლარის ღირებულებით 5-დღიანი დედლაინით. მიწოდების შეზღუდული ვადის გამო ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომპანიამ _ შპს „ოქროს ხელებმა“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ანალოგიური საქონლის შესაძენად დადგენილია გაცილებით ხანგრძლივი ვადები. მაგალითად, 2019 წლის მაისში გამოცხადებულ ტენდერში საგამოფენო ავეჯის შესყიდვაზე მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო ერთი თვე.
2019 წლის ოქტომბერში მუზეუმმა გამოაცხადა ტენდერი არქეოლოგიური საცავის სახურავისა და კედლების რეაბილიტაციაზე 130 000-ლარიანი ლოტით. პრეტენდენტებს უნდა ჰქონოდათ სამუზეუმო საცავის ტიპის ნაგებობების გადახურვის გამოცდილება. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა, საიდანაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, დისკვალიფიცირებულ იქნა უმცირესი სატენდერო წინადადების ფასის წარმომდგენი შპს „კა ემ სი“ და შპს „გაერთიანებული სამშენებლო კომპანია“. შესაბამისად, 2019 წლის ნოემბერში ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მეტალ+“-თან 113 999 ლარად.
აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საცავის გადახურვა, რომელიც შესრულებულია ლითონის ბადის, ზედაპირის ჰიდროიზოლაციის, იატაკისა და ახალი ბაზალტის ფილებით, რაც არ საჭიროებს სპეციალურ გამოცდილებას და მისი განხორციელება სამუზეუმო სივრცეებში არ გამოირჩევა განსაკუთრებული თავისებურებებით. სატენდერო პირობებში ჩადებული მოთხოვნა შესაბამისი გამოცდილების შესახებ არარელევანტურად მიიჩნიეს.
2018 წლის მარტში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მეტალ+-სთან“, 77 975 ლარის ღირებულებით. შესყიდვის საგანი იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის ტექნიკური მდგომარეობის პრევენციული ღონისძიებების გატარება. აუდიტმა დაადგინა, რომ ამ შესყიდვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. ამ მიზნით, მუზეუმის შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და დაიდო ბზარების გახსნის დინამიკა. ბოლო დასკვნა მუზეუმის შენობის მდგომარეობის შესახებ თარიღდება 2018 წლის 23 თებერვლით, რომლის მიხედვითაც, „შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები შეესაბამება მესამე ხარისხის დაზიანებას და მისი შემდგომი ექსპლუატაცია დროული აღდგენა-გამაგრების გარეშე დაუშვებელია და საფრთხის შემცველია“.
ფაქტობრივად, ხელშეკრულების ფარგლებში არ განხორციელებულა საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული შენობის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. მსგავსი სახის სამუშაო (კედლების ლითონის ბადით გამაგრება) გათვალისწინებული იყო თავდაპირველ ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით, რომელიც შემდეგ მხარეთა შეთანხმებით ამოღებულ იქნა შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხიდან. რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოს, ხის დამცავი ღობის მოწყობას, იგი ჩატარდა ორი თვის დაგვიანებით.
სულ ეროვნულ მუზეუმს, გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული აქვს ცხრა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განახორციელა 313 828 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა. შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით ვერ დასტურდება მასზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები.
ვისთან და როგორ აფორმებდა ეროვნული მუზეუმი შრომით ხელშეკრულებებს?!
აუდიტის შემოწმების შედეგად დადგინდა, 2020 წლის იანვარში არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საგანი იყო დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის პროექტის ნახაზების შექმნა, რაშიც გადახდილია 60 000 ლარი. საპროექტო მომსახურების შესყიდვა არის არა შრომითი ურთიერთობის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით. კერძოდ, აღნიშნული ნახაზების მომზადებაზე უნდა გაფორმებულიყო არა შრომითი ხელშეკრულება, რომლის დროსაც ჰონორარის სახით ჩაირიცხა 60 000 ლარი, არამედ სახელმწიფო შესყიდვა!
საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსდა პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის #626 ბრძანებით და სხვადასხვა მუზეუმის გაერთიანებით. კერძოდ, ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა სხვადასხვა მუზეუმი, ინსტიტუტები, მუზეუმ-ნაკრძალები და სახლ-მუზეუმები. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების ძირითადი წყარო გახლავთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მუზეუმიდან მიღებული შემოსავლები. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა 169%-ით, რაც ძირითადად გამოწვეულია გრანტების სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან და „გარე ტრანსფერების“ ზრდით. კერძოდ, ეროვნულ მუზეუმს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გადაეცა 15 517 122 ლარის არაფინანსური აქტივები.
„ქრონიკა+“ შეეცადა გაერკვია, რა არაფინანსურ აქტივებზეა საუბარი? როგორც გაირკვა, ესენი გახლდათ 10 773 699 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი შენობა, 4 311 259 ლარის მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, 43 2167 ლარის მცირეფასიანი აქტივები და მარაგები და სხვადასხვა კერძო კომპანიისგან 1 789 973 ლარის არაფინანსური აქტივები _ აქ შედის ასევე სხვა მანქანა-დანადგარები და
მოწყობილობები, ჯამურად 1 580 023 ლარის ღირებულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც შეფასებულია 62 497 ლარად და მცირეფასიანი აქტივები და მარაგები 147 453 ლარის ოდენობით. რაც შეეხება არასაბიუჯეტო შემოსავლებს, მათი რაოდენობა პირიქით, 2019 წელთან შედარებით, შემცირებულია 57%-ით, რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყანაში მოცირკულირე ეპიდემიით.
რამდენს ხარჯავდა ეროვნული მუზეუმი ხელფასებზე?
აუდიტის სამსახურის დასკვნით, შრომის ანაზღაურებაზე გაწეულმა ხარჯებმა ჯამურად 22 617 617 ლარი შეადგინა, ანუ მუზეუმის წლიური ბიუჯეტის 56%. 2020 წელს შრომის ანაზღაურების ზრდა, წინა პერიოდებთან შედარებით, გამოწვეულია თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს მატებით. კერძოდ, აუდიტის პერიოდისთვის ეროვნული მუზეუმის სისტემაში დაცული იყო 124 ფონდი, რომელიც მოიცავდა 1 939 210 ექსპონატს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში არ არის დანერგილი სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვის ინსტრუქციით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დანერგილი კონტროლის მექანიზმები გამოირჩევა გარკვეული ნაკლოვანებებით.
რა იგულისხმება არასრულფასოვან კონტროლის მექანიზმებში?!
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამუზეუმო კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო აღრიცხვას, რაც ნიშნავს მათ შეტანას სახელმწიფო რეესტრში. ეს განსხვავებული რეესტრი გახლავთ, ანუ საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი გახლავთ იგივე საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი. მისი შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს კულტურის სამინისტრო მუზეუმის დირექტორთან ერთად, ხოლო ექსპონატების აღრიცხვა- დაცვაზე პასუხისმგებელია ფონდის მცველი. ფონდის მცველის დანიშვნა-განთავისუფლების დროს აუცილებელია ჩატარდეს ინვენტარიზაცია, რასაც ფონდის გადაბარება ჰქვია და რაზედაც ცალკე დგება სპეციალური აქტი. მუზეუმი ვალდებულია, სისტემატურად ჩაატაროს ფონდის ხელახალი აღრიცხვა, ანუ ფონდის მუდმივი შეჯერება მუზეუმის საინვენტარო წიგნებთან და აქტებთან. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ექსპონატები დაკარგულია, შეჯერების აქტი წარედგინება სახელმწიფო კონტროლის ორგანოს, მას თან დაერთვება დირექტორის ახსნა განმარტებითი ბარათი და ამ ბარათში აღნიშნული უნდა იყოს ექსპონატების დაკარგვის მიზეზები. მას მერე, რაც დანაკარგი აღმოჩნდება და მიზეზებიც გაირკვევა, მუზეუმის დირექტორს უფლება აქვს, გააგრძელოს ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადა არაუმეტეს ერთი წლისა. სამუზეუმო ნივთის დასახასიათებლად განსაკუთრებით სრულყოფილ დოკუმენტად მიიჩნევა საინვენტარო წიგნი, სადაც მოცემულია მასალის ვრცელი აღწერილობა, კლასიფიკაცია და შესწავლის შედეგი. აღნიშნული წიგნი, როგორც იურიდიული დოკუმენტი, შევსებამდე უნდა დაინომროს და დაილუქოს.
ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალეთ, რომ მკითხველისთვის ცხადი გახდეს, თუ რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ამ კუთხით ეროვნულ მუზეუმში.
როგორც გაირკვა, ფონდში სახელმწიფო რეესტრის წარმოება არ ხორციელდებოდა. აუდიტმა ვერ მიაგნო ექსპონატების აღიცხვის ერთიან საინფორმაციო ბაზას. არ არის დასრულებული ექსპონატების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი, შედეგად, კვლევის დროს ვერ მოხერხდა შედეგების, დანაკლისის ანდა ზედმეტობის დადგენა. ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ასევე იმან, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან დღემდე შემოერთებული მუზეუმებიდან არ მომხდარა ფონდებისა და, შესაბამისად, ექსპონატების ოფიციალურად გადაბარება.
2018-2020 წწ-ებში ეროვნულ მუზეუმში შეიცვალა ხუთი ფონდის მცველი. ამ დროის განმავლობაში სრულად დასრულდა ინვენტარიზაცია-შეჯერება, მაგრამ გადაბარების აქტები არ შემდგარა. შესამოწმებელ პერიოდში ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი იყო 944 ექსპონატი.
დაბრუნდა _ 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს. აქედან, 321-ს ვადა
გაუგრძელდა ორჯერ, თითო წლით.
აუდიტის სამსახურმა ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული შესწავლის შედეგად ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი დაკარგული ექსპონატი. მუზეუმის ყველა ექსპონატი ადგილზეა _ ზოგი საქართელოში, ზოგი უცხოეთში და ყველას ადგილმდებარეობა ცნობილია.
ექსპონატების გადაადგილებასთან დაკავშირებით დარღვევა გახლავთ ის, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, 2021 წელს, დაუბრუნებელი და ვადაგაგრძელებული გახლდათ 64 ექსპონატი.
ზოგადად, 1958 წლიდან, ეროვნული მუზეუმის შექმნამდე, ანუ 2005 წლამდე, ქვეყნიდან გატანილი და დაუბრუნებელი იყო 875
ექსპონატი. 2021 წლის ბოლოსთვის დაბრუნებულია 431 ერთეული, დასაბრუნებელია _ 444, აქედან, ქვეყნის გარედან _ 160 (საელჩოები, სხვადასხვა გამოფენა), ქვეყნის შიგნიდან _ 284 (სხვადასხვა ორგანიზაცია, ავტორები, ოჯახები, მემკვიდრეები და გარე მუზეუმები). საქართველოს მუზეუმის მიხედვით შემოწმდა დროებით სარგებლობაში გატანილ და დაბრუნებულ ექსპონატებზე შედგენილი დოკუმენტაცია, სადაც არ არის წარმოდგენილი ექსპონატების გამტანი უფლებამოსილი პირების მინდობილობები. ეროვნული მუზეუმებიდან დროებით გაცემული ექსპონატების დაბრუნებაზე შედგენილი აქტები არსებობს, მაგრამ ისინი არ არის აკინძული და არ არის რეგისტრირებული სპეციალურ სარეგისტრაციო წიგნში. ზოგიერთ სამუზეუმო ფონდში, მაგალითად, საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიული კოლექციის იარაღის, რკინისა და ტყავის ფონდებში არ აწარმოებდნენ ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს და თუ აწარმოებდნენ, ისინი არ იყო დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქული. კონკრეტულად ასეთი მდგომარეობა დახვდათ აუდიტორებს ზოოლოგიური, კავკასიური ტანსაცმლისა და ქსოვილების ფონდში. აუდიტის სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც თეა წულუკიანს აინტერესებს, გახლავთ ფაქტობრივი გარემოება, ხელოვნების მუზეუმის შენობა არის თუ არა ავარიული.
როგორც ანგარიშში არის მითითებული, შენობის კედლები დაბზარულია, ჭერი და იატაკი ფრაგმენტულად საგრძნობლად არის დაზიანებული, განსაკუთრებით _ სარდაფი. ფართობის სიმცირის გამო, ექსპონატები, ძირითადად, ინახება არასათანადო პირობებში, ექსპონატების გარკვეული ნაწილი დაავადებულია და საჭიროებს რესტავრაციას. ფონდსაცავ სივრცეს უკავია 481 კვ.მ. ფართი, საიდანაც ნაწილი _ 228 კვ.მ. განლაგებულია მესამე სართულზე, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, კერძოდ, ოთახები სარემონტოა, კედლები დაბზარული და ჭერი ზოგიერთ ადგილას ჩამოშლილი. ფართების სიმცირის გამო, ექსპონატები არ არის სათანადოდ განთავსებული და დაცული.
2008 წელს შპს „გორგასალთან“, რომლის სამართალმემკვიდრე დღესდღეობით 2012 წლიდან მოყოლებული არის შპს „მეიდან ჯგუფი“, გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში, ფონდსაცავი სივრცე არ შეკეთებულა. პირიქით, მოიჯარის მიერ საოფისე ფართის მოწყობის ხარჯზე ის შემცირდა 44 კვ.მ.-ით. ე. ი. ინვესტიციის ნაწილი მუზეუმის სხვადასხვა საჭიროებასთან ერთად მოხმარდა კომერციული დანიშნულებისა და საოფისე ფართების მოწყობას.
„ქარვასლაში“ დაცული 4 ფონდიდან უმეტესი ნაწილი განთავსებულია შენობის სხვენში. ეროვნული გალერეის კუთვნილი თანამედროვე ქანდაკების ფონდი, დაახლოებით, 1124 ექსპონატით, განთავსებულია თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში. ასევე ხელოვნების მუზეუმის ქვისა და ხის ფონდიც განთავსებულია სარდაფში. ფონდსაცავების უმეტესი ნაწილი არ არის აღჭურვილი ვენტილაცია- კონდიცირების სისტემით. ქარვასლის სხვენში არსებულ ფონდსაცავებში არ არის დაცული ხარძარსაწინააღმდეგო და სხვა სახის უსაფრთხოების ნორმები. ყველა ეს ჩამონათვალი ზრდის თაღლითობისა და ექსპონატების ფიზიკური დაზიანების რისკებს.
საიჯარო ხელშეკრულებებით 2018-2020 წლებში მუზეუმმა დაკარგა, დაახლოებით, 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი. კერძოდ, ერთ-ერთი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმმა 3 245,7 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და 685 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარით გასცა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში საიჯარო ფართებზე კომუნალური ხარჯების გადახდის ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა და მათი კომუნალური გადასახადები გადაიხადა ეროვნულმა მუზეუმმა. საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხაზე, 32 915 ლარზე, რომელიც მეიჯარემ არ გადაიხადა და ის 2021 წლის პირველი იანვრის
მდგომარეობით გაიზარდა 346 245 ლარამდე და შეადგინა 379 160 ლარი (აქედან, 241 083 ლარი _ ძირითადი თანხა, 138 077 ლარი _ საურავი). ეს ყველაფერი მუზეუმმა გადაიხადა, იმის მაგივრად, რომ მოიჯარესგან ამოეღო.
2018-2020 წლებში ეროვნულ მუზეუმში ირიცხებოდა 707 თანამშრომელი. თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი შეადგენდა 6895 ლარს, შტატგარეშე თანამშრომელთა _ 232 ერთეულს, ხოლო საშუალო წლიური ანაზღაურება _ 4926 ლარს. აუდიტმა დაადგინა, რომ ხელფასებზე გაწეულია 22 617 617 ლარის ხარჯი, აქედან, საბიუჯეტო სახსრებით _ 15 882 188 ლარი, მიზნობრივი გრანტით _ 180 849 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან _ 6 735 429 ლარი. გამოდის, რომ ეროვნული მუზეუმი გასცემდა საკმაოდ სოლიდურ დანამატს, მაგრამ დანამატის გაცემა უნდა შეთანხმდეს კონტროლის განმხორციელებელ სამინისტროსთან, რაც არ მომხდარა. შედეგად, 2018-2020 წლებში დანამატის სახით ანაზღაურებულია 63 570 ლარი. ამასთან, 2018 წლის გადაწყვეტილებები 31 172 ლარის დანამატის გაცემის თაობაზე არ არის შეთანხმებული სამინისტროსთან.
2018 წლის მაისში, მთავრობის #1196 განკარგულებით, მუზეუმს მიეცა უფლება, გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა ავარიული მდგომარეობის გამო ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველსაყოფად და მოეწყო ალტერნატიული საცავი. მისი მოწყობის, აღჭურვისა და ექსპონატების კონსერვაციისა და გადასატანად მომზადებისთვის საჭირო იყო შესყიდვა. ამ მიზნით მუზეუმმა გააფორმა 15 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 422 000 ლარი. აუდიტით დადგინდა, რომ სამუშაოები საჭიროებდა ბევრად შეზღუდულ ვადებში განხორციელებას. კერძოდ, სამუზეუმო ექსპონატების განთავსების მიზნით უნდა ჩატარებულიყო თრელიგორაში (თბილისი) მდებარე ალტერნატიული საცავის სარემონტო სამუშაოები. მხოლოდ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცავის მზადყოფნის შემთხვევაში, დადგებოდა დანარჩენი 4 ჩPV კოდით გათვალისწინებული საქონლის (ექსპონატების გადასატანი ყუთები, თაროები და სხვ.) შესყიდვის აუცილებლობა. ეს არ მომხდარა. ფაქტობრივად, ალტერნატიული საცავის სარემონტო სამუშაოები (ღირებულებით 422 000 ლარი) დასრულდა მთავრობის განკარგულების გამოცემიდან სამი თვის შემდეგ, 2018 წლის 30 აგვისტოს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის მაისში არ იდგა მისი აღჭურვის შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც არ იყო სამუზეუმო ექსპონატები გადატანილი ახალ ფონდსაცავში. ოთხი დასახელების 143 000 ლარის ღირებულების საქონლის ელექტრონული ტენდერის პროცედურებით შესყიდვა არ იწვევდა აღნიშნული ღონისძიების ჩაშლას ან მის უწყვეტ ჩატარებას, შესაბამისად, არ იდგა გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების აუცილებლობა. შეუსაბამო შესყიდვის გამო დაიკარგა ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.