ენმ ბოიკოტს წყვეტს _ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტს უბრუნდება
ნენე ინჯგია
ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია, „ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშია“, ბოიკოტს წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ერთვება. „ნაციონალური მოძრაობა“ გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია მედიას 31 იანვარს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ მიაწოდა.
„ჩვენი პარტია არის მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი, ძალიან ბევრი მხარდამჭერით, ბევრი მოსაზრებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც მზად არის და იბრძვის ამ ვითარების შესაცვლელად. იყო აზრთა სხვადასხვაობა. შაბათს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია საგაზაფხულო საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, _ განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანია პარლამენტში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ფრაქცია აპირებს, ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.
„ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს… ფრაქცია პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი უშუალო ვალდებულება იქნება, ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რომ ყველა ეტაპზე, არა მხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მწვავე პროტესტი გვქონდეს. ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“, _ თქვა დეკანოიძემ.
რატომ იყო ენმ ბოიკოტის რეჟიმში?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მმართველმა გუნდმა გააყალბა, ამიტომ პარტია ბოიკოტის რეჟიმში იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუშაობა დაიწყო რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 2021 წლის 8 ივნისს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რაც ფრაქცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მიზეზი 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა გახდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოიკოტის შეწყვეტის აუცილებლობას განმარტავენ.
„ქრონიკა+“-სთან ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ბევრი საქმეა დაგროვილი და ენმ-ს დაბრუნება საჭირო იყო:
„იმდენი საქმეა დაგროვილი და იმდენი სამუშოა, მეორე მხრივ კი იმდენ პრობლემას უქმნის ქვეყანას „ქართული ოცნება“, რომ მათი პარლამენტში მარტო დატოვება სერიოზული შეცდომა იქნებოდა. ვხედავთ, რომ რუსეთის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებენ უკრაინის შესახებ. პოლონეთმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. პოლონეთის პარლამენტის ენის გამოყენებასაც კი ერიდება „ქართული ოცნება“, იმდენად არიან უკვე რუსეთის მორჩილებაში მოქცეულები. რეზოლუცია ერთი მაგალითია იმისა, თუ სანამდე მივიდა ქვეყანა და რა იყო „ქართული ოცნება“ 2014 წელს, როცა ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგ რეზოლუცია გააკეთა და რა ხდება ახლა, 7 წლის შემდეგ, თუ როგორ მოხდა ტრანსფორმაცია“, _ აცხადებს გოცირიძე.
მისივე თქმით, მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნან მმართველ გუნდს. დეპუტატი კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით გვიყვება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა:
„ყველგან უნდა ვიყოთ, რომ ესენი არ გავაჯეჯილოთ, უნდა ვამხილოთ, დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, ჩვენი ინიციატივები თავს უნდა მოვახვიოთ. თუ არ გააკეთებენ, ხალხი დაგვინახავს, რას გვიბლოკავენ. ზოგჯერ, შეიძლება, ხალხისთვის სასიკეთო ჩვენი ინიციატივები თავს მოვახვიოთ. არაერთხელ მომიყვანია ეს მაგალითი: ამერიკაში მნიშვნელოვან კანონებს რომ იღებენ, მას კანონის მიმღები დეპუტატის სახელი ჰქვია. მაგალითად, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას იმიტომ ჰქვია ლუგარი, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა ლუგარმა უზრუნველყო საქართველოში მისი მშენებლობა, ამიტომ მის პატივსაცემად ლუგარის ლაბორატორია დაარქვეს. მე მინდა, დღეს მთელმა მცირე ბიზნესმა იცოდეს კანონი, სადაც წერია: 500 ათას ლარამდე იხდიან მხოლოდ ბრუნვის 1%-ს და ფაქტობრივად გადასახადებისგან არიან განთავისუფლებული. ამას ჰქვია რომან გოცირიძის კანონი, რადგან მე შევიტანე კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესი უნდა განთავისუფლებულიყო გადასახადებისგან მხოლოდ 100 ათას და 200 ათას ლარამდე, ეს ჩააგდო პარლამენტმა და თქვა, რომ ბიუჯეტს დაღუპავდა. სულელური არგუმენტი მომწერა ფინანსთა სამინისტრომ, რომ თურმე როგორ გამოუთხრიდა ძირს ჩემი ინიციატივა ბიუჯეტს. მაინც არ შევეშვი და მეორედაც შევიტანე კანონპროექტი, ყველა ტრიბუნა გამოვიყენე და ვაჩვენე ჩვენს მოქალაქეებს, როგორ არ უნდათ კარგი საქმის გაკეთება „ქართულ ოცნებაში“. „ოცნებამ“ დაინახა, რომ ჩემსას არ დავიშლიდი და სამი თვის შემდეგ ჩუმად შემოიტანეს კანონი, რომელიც სიტყვა-სიტყვით ჩემი კანონი იყო, ოღონდ 200 ათასის ნაცვლად 500 ათასი ლარი ჩაწერეს. თურმე, 500 ათასი ლარით განთავისუფლება ბიუჯეტს არ ღუპავს და ჩემი 200 ათასი ლარი ღუპავდა?! _ მე არ მაინტერესებს, ამ კანონს რომან გოცირიძის სახელობის ერქმევა, თუ _ „ოცნების“. ფაქტია, რომ მე ჩემსას მივაღწიე და დღეს სწორი საგადასახადო რეჟიმია ამ სფეროში, თუმცა ხალხმა რომ იცოდეს, კარგია. როდესაც მივლენ და 1%-ს დაინახავენ, უნდა თქვან: ყოჩაღ, რომან გოცირიძის კანონი კარგია. ამიტომ, კანონპროექტებითაც დავბომბავთ, ყველანაირი აქტიურობა გვექნება, როგორც კომიტეტებში, ასევე სხვა მიმართულებით. საპარლამენტო ყველა სტრუქტურა უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა მოგვერიდოს, რაც რაიმე ბერკეტს მოგვცემს, რათა ეს ქვეყნის საკეთილდღეოდ გაკეთდეს“, _ ამბობს გოცირიძე.
ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს მდივან პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა დროა, ისევ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს:
„ჩვენი გეგმა და მყარი პოზიცია გვაქვს საკითხებთან მიმართებით. ჩვენი ბოიკოტი 5 ივლისის მოვლენებიდან გამომდინარე სწორი იყო. რაც შეეხება პარლამენტში დაბრუნებას, საგაზაფხულო სესიებზე ვიქნებით იმიტომ კი არა, რომ „ქართული ოცნების“ კლოუნებს ვეკინკლაოთ, იმიტომ, რომ საქმე ვაკეთოთ“, _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ბოიკოტის გზით მათ მოძალადე რადიკალებისა და მმართველი პარტიის ერთმანეთთან არსებული მჭიდრო ბმა დაამტკიცეს.
„ჩვენ ბოიკოტით დავამტკიცეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს ქუჩაში იყვნენ გამოსულები, მათ „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს. რომ არა ჩვენი ბოიკოტი, შეიძლება 5 ივლისი დავიწყებოდა საზოგადოებას“, _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორ აფასებს მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას?
„ნაცმოძრაობის“ ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა _ იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს, მწვალებელი სააკაშვილის მიმართ დაირღვა თუ არა რამე კანონი“, _ ასე შეაფასა ენმ-ს პარლამენტში დაბრუნება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მათი მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა საზოგადოების ინტერესებით არ არის განპირობებული.
„პარლამენტი ლეგიტიმურია, მუშაობს, დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფნა და საქმიანობაც საშური საქმეა ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“ შემოსვლა საზოგადოების ინტერესებმა განაპირობა.
ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა, იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს, თავად მწვალებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა დარღვეული რამე კანონი, ამაზე ექნებათ მცდელობები, აქტივობები და არანაირი საპარლამენტო მუშაობა ამაში არ იგულისხმება“, _ განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის თქმით, ენმ-ს პარლამენტში დაბრუნება მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაცია ნელ-ნელა ქრება პოლიტიკური ველიდან.
როგორც მაჭარაშვილი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, საზოგადოებას ენმ-ს დესტრუქციული ქმედებები აღარ აინტერესებს:
„ენმ-ს პარლამენტში დაბრუნება მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ნელ-ნელა ქრება პოლიტიკური ველიდან, რასაც, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები შეავსებს. მათ დღის წესრიგში აღარ დარჩათ საკითხი, რომელიც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, მაგიდაზე, რომ შეხტები, სპიკერატში შეიჭრები და ლანძღვა-გინებით ხარ დაკავებული, ეს საზოგადოებას არც ადრე აინტერესებდა და დღეს მით უმეტეს, არ აინტერესებს. რეალური ოპონირება თუ არ გაუწიე ხელისუფლებას, რაც აუცილებლად გასაკეთებელია ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოებას აღარ აინტერესებს მათი დესტრუქციული ქმედებები. „ნაციონალები“ მიხვდნენ, რომ მათი რეიტინგი მკვეთრად ეცემოდა და პარლამენტში, რომ არ ყოფილიყვნენ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ შეიძლება კიდევ უფრო მკვეთრად დაცემულიყო მათ მიმართ ინტერესი, რაც ისედაც მაინც მოხდება, – სავარაუდოდ, ბოიკოტის შეწყვეტის მიზეზიც ეს იყო“, _ განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს ენმ-ს წევრების განცხადებას, რომ ისინი მაქსიმალურად დისკომფორტს შეუქმნიან „ქართულ ოცნებას“, მაჭარაშვილი გვპასუხობს:
„შეიძლება, მადლობა გადავუხადოთ გულწრფელობისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ რეალური მიზეზი თქვეს, თუ რატომ შემოდიან პარლამენტში. როგორც წესი, პარლამენტში იმისთვის შემოდიან, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური საქმიანობა განახორციელონ. „ნაციონალები“ ამბობენ, რომ დისკომფორტს შექმნიან, რასაც ჩვენ ადრეც ვამბობდით, _ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგით არის წარმოდგენილი. არც არასდროს ჰქონია მათ დესტრუქციას შედეგი და არც ახლა ექნება. კარგია, რომ ჩვენ ნაკლებად მოგვიწევს იმის მტკიცება, თუ რისთვის შემოდიან რეალურად საქართველოს პარლამენტში, რადგან თვითონ აღიარეს“, _ ამბობს მაჭარაშვილი.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრა ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე:
„თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ პარლამენტში უნდა იყოს ყველა დეპუტატი, ვინც მოსახლეობის ნდობა მოიპოვა და მანდატი მიიღო. კონკრეტულად, რას შეცვლის ენმ-ს პარლამენტში დაბრუნება, არ ვიცი, როგორ იმოქმედებენ, ეს არის მთავარი. რამე თემის ინიციატორები იქნებიან, კონსტრუქციულ მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, არ ვიცი. მიკროფონი აქვთ და თავისი აზრის დაფიქსირება შეეძლებათ. მთავარია, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია, ჩვენ ვამბობდით, რომ არჩევნები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა, აღიარეს ჩვენმა პარტნიორებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, _ ეს აბსოლუტურად ჭეშმარიტი გახდა და ამაზე დისკუსია სრულიად მოიხსნა“, _ განაცხადა კახაძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს ენმ-ს წევრების განცხადებას, რომ ისინი მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან „ქართულ ოცნებას“, კახაძე გვპასუხობს:
„მათი განწყობა ასეთია _ ისინი მუდმივად დისკომფორტს ქმნიან, ისინი კონსტრუქციაში არასდროს იქნებიან ქვეყნის მიმართ, _ ეს ჩემი და მოსახლეობის დიდი ნაწილის შეხედულებაა. რა დისკომფორტი უნდა შეგვიქმნან? მაქსიმუმ, მიკროფონს თუ დაამტვრევენ, _ ისიც, წესრიგის დარღვევა არ შეიძლება. მათი ქმედება არც მაყურებელს გაუკვირდება და არც _ მოსახლეობას. რაც უნდა, ის გააკეთონ, ოღონდ კონსტიტუციურ საზღვრებს არ გასცდნენ“, _ განაცხადა კახაძემ.
რას აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციაში?
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მიესალმება „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნებას. ის იმედოვნებს, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში საქმეს გააკეთებენ და მაგიდაზე არ შეხტებიან. „კარგია, რომ ბრუნდებიან. მათი ბოიკოტი თავიდან ბოლომდე ამაო იყო. თან ეს სინამდვილეში არანაირი ბოიკოტი არ ყოფილა. კარგი იქნება, თუ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან და მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით. იმედი მაქვს, რეალურად ვიმუშავებთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს“, _ განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძალა ვის არ სჭირდება, მაგრამ მთავარია, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რაში ხარჯავენ საკუთარ ძალას. თუ შიმშილობაში ხარჯავენ, მაშინ, არა, თუ ჩხუბში ხარჯავენ, არც მაშინ და თუ რამე კარგ საქმეს გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის პარლამენტში დახმარება საჭიროა“, _ ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში უკვე წარადგინა. მოახერხებს თუ არა ენმ საპარლამენტო კომისიის შექმნას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.