პაატა დავითაია: „ანატოლი ბიბილოვზე საერთაშორისო ძებნა უნდა გამოვაცხადოთ“
შორენა მარსაგიშვილი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთელი ოსების გულის ხვაშიადი გაამჟღავნა. მისი თქმით, ცხინვალელებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურთ. ცხინვალში ამ საკითხის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასაც კი აპირებენ. ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები უარს ამბობენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე.
რას უკავშირდება ანატოლი ბიბილოვის განცხადებები? რატომ ამბობენ აფხაზები უარს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე? რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას? _ ამ თემების გარშემო „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო პაატა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იწყებენ საუბარს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიბილოვმა ტრადიცია არ დაარღვია და ამ თემაზე ალაპარაკდა. თბილისში ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ რამდენად სერიოზულად აღიქვით ბიბილოვის განცხადება?
_ ბიბილოვი ამ თემაზე ხშირად საუბრობს, მაგრამ ეს არ არის მარტივი თემა. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სერიოზული საფრთხეა იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ანექსია მოახდინოს. ამისთვის რუსეთის ფედერაცია კარგა ხანია, ემზადება. ცოტა ხნის წინ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმდა შეთანხმება და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით ისარგებლებენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორმაგი მოქალაქის სტატუსი გაკეთდა მხოლოდ ცხინვალის რეგიონთან. ორმაგი მოქალაქეობა რუსეთში დაშვებული არ არის. შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეს, მაგრამ ის უნდა იყოს აღრიცხვაზე აყვანილი. მაგალითად, თუ ადამიანი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეც არის, ის მხოლოდ რუსეთში შეძლებს პენსიის აღებას ან _ პირიქით. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ ორმაგი მოქალაქეობის სრული ინტეგრაცია გააკეთეს.
_ ეს რაში გამოიხატება?
_ მაგალითად, ოსურ ჯარში თუ იმსახურებ, გეთვლება, რომ რუსულ ჯარში იმსახურე. სრული ინტეგრაცია მოხდა ორმაგი მოქალაქეობისა და ეს მხოლოდ ცხინვალის რეგიონისთვის დაუშვა მოსკოვმა. ეს რუსეთმა სპეციალურად გააკეთა.
_ რისთვის გააკეთა ეს რუსეთმა?
_ რუსეთი ემზადება ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიისთვის. როგორც კი გაფორმდა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ეს შეთანხმება, განცხადება გავაკეთე, რომ ჩენი ტერიტორიების ანექსიისთვის მზადება იწყებოდა. სადღაც ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ შეთანხმების გაფორმებას მოჰყვებოდა გარკვეული ნაბიჯები.
_ ბიბილოვის განცხადებაც გარკვეული ნაბიჯია?
_ რა თქმა უნდა.
_ ბიბილოვი და მისი წინამორბედებიც ყოველი არჩევნების წინ ითხოვდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ახლა რა არის განსაკუთრებული ანატოლი ბიბილოვის მოთხოვნაში?
_ ცხინვალის ლიდერები მართლაც ყოველი არჩევნების წინ აცხადებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურდათ, მაგრამ მაშინ მიმართავდნენ სახელმწიფო სათათბიროს. ახლა ეს ეტაპი დამთავრდა და დღის წესრიგში დადგა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. ბიბილოვის ინიციატივას უმალ მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა აღნიშნა, ჩვენ პატივს ვცემთ ოსი ხალხის სურვილსო… მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.
პესკოვის ეს პასუხი და რუსეთის პოზიცია ორ რამეზე მიუთითებს: მათ ყველაფერი მზად აქვთ და ცხინვალის რეგიონის მისაერთებლად აპირებენ ყირიმის ვარიანტის გამოყენებას. რუსებმა ყირიმი რეფერენდუმით მიიერთეს. ამით მოსკოვს შეუძლია საქართველოს ხელისუფლება დააშანტაჟოს. ბოლომდე შეეცდებიან, ხელი არ მოაწერონ, მაგრამ ყველაფერი მზად ექნებათ და თუ თბილისი მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ. არის მეორე ვარიანტიც: რუსეთის უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ პატარა გამარჯვება სჭირდებათ. ცხინვალის მიერთება პატარა გამარჯვება იქნება მათთვის.
ყველა ვარიანტი ჩვენი ხელისუფლებისა და სახელმწიფოსთვის წამგებიანია, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავის დახრა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ეს უნდა იყოს მკვეთრი ნაბიჯები.
_ რა ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას?
_ ოფიციალურმა თბილისმა ანატოლი ბიბილოვზე უნდა გამოაცხადოს ძებნა. მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია.
_ ამის გარდა, მას კიდევ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.
_ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ახლა მათზე არ ვსაუბრობ. ახლა ბიბილოვის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას იმის გამო, რომ ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას. მასზე უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა, რის შემდეგაც ბიბილოვის საქმე გადაეცემა ჰააგას. ჰააგას უნდა ავუხსნათ, რომ ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, ამზადებს ნიადაგს საქართველოს ტერიტორიის ანექსიისთვის, ამის გამო მას ჰააგაც დასვამს ძებნაზე. ანატოლი ბიბილოვზე საერთაშორისო ძებნა რაც შეიძლება მალე უნდა გამოცხადდეს.
_ რას მოგვიტანს ბიბილოვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება?
_ ეს ნამდვილად მოიტანს შედეგს. ვთქვათ და ჩატარდა რეფერენდუმი და ოსებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ცხინვალმა და მოსკოვმა უნდა გააფორმონ სათანადო დოკუმენტი. ბიბილოვმა პუტინთან ერთად, როგორც პრეზიდენტმა, ამ დოკუმენტზე უნდა მოაწეროს ხელი. წარმოიდგინეთ, რა სკანდალი იქნება, როდესაც მსოფლიო დაინახავს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი დამნაშავე პუტინის გვერდით ზის და მასთან ერთად დოკუმენტზე აწერს ხელს. ეს ამ დოკუმენტის ანულირება იქნება.
იურიდიულად არავინ აღიარებს იმას, რომ ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა, მაგრამ ეს საქართველოსთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება. დასავლეთი არც ყირიმს მიიჩნევს რუსეთის ნაწილად. არ მინდა, რომ ცხინვალი რუსეთის ნაწილად იქცეს. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოცხადდეს ანატოლი ბიბილოვზე საერთაშორისო ძებნა. აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ვიმოქმედოთ ამ ჭრილში. ამის გარდა, აუცილებელია ყველას ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა.
_ ერთიანობის ჩვენებაში რას გულისხმობთ?
_ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ნათლად უნდა თქვას, რომ ერთმანეთთან რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ცხინვალის საკითხში ვართ ერთიანები. ერთად დგომით შედეგის მიღება შეგვიძლია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ერთად ყოფნით შედეგს მივაღწევთ?
_ დარწმუნებული ვარ. რუსეთს უკრაინაში ცხვირი წაამტვრევინა უკრაინელების ერთიანობამ. მოსკოვი იცით, რატომ შეცდა უკრაინაში ომს რომ იწყებდა? ეგონა, უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა მათ დაუჭერდა მხარს. ასე არ გამოვიდა, ყველა გახდა ერთიანი. დღეს მთელი უკრაინა ერთად ებრძვის ოკუპანტებს და ამიტომაც აგებენ იქ რუსები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანი პოზიცია დაიკავონ. ასეთ შემთხვევაში რუსები ჩვენს მხარეს არც შემოიხედავენ.
_ რატომ გგონიათ, რომ არ შემოიხედავენ?
_ იმიტომ, რომ უკრაინაში უკვე განიცადეს მარცხი და ამ ფონზე მეორე ფრონტს აღარ გახსნიან, ახლა მთავარია, ჩვენ ვიყოთ ერთიანები. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით რუსებისთვის.
_ იმ ფონზე, როცა ოსები რუსეთის შემადგენლობაში ითხოვენ შესვლას, ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებლობას ამჯობინებენ. ესეც ხომ მნიშვნელოვანი ამბავია?
_ რა თქმა უნდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აფხაზები ასეთ პოზიციას დაიკავებდნენ. მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს, აფხაზები ამაზე დაითანხმოს. აფხაზები რომ დაეთანხმებინა, ცხინვალიც და სოხუმიც კარგა ხნის წინ გახდებოდა რუსეთის ნაწილი. აფხაზები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა არ სურთ, მაგრამ არც რუსეთში ცხოვრება უნდათ, ისინი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. აფხაზების ამ პოზიციას მოსკოვიდან სასწრაფოდ მოჰყვა რეაქცია. დუმის წევრმა კალაშნიკოვმა განაცხადა, აფხაზეთი ისედაც ჩვენიაო.
_ არადა, აფხაზეთი არ არის რუსეთის.
_ ახლა ნამდვილად არ არის და არც იქნება მანამდე, სანამ ინალ არძინბას არ დასვამს პრეზიდენტად. ინალ არძინბას გაპრეზიდენტებამდე დარჩა ორი წელიწადი.
_ ასაკი არ უწყობს ხელს გასაპრეზიდენტებლად.
_ კი ბატონო. ორ წელიწადში მას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ის არის მოსკოვის გამოზრდილი კადრი და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის მოაწერს ხელს რუსეთისთვის სასურველ დოკუმენტს. ვგულისხმობ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.
ქართულმა სახელმწიფომ ძალიან სერიოზულად უნდა დაიწყოს მუშაობა სამართლებრივი მიმართულებით. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს რომ სწორი გზაა, ყარაბაღის ამბებმაც დაადასტურა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტი ლიდერები დასვა ძებნაზე და როცა საჭიერო დრო დადგა, ვერავინ ხმა ვერ ამოიღო. მათთან მოსალაპარაკებლად არავინ ჯდებოდა. ჩვენ სეპარატისტთა ლიდერებზე თავიდანვე უნდა გამოგვეცხადებინა ძებნა. ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც დავუშვით. ჯერ კიდევ არის დრო ამ შეცდომის გამოსწორების.
_ სერგეი შამბას და მის თაობას რატომ არ უნდათ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა?
_ იმიტომ, რომ ისინი მართლა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. შამბა თავის ძმებთან ერთად აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელია. რუსები ძველი თაობის აფხაზებს უკვე დასანახავად ვერ იტანენ და ერთი სული აქვთ, როდის ჩაანაცვლებენ მათ ახალი თაობით. ინალ არძინბა ამიტომ გამოაგზავნეს სოხუმში და ამიტომ დასვეს საგარეო საქმეთა მინისტრად.
_ ბოლო ხანებში ძალიან პასიურად ჩანს აფხაზთა ე. წ. პრემიერი ანქვაბი. რუსებმა ის ჩააჩოჩეს თუ რა ხდება?
_ ანქვაბი ნამდვილად ჩააჩოჩეს. ის ჭკვიანი ადამიანია და ყველაფერს ხვდება, რაც მოხდება, მაგრამ ვერაფერს ვეღარ შეცვლის.
_ რატომ ვერ შეცვლის?
_ იმიტომ, რომ მას და მისი თაობის პოლიტიკოსებს აფხაზეთში რამის შესაცვლელად ასაკი არ უწყობთ ხელს.
_ აფხაზები მათ გარეშეც ეწინააღმდეგებიან რუსებს. ყველას გვახსოვს, როგორი ანტირუსული აქცია გაიმართა გასული წლის დეკემბერში სოხუმში.
_ აფხაზეთში ეს განწყობა სერიოზულად არის. ოსებისგან განსხვავებით, ისინი ბოლომდე იჭიდავებენ დამოუკიდებლობისთვის. ისინი თავიანთ თავისუფლებას ჩვენზე უკეთესად დაიცავენ. აფხაზების წინააღმდეგობა რომ არა, სოხუმი და ცხინვალი დიდი ხნის წინ შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში.
რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შემომითვლა, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთ სანგარში ვისხდებით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. ყველაფერი აქეთკენ მიდის, ჩვენ რუსების წინააღმდეგ ერთად მოგვიწევს ბრძოლა.
_ მე მაინც ცოტა რთულად წარმომიდგენია, რომ აფხაზებმა ჩვენთან ერთად იბრძოლონ.
_ არ არის ეს წარმოუდგენელი. ყველაფერი აქეთკენ მიდის. ჩვენ, ადრე თუ გვიან, მაინც ერთ სანგარში აღმოვჩნდებით, ახლა საჭიროა, ოფიციალურმა თბილისმა სწორი პოლიტიკა გაატაროს.
_ გვაქვს რამე პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ?
_ სამწუხაროდ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ არანაირი პოლიტიკა არ არსებობს.
_ სამაგიეროდ გვაქვს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა.
_ არგაღიზიანების პოლიტიკა გახლავთ სირაქლემის პოზა, რომელიც არაფრის მომტანია. რამდენი წელია, რაც რუსეთს არ ვაღიზიანებთ, მაგრამ რა მოხდა? _ ოკუპაციიდან ანექსიაზე გადავიდა.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ქართულ ოცნებას“ მივმართო: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთი საქართველოს ყველა ხელისუფლებას ებრძოდა და მას სხვადასხვა პრობლემას უქმნიდა. ყველა ხელისუფალმა რუსეთთან წააგო, მაგრამ ფაქტია, რომ იბრძოლა. დღეს „ქართული ოცნება“ ამაყობს იმით, რომ ჩვენი მმართველობის დროს ომი არ მომხდარაო. ომი მართლა არ ყოფილა, მაგრამ მაგათ პერიოდში თუ ანექსია მოხდა, ამას არავინ აპატიებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ არ აპატიებს? წინა ხელისუფლებებს ბევრი რამე აპატიეს.
_ ქართველმა ხალხმა იმათ აპატიეს წაგება, მათ მართალია წააგეს, მაგრამ იომეს. ესენი არ ომობენ და თუ ჩვენი ტერიტორიების ანექსია მოხდა, ამას არ აპატიებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაითავისოს, რომ მათ ანექსიას არავინ აპატიებს.
_ სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლება პატიობს ოკუპანტებს ყველაფერს და ყველა მათ ანტიქართულ განცხადებას აიგნორებს.
_ ეს არის ძალიან ცუდი, სირაქლემის პოზიციაში ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს. თავს ხომ იწონებდნენ იმით, რომ რუსეთს არ ვაღიზიანებთო? რით დამთავრდა ეს არგაღიზიანება? _ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაზე გადავიდა. მოქმედებაა საჭირო, მოქმედება!
_ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობის მისაღებად ოსები და აფხაზებიც წაიყვანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, გუდაუთიდან წაყვანილი დაჯგუფება მთლიანად განადგურდა. თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია?
_ პირადად მე 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიცი, რომ გუდაუთიდან გაყვანილი დაჯგუფება სრულად გაანადგურეს. ალბათ ამ დღეებში გახდება დამატებითი ინფორმაციები ცნობილი.
_ უკრაინიდან ოსი მებრძოლების გამოქცევა ოფიციალურად დადასტურდა.
_ ოსები რომ გამოიქცეოდნენ, ეს თავიდანვე ნათელი იყო.
_ რატომ იყო ნათელი?
_ ოსი მებრძოლების უკრაინაში საომრად გაგზავნა კოკოითმაც კი გააპროტესტა.
_ კოკოითიც რომ მიხვდება, იქ წასვლა არასწორი იყო.
_ აბაა! მაგიტომაც გამოიქცნენ. გუდაუთის ბაზაზე დანამდვილებითი ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ნათლად აჩვენა, როგორი მებრძოლები არიან ოსები და აფხაზები. ჩვენ წინააღმდეგ რუსების დახმარებით იბრძოდნენ. ახლა ბევრს რომ ლაპარაკობენ აფხაზები, სოხუმი ჩეჩნებმა, ყაბარდოელებმა და რუსებმა აიღეს, აფხაზები უკან მოსდევდნენ.
_ შიდა ქართლშიც ეგრე იყო _ წინ რუსები მოდიოდნენ, ოსები უკან მოსდევდნენ.
_ იქაც ასე იყო. ყველას გვახსოვს, როგორ გაიქცა კოკოითი 2008 წელს ცხინვალიდან და უკან მანამდე ვერ დააბრუნეს, სანამ რუსული ჯარები არ შემოვიდნენ.
_ ყველაფრის მიუხედავად, აფხაზები ბევრად მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე ცხინვალელი სეპარატისტები. ოსებისგან განსხვავებით, ისინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ეწინააღმდეგებიან.
_ აფხაზები იმსახურებენ პატივისცემას, ისინი თავისი პოზიციით ჩვენს საქმეს აკეთებენ. მათთან მუშაობაა საჭირო. მათ ბევრ რამეში ჩვენი გასაკეთებელი გააკეთეს. დღეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა რომ არ მოხერხდა, ეს აფხაზების დამსახურებაა.
_ აფხაზები ეწინააღმდეგებიან ამ რკინიგზის აღდგენას?
_ აფხაზები რომ ეწინააღმდეგებიან, მაგიტომ არ აღდგა ეს რკინიგზა, თორემ ჩვენები ამ რკინიგზას დიდი ხნის წინ აამოქმედებდნენ, რუსებს ესენი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ.
_ ისევ არგაღიზიანების პოლიტიკას დავუბრუნდეთ: როდემდე გააგრძელებს „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას?
_ ვერ გეტყვით. „ქართულ ოცნებას“ არგაღიზიანების პოლიტიკის შენარჩუნება შეუძლია მანამდე, სანამ რუსთაველის მეტროსთან არ მოვა რუსული ჯარი. არგაღიზიანების პოლიტიკა შეიძლება იყოს ისიც, თუკი საქართველო გახდება რუსეთის ფედერაციის წევრი. შეიძლება ასეც მოხდეს. არგაღიზიანების ფარგლებში „ოცნებას“ შეუძლია, გმირთა მოედანზე მდგარი გმირების მემორიალიც ააფეთქონ, რაში გვჭირდება იმათი მემორიალი, ვინც რუსებს ებრძოდა? არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში შეიძლება, ძმათა სასაფლაო გადახნან. დამოუკიდებლობაზე უარი ვთქვათ და დაე, იყოს ეს არგაღიზიანება, რა პრობლემაა? ძალიან ცუდია სირაქლემის პოზიციაში ყოფნა და ამ პოზამ უკვე იქამდე მიგვიყვანა, რომ რუსეთი ჩვენი მიწების ანექსიაზე გადავიდა.
_ ბოლოსკენ უკრაინაში მიმდინარე ომზეც მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, როგორ დასრულდება ეს ომი?
_ ეს გრძელვადიანი ომი იქნება, მაგრამ ის რუსეთის კრახით დასრულდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა თავისას მაინც შეეცდებიან. პუტინმა ისე მაღლა აწია თამასა, რომ უკან დახევის შემთხვევაში ყველაფერი თავზე ჩამოემხობა.