რატომ გააუქმა ევგენი პრიგოჟინმა გადატრიალება?
მიხეილ ხაჩიძე
რატომ გააუქმა ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება? „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, დასავლური სპეცსამსახურები და დაზვერვა ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის“ ბოსი რუსებისგან მეტ მხარდაჭერას ელოდა. გაუცრუვდა თუ არა პრიგოჟინს მოლოდინები?
ეს დღე ისტორიაში შევა!
რუსეთში სამხედრო გადატრიალება თითქმის 24 საათი მიმდინარეობდა. „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, დაიკავა პოზიცია კრემლის წინააღმდეგ, დაუპირისპირდა დიქტატორ ვლადიმირ პუტინს და სასტიკად აჩვენა თავისი ძალა. დაძაბული დღის საღამოს და დედაქალაქიდან 200 კილომეტრში მან შეაჩერა მოსკოვზე თავდასხმა. როგორ განვითარდება ახლა პროცესები, სრულიად გაურკვეველია, რა იქნება შემდეგი, ვერავინ ამბობს.
თუმცა ერთი რამ ცხადია, _ პუტინისთვის, რომელიც 23 წლის განმავლობაში აძლიერებდა თავის ძალაუფლებას, ახლა ყველაფერი სასწორზეა: მისი ძალა, მისი გავლენა, მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მისი არსებობისა და გადარჩენის საკითხი, მისი იმიჯი, _ ყველაფერი ეს ერთ დღეში საგანგაშოდ შეილახა და გაფუჭდა.
„ქრონიკა+“ მიმდინარე პროცესებს მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს. დაქირავებულთა აჯანყებას პუტინის წინააღმდეგ დიდი პროტოკოლით გთავაზობთ.
პარასკევს, საღამოს 11 საათამდე (საქართველოს დროით): პრიგოჟინი ადანაშაულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისი დაქირავებულების დაბომბვაში და მებრძოლების „ძალიან დიდი“ რაოდენობის მკვლელობაში. ის აცხადებს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას „გააჩერებს“ და პასუხს აგებინებს. ცოტა ხნის შემდეგ პრიგოჟინი აცხადებს „მარშს სამართლიანობისთვის“. დაქირავებულთა რაზმებზე ის ამბობს: „ჩვენ 25000 ვართ“. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გადაყენებას ითხოვს და შურისძიებით იმუქრება.
23:30 საათი: კრემლი ოფიციალური განცხადებით პასუხობს პრიგოჟინს, ეწინააღმდეგება მას და „ვაგნერის“ ბოსის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. საიდუმლო სამსახურმა ФСБ-მ დაიწყო გამოძიება პრიგოჟინის წინააღმდეგ, ამბოხის მოწოდების მუხლით, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი რუსი გენერალი დაქირავებულ ბოსს ვიდეოშეტყობინების საშუალებით მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს აჯანყება.
შუაღამის შემდეგ: რუსეთის დედაქალაქში პანიკა ატყდა. პუტინი უსაფრთხოების ძალებს სამთავრობო შენობებში აგზავნის, აძლიერებს დაცვას და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურ დონეზე გადაჰყავს.
შაბათს ღამის პირველ საათზე: პრიგოჟინი იუწყება, რომ მისი დაქირავებული ჯარისკაცები მიიწევენ რუსეთის ტერიტორიაზე. პირველი დანიშნულების ადგილი: სამხრეთ რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი (1,1 მილიონი მოსახლე). აქ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შტაბი, უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონტროლო ცენტრი. პრიგოჟინი აცხადებს: „ჩვენ ყველანი მზად ვართ მოვკვდეთ, ყველა _ 25000 მეომარი“.
შაბათი, დილის 7 საათი: დონის როსტოვი ეცემა და „ვაგნერის“ დაქირავებულებს ბარდება. რუსული ჯარების წინააღმდეგობის გარეშე შემოდის „ვაგნერის“ ტანკები, ნიღბიანი მებრძოლები ადგილებს იკავებენ ქალაქის ცენტრში. მთელ ქალაქზე კონტროლი პრიგოჟინსა და მის რაზმებს აქვთ აღებული. პრიგოჟინი აცხადებს, რომ ქალაქი და არმიის შტაბი მის ხელშია.
რუსი ხალხი გაოცებული იღებს ფოტოებს „ვაგნერის“ მანქანებთან, პოზირებს სამხედროებთან. ფოტო-ვიდეო ქალაქიდან სოცქსელებში გავრცელდა. კადრებში ჩანს ისიც, რომ ზოგიერთი ვაგნერელი ქალაქის კაფეებში ყავას უკვეთავს და ერთჯედარი ჭიქებით მიირთმევს.
დილის 8 საათიდან: მოსკოვი ტერორისტულ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ქუჩები გადაკეტილია, ჯარისკაცები პოზიციებს ამაგრებენ ქალაქის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში. ქვიშის ტომრებით აშენებენ ბლოკპოსტებსა და საცეცხლე საგუშაგოებს. მოსკოვი უნდა გახდეს ციხესიმაგრე.
დილის 9:00: რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია წყვეტს პროგრამას და ეთერში საგანგებო გამოშვება ერთვება, სადაც პუტინი ერს მიმართავს. ის აჯანყებულებს ადანაშაულებს „ღალატში“, აფრთხილებს რუსეთისთვის „სასიკვდილო საფრთხისა“ და „ძმათამკვლელი ომის“ შესახებ. მაგრამ ის არ ამბობს პრიგოჟინის სახელს. პუტინი აჯანყების ჩახშობის პირობას დებს.
პუტინი საკუთარ ქალაქებს ბომბავს
10:48: ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თითქმის ორდღიანი დუმილი დაარღვია და პროცესებში ჩაერია. ის, რასაკვირველია, პუტინის ზურგს ამაგრებს. იგი აცხადებს, რომ გაგზავნის თავის ჯარს პრიგოჟინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაახლოებით დილის 11 საათზე: „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცები წინ წავიდნენ ვორონეჟში. წინააღმდეგობის გარეშე რუსმა ჯარისკაცებმა დანებების ნიშნად იარაღი დაყარეს. ქალაქი როსტოვიდან მოსკოვამდე შუა გზაზეა. ამაზე პუტინი ბრუტალურად რეაგირებს და საკუთარი ქალაქების დაბომბვის ბრძანებას გასცემს. რუსეთის საჰაერო ძალები ახორციელებენ თავდასხმებს ნავთობის საცავზე, რომელიც, სავარაუდოდ, „ვაგნერს“ ეკუთვნის. პრიგოჟინის ჯარზე ეს გავლენას არ ახდენს. მებრძოლების ნაწილი კვლავინდებურად მოსკოვისკენ მიემართება.
11:27 საათზე: პრიგოჟინი ღიად ეწინააღმდეგება პუტინს. ის უარყოფს ბრალდებას ღალატის შესახებ: „პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ“, _ განმარტავს იგი.
მოსკოვი საბრძოლველად ემზადებოდა
შუადღისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აღნიშნა: „რუსეთის სისუსტე აშკარაა“. თავის მხრივ, ზელენსკის მრჩეველი განმარტავს: „მომდევნო 48 საათი გადაწყვეტს რუსეთის ახალ სტატუსს“; „შესაძლებელია სამოქალაქო ომი“.
დღის 4 საათისთვის: პირველადი ინფორმაციით, 20 კილომეტრამდე დაქირავებულთა სამხედრო კოლონა მოსკოვიდან მხოლოდ 340 კილომეტრშია. კრემლი პანიკური შიშით რეაგირებს: ნაჩქარევად შემოყვანილი სატვირთო მანქანები ტონობით ქვიშით იყო სავსე და გამოიყენეს მოსკოვის სამხრეთით ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალების გადაკეტვის მიზნით. ავტობანებს კი სპეციალურად ანგრევდნენ და ანადგურებდნენ.
17:00 საათისთვის: პუტინი მართლა ისევ დედაქალაქშია? რუსეთში ინფორმაციით სპეკულირებენ, რომ დიქტატორი ფარულად გაიპარა სანკტ-პეტერბურგში. სპიკერი პესკოვი კი ჯიუტად ამტკიცებს: „პუტინი მუშაობს კრემლში“.
17:37: დევნილი ოპოზიცია: მიხაილ ხოდორკოვსკი მოუწოდებს რუსებს, შეიარაღდნენ, თუნდაც ისინი არ უჭერდნენ მხარს პრიგოჟინს: „არსებობს დროის მცირე ფანჯარა, როდესაც ქუჩებში ქაოსია და უსაფრთხოების ძალები არ აკონტროლებენ. გამოიყენეთ შანსი, შეიარაღდით, ასეთი შანსი შეიძლება აღარ განმეროდეს“. ამავდროულად, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიჩანოვსკაია, განმარტავს: „რუსეთში დაიწყო ქაოსი, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსება სამოქალაქო ომს“.
პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს უშიშროების საბჭოს მოწვევის, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდა.
ვაგნერელები დედაქალაქს მიუახლოვდნენ
18:33 საათი: პროპაგანდისტული არხები ფრთხილად საუბრობენ პუტინის წინააღმდეგ. ერთი სვამს კითხვას, _ რატომ ვერ უთანხმდება პუტინი „25000“ გმირს, ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო ომი გარისკოს? გადააყენოს თავდაცვის მინისტრი შოიგუ!
18:52 საათი: რუსი სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი განმარტავს: „დაქირავებულები თითქმის მოსკოვში არიან“.
საღამოს 7 საათზე ცოტა გვიან: მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, ორშაბათს დასვენების დღედ აცხადებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლს არ სჯერა, რომ კრიზისი ამ დროისთვის დასრულდება. სობიანინი აღიარებს: „სიტუაცია რთულია“.
საღამოს 8 საათის შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განიხილა რუსეთში არსებული ვითარება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურებთან.
ამ დროისათვის მოსკოვი უკვე მოჩვენებათა ქალაქად გადაიქცა. საგზაო ბლოკები, ჩაკეტილი მაგისტრალები და მსოფლიოში ცნობილი წითელი მოედანი მისტიკურად ცარიელია. კადრებში მსოფლიო ხედავს ლენინის მიტოვებულ მავზოლეუმს, რომელშიც საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი დევს.
მოსკოვიდან ყველა ფრენა სრულად არის გაყიდული და გადაჯავშნილი ფრენის რუკებზე ნაჩვენებია კერძო თვითმფრინავები, რომლებიც, სავარაუდოდ, ოლიგარქების საკუთრებაა, _ ისინი ტოვებენ დედაქალაქს. ბილეთები გაიყიდა მოსკოვი-თბილისის პირდაპირ რეისებზე. ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად გამორბიან საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეისების ფასები გაათმაგებულია. მხოლოდ მოსკოვი-ერევნის ფრენა 3 ათასი დოლარი გახდა, მანამდე 300 დოლარამდე ღირდა.
ამასობაში კიევში მწარე ხუმრობა ტრიალებს: თავიდან რუსეთის არმია მსოფლიოში მეორე ძლიერად ითვლებოდა. შემდეგ, როგორც მეორე უძლიერესი არმია უკრაინაში. ახლა ის მეორე ყველაზე ძლიერი არმიაა რუსეთში.
21:00 საათზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებებს ბელარუსის დიქტატორი, ლუკაშენკო აწარმოებს. ის მას უკან დახევის სანაცვლოდ გარანტიებს ჰპირდება.
21:30 საათზე: პრიგოჟინი უბრძანებს თავის „ვაგნერის“ ჯარებს, დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე. მას სურს სისხლისღვრის თავიდან აცილება, _ ნათქვამია აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც „ვაგნერის“ შეფის ტელეგრამი ავრცელებს.
22:00: აჯანყების დასრულების სანაცვლოდ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. მის ჯარისკაცებს ასევე არ აქვთ კრიმინალური შედეგების შიში. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თავად პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, დასავლურმა დაზვერვამ და სპეცსამსახურებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ „ვაგნერის“ უფროსმა პრიგოჟინმა არ მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც რუსეთის სახელმწიფო ძალებისგან იმედოვნებდა მისი გადატრიალების მცდელობისთვის და ამიტომ მოსკოვზე ლაშქრობა შეაჩერა. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს დასასრულის დასაწყისია, პროცესების არასტაბილურად და საგანგაშოდ განვითარება მომდევნო პერიოდშიც არის შესაძლებელი. მთავარია, რომ ერთ საღამოში მსოფლიომ პუტინის სისუსტე და სირცხვილი კიდევ ერთხელ დაინახა.