დედამ 16 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი გარდაცვლილი გოგონა ცოცხალია
გიგა გელხვიიძე
1980-90-იანი წლები ის პერიოდია, როდესაც საქართველოში (არა მხოლოდ) უჩვეულო აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული. კონკრეტულად კი საუბარია არა რაიმე პროდუქტით ან ნივთით ვაჭრობის შესახებ, არამედ ცოცხალი ბავშვების ყიდვა-გაყიდვის პროცესზე. ამ შავბნელ დროს ათასობით დედას მოუკლეს შვილი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარა, არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სხვა ოჯახებში, სრულიად უცხო ადამიანებში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდეს…
დიახ, დღეს შეიძლება ასობით ათასი ადამიანი ერთმანეთს ქუჩაში ისე უვლიდეს გვერდს, როგორც უცხო, მაგრამ რეალურად ისინი და-ძმა, დედა-შვილი, მამა-შვილი ან სხვა სახის ნათესაური კავშირის მქონე ადამიანები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციის გაგება ვინმეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ვინც მათ გაშვილებაში, გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო. ასეთი ტვირთის მქონე ადამიანები კი არცთუ ისე მარტივად ლაპარაკობენ ქმედებაზე, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული ეწოდება და საკმაოდ ბევრი წლის მანძილზე ოთხ კედელში ცხოვრებას მოასწავებს.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ჩვილების „გარდაცვალების“ მიზეზი. გაგიჭირდებათ ბუნებაში მონახოთ იმდენად მსგავსი ორი წყლის წვეთიც კი, რამდენადაც ეს ისტორიები ჰგავს ერთმანეთს. ზემოთ ხსენებულ წლებში დაბადებული ბავშვების დიდი ნაწილი, საყოველთაოდ გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო კვდებოდა, პრობლემა კი შემდეგი იყო: ფილტვები არ გაიხსნა…
გაზეთის ამ ნომერში „ქრონიკა+“ ია უღრელიძის ისტორიას გიყვებათ, _ ისტორიას, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს და აუცილებლად დააფიქრებს იმაზე, ვინ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ქალბატონი ია ეძებს და რომელიც მან გააჩინა, მშობიარობიდან სამ დღეში დაკარგა და 16 წლის შემდეგ სამხედრო კომისარიატში გაიგო, რომ მისი გოგონა, რომელიც წლების მანძილზე გარდაცვლილი ეგონა, ცოცხალია, თუმცა ცხოვრობს სხვა ოჯახში და დღემდე არ იცის, რომ სადღაც, შეიძლება ძალიან ახლოს, თავისი ბიოლოგიური დედა ელოდება.
ეს მოკლე ექსკურსი, ხოლო უფრო დაწვრილებით, თუ რა მოხდა 1997 წლის სექტემბერში, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ქალბატონო ია, დავიწყოთ სულ თავიდან…
_ ვიმშობიარე 1997 წლის 21 სექტემბერს თბილისში, მე-5 სამშობიაროში. გამიკეთდა საკეისრო კვეთა. როდესაც გავიღვიძე, მოვითხოვე ბავშვის ნახვა და არ მომიყვანეს, მითხრეს, რომ მცირეოდენი პრობლემა ჰქონდა და პერიოდულად ჟანგბადს აწვდიდნენ, პრობლემების მიზეზად კი საკეისრო კვეთა დამისახელეს, თორემ ისე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
მეორე დღეს თავად წამოვდექი ფეხზე და ბავშვი ვნახე, ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბავშვი იყო, ტიროდა, ძუძუც ვაჭამე, საჭმელსაც ჩვეულებრივ იღებდა.
მესამე დღეს, საღამოს პერიოდი იყო, ძალიან მკაფიოდ მახსოვს, ექთანი შემოვიდა საღამოს კვებაზე. შეპირებული იყო, რომ ბავშვს ჩამომიყვანდა, თუმცა რომ არ მომიყვანეს, მოვიკითხე. ექთანს ვთხოვე, მომხმარებოდა და მე ავსულიყავი ისევ ბავშვთან. მახსოვს, პირველ სართულზე ვიწექი, ხოლო ბავშვი თავდაპირველად მესამე სართულზე ჰყავდათ, შემდგომ კი მეორეზე ჩამოიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში. ამის მერე ექთანი იძულებული გახდა, ჩემთვის ეთქვა, რომ ბავშვი გარდაიცვალა, _ ახალგაზრდა ხარ და კიდევ გეყოლება შვილებიო.
_ გარდაცვალების მიზეზად რა დაასახელეს?
_ მიზეზი ჩემთვის არაფერი უთქვამთ და არც მახსოვს, რადგანაც აგონიაში ჩავვარდი ინფორმაციის გაგების შემდეგ. ამბობდნენ, სუსტი ფილტვები ჰქონდაო.
_ ანუ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრი სხვა დედების ისტორიებში, დასახელებული იყო სტანდარტული მიზეზი, რომელიც ფილტვების პრობლემას უკავშირდებოდა?
_ დიახ, ასე იყო. ალბათ ხშირია, არ ვიცი.
_ თუ ნახეთ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრმა გარდაცვლილი ჩვილი?
_ ჩემი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რაც მოხდა. როდესაც მოვიდნენ, მათ ბავშვი არ გაატანეს, ფული იქით გადაახდევინეს, რათა დაეკრძალათ.
_ რა უთხრეს, სად აპირებდნენ ჩვილის დაკრძალვას?
_ მათ უთხრეს, რომ ჩვენ მუხათგვერდზეც გვაქვს ბავშვთა სასაფლაო და ასევე სხვა ადგილებშიცო და ყველა შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველასთან ასე ხდებაო, თქვენ გადაიხდით თანხას და ჩვენ მივხედავთო, ახლა კი უმჯობესია, იას მიაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ძალიან ცუდად არისო.
_ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვინ იყო თქვენი მკურნალი ექიმი?
_ რა თქმა უნდა, მთავარი ექიმიც ვიცი, ასევე ვინც მყავდა პირადად მე აყვანილი ისიც და იმ დღეს მყოფი მორიგე ექიმიც.
იმ დროისთვის მთავარი ექიმი გახლდათ ალეკო ლაბარტყავა, რაც შეეხება აყვანილ ექიმს, პირველი ბავშვის და მეორე ბავშვის შემთხვევაშიც მყავდა დინა ძაძამია და ბიძინა სიხარულიძე. ბიძინა სიხარულიძე და დინა ძაძამია ესწრებოდნენ ჩემს მშობიარობას.
_ ეს თქვენთვის მეორე მშობიარობა იყო?
_ დიახ, პირველი ბიჭი მყავს…
_ ეჭვი როდის გაგიჩნდათ, რომ ბავშვი შესაძლოა, არ ყოფილიყო გარდაცვლილი?
_ ეჭვი დიდხანს არ გამჩენია, თუმცა შემდგომში, როგორც ხდება ხოლმე, როდესაც რაიმეზე ფიქრობ, რაღაც დეტალები გახსენდება, მანამდე შეიძლება არც კი მიაქციო მათ ყურადღება. ერთხელ რამდენიმე ახლობელმა ადამიანმა მითხრა, _ ია, ასეთი რამ ხდებოდა ხოლმე და იქნებ, შენც იგივე დაგემართა და არ გინდა, რომ გაარკვიო რამეო? ამის საფუძვლად კი დამისახელეს ის, რომ ძალიან მგავდა ერთი ბავშვი, თუმცა ამ ყველაფრისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, რადგანაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს ჰგავდნენ.
აქვე მინდა დავამატო, რომ მე ბავშვის დაბადების მოწმობა ხელთ მაქვს. როდესაც სამშობიაროში შევედი ტკივილებით, იძულებულები გახდნენ, საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ ჩემთვის. მაშინ არსებობდა ასეთი სტანდარტი, რომ დაბადების მოწმობისთვის ჩანაწერი უკვე კეთდებოდა. საკეისრო კვეთა ჩამიტარდა, ბავშვი დაიბადა, ექთანმა ჩვეულებრივად მისცა ამონაწერი ჩემი ოჯახის წევრებს და გააგზავნა ისინი დაბადების მოწმობის ასაღებად. ამიტომაც მე მეორე დღესვე მქონდა დაბადების მოწმობა. არ ვიცი, ეს გაეპარათ, როგორც ერთგვარი ლაფსუსი, თუ რა იყო, მაგრამ მე ეს მოწმობა ხელთ მქონდა.
_ ბავშვის გარდაცვალების მოწმობა თუ მოგცეს?
_ არ მოუციათ და ამას ვერც იზამდნენ. გეტყვით, რატომ: მეხუთე დღეს გამომწერეს სამშობიაროდან და ჯერ კიდევ არ იყო გარდაცვალების მოწმობისთვის საჭირო აქტი შედგენილი. სიმართლე გითხრათ, არც მოგვიკითხავს, რადგანაც ჩავთვალეთ, რომ ასე უნდა ყოფილიყო, არ ვიცოდით ეს პროცედურები. მერე როგორც ხდება ხოლმე, დროის გასვლის შემდგომ, აღარც მივაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება და დარჩა მოუკითხავი, თუმცა დაბადების მოწმობა მქონდა.
_ როგორც თქვენ ამბობთ, თავდაპირველ ეტაპზე არ გჯეროდათ, რომ თქვენი შვილი, რომელიც ექიმების თქმით, მშობიარობიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, შესაძლებელი იყო ცოცხალი ყოფილიყო. რა მოხდა შემდეგ? რამ შეცვალა ეს შეხედულება?
_ გეტყვით, რაც მოხდა. გადის წლები და ჩემს პირველ შვილს კომისარიატიდან მოუვიდა ჯარში გაწვევის უწყება. თუმცა ეს არის პერიოდი, როდესაც დედისერთებს ჯარში არ იწვევდნენ და ეს იყო ნებაყოფლობითი. როდესაც პირველად მოვიდა გაწვევის ცნობა, ვიფიქრე, შეეშალათ, თუმცა მეორე კვირაში იგივე ცნობა მოვიდა, უკვე თანდართული წერილით, რომ თუკი ჩვენ არ გამოვცხადდებოდით კომისარიატში, ისინი ამას ჩათვლიდნენ დეზერტირობად და მიგვცემდნენ პასუხისგებაში ან გადავიხდიდით ჯარიმას.
ამის შემდეგ წავედი კომისარიატში გაბრაზებული, რათა მათთვის შესაბამისად მეთქვა, რომ მე მყავდა ერთი შვილი და მათ არ ჰქონდათ უფლება, ჩემთვის მსგავსი წერილი გამოეგზავნათ _ ჯერ კარგად უნდა გარკვეულიყვნენ საქმეში და შემდგომ გამოეგზავნათ ასეთი ცნობა, რაზედაც კომისარმა მითხრა, რომ სიცრუის გამო შესაძლო იყო ჩემთვის პასუხი მოეთხოვათ კანონის მიხედვით. ამ ყველაფერმა ძალიან გამაკვირვა და ვკითხე, თუ რატომ ვიტყუებოდი და სად იყო სიცრუე ჩემს ნათქვამში? კომისარმა ამიხსნა, რომ ვფიქსირდებოდი არა ერთის, არამედ ორი შვილის დედად. აი, ამ წუთიდან დაიწყო ყველაფერი.
_ როგორ მოიქეცით ამის შემდეგ?
_ მომთხოვეს, რომ ამეღო შესაბამისი ცნობა. მაშინ იყო სახლმმართველობები, კომისარიატი და მითხრეს, რომ ცნობა ამეღო რეესტრიდან ან „სობესიდან“ ან ნებისმიერი ადგილიდან, რომ ვიყავი ნამდვილად ერთი და არა ორი შვილის დედა.
_ რა რეალობას გადააწყდით?
_ როდესაც ეს ცნობები მოვიკითხე შესაბამის უწყებებში, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი არის ჯანმრთელი და ბედნიერი (გულისხმობს მეორე შვილს, რომელზედაც უთხრეს, რომ გარდაიცვალა), გაწერილი არის ბინაზე, ეს უკვე სამშობიარო წიგნის ჩანაწერებში ჩანს, რომ ის გაწერილია დედასთან ერთად ბინაზე ჯანმრთელი.
_ აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდგომ თუ შეეცადეთ დაკავშირებოდით იმ ექიმებს, რომლებიც ესწრებოდნენ თქვენს მშობიარობას?
_ როგორ არა!.. გამომაგდეს სამშობიაროდან, მითხრეს, გიჟი ხარო და მივხვდი, რომ იქ მისვლას აზრი არ ექნებოდა, თუ არ ავიყვანდი ადვოკატს. სამშობიაროს ექიმმა მითხრა, მიჩივლეო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, ეს ძალიან კარგად მესმოდა, მაგრამ დავიწყე ჩემი მეთოდებით და ჩემი ძალებით ძიება. მაშინ მაია ასათიანის გადაცემა იყო ახალი დაწყებული და ჩემ შესახებ ხმამაღლა გავაჟღერე ინფორმაცია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა თითქოს ვიპოვე და მივაგენი, თუმცა არ აღმოჩნდა ჩემი შვილი.
_ დნმ-ის ტესტი თუ გაქვთ გაკეთებული?
_ არ გამიკეთებია, ემიგრაციაში ვიმყოფები, თუმცა გაკეთებული აქვს ჩემს პირველ შვილს და მონაცემები არის შესაბამის ბაზაში.
_ სამართალდამცველ უწყებებს თუ მიმართეთ?
_ არსებობს ჯგუფი „ვეძებ“. მისი დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე გამოიძახეს სამართალდამცველ უწყებაში, ვინაიდან უკვე გარკვეულ ჩიხში შევიდა ეს საქმეები _ ბევრი მსგავსი ფაქტი გამოიკვეთა. უკვე რამდენიმე საქმე მოხვდა სამართალდამცველ უწყებაში და ერთ-ერთი არის ჩემი საქმე.
_ რა ეტაპზეა საქმე?
_ ჯერჯერობით მოცდის რეჟიმში ვარ. დღემდე არავინ დამკავშირებია.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, სად არიან დღეს ეს ექიმები?
_ ვიცი, რომ სამივე მათგანი ცოცხალი და ჯანმრთელია. ისიც ვიცი, რომ დინა ძაძამია დღემდე განაგრძობს თავის პროფესიულ მოღვაწეობას.
_ იმავე დაწესებულებაში?
_ ყოფილ მეხუთე სამშობიაროს ბაზაზე ახლა არის მრავალპროფილური კლინიკა და რამდენადაც ვიცი, იქ მუშაობდა დინა ძაძამია, ახლა არ მაქვს ინფორმაცია.
დაახლოებით წელიწად-ნახევრის, ორი წლის წინათ დამიკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი (რესპონდენტს არ სურს მისი ვინაობის გამხელა), რომელიც მიმტკიცებდა, რომ ის იყო ჩემი შვილის ძიძა, რომ ის ნამდვილად მუშაობდა მეხუთე სამშობიაროს ერთ-ერთ მთავარ ექიმთან ნაქირავებ სახლში, სადაც მოპარულ ბავშვებს მალავდნენ. დღემდე მაქვს ამ ადამიანთან ურთიერთობა და ის აღიარებს, რომ მსგავსი რამ იყო. მისი თქმით, შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ რამდენიმე დღეში ერთხელ სჭირდებოდათ ის და ეტყოდნენ, რომ კონკრეტული ბავშვისთვის რაღაც პერიოდით უნდა მიექციათ ყურადღება და ეპატრონათ, შემდეგ კი ისინი შვილდებოდნენ.
_ მსგავსი სქემით ამ პერიოდში ინტენსიურად აშვილებდნენ ბავშვებს უცხოეთში. ამ სქემის ნაწილი ხომ არ იყო ეს ქალბატონიც?
_ ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია და ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.
ამ ქალბატონთან ვისაუბრე მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით, რადგანაც ემთხვეოდა დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ჩვენი საუბრის თემა სწორედ ეს კონკრეტული ბავშვი იყო. ძიძას მიაჩნდა, რომ მე ვიყავი ამ ბავშვის დედა.
_ რატომ ფიქრობდა ასე?
_ როდესაც დავუსვი შეკითხვა, თუ საიდან ასკვნიდა, რომ მე ვიყავი ამ ბავშვის დედა, მითხრა, _ ემთხვეოდა აბსოლუტურად ყველაფერი, როდესაც ეს ბავშვი მომიყვანესო. ამ ქალბატონმა ბავშვის სურათიც კი გამომიგზავნა. დიდი წვალებით მივაკვლიე ბავშვის ადგილსამყოფელს, ვცდილობდი, რომ ახლოს მივსულიყავი ოჯახთან, ყველაფერი გავარკვიე, თუმცა ის არ აღმოჩნდა ჩემი შვილი, მაგრამ ამ ამბების შემდეგ გავარკვიეთ მასთან დაკავშირებული რეალობა და დღეს ის იცნობს ბიოლოგიურ მშობლებს.
ისევ ამ ქალის დახმარებით, მან გაიხსენა ყველაფერი, მანქანაც კი, რომელშიც ისხდნენ ის ადამიანები, ვისაც ბავშვი გადასცა, _ მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩვილი მე-8 საავადმყოფოს ეზოში უნდა მიეყვანა და იქ მიაკითხავდა მანქანა, კონკრეტული ჩაცმულობის ადამიანი უნდა გადმოსულიყო მანქანიდან და აქედან გამომდინარე მივაკვლიეთ იმ ოჯახს, ვინც იშვილა…
ქალბატონი იას მსგავსად გარდაცვლილი ახალშობილი არ ანახეს და არ გაატანეს ძალიან ბევრ ოჯახს, ხოლო თუ ჩვილის ახლობლები შეუპოვრები აღმოჩნდებოდნენ, სამშობიარო სახლებში არსებულ „მორგში“ მათთვის ყოველთვის ჰქონდათ გადანახული რამდენიმე ჩვილი ბავშვის გვამი, რომლებსაც მათ აჩვენებდნენ.
ახლა რაც შეეხება ჩვილ ბავშვთა სასაფლაოს, რომელზედაც ქალბატონი ია ინტერვიუს დროს საუბრობდა და რომელიც ყველა მსგავსი ისტორიის თანმდევი ნაწილია. არსებობდა თუ არა ის და თუ არსებობდა, რა ტერიტორიაზე იყო განთავსებული? ეს არის კითხვები, რომლებიც ამ დრომდე ბევრჯერ დაისვა და, ალბათ, კიდევ დაისმება. თუმცა თუ ამ საგაზეთო მასალას გულდასმით გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ჩვილ ბავშვთა სასაფლაოს არსებობა ისეთივე ლეგენდაა, როგორც სიტყვები „ფილტვები არ გაიხსნა და დაიღუპა“.
ინფორმაციის მოძიების შემდგომ გაირკვა, რომ არცერთ მაშინდელ (არც დღეს) სამშობიარო სახლს არანაირი სასაფლაო, არც თავიანთ ეზოებში და, მით უფრო, არც ცალკე (არც მუხათგვერდზე) არასოდეს ჰქონია. მეტიც: ჩვილებს, რომლებიც რეალურად იღუპებოდნენ, ატანდნენ ოჯახს და მათ ქრისტიანული წესის მიხედვით კრძალავდნენ.
თბილისის მასშტაბით არსებულ სასაფლაოებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია დამკრძალავ ბიურო „ჰერმესში“, რომელიც სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს მრავალი წლის მანძილზე კურირებს. სწორედ „ჰერმესში“ გადამოწმებული ინფორმაციის მერე იმსხვრევა მითი სამშობიარო სახლების კუთვნილ სასაფლაოებზე, სადაც ჯანმრთელობის დეფექტის გამო გარდაცვლილ ბავშვებს „კრძალავდნენ“. კომპანიის ინფორმაციით, მსგავსი სახის ტერიტორია არასდროს, არცერთ სამშობიარო სახლს არ ჰქონია აღებული, ისევე როგორც არცერთ მათგანს კუთვნილ ეზოში არ ჰქონია სასაფლაო.
გარდა ამისა, კონკრეტულად ყოფილ მე-5 სამშობიაროს საკუთარი სასაფლაოს არსებობას უარყოფს მის ბაზაზე მყოფი მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთი ექთანიც. მისი თქმით, საავადმყოფოს მსგავსი ტერიტორია არ გააჩნია.
მაშ, ასე! თუ ვინმეს გეცნობათ 1997 წლის 21 სექტემბერს დაბადებული გოგონას ისტორია, რომლის სახელი და გვარი პირვანდელი დაბადების მოწმობის მიხედვით მარიამ დოლიძეა, გამოგვეხმაურეთ. შესაძლოა, სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ ის ადამიანი, რომელიც დედას წლების წინათ „გარდაცვლილ“ შვილს გაუცოცხლებს.
აღნიშნული მასალის გაგრძელებას გაზეთ „ქრონიკა+“-ის შემდგომ ნომრებში იხილავთ, ვინაიდან მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის გუნდმა უკვე დაიწყო მოკვლევა, თუ სად იმყოფებიან ყოფილ მე-5 სამშობიაროში მომუშავე ექიმები, რომელთა სახელებსა და გვარებს ია უღრელიძე ღიად ასახელებს. აღნიშნული პირების მოძებნის შემდეგ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საქმეს (არა მხოლოდ) ნათელი მოეფინება და გაირკვევა, სად და ვისთან აღიზარდა მარიამ დოლიძე.