ექსკლუზიური ინტერვიუ იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონის მეთაურთან

მიხეილ ხაჩიძე

ახმედ ახმედოვი დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინული კონგრესის პრეზიდენტია. ცხოვრების უმეტესი ნაწილი დაღესტანში გაატარა, სადაც სპორტულ მწვრთნელად მუშაობდა. 15 წლის განმავლობაში მან 16 მსოფლიო ჩემპიონი აღზარდა, მათ შორის, ერთი ქართველი _ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა შონია. სპორტის პარალელურად იყო პოლიტიკურად აქტიური და, ასე ვთქვათ, წონიანი პიროვნება, იგი დიდი გავლენით სარგებლობდა. სწორედ მისი აქტიურობის გამო მოუწია დაღესტნის დატოვება.
2017 წელს გადავიდა უკრაინაში, სადაც განაგრძო მწვრთნელობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე რუსული პასპორტი აქვს. ომის დაწყების შემდეგ თავისუფლად შეეძლო საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა იგი დარჩა უკრაინაში და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
გასული წლის ოქტომბერში უკრაინამ გამოაცხადა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონის შექმნა, რომლის მეთაურია მაგომედ საიპულაევი, მის მოადგილედ კი დაინიშნა ახმედ ახმედოვი. დაღესტნური ბატალიონი ახლა უკრაინელებთან, ქართველებთან და ჩეჩნებთან ერთად იბრძვის ბახმუტსა და სხვა ცხელ წერტილებში.

ახმედ ახმედოვმა „ქრონიკა+“-ისთვის დრო გამონახა და ფრონტის წინა ხაზებიდან ცხელი ამბები გაგვანდო:

_ ბატონო ახმედ, თქვენ მრავალი წელი მიუძღვენით სპორტს, იყავით დაღესტნის კიკბოქსინგის ნაკრების მწვრთნელი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანუ საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება ბრძანდებოდით რუსეთში. რატომ წამოხვედით ამ ქვეყნიდან და როგორ მოხვდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში?
_ საქმე ის არის, რომ დაღესტანში დაიწყო ნაციონალური ლიდერების ლიკვიდაცია _ ლიდერების, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური წონა დაღესტანში და მეც მათ შორის ვარ. ჩვენ უკმაყოფილებას გამოვთქვამდით და რეჟიმს ვუპირისპირდებოდით. ამ საკითხის მოსაგვარებლად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა ვასილიევი. ამ ადამიანის მოსვლისას უფრო გამკაცრდა რეჟიმი კრიტიკული ადამიანების მიმართ. ისინი ან დაიჭირეს, ან დახოცეს… რეპრესიები დაიწყო ლიდერების წინააღმდეგ. იძულებული გავხდი, ჩემი სახლი, საქმე დამეტოვებინა, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი, წავედი.
_ უფრო კონკრეტულად, რამ განაპირობა უკრაინის მხარეს თქვენი ბრძოლა?
_ ჩემი წამოსვლა და ბრძოლა უკრაინის მხარეს, პირველ რიგში, განპირობებული არის ისტორიული ფაქტებით: ჩემი წინაპრებისთვის, ჩემთვის, დაღესტნელებისთვის, რუსეთი ყოველთვის მტერი იყო, ყოველთვის ანადგურებდა ჩვენს ხალხს და ახლაც აგრძლებეს ამას. ეს ომი არასდროს წყდებოდა და ჩემთვის რუსული ჯარი არის საოკუპაციო ჯარი. ამიტომ როგორც კი გამოჩნდა საშუალება, რაღაც გამეკეთებინა რუსეთის წინააღმდეგ, მაშინვე ჩავები პროცესში. ეს ომი იყო ჩემი შანსი. მე ახლა პირდაპირ ვომობ რუსებთნ არა მარტო უკრაინელებისთვის, არამედ ჩემი ხალხისთვისაც. ჩემს მოსწავლეებს არა მარტო ბრძოლას ვასწავლი, არამედ პატრიოტიზმსაც, როგორ დაიცვან თავისი ხალხი, ქვეყანა. ახლა უკრაინა იბრძვის და არ შემიძლია არ ვიყო იქ, სადაც ჩემი საქმეც კეთდება.
_ თქვენ ხართ კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი. ფიზიკური მომზადება ფრონტის ხაზზე ძალიან დაგეხმარათ?
_ სიმართლე გითხრათ, რომ არა სპორტი, მე ამას ვერ გავუძლებდი. ჩემი ფიზიკური მომზადება დამეხმარა, რომ ვყოფილიყავი წინა ფლანგზე. საღამოს შვიდიდან გავდიოდით და დილის სამ საათამდე ვმუშაობდით. ყველაზე უფროსი ვარ ჯგუფში, ახალგაზრდები მალე იღლებიან, ვერ უძლებენ ამ დატვირთვას. თუ არ ხარ ფიზიკურად მომზადებული, ძალიან რთულია გაუძლო თუნდაც მთელი სამხედრო აღჭურვილობის ტარებას. ამიტომ სპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯარში მამაკაცის გამტანობისთვის.
_ ვიცი, რომ რუსული პასპორტი გაქვთ, ეს არ გიქმნით სირთულეებს?
_ რუსული პასპორტი ძალიან ცუდია! რა გამიკეთა კარგი რუსულმა პასპორტმა?! რაც შეიძლება მალე მინდა მოვიშორო ეს პასპორტი. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა მელოდება რუსეთში, ამიტომ საშინელებაა, რომ მე რუსეთის პასპორტი მაქვს. იქნებ, საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო (იუმორით ამბობს და იცინის).
_ დაღესტანში ცხოვრობდით. როგორც ვიცი, იქ ნათესავები გყავთ. მათ პრობლემები ხომ არ შექმნიათ იმის გამო, რომ თქვენ უკრაინაში პუტინის რეჟიმს ებრძვით?
_ კი, მე იქ მყავს ოჯახის წევრები და დიდ პრესინგს განიცდიან ჩემ გამო. ჩემი ბიჭი დაღესტნის მთავარი ტრენერი და, ამასთან, მსოფლიო ჩემპიონია. ჩემი შვილი ყველა სპორტული სკოლიდან გამოაგდეს, მას ჰქონდა სპორტული კლუბი, რომელიც წაართვეს, უსახსროდ დატოვეს. დედაჩემთან კი პოლიცია მიდის ხშირად და სახლს ჩრეკს ან პოლიციაში იბარებენ. მე ვერ ვუკავშირდები ჩემს ნათესავებს.
_ როგორც შევნიშნე, თქვენ ასევე აქტიური ხართ სოციალურ ქსელებში: თიკ-თოკ-ზე, Iნსტაგრამ-ზე, Fაცებოოკ-ზე…
_ ჩემი მოვალეობა მარტო ის არ არის, რომ იარაღი ავიღო და ასე ვებრძოლო ოკუპანტებს, არამედ ჩემი ამოცანაა, ჩემმი ხალხი ნაკლებად ემსხაუროს რუსებს. ამისთვის კი ვცდილობ ვაჩვენო, რა ტყუილები მოდის რუსების ტელევიზიებიდან, რადიოდან და ა. შ., რამხელა სიბინძურესა და სიცრუეს ავრცელებენ ისინი. რუსეთში ამ პროპაგანდის ქვეშ არის ყველა. ბევრს ჰგონია, რომ უკრაინელები მართლა ფაშისტები არიან და ხალხს ხოცავენ. რუსებმა არ იციან სიმართლე, რეალურად რა ხდება. ჩემი ამოცანაა, რომ ჩემს ხალხთან მივიტანო სიმართლე და რეალობა, რომ ცოტა თვალი გაახილონ, არ დაუჯერონ რუსულ პროპაგანდას. ამიტომ ვარ აქტიური სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე.
_ რას გრძნობენ დაღესტანში ომის მიმართ? ჩვენ გვახსოვს ომის დაწყებისას საპროტესტო აქციები. რას ფიქრობს ხალხი ზოგადად პუტინის პოლიტიკაზე?
_ გულითა და სულით ნამდვილი დაღესტნელები ან ქვეყნიდან არიან გაძევებულები, ან ციხეში სხედან, ან გააქრეს. რა ატმოსფეროც დაღესტანშია შექმნილი, ეს მოდის იმ გენერლებისგან, რომლებიც მოსკოვმა სამართავად გამოაგზავნა. ნამდვილი პატრიოტი დაღესტნელი აღარ დარჩა რესპუბლიკაში. ხალხს, რა თქმა უნდა, ესმის და ხედავს, რა ხდება რეალურად, მაგრამ ის ჩინოვნიკები, რომლებიც ემსახურებიან კრემლს, ისინი ძალით აგზავნიან ჩვენს ახალგაზრდებს საომრად. ხმის ამომღები აღარავინ დარჩა. ეშინიათ, რომ გააქრობენ.
_ როგორია ურთიერთობა დაღესტნის ხელისუფლებასა და კრემლს შორის?
_ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დაღესტნის ხალხს რუსეთის პოლიტიკასთან?! რუსები არიან ოკუპანტები, აგრესორები, მტრები.
დაღესტანში ხალხს ხმის ამოღების უფლება არ აქვს. ყველა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, სამხედროსა თუ სამოქალაქოზე, როგორც საბჭოთა დროს იყო, იქ ადამიანები ინიშნებიან კრემლიდან. შესაბამისად, ადგილობრივი ხალხი ხმას ვერ იღებს. ეშინიათ, რადგან ყველას იჭერენ და სჯიან.
_ რამდენი დაღესტნელი იბრძვის ახლა უკრაინის მხარეს?
_ სიმართლე გითხრათ, ჩვენ, დაღესტნელები, რომლებიც უკრაინის მხარეს ვიბრძვით, არ ვართ ცოტანი, მაგრამ ჩვენი ახლობლების გამო, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს ვიკავებთ. პირადად ჩემს ჯგუფში თავდაპირველად მხოლოდ მუსლიმები იყვნენ და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საბოლოოდ არ გავანადგურებთ ამ დაწყევლილ ქვეყანა რუსეთს!
_ თქვენი ბატალიონის ჯარისკაცები მონაწილეობენ ფრონტის ხაზზე ბრძოლებში?
_ დიახ, კავკასიის მკვიდრთა მნიშვნელოვანი რაოდენობა პირველ ხაზზე იბრძვის. სულ ახლახან იქიდან გაიყვანეს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები (უკრაინის ხელისუფლებამ ჩეჩნეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა, _ რედ.). იქ ორი თვე იყვნენ. დაღესტნელები კი დღეს ბახმუტში იბრძვიან. ჩვენი მენტალიტეტი გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭიროება. ახლა ბახმუტში იმყოფებიან იმამ შამილის ბატალიონისა და შეიხ მანსურის ბატალიონის წარმომადგენლები, ასევე მუსლიმთა მოხალისეთა კორპუს „კავკაზის“ წევრები.
_ რა აკლიათ უკრაინელებს კონტრშეტევაზე გადასასვლელად? როდის და რა პირობებში შეიძლება დაიწყოს შტურმი?
_ დიდი მწუხარებით მინდა გითხრათ, რომ უკრაინელებს ამ დროისთვის არ ჰყოფნით საბრძოლო მასალები, მათ არ აქვთ საკმარისი ტანკები და თვითმფრინავები, არ აქვთ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომ გაანადგურონ ოკუპანტები და მათი თავშესაფარი შტაბები, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეიტანონ ქაოსი მათ (რუსების) სამხედრო ნაწილებში. ამ დროისთვის საჭიროა მტრის მოწინავე ნაწილების მოკვეთა, რათა შემდგომში სრულ შეტევაზე გადავიდნენ.
დამიჯერეთ, ერთი-ორი შესაბამისი იარაღი და რუსები თავისით დაიხევენ უკან, ავტომატებს უკვე პუტინისკენ შეატრიალებენ და დაბრუნდებიან სახლებში. ამავდროულად, მიატოვებენ ყველაფერს, რაც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ. ამიტომაც უკრაინას სჭირდება იარაღი და ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ მთელმა ერმა, უნდა ვიყვიროთ, რაც შეიძლება ხმამაღლა. არავისთვის არის საიდუმლო, თუ რამდენად დიდ ადამიანურ რესურსს ანადგურებენ დღეს უკრაინაში, თუ როგორ იღუპებიან უკრაინელი სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. ყველამ უნდა იცოდეს, _ ეს არის იმის დამსახურება, რომ არ არის საკმარისი იარაღი, საკმარისი ბომბდამშენი სისტემები და ტყვია-წამალი.
როგორც მოწინავე რიგებში მებრძოლმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ერთ გასროლას რუსების მხრიდან ათი საპასუხო გასროლა მოსდევს, ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის მარტივი სიტუაცია და ყველამ, ვინც აცნობიერებს ამას, უნდა იყვიროს საქვეყნოდ, რომ დღეს ომი მიმდინარეობს ეშმაკსა და ანგელოზს შორის, ბნელსა და ნათელს შორის. თუ უკრაინა დაეცემა, აუცილებლად დაიწყება თავდასხმები სხვა ქვეყნებზე, სხვა ერებზე. ეს ყველაფერი დაიწყება ბალტიის ქვეყნებიდან, გაგრძელდება კავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანში, შემდგომ უკვე მივლენ შუა აზიამდე, კონკრეტულად კი ყაზახეთამდე. შუა აზიაში ისინი წამოწევენ თავიანთ კუდს ჩინეთის სახით, აღმოსავლეთში თავის კუდს წამოწევს ირანი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მსოფლიოს კოშმარისა და ქაოსის გარდა არაფერს მოუტანენ და ეს ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და შევიგნოთ, რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ რუსები და დავანაწევროთ იგი, შემდგომში კი გადავიდეთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მას ეხმარებიან და უდგანან გვერდით.
_ თუ უკრაინა მოიგებს ამ ომს, იქნება თუ არა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომ გაათავისუფლონ ისინი? მაგალითად, კავკასიის ხალხებისთვის. საქართველოსთვის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული?
_ რუსეთი თავისი პროპაგანდით ყოველთვის ცდილობდა, შეეშინებინა მთელი მსოფლიო. თავისი აგიტაციით ის არწმუნებდა მთელ მსოფლიოს, რომ მას ჰყავს მეორე არმია მსოფლიოში და მისი მედესანტეები არიან ყველაზე ძლიერები. აქ კი მინდა გითხრათ, რომ რუსი მედესანტეების 60-70% დაიღუპა სწორედ უკრაინაში. ამით მიხვდებით, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. რუსეთი სულ ამტკიცებდა, რომ მას ყველაზე ძლიერი სპეცდანიშნულების რაზმები ჰყავს და ა. შ., თუმცა რეალურად რუსეთი არის „შიშველი უკანალის“ მქონე ქვეყანა და ასეთივე უპრინციპოები და არაპატრიოტები ჰყავთ მებრძოლები. შეხედეთ, როგორი ქაოსი შეიტანეს მათ უკრაინის ტერიტორიაზე, როგორ კლავენ ისინი უიარაღო ადამიანებს, _ როგორც კი შედიან ქალაქებში, საშინელი ქაოსი შეაქვთ იქ, ეს კავკასიელებს ძალიან კარგად გვესმის. ყველაზე რთული მომენტი უკრაინისთვის დგება არა მაშინ, როდესაც ისინი ბრძოლის ველზე იღუპებიან ან იჭრებიან, არამედ მაშინ, როდესაც მათი ქალაქების ოკუპაციას ახდენენ, კლავენ შრომისუნარიან, მებრძოლ მამაკაცებს, სხვებს კი აწამებენ. მიაქციეთ ყურადღება, ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში რამდენი ადამიანი გამოვიდა ოკუპაციის შემდგომ და გაილაშქრეს რუსული ტანკებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ და შევხედოთ ახლა, _ გადის გარკვეული დრო და სად არიან ეს ადამიანები? სად არის ეს პროტესტი? მე გიპასუხებთ: ეს ადამიანები ან მოკლულები არიან, ან ციხეში ან მათ მოუწიათ გაქცევა, თავისი ოჯახების, ქალაქების მიტოვება, რათა გადარჩენილიყვნენ. იცით, რამდენ ადამიანს პოულობენ კიდევ მოკლულს, რომლებიც არც კი დაუმარხავთ? მათ ისეთ ადგილებში ნახულობენ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან, რადგანაც რუსები ყოველთვის მუშაობენ ასეთი მეთოდებით. მოსკოვსა და პეტერბურგში იყო საკრემაციო ღუმლები, რომლებშიც წვავდნენ მოკლულ ადამიანებს, რომ მათი კვალისთვის არავის მიეგნო. აი, ასეთი კოშმარი მოაქვს რუსულ მშვიდობას.
_ უკრაინაში ბევრი ქართველი მოხალისეც იბრძვის, გაქვთ თუ არა მათთან შეხება, რამე სახის კონტაქტი?
_ ქართველი მოხალისეების დიდ ნაწილს ვიცნობ, მათთან ვმეგობრობ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ რეალურად, საქმითაც. ჩრდილოეთ დონეცკის მიმართულებით, არეხოვსა და სხვა ლოკაციებზე, წინა ხაზზე ახლა ძალიან ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის, ასევე არიან ქართველი პარტიზანები, რომლებთანაც გადაღებული მაქვს ვიდეოებიც, ფოტოებიც, ჩვენ ვმეგობრობთ, ვსაუბრობთ, ჩვენ კავკასიელები ვართ და ერთმანეთისადმი გარკვეული მიზიდულობა არსებობს, ჩვენ ვართ ადამიანები საერთო მენტალიტეტით და დიახ, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ერთმანეთთან. ეს არის რეალური მეგობრობა, თანამოაზრეობა და ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ.
_ თქვენ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გაზარდეთ. გაგვიზიარეთ საიდუმლო, თუ როგორ აკეთებთ ამას? რა მეთოდით მუშაობთ?
_ ყველა ადამიანში ძირითადად ვეძებ კარგს. როდესაც ვხედავ სპორტსმენში სიყვარულს, ნიჭს, ინტერესებს, მონდომებებს, ვცდილობ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, იმის კეთებაში შევუწყო ხელი და დავეხმარო, ამაზე ავაშენებინო წარმატება. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი გაზრდილი არის ქართველი. იგი გასულ წელს გახდა ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში. მისი სახელია ლუკა შონია. ძალიან მახარებს დღეს თავისი გამოსვლებით, უკვე საქართველოს სახელით მოღვაწეობს და იბრძვის. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ: ადამიანებში იმის განვითარებას ვცდილობ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით მათ, ეს არის ჩემი გაწვრთნილი ბიჭების წარმატების საწინდარი.
_ რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
_ ჩემი წარმატების ფორმულა არის ის, რომ ამ საქმეს ვაკეთებ გულითა და სულით. პირველ რიგში, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს, მერე ვცდილობ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებთანაც საერთო ფასეულობებიც გვამოძრავებს. ვცდილობთ, ერთმანეთი ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ასეთ პრინციპულ ადამიანებთან ერთად ვაგრძელებთ წინსვლას გამარჯვებისკენ. სწორედ ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა.
_ რისი გეშინიათ?
_ როგორც ყველა ადამიანს, ცუდი ამბების მეშინია. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მინდა, მათ საფრთხე და საშიშროება არ დაემუქროთ, რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მხოლოდ ოჯახის წევრებზე განვიცდი, ჩემს თავზე არ ვნერვიულობ. თითქმის მთელი ცხოვრება გავიარე, აღარაფერი გამაკვირვებს. მარტო ახლობლების გამო ვნერვიულობ, მათზე ვზრუნავ და მათი სადარდებელი მტკივა და მათ კეთილდღეობაზე ვფიქრობ.
ასევე მეშინია, იმ დრომდე არ გარდავიცვალო, ვიდრე დაღესტანი არ განთავისუფლდება. მინდა, ჩემი სამშობლოს განთავისუფლებას მოვესწრო! ჩემი ოცნებაა, ჩემი დარესტნის განთავსიუფლება ბინძური, საზიზღარი, ოკუპანტი რუსეთისგან. მე ყოველთვის იმამ შამილის სიტყვებს ვიმეორებ, რომელმაც თქვა, რომ თავისუფლების დიდებას ვუტოვებ ჩემს შთამომავლებსო. მინდა, ის შთამომავალი ვიყო, რომელიც თავისი საყვარელი სამშობლოს თავისუფლებას მოიპოვებს.