„დაბალი ბიუჯეტით ხარისხიან სახლს ვერ ააშენებ, იგივეა ფოტოგრაფიაც“
გიორგი საკარული
ვახტანგ ალანია ეს სახელი და გვარი ხელოვანთა წრეში ყველამ იცის. იციან მისი პროფესიონალიზმი, ინდივიდუალიზმი და, რაც მთავარია, მისი განსაკუთრებული ხელწერა, რომელიც ყველას ამახსოვრდება.
ფოტოგრაფიაში 2005 წლიდანაა. 15 წელია, რაც „კიკალა სტუდიოში“ მუშაობს.
თავიდან დამწყები ფოტოგრაფი იყო, შემდეგ მენეჯერი, დღეს კი სტუდიის აღმასრულებელი დირექტორია და მთავარი ფოტოგრაფის პოზიციას იკავებს. როგორც ამბობენ, მასთან მუშაობა განსაკუთრებით კომფორტულია. ამბობს, რომ: „ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებლად საჭიროა დაუღალავი შრომა და როგორი ურთიერთობაც გაქვს ხალხთან, ისე არის შენი კლიენტების საქმეც“.
ვახტანგ ალანია:
- გამორჩეული ფოტოგრაფი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი მიმართულება არ არის პორტრეტი, არამედ არის სარეკლამო ფოტოგრაფია, რაც თავისთავად მოიცავს თითქმის ყველა მიმდინარეობის ცოდნას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს არქიტექტურა, პორტრეტი, ფოთლის გადაღება, ანუ ნებისმიერი მიმართულების ცოდნა გჭირდება. შესაბამისად, სხვადასხვანაირი გადაკვეთა მქონდა პრაქტიკის მანძილზე – ინტერვიუს მხრივ თუ სხვა პროექტები. 15 წლის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. თბილისი პატარა ქალაქია. არათუ თბილისი, მსოფლიოა პატარა და ეს ადამიანები უნდა ნახო, თუ რაღაც არ მოგეწონა, უნდა ჩასწვდე საიდუმლოს, რა არ მოგეწონა და შეძლო, გამოასწორო ლაფსუსი. მირჩევნია, კლიენტისგან იმწამსვე გავიგო, რაღაც პრობლემა თუ იყო გადაღების პროცესში, მაქსიმალურად ჩართული ვიყო ამ ყველაფერში, ვიდრე სამი წლის მერე ვიღაცამ თქვას, _ ის რომ გადაიღე, უკმაყოფილო დარჩაო. ჩემი აზრით, ჯობს, ადგილზე გაირკვეს ყველაფერი და იქამდე იმუშაო ამ საქმეზე, სანამ ყველა მხარეს არ მოეწონება ერთიანი, მთლიანი პროდუქტი.
- კლიენტი ბოლომდე გენდობათ?
- მარტო საქართველოში არა, მსოფლიოშია ეს პრობლემა, რომ კლიენტი ფოტოგრაფს ბოლომდე არ ენდობა. იმიტომ კი არა, რომ გამოუცდელია, უბრალოდ, კლიენტს ჰგონია, უფრო მეტი იცის. მინდობის თემა ძალიან რთულია. არიან კლიენტები, რომლებიც პირიქით _ მთლიანად გენდობიან და გეუბნებიან, რომ გააკეთე ის, რასაც მიიჩნევ საჭიროდ. ასეთ კლიენტებთან ძალიან საინტერესოა მუშაობა, მაგრამ იმდენად იშვიათია, რომ გვიკვირს ხოლმე ფოტოგრაფებს, როცა სრული თავისუფლება გვეძლევა პროექტზე. ეს რაღაც მომენტში გაფრთხობს კიდეც, რადგან მუდმივად ფიქრობ დედლაინისა და კონკრეტული მიმართულების არარსებობაზე, რაღაც წამს იბნევი, მაგრამ მერე ხვდები, რომ იმდენად ყოვლისმომცველია თავისუფლება, რომ სრულიად სხვაგვარად იწყებ პროექტზე ფიქრს.
- მორიგი გადაღების დროს გიყურებდით და ერთი რამით გავოცდი: ერთ-ერთ ცნობილ ქალბატონს, რომელსაც ფოტოებს უღებდით, უსვამდით სხვადასხვა სახის ბლიცკითხვას, ასევე ფონად გქონდათ მუსიკა და ბევრი სხვა დეტალი. ეს თქვენებური მიდგომაა კლიენტის მიმართ, მის ხასიათსა და განწყობას იჭერთ თუ?
- ყველა პერსონასთან ადამიანური ურთიერთობის დამყარება ჩვენი კრედოა. მაგრამ, ზოგადად, მიდგომის ინდივიდუალური ხერხებია მნიშვნელოვანი, _ პირველ რიგში, ფოტოგრაფი არის ფსიქოლოგი, სხვანაირად კარგ პორტრეტს ვერ გადაიღებ. მაშინ უნდა აჩხაკუნო და აი, გაგივარდება რაღაც კადრი, რამაც შეიძლება ძალიან დიდი დრო წაიღოს. შესაბამისად, გჭირდება რაღაც ფაქტორი, რაზედაც ადამიანს „წამოაგებ“… წამოაგებ იმ მხრივ, რომ შენთან კომუნიკაციით დააინტერესებ და აქედან უკვე იჭერ იმ ხასიათს, რაც გჭირდება კონკრეტული პორტრეტისთვის. მერე უკვე აქცენტს სვამ იმ კონკრეტული კითხვებით, რაზედაც გაბრაზდება ან პირიქით _ გაეღიმება… ეს მთელი პროცესია, ისე არ არის, რომ მიხვედი და უცებ გადაიღე ფოტო. ყველასთან ძალიან ჭირს ამის გაკეთება. ალბათ, 70%-ს „გამოიჭერ“, მაგრამ ზოგიერთი იმდენად ჩაკეტილია, ბევრად მეტი დრო გჭირდება მათ გასახსნელად გადასაღებ მოედანზე.
- ფოტოსესია, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდებათ და რომელმაც მეტი აღიარება მოგიტანათ…
- ჩემს სახელზე არასდროს მიმუშავია, არ მიფიქრია. საკუთარ თავს არ მივიჩნევ ცნობილ ფოტოგრაფად, მგონია, რომ ვარ ტექნიკური ფოტოგრაფი. ზოგადად, არსებობს ფოტოგრაფიის მრავალი მიმდინარეობა და სხვადასხვა სახეობა. ჩემი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, არის ფოტოგრაფი, რომელიც ტექნიკურად უფრო ერკვევა საკითხში, ვიდრე _ მხატვრულად. ვარ სარეკლამო ფოტოგრაფი, რომელიც უფრო ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს.
- ზედმეტად თავმდაბალი ხართ. ამასთან, დიდი გამოცდილებაც გაქვთ არტში…
- დამწყებმა შეიძლება ჩემზე ბევრად საინტერესო კადრი მიიღოს გადაღებიდან, ვიდრე მე მთელი ჩემი ჯგუფით და დადგმით. მაქვს კონკრეტული დავალება თავისუფალი თემით და კონკრეტულ მომენტში ვიჭერ სასურველ კადრს.
- გაქვთ რაღაც ჩანაფიქრი, რაც შეიძლება აქამდე არ გადაგიღიათ და გინდათ, რომ სურვილი განახორციელოთ?
- არ მიყვარს ლაპარაკი ჩემს ჩანაფიქრებზე, რაღაცები ალბათ არსებობს, რაც ბუნებრივია, უნდა გადამეღო, როცა დავიწყე ეს საქმე… მაგრამ, დროთა განმავლობაში, შინაგანად იზრდები, ფიქრობ, რომ რაღაც სისულელე იყო და კიდევ კარგი, არ გავაკეთე.
ჩემს ნამუშევრებს, რეკლამებს რომ გადავხედოთ, თბილისში თუ რამე გადაღებულა ბოლო 15 წლის განმავლობაში, ალბათ, 70% რაც გავიდა ბილბორდზე, ჟურნალში ან სოციალურ სივრცეში, ჩემი გადაღებული იყო, „კიკალა სტუდიის“ გადაღებული. მარტო მე არ ვმუშაობ, მთელი გუნდია ჩართული: მხატვარი, სცენარისტი, მსახიობი, მეიქაფ არტისტი (მაკიაჟის ხელოვნება, _ რედ.). იმდენად სპეციფიკური საქმეა, რომ ერთი მხატვარი ან ერთი ფოტოგრაფი ვერ გეყოლება.
ჩვენ გვყავს ხალხი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და კონკრეტულ პროექტზე კონკრეტულ ადამიანებს ვიწვევთ იმიტომ, რომ ვიცით, ისინი საქმეს უკეთესად გაართმევენ თავს. არიან მეიქაფ არტისტები, რომლებიც მსახიობის გახსნაში მეხმარებიან; არიან მხატვრები, რომლებიც დრამატულ დეკორაციას ქმნიან. ბევრი ნიუანსია. ნებისმიერ შეკვეთას ვუდგებით, როგორც სამშენებლო პროექტს. სახლის ასაშენებლად გჭირდება არქიტექტორი, კონსტრუქტორი, მღებავი და ა. შ. იგივენაირად არის ფოტოხელოვნებაც. სარეკლამო ფოტოშიც პროფესიონალთა გუნდის ჩართულობა გჭირდება. როცა კლიენტი გეუბნება, ამდენი ბიუჯეტი არ მაქვსო, პასუხი არის შემდეგი: დაბალი ბიუჯეტით ხარისხიან სახლს ვერ ააშენებ, იგივეა ფოტოგრაფიაც. ე. ი. ვიღაც უნდა გამოაკლდეს გუნდს, ამიტომ მერე შედეგი საუკეთესო არ არის. ასეთ პროექტებზე თავიდანვე უარს ვამბობთ ხოლმე. - თუ არის ისეთი პროექტი, რომელსაც, მაღალი ბიუჯეტის მიუხედავად, არ მოჰკიდებთ ხელს?
- არის ასეთი პროექტებიც, მაგალითად, გირეკავენ, იციან, რომ 15 წელია მუშაობ და გეტყვიან, გადამიღე ბავშვის სკოლის დამთავრება. ვერ გადავიღებ! _ იმიტომ კი არა, რომ თავში მაქვს ავარდნილი, უბრალოდ, ვიცი, რომ ცუდი გამომივა. სკოლის ბანკეტს ჩემზე უკეთესად გადაიღებს ნებისმიერი გაზეთის რეპორტაჟების ფოტოგრაფი _ ეს მისი პროფილია და თვალი სხვანიარად აქვს გავარჯიშებული. ჩემი მხარე არის უფრო „ზარმაცი“ ფოტოგრაფია _ სტუდიაში კომფორტში ვარ, დრო მაქვს, რაღაცაზე ვიფიქრო, კადრი როგორ დავიჭირო.
რეპორტაჟი სულ სხვა მიმართულებაა, იქ სწრაფი თვალი, გინდა, ცოტა თავხედი ტიპიც უნდა იყო, ვიღაცას უნდა გადაახტე თავზე, რომ კარგი კადრი დაიჭირო. სტუდიის ფოტოგრაფი სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ფიქრობს, სულ არ აინტერესებს, გარეთ დღეა, ღამეა, მზიანი ამინდია თუ _ წვიმიანი, რადგან სტუდიაში ამ ყველაფერს თვითონ აკეთებ, სასურველ განწყობას იქმნი, შენს გარემოში ხარ. საველე ფოტოგრაფის შრომა განსხვავდება ჩემთან შედარებით და ბევრად უფრო რთულია კონკრეტული დავალების შესრულებისას, ვიდრე _ ჩემი. მე დაახლოებით ვიცი, როგორი სინათლე, როგორი ხასიათი მინდა და უკვე სხვა მიმართულებით მივდივარ. რეპორტიორმა კი ნებისმიერ ამინდში უნდა დაიჭიროს კადრი. ამიტომ არის რაღაცები, რასაც არ კი არა, ვერ გადავიღებ და ამიტომ ვამბობ უარს თავიდანვე.