CROCUS CITY HALL-ის ტერაქტი _ ქრონოლოგია და შეფასებები
გიგა გელხვიიძე
ტერაქტი CROCUS CITY HALL -ში 2024 წლის 22 მარტის საღამოს ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სროლის დროს შენობაში 6000-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან „პიკნიკის“ კონცერტის თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 153 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 140-ს აღემატება.
დეტალური ინფორმაციით, რომელიც რუსულ მედიაში ტერორისტული აქტის შემდგომ ეტაპობრივად გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაქირავებულმა მკვლელებმა მანქანა პირდაპირ საცალფეხო გადასასვლელთან, საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებულ ჩროცუს Eხპო საგამოფენო ცენტრის შესასვლელთან გააჩერეს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ტერორისტებმა მაშინვე დაიწყეს სროლა.
დაახლოებით 20:15 საათზე სოციალურ ქსელებში გაჩნდა პირველი მესიჯები, რომ „კროკუსში“ სროლის ხმა ისმოდა. 10 წუთში „რია ნოვოსტი“ იუწყება შენიღბული შეიარაღებული ადამიანების შესახებ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს. გეგმის მიხედვით, ტერორისტები რამდენიმე ადგილას ასხამენ საწვავს, რომელიც ზურგჩანთებით შეიტანეს საკონცერტო დარბაზში და ცეცხლს უკიდებენ.
ამის შემდგომ ტელეგრამ არხებში ჩნდება პირველი ვიდეოები, სადაც ისმის ტყვიამფრქვევის სროლის ხმები და ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ხალხს შენობის ჰოლსა და დარბაზში.
თვითმხილველების მონათხრობიდან ირკვევა, რომ ტერორისტებმა ჯერ დარბაზში გააჩინეს ცეცხლი, ხოლო შემდეგ იარაღის ჯერი ხალხის მასაზე მიუშვეს.
შენობის მნიშვნელოვან ნაწილს დაახლოებით 20 წუთში მოედო ცეცხლი. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ „კროკუსთან“ მიდის სპეციალური დანიშნულების რაზმი, სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, სწორედ ამ პერიოდში (ხანძრის გაჩენიდან ერთ საათში) იწყება შენობის ჭერის რღვევა, რაც ართულებს სამაშველო ოპერაციას. იმის გამო, რომ შენობაში ამ დროს ჯერ კიდევ რჩებოდნენ ადამიანები, რომელთა ევაკუაციაც მიმდინარეობდა, სამაშველო სამსახურის ვერტმფრენებმა ვერ მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობის დაწყება შენობის ზემოდან.
თვითმხილველების მონათხრობით, ცხედრების ოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანებს თავის გადარჩენისა და შენობიდან გაღწევის მიზნით მათზე გადავლა უხდებოდათ.
ტელეგრამ არხ „ბაზის“ ინფორმაციით, ჩროცუს-ის ერთ-ერთ ტუალეტში 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არხის ცნობით, ადამიანები სროლას გაექცნენ და 112-ში დარეკეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ყველაფერში საყურადღებოა ის ინფორმაცია, რომ არსად ფიქსირდება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გააქტიურება და მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ ყველა საავარიო გასასვლელი კარი ჩაკეტილი იყო, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ადამიანების გასვლა.
სანამ ხანძრის ჩაქრობა და საევაკუაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამოწმებდნენ შენობის მიმდებარედ არსებულ პარკირების ტერიტორიას, თუმცა იქ ვერანაირი ნაღმი ვერ აღმოაჩინეს.
მომხდარიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ვრცელდება პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ФСБ-ს წარმომადგენლებმა ბრიანსკის ოლქში, სოფელ ხაცუნში დაიწყეს სპეცოპერაცია „კროკუსის“ ტერაქტში მონაწილე ტერორისტების ასაყვანად.
რაც შეეხება ხანძარს, მისი სრული ლოკალიზება მხოლოდ 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში მოხერხდა, დამწვარმა ტერიტორიამ 13 000 კვ. მ. შეადგინა.
პადმასკოვიეში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ IშIშ-თან დაკავშირებულმა სააგენტო Aმაქ-მა გამოაქვეყნა საშინელი კადრები, სადაც „კროკუსის“ ვიზიტორებზე თავდასხმაა ასახული. ვიდეოში ტერორისტები ესვრიან ხალხს და ყვირიან ლოზუნგებს: „ალაჰ აკბარ!“
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დაჭრილს ყელი დანით გამოჭრა. კადრებში ასახული ტერორისტების ტანსაცმელი ემთხვევა იმ პირთა ტანსაცმელს, რომლებიც ФСБ-მ ბრიანსკის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა და განაცხადა, რომ სწორედ ეს ტერორისტები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში და მათ დახოცეს უდანაშაულო ადამიანები.
23 მარტს ФСБ-ს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმაб 11 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო ოთხივე ტერორისტი,
ცოტა ხნით ადრე კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ალექსანდრე ხინშტეინმა, განაცხადა, რომ „რენოს“ მარკის მანქანა, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, ღამით დააფიქსირეს ბრიანსკის ოლქის კარაჩინსკის რაიონის სოფელ ხაცუნთან. სამართალდამცველების მოთხოვნისას მანქანა არ გაჩერდა და გაქცევა სცადა.
ცოტა ხანში დაკავებულების ვინაობის შესახებ ინფორმაცია და მათი დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამების გვერდებსა და რუსულ მედიაში გავრცელდა. ინფორმაციის პირველ წყარო კრემლის პროპაგანდისტული მედია „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი იყო.
სიმონიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს მამაკაცი, რომელიც მიწაზე ჰყავთ გართხმული და მისგან ჩვენებას იღებენ.
მამაკაცი ამბობს, რომ მას ნახევარი მილიონი რუბლი გადაუხადეს საქმის შესრულებამდე, ხოლო მეორე ნახევარი მისთვის შემდეგ უნდა გადაერიცხათ, თუმცა ვერ ამბობს ვინაობას, თუ ვინ ესაუბრა მას ტერაქტის ორგანიზებაზე, რადგანაც მისი ვინაობა ტელეგრამ არხში, სადაც საუბარი შედგა, დაფარული იყო. თუმცა გარკვევით ამბობს, რომ რუსეთში ის 4 მარტს თურქეთიდან შევიდა, სადაც საბუთების გამო იმყოფებოდა.
მოგვიანებით სიმონიანმა მეორე დაკავებულის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ის ტერორისტების ლიდერს უწოდებს.
მამაკაცი თარჯიმნის მეშვეობით ამბობს, რომ ის ცხოვრობდა ჰოსტელში, დმიტროვსკის რაიონში. მისი თქმით, მასთან ცხოვრობდა ვინმე მუჰამედი. ის ასევე ამბობს, რომ ტერაქტამდე 10-12 დღით ადრე ტელეგრამზე გაიცნო ვიღაც აბდულო, რომლის ნათესავებისგანაც მუჰამედთან ერთად მანქანა იყიდა.
მოგვიანებით, მესამე ეჭვმიტანილის კადრები გამოჩნდა ინტერნეტში. დაკავებისას მას ცალი ყური მოკვეთეს.
კადრებში შენიღბული მამაკაცი მუცელზე მწოლიარე პატიმარს მუხლით აწვება და მოკვეთილი ყურის ნაწილს პირში უდებს და აიძულებს, რომ შეჭამოს.
მესამე დაკავებული 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვია. დაკავებისას მას თვალი დაუზიანეს და იგი საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით ის დაკითხეს.
წინასწარი ინფორმაციით, ფაიზოვი მუშაობდა ივანოვოს რეგიონის საპარიკმახეროში დაახლოებით სამი თვე და 11 იანვარს დატოვა სამსახური.
ტელეგრამის არხმა „ჩემი მოსკოვი“ გამოაქვეყნა ფაიზოვის საავადმყოფოში დაკითხვის კადრები. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მამაკაცს არ ესმის, რა ხდება. ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციაში დარჩენის საბუთები მან აეროპორტში მიიღო.
ოდნავ მოგვიანებით, ფაიზოვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს „რადიო თავისუფლება“, რომელმაც მისი სოციალური ქსელების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფაიზოვი აქვეყნებდა კალიგრაფიულ ნაწარმოებებს რელიგიურ თემებზე სოციალურ ქსელ VK-ზე (კონტაქტები) და გამოიწერა საჯარო გვერდები „მე მიყვარს ისლამი“, „ისლამი ჩემი ცხოვრებაა“, „ტაჯიკები მთელი მსოფლიოდან“ და საჯარო გვერდი, რომელიც სთავაზობს მოქალაქეებს მომსახურებას რუსეთის მოქალაქეობისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების მხრივ.
მის სოციალურ ქსელში არ არის, განთავსებული ფოტოები, თუმცა საარქივო მასალებში რამდენიმე მათგანის მოპოვება შესაძლებელია, ერთ-ერთი გადაღებულია 2016 წელს მოსკოვში და ფოტოზე აღბეჭდილი პირი ფაიზოვის იდენტურია.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ეპიზოდი: ის, რომ მოსალოდნელი ტერაქტებზე რუსეთი რამდენიმე ხნით ადრე იყო გაფრთხილებული აშშ-ის მიერ. ამის შესახებ ჩBშ Nეწს-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, ვაშინგტონი ფლობს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ თავდასხმის უკან IშIშ-ი იდგა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული მხარე ნამდვილად იყო გაფრთხილებული აშშ-ის მიერ, ადასტურებს „ინტერფაქსიც“.
გამოცემა წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მართლაც გადასცა ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. თუმცა რუსული დაზვერვის წყაროს ცნობით, ეს არ იყო კონკრეტული.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ტერაქტის შემდგომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 19-საათიანი დუმილი, რაც რეალურად რუსული (არა მხოლოდ) მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა დროს, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, პუტინი გარკვეული დროით ყოველთვის დუმდა და რაც ყველაზე მთავარია, ის, ფაქტობრივად, არასდროს მიდიოდა შემთხვევის ადგილზე. ასე მოხდა 1999 წელს, როდესაც რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების მასობრივი აფეთქებები ხდებოდა, ასე იყო 2004 წელს ბესლანშიც და ნორდ-ოსტის შემთხვევაშიც.
რუსული სახელმწიფო არხები 22-დან 23 მარტამდე ღამით ვლადიმირ პუტინის მიმართვის გამოსაქვეყნებლად სამჯერ მოემზადნენ, მაგრამ მათ მეხუთე ვადით არჩეული პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ან რაიმე მსგავსი ტექსტი არ მიუღიათ. მიმართვის ნაცვლად, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ცნობები ტერაქტის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ ოფიციალური განცხადება გააკეთა და ეროვნული გლოვა გამოაცხადა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებულებმა გაქცევა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გადაადგილდნენ. მისი თქმით, მათთვის საზღვრის გადაკვეთისთვის ფანჯარა იყო მომზადებული.
პოლიტოლოგებისა და რუსეთის ახალი ისტორიის კარგად მცოდნე პირების მიერ პუტინის ეს განცხადება შეფასდა ისე, რომ მას სურდა ესარგებლა მომხდარით, რათა უკრაინის მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოეჩინა.
პუტინის ეს განცხადება არც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყურადღების მიღმა დარჩა და მან საკუთარ ტრადიციულ საღამოს მიმართვაში პუტინს არარაობა უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლოა, თავად პუტინის ორგანიზებით ხდებოდეს რუსეთში მსგავსი რამ და ეს არ შეწყდება მანამ, სანამ რუსი ხალხი არ დასვამს შეკითხვებს დაზვერვის მისამართით.
„ეს არარაობა პუტინი ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეხვედროდა და მათთვის მიემართა, ერთი დღე გაჩუმდა _ ფიქრობდა, როგორ გადაემისამართებინა მომხდარი უკრაინაზე. ყველაფერი ეს სრულიად პროგნოზირებადია. იმით, რაც მოსკოვში მოხდა, ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირალები უბრალოდ სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ადრეც მოხდა და ვნახეთ აფეთქებული სახლები, სიკვდილით დასჯა და სხვა აფეთქებები. ისინი ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ. ეს ასიათასობით რუსი, რომელიც ახლა უკრაინის მიწაზე იხოცება, ნამდვილად საკმარისი იქნება ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად და თუ რუსები მზად არიან, ჩუმად მოკვდნენ „კროკუსებში“ და არ დაუსვან კითხვები თავიანთი დაზვერვის სამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება, კიდევ ერთი ასეთი რამ მოაწყოს პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთში მომხდარს გამოეხმაურნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები, მათ ერთხმად დაგმეს ტერორისტული აქტი პოდმასკოვიეში და განაცხადეს, რომ ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.
„ქრონიკა+“-მა ასევე მოიძია სხვა დეტალები და განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე გაკეთდა „კროკუსის“ ტრაგედიასთან მიმართებით. მაგალითად, პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტწიტტერ) აქტიურად აქვეყნებდნენ ქრონოლოგიებს ტერაქტებისა და მასობრივი ტრაგიკული შემთხვევების შესახებ, რომლებიც რაღაც მიზეზებისდა გამო, პუტინის გაპრეზიდენტებას ემთხვეოდა.
მაგალითად, პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში (2000 წლის 7 მაისი), ამავე წლის აგვისტოში, წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ჩაიძირა, სადაც ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა.
მეორე ვადა (2004 წლის 14 მარტი), იმავე წლის პირველ სექტემბერს ტერორისტებმა ბესლანის სკოლა აიღეს, შტურმის შედეგად კი 334 ადამიანი დაიღუპა, აქედან 186 ბავშვი.
მეოთხე ვადა (2018 წლის, 18 მარტი), ამ წელს სავაჭრო ცენტრი „ზამთრის ალუბალი“ დაიწვა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მეხუთე ვადა (2024 წლის 17 მარტი) – 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „ჩროცუს ჩიტი Hალლ“-ში ნიღბიანმა პირებმა ადამიანები ჩაცხრილეს, შემდგომ კი შენობა ცეცხლში გაეხვია.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 1999 წელს, როდესაც მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიერ ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და მისივე სიტყვებით, სწორედ ის უნდა ყოფილიყო სამართალმემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე, რუსეთში დაიწყო ტერაქტების სერია და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყო საქართველოს ერთი მოქალაქე, ლია ბახტაძე. ხოლო ამ ტერაქტების შემდგომ დაიწყო ომი ჩეჩნეთთან.
ანალიტიკოსების თქმით, არ არის გამორიცხული, ახლა პუტინმა რუსეთის ტერიტორიაზე სრული მობილიზაცია გამოაცხადოს და უკრაინას უფრო მეტი სიძლიერით შეუტიოს.