ნიკა ჩიტაძე: „ქართული ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს“
ნენე ინჯგია
პოლიტიკური მოცემულობის შეცვლის კვალდაკვალ იცვლება მიდგომები, დამოკიდებულებები და რიტორიკა. ამის მაგალითად გამოდგება „ქართული ოცნება“ და, კონკრეტულად, მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი.
ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ღარიბაშვილი აცხადებდა: „მე, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე _ უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრისმომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა და ეს რიტორიკა თვეების მანძილზე არ შეუცვლია. რუსეთ-უკრაინის ომიდან ნახევარი წლის შემდეგ კი, როცა უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა უკრიანის უპირატესობასა და გამარჯვების რეალურ შესაძლებლობაზე, ღარიბაშვილმა რიტორიკა შეცვალა და 22 სექტემბერს, გაეროს-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, სიტყვით გამოსვლისას ამჯერად განსხვავებული გზავნილები გააჟღერა: „ომი კვლავ მიმდინარეობს ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო დგას უკრაინის გვერდით“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამ გამოიწვია პრემიერის რიტორიკის შეცვლა? რამდენად ადეკვატური იყო ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს დებატებზე სიტყვით გამოსვლისას? რა ქვეტექსტები იკითხებოდა მის მიმართვაში? ასევე რით არის განპირობებული მოსახლეობის უნდობლობა ოპოზიციის მიმართ? აქვს თუ არა ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოებაში დაკარგული ნდობის მოპოვების შანსი?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, 22 სექტემბერს, გაეროს-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა, რა იყო ამ სიტყვით გამოსვლის ქვეტექსტი და რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
_ ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცნაირად ცდილობდა, რომ ეჩვენებინა საქართველოს გარკვეული წარმატებები. მაგალითად, როდესაც მან ისაუბრა ეკონომიკურ წინსვლაზე, რომ 2022 წელს საქართველოს ჰქონდა 10%-იანი ზრდა, თუმცა ეს ყველაფერი ნახევრად ტყუილია, რადგან ეკონომიკაში არსებობს ასეთ ტერმინი _ საბაზისო ეფექტი _ რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია რაღაცის შედარება წინა წელთან და წინა წელს საქართველოში იყო ეკონომიკის 6%-იანი შემცირება. სწორედ იმ ფონზე, 2022 წელს, ეკონომიკური ზრდა ჩანს უფრო მაღალი. ღარიბაშვილს სამაგიეროდ არ უსაუბრია იმ ინფლაციურ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და 10%-ს აჭარბებს. წარმოაჩინა თავი, რომ თითქოს საქართველოში არის ეკონომიკური ზრდა, რაც რეალობას, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირიქით _ იმ ადამიანთა რიცხვი საქართველოში, ვინც ღებულობს სოციალურ დახმარებას დიდია და ბუნებრივია, პრემიერის მხრიდან მთლად მართებული ინფორმაცია არ გავრცელდა, სამწუხაროდ. მეორე საკითხია ის, რომ პრემიერი ყველანაირად ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს საქართველო რეგიონში თამაშობს შუამავლის როლს, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. ერთი ფაქტი იყო მხოლოდ სომეხი ტყვეების განთავისუფლება, საქართველომ ითამაშა შუამავლის როლი, მაგრამ რეალურად საქართველოს არ გააჩნია შუამავლის ფუნქცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში. მესამე საკითხი: როდესაც ღარიბაშვილი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, რომელ გლობალურ უსაფრთხოებაზეა საუბარი?! აქაც ლოგიკურია, რომ ისმის კითხვები. რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას, როგორ შეუძლია საქართველოს ეს აკეთოს, როდესაც, ფაქტობრივად, ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და ამ უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და შეაფერხა ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვანია: ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრიორიტეტია ევროკავშირი. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას „ქართული ოცნების“ წევრები პირადად ევვროკავშირის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროკავშირის ყოფილ ელჩს საქართველოში? იმ ფონზე, როდესაც პირად შეურაცხყოფას აყენებენ ევროკავშირის წარმომადგენლებს და აცხადებენ, რომ საქართველოს პრიორიტეტია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს კითხვებს ბადებს. ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილმა განაცხადა, _ საქართველო არის უკრაინის გვერდით, აგრესია ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, _ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს დავეთანხმები, მაგრამ, მეორე მხრივ, ისევ ისმის კითხვა, _ როდის იყო ღარიბაშვილი გულწრფელი, როდესაც 25 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს, განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მიმდინარეობს და მას აქ თავისი საქმე აქვს; ასევე თქვა ისიც, რომ როგორ ისჯება უკრაინა და საქართველომ როგორ მოახერხა ომის თავიდან აცილება. დღეს კი ღარიბაშვილი თითქოს უკრაინის გვერდით დგას. ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო დადგა უკრიანის გვერდით და უკრაინა იმარჯვებს, ახლა ღარიბაშვილს სურს, რომ ითამაშოს დემოკრატიისა და პროდასავლური ლიდერის როლი. რომის იმპერატორსა და, ამავე დროს, სტოიციზმის ერთ-ერთ წარმომადგენელ მარკუს ავრელიუსს კარგად აქვს ნათქვამი: „ადამიანი თავისი სულით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე“. დღეს ვითარება შეიცვალა, უკრაინა იმარჯვებს და აცხადებ, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა ექმნება და უკრაინის გვერდით ვარ, მაშინ ადრე რატომ აცხადებდი საწინააღმდეგოს?! იგივე ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ბომბავდა და რომ საქართველომ ომი დაიწყო, დღეს უცებ კი, თურმე, პროევროპელი გახდა და აღშფოთებულია რუსეთის იმპერიალისტული ქმედებებით.
_ თქვენ გაიხსენეთ ღარიბაშვილის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს. პრინციპში, შემდგომი თვეების მანძილზე პრემიერის რიტორიკა და დამოკიდებულება უცვლელი იყო მანამ, სანამ ცხადი არ გახდა უკრაინის უპირატესობა. ღარიბაშვილის მხრიდან შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია უკრაინის ბოლოდროინდელი გამარჯვებებით?
_ ასე მგონია. ჩნდება კითხვა, _ რატომ შეიცვალა თავისი რიტორიკა რამდენიმე თვის განმავლობაში ღარიბაშვილმა? დღეს სხვანაირად აცხადებს. კარგია, რომ მან თავის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და ამ შემთხვევაში მას ვეთანხმები, მაგრამ ჩნდება კითხვები, _ როდის იყო ღარიბაშვილი გულწრფელი, _ მაშინ თუ ახლა?! ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ხანდახან შეიძლება პრობლემურიც კი იყოს თვალთმაქცობა. ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრობს, „ოთხეულს“ არ ემიჯნებიან არც ღარიბაშვილი და არც მისი გუნდის წევრები, პირიქით, აცხადებენ, რომ კოლეგები არიან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში აქეთ ადანაშაულებენ კიდეც. ვერ გავიგე, სიმართლეს როდის ამბობს პრემიერი.
_ თქვენ თქმით, ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს?
_ დიახ, მე ასე მგონია.
_ ხელისუფლების მხრიდან ორმაგი თამაში რამ გამოიწვია? _ იმან, რომ ფსონებს დებს ორივე პოზიციაზე, თუ იმან, რომ რუსეთის შესუსტების ფონზე შეშინებულია და იძულებულია, უკრაინასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას დაუჭიროს მხარი?
_ ასე ჩანს, რომ ხელისუფლება ორივე მიმართულებით თამაშობს. გარდა ამისა, შეიძლება ივანიშვილისგან რაღაც შენიშვნები დაიმსახურონ თავიანთი განცხადებების გამო და ამის შემდეგ შეიცვალონ პოზიცია. ჩვენ ვიცით, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, როგორ აძლევს ივანიშვილი დავალებას ხელისუფლების წარმომადგენლებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს. ყოველ შემთხვევაში, თუ სპეციალურად პრორუსი არ არის ხელისუფლება, თავისი ქმედებებით ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, რაც მართლაც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს. ამიტომაც პრემიერის გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლა და გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, კითხვებს ბადებს.
_ ღარიბაშვილმა გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ „საქართველო მზადაა, გაზარდოს წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, _ აქვს საქართველოს ამის რესურსი ამ ეტაპზე და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში?
_ გარკვეული რესურსი ამისთვის ჩვენს ქვეყანას აქვს. საქართველოს სამშვიდობო ძალები მოღვაწეობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთის ტერიტორიაზე, _ ეს ჩვენ კარგად ვნახეთ, მანამდე ერაყის ტერიტორიაზე. მართალია, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ საქართველოს აქვს გარკვეული რესურსები, თუმცა საჭიროა ნება, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს. რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას, ამისთვის საქართველომ დემოკრატიული რეფორმები უნდა ჩაატაროს ქვეყანაში, რომ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-საც და ევროკავშირსაც, უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რათა შეიქმნას წინაპირობა, რომ შემდგომში საქართველომ წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების საკითხში.
_ ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში ევროკომიის მიერ დაკისრებულ 12 ვალდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ“, _ ჩვენ ვადევნებთ თვალს სამუშაო ჯგუფების მუშაობას პარლამენტს შიგნით. რამდენად ადეკვატური იყო პრემიერი ამ ნაწილში?
_ რა თქმა უნდა, გრაფიკს ვერანაირად ვერ ვუსწრებთ. ჯერ ერთი მთავარი მოთხოვნა არ სრულდება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაყენებული და რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. როცა „ქართული ოცნების“ წევრები (მათ შორის, ღარიბაშვილი) აცხადებენ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, როდესაც დასავლელი პარტნიორების შეფასებით სწორედ ივანიშვილია ოლიგარქი, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. დანარჩენზე კი ცოტა რთულია საუბარი, როდესაც ივანიშვილს არ ემიჯნებიან, რომლის ქონებაც შეადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ზე მეტს… ან კი როგორ გაემიჯნებიან ივანიშვილს?
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩნდება კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გულწრფელობასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, როგორ აღიქვამდნენ პრემიერის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები? რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა მათთვის ღარიბაშვილის გამოსვლა?
_ არ მგონია, რომ მათთვის ეს გამოსვლა დამაჯერებელი ყოფილიყო, რადგან ძალიან კარგად ვიცით, როგორ აკრიტიკებენ საჯაროდ „ქართული ოცნების“ წევრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამიტომაც, ბუნებრივია, ერთია განცხადება და მთავარია ქმედებები. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაცილებით დიდ ყურადღებას რეალურ ქმედებებზე გაამახვილებდნენ და არა განცხადებაზე.
_ გასული კვირა საინტერესო იყო იმითაც, რომ NDI-მ (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რაზე მეტყველებს კვლევის ეს შედეგები?
_ ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ აისახება დადებითად ქვეყნის ინტერესებზე იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ასეულშიც კი ვერ შედის. იმის გამო, რომ საქართველოში იზრდება და 600 ათასს აჭარბებს სოციალური დახმარების მქონე ადამიანთა რაოდენობა, ის, რომ 2022 წელს საქართველო 100 ათასმა ადამიანმა დატოვა, ღარიბაშვილი კი საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ქვეყანაში ინფლაციური პროცესებია და ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, იზრდება ფასები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა. თუმცა ოპოზიცია ვერ ავითარებს სწორ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა, სწორედ ის იქნება გარანტი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. ქვეყნის დასავლეთის დემოკრატიულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ეს, სამწუხაროდ, ოპოზიცის მხრიდან არ კეთდება და ამიტომაც არის, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 54% არ ენდობა არც ერთ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი არის მოსურნე იმისა, რომ გამოცხადდეს საარჩევნო უბნებთან, ის არ არის გულგრილი საარჩევნო პროცესების მიმართ, მაგრამ არ ენდობა ხელისუფლებას, ამავე დროს აცხადებს, რომ ოპოზიციაც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვთქვათ „ნაციონალური მძრაობა“, ისინიც არ მინდაო. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ ატარებს შესაბამისს პოლიტიკას.
_ გარდა იმისა, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, „ოპოზიცია არ ატარებს შესაბამისს პოლიტიკას“, ისინი მუდმივად ქმნიან მოსახლეობაში მოლოდინებს, რომ რაღაც შეიცვლება, რომ გაზაფხულზე საპროტესტო მუხტი აგორდება, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვლება, მსგავსი არაერთი მოლოდინი შეუქმნეს საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ოპოზიციის მიერ შექმნილი ყოველი ასეთი მოლოდინი იმედგაცრუებით სრულდება. რით ახსნით იმას, რომ ოპოზიცია წლებია, მოსახლეობას ასეთ ცრუ მოლოდინებში ამყოფებს?
_ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მან არ დაკარგოს იმედი, იყოს აქტიური, რომ ყოველთვის იყოს მზადყოფნაში, რომ ხელისუფლება შეიცვლება, რომ არაფერი დაკარგული არ არის, უხეშად რომ ვთქვათ, „ყურები არ ჩამოყაროს“, თითქოს აქეთკენ არის მიმართული ოპოზიციის ქმედება. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება შეცდომაც იყოს, როდესაც აცხადებენ, რომ ხელისუფლება შეიცვლება და „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, ამ დროს კი ცვლილება არ ხორციელდება. სამოქალაქო სზოგადოების წარმომადგენლებმა ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას, 1-კვირიანი ვადა მისცეს, რომ მთავრობა გადამდგარიყო. როცა ეს ვერ ხდება შეიძლება გარკვეული ნდობა ელექტორატმა დაკარგოს ოპოზიციის მიმართაც. ამიტომაც აუცილებელი არ არის აქციის ჩატარება, აუცილებელია, პირველ რიგში, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება სოციალური ქსელების მეშვეობით, უშუალოდ შეხვედრებით მოსახლეობასთან, დაარწმუნონ ის, რომ ოპოზიცია სჯობს ხელისუფლებას, დაარწმუნონ მოსახლეობა, რატომ სჯობს, არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია, არამედ მთელი ოპოზიცია. აუხსნან მოსახლეობას, რომ კოალიციური მმართველობა იქნება და ასეთ შემთხვევაში არც ერთ პარტიას არ ექნება მონოპოლია.
_ ცრუ მოლოდინების გარდა, რაც ოპოზიციის მხრიდან სისტემატურ ხასიათს ატარებს, აქტუალური იყო საპარლამენტო ბოიკოტის თემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ხან ტოვებდა პარლამენტს, ხან კი ისევ უბრუნდებოდა საპარლამენტო საქმიანობას. დამეთანხმებით, რომ უნდობლობა ამანაც გამოიწვია მოსახლეობაში. ამ ეტაპზე და დღევანდელი მოცემულობით, ფიქრობთ თუ არა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი დაეხმარება ოპოზიციას დაკარგული ნდობის აღდგენაში?
_ ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში იმიტომ, რომ იქ არის გარკვეული საკონსტიტუციო ცვლილებები განსახორციელებელი, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ასევე ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომაც ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტის გარეთ. ეს აუცილებელია. პარლამენტის დატოვებისკენ ოპოზიციას ბევრი მოუწოდებს, მაგრამ რომ გამოვიდეს, საქმე წინ ვერ წაიწევს. დავუშვათ, ოპოზიციამ დატოვა პარლამენტი, _ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას გაუადვილდება იმ კანონების მიღება, რომელიც ხელისუფლების ინტერესებზე უფრო აისახება.
_ ვხედავთ, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, სადაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობენ. დღევანდელი მოცემულობით, აქვს თუ არა ხელისუფლებას მზაობა, მართლაც შესრულდეს ეს პუნქტები?
_ ვერ ვხედავ ამის მზაობას. თუნდაც ის ფაქტი, რომ არ ემიჯებიან „ოთხეულს“, კეთდება ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები. პირიქით, ეს ადამიანები კვლავ მოიაზრებიან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებად, იგივე კობახიძე და სხვები ამერიკულ მხარეს სდებენ ბრალს ყველაფერში. ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზაობა, ქვეყანა განვითარდეს. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ევროკავშირმა გადაიტანა საქართველოს საქმის განხილვა 2023 წლისთვის.