ნიკა ჩიტაძე: „რაც უფრო მეტს გაუძლებს უკრაინა, მით უფრო დასუსტდება რუსეთი“

ნენე ინჯგია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 31 მარტს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას.

ზელენსკიმ ელჩის გაწვევის რამდენიმე მიზეზი დაასახელა:

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის _ მოძებნეთ სხვა სამსახური“, _ განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზის შესახებ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (პირველ მარტს) განცხადა მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

რაზე მეტყველებს ზელენსკის გდაწყვეტილება? გამწვავდება თუ არა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები? არსებობს თუ არა რეალური შანსი იმისა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ ნიკა, ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა. დიპლომტიურ ენაზე რას ნიშნავს ეს? რამდენად ხისტი ნაბიჯი იყო ზელენსკის გადაწყვეტილება?

_ დიპლომატიურ ურთიერთობებში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსდმი პრეტენზიის წაყენების შემთხვევაში არსებობს პროტესტის გამოხატვის სამი ძირითადი ფორმა: პირველი არის, როდესაც მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ წარმგზავნი ქვეყნის საგანგებო და სრულფლებიან ელჩს კონსულტაციებისთვის. პრინციპში, საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუბარებიათ; მეორე ეტაპი არის, როდესაც წარმგზავნი ქვეყანა გაიწვევს საკუთარ ელჩს ქვეყანაში კონსულტაციისთვის; მესამე და ყველაზე უკიდურესი ფორმა გახლავთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში პროტესტის გამოხატვის მეორე ფორმასთან, როდესაც ელჩი გაიწვიეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ხისტი გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ზელენსკიმ რამდენჯერმე მანამდეც გააკეთა გარკვეული განცხადებები და მინიშნება საქართველოს მთავრობის მისამართით. პირველი, როდესაც ის მიესალმა მრავალათასიან მიტინგს თბილისში, მაშინ როცა ომი სულ რაღაც სამი დღის დაწყებული იყო და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ხალხი სჯობს საკუთარ მთავრობას. მეორე შემთხვევაში მან, გარკვეულწილად, უკმაყოფილება გამოხატა საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართ, ესეც კარგად გვახსოვს; დაახლოებით სამი კვირის წინ გააკეთა განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ, რაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა კიდეც. ბუნებრივია, ამ ყველაფერს წინ უძღოდა სხვადასხვა ფაქტორი: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და მას საქართველოში აქვს თავისი საქმეები; 2. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უკრაინის პოლიტიკური ელიტა დაადანაშაულეს იმაში, რომ გარკვეული მაღალჩინოსნები დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ზემოქმედებს უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ მათ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგან. ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტი მსოფლიო არენაზე ამაღლდა. წამყვანი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლებს უსმენენ, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება ხან პირდაპირ, ხან ირიბად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას. პირველ რიგში, თავიანთი პირადი ამბიციების დაკმაყოფილებით არიან დაინტერესებულნი და არა საქართველოს ეროვნული გამოწვევებით. შესაბამისად, აქედან გამომდინარე გაიწვიეს ელჩი.

_ გასაგებია, რომ ეს არ იყო ყველაზე ხისტი ფორმა, მაგრამ თავად ზელენსკის განცხადებას როგორ შეაფასებთ, რა იკითხებოდა მის სიტყვებში?

_ მინიშნება იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. პრინციპში, ზელენსკიმ თქვა კიდეც, რომ თითქოს ელჩმა ვერ დაიყოლია საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენს ხელისუფლებას შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მან ირიბად კვლავ პრეტენზია წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს.

_ სანქციები ახსენეთ და რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება?

_ რაც შეეხება სანქციებს, გასაგებია, რომ რთულია რუსეთს საქართველომ ეკონომიკური სანქციები შემოუღოს. ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ სანქციები თუ შემოვიღეთ, მაშინ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს ყველაფერი მძიმედ აისახებაო. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოლაპარაკება შედგა რუსეთთან, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნებულიყო. თუ 2010 წლის მონაცემებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 260 მილიონ დოლარს და რუსეთი გახდა საქართველოს ნომერ მეექვსე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა რუსულ ბაზარზე აღემატებოდა 600 მილიონ დოლარს და რუსეთიდან ქართულ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციის მოცულობა აღემატებოდა მილიარდ ორას მილიონ დოლარს, ანუ რუსეთი გახდა საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. ქართული ღვინოების 60%-ის რეალიზაცია ხორციელდება რუსულ ბაზარზე. ქართული ექსპორტის 11% რეალიზდება რუსულ ბაზარზე. გარდა ამისა, თითქმის 100%-ით არის საქართველო დამოკიდებული რუსულ ხორბალზე, ამიტომაც, აქედან გამომდინარე, თვითონ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გაყო თავი მარყუჟში, თუმცა, საერთო ჯამში, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ქართული სახელმწიფო და საქართველოს თითოეული მოქალაქე.

_ თქვენ დაასახელეთ დიპლომატიურ ურთიერთობებში პროტესტის ყველაზე ხისტი ფორმა. ეს არის საერთოდ კონტაქტის შეწყვეტა? _ არსებობს თუ არა იმის საფრთხე, ყველაფერი ამ ეტაპამდე მივიდეს?

_ ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ სხვა ტიპის განცხადებები გააკეთოს, მათ შორის, შეურაცხმყოფელი ხასიათის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მიმართ. არ მგონია, რომ საქმე მივიდეს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამდე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ურთიერთობები ისედც გაცივებულია და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც უფრო გაცივდეს. საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში იყო დრო, როდესაც არანაირი ოფიციალური პირების ვიზიტი საქართველოდან უკრაინაში და უკრაინიდან საქართველოში არ განხორციელებულა, მაგალითად, პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ოდესის გუბერნატორი იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა, მერე ეწვია პოროშენკოს. ამიტომაც შესაძლებელია ურთიერთობების შემდგომი გაცივება, სამწუხაროდ, და ამაში ძირითადი ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, რადგან იგი პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებს უკრაინის იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს იბრძვის თავის ხალხთან ერთად არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ _ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

_ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კონტექსტში სააკაშვილი ახსენეთ, _ თქვენ ის პერიოდი გაიხსენეთ, როცა მესამე პრეზიდენტი უკრაინაში იყო, _ ის ახლა ციხეშია, ამჯერად რა როლი აქვს მას და როგორ ხედავთ მის ფუნქციას ამ მოცემულობაში?

_ სააკაშვილი მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობდა და თამაშობს. გასაგებია, რომ უკრაინის ყურადღება კონცენტრირებულია საომარ მოქმედებებსა და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესზე, თუმცა როდესაც საომარი მოქმედებების დინამიკა შედარებით შენელდება, არ არის გამორიცხული, უკრაინამ კვლავ წაუყენოს მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მე უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად გაზრდილია და, ბუნებრივია, მისი სურვილი იქნება, დაიცვას საკუთარ მოქალაქე, ანუ სააკაშვილი. სააკაშვილი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია ამ შემთხვევაში უფრო გააცივოს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად გაზრდილია, თუმცა რამდენად აკეთებს უკრაინისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი?

_ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ თავის დროზე რუსეთს შერჩა, „გაუვიდა“ გენოციდი ჩეჩნეთში, 2008 წლის ომი საქართველოსთან და 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია. რუსეთს მაინც უწევდნენ ანგარიშს და დასავლეთი ბოლომდე ცდილობდა, დიპლომატიური გზებით მოეგვარებინა პრობლემები რუსეთსა და დასავლეთს შორის, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის. რუსეთმა ამ შემთხვევაში სამხედრო თვალსაზრისით ბევრი რამე ვერ გათვალა. ვერ გათვალა ის, რომ უკრაინაში შეხვდებოდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. ასევე ვერ იმუშავა სამხედრო დაზვერვამ. რუსეთი იმედოვნებდა, რომ 3-4 დღეში აიღებდა კიევს. გარდა ამისა, ვერ იმუშავა პოლიტიკურმა დაზვერვამ, რომელიც ეწევა მოსახლეობის განწყობის შესწავლას მოსალოდნელ საოკუპაციო ზონებში. აქედან გამომდინარე, ომი გაიწელა. რაც შეეხება დასავლეთს, თავიდან დასავლეთმა დაუშვა შეცდომა, არ ეგონა, რომ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში. შემდგომში, ისევე როგორც რუსულმა დაზვერვამ, ამერიკის დაზვერვამაც შეცდომა დაუშვა და ვერ შეაფასა უკრაინის სამხედრო პოტენციალი. ამერიკის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ კიევი 96 საათში დაეცემოდა, მაგრამ, ასეა თუ ისე, შეცდომების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის დახმარება, რომელსაც დასავლეთი დღეს უკრაინას უწევს, მათ შორის, თავისი ეკონომიკური ზრდის შენელების ხარჯზე. რუსეთის ნავთობზე ემბარგოს შემოღების შემდეგ, რა თქმა უნდა, ნავთობზე ფასები გაიზარდა და ამიტომაც დასავლეთის ქვეყნებში მოქალაქეებს გაეზარდათ საწვავზე საფასური, ისევე როგორც საქართველოში. გერმანიის კანცლერმა, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა ისაუბრეს, რომ გერმანიის ეკონომიკას შესაძლოა სანქციების შემოღება ძვირად დაუჯდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ის სიძვირე, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის შეკავებასთან. ბევრმა ქვეყანამ თავისი ეკონომიკის შემცირების ხარჯზე დიდი საფასური გაიღო, როგორც ეკონომიკური ხასიათის, ასევე _ საინფორმაციო და სამხედრო. სამხედრო ნაწილში მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია უკრაინას, მათ შორის, პირველ რიგში, თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის მიწოდების ნაწილში, ვგულისხმობ ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. ასე მგონია, რომ დღეს დასავლეთის პოზიცია რადიკალურად შეცვლილია, _ ქვეყნები, რომლებიც, თავის დროზე, აფიქსირებდნენ რუსეთისადმი ლოიალურ პოზიციას, დღეს აკრიტიკებენ რუსეთს. ისინი ყველაზე აქტიურად გვევლინებიან სანქციების შემოღებისა და მოქმედების სფეროში. ამ ნაწილში ვგულისხმობ: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას. ბევრი ქვეყანა დღეს სერიოზულად განიხილავს თუნდაც იმ ფაქტს, რომ უარი თქვან რუსულ გაზზე. მაგალითად, გერმანია, რომელმაც შარშან ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება 55%-ით დააკმაყოფილა რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ხარჯზე, თუმცა დღეს უკვე იმაზე საუბრობს, რომ 2024 წლისთვის გეგმავს, სრულიად განთავისუფლდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ასევე ფიქრობენ სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, საფრანგეთი 20%-ით არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. საფანგეთსაც სურს, მთლიანად განთავისუფლდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები ატარებს გრძელვადიან ხასიათს.

_ ამ პროცესების პარალელურად კი რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები იმართება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ უმოკლეს ვადებში?

_ რაც შეეხება შეთანხმებას, არ არის რეალური, რომ ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას, ვინაიდან სამშვიდობო შეთანხმება, როგორც ასეთი, უნდა გულისხმობდეს უკრაინის ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას, ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონების ჩათვლით. ეს არ მოხდება, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს, მაგრამ რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უკრაინას აწყობს შეწყდეს საომარი მოქმედებები და არ იბომბებოდეს უკრაინის დასახლებული პუნქტები, აირიდოს მსხვერპლი. თავის მხრივ, რუსეთი ხედავს იმ ფაქტს, რომ დიდ დანაკარგს განიცდის, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ავღანეთის ომის დროს, 10 წლის განმავლობაში, საბჭოთა იმპერიამ დაკარგა, დაახლოებით, 14 ათასი სამხედრო, ერთ თვეში კი რუსეთმა 15 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამიტომაც რუსეთი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საბრძოლო სულისკვეთება ჯარში დაბალია, რომ მთავარ ქალაქებს ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, აქედან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს, როგორმე გამოვიდეს ღირსეულად ამ ვითარებიდან. ამიტომაც ერთ-ერთი ვარიანტია, რომ რუსეთმა ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ, ჯერჯერობით, აქ მთავარი პრობლემა ისევ პრობლემად რჩება _ ეს არის დონბასისა და ლუჰანსკის რეგიონები. რუსეთს სურს კუდის მოქნევა, როგორმე გამარჯვებული გამოვიდეს ომიდან, რაღაც ტერიტორია მიითვისოს, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის შეთხვევაში 1939 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა ფინეთი მთლიანად ვერ დაიპყრო, ტერიტორიის 10% დაიკავა, რომ როგორმე ომიდნ გამარჯვებული გამოსულიყო და, დაახლოებით, 250 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე საბჭოთა იმპერიამ ფინეთს შეაკლა. იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს დღეს, _ რუსეთმა მიმართოს ძალისხმევა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისკენ და როგორმე გამარჯვებული გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის ძალაუფლება იქნება შერყეული. აქედან გამომდინარე, რუსეთმა წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების შედეგად შეიძლება, როგორღაც, დღეს შეწყვიტოს ცეცხლი ან მოლაპარაკებები აწარმოოს და მოახდინოს იმიტაცია იმისა, რომ თითქოს დიალოგის მომხრეა, ამით დრო მოიგოს და ამ დროს კი ჯარები გადააჯგუფოს და შემდგომ შეტევა მიიტანოს იმ ოლქების ნაწილზე, რომელსაც დღეს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ყოველ შემთხვევაში, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უფრო შესაძლებელია, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება. სამშვიდობო შეთანხმება გრძელვადიანი პროცესია და არ მგონია, რომ ახლო მომავალში ამ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. ყირიმთან, დონბასსა და ლუჰანსკთან დაკავშირებით, ასე მგონია, რომ მოლაპარაკებათა პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ეს უკრაინას აწყობს. უკრაინისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს, რადგან სანქციები, რომლებიც რუსეთის მიმართ არის დაწესებული, სულ უფრო გაძლიერდება და რუსეთი დროდადრო უფრო და  უფრო დამთმობი შეიძლება გახდეს, ამიტომაც დრომ უკრაინის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს.

_ დღევანდელი მოცემულობით, რამდენად მუშაობს დრო უკრაინის სასარგებლოდ?

_ ნაწილობრივ მუშაობს, იმიტომ, რომ სანამ უკრაინული ქალაქები იბომბება, მაინც რთულია თქმა, რომ მთლიანობაში დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ იმიტომ, რომ დასავლეთიდან უკრაინაში უფრო მეტი სამხედრო ტიპის დახმარება მოდის და რუსეთის მოსახლეობა უფრო მეტად გრძნობს სანქციების შედეგს. ხალხს ჯერ კიდევ აქვს დანაზოგები, თუმცა ამ დანაზოგებს ნელ-ნელა დაკარგავს და უფრო მწარედ იგრძნობს პრობლემებს. ამ მიმართულებით კი მუშაობს დრო უკრაინის სასარგებლოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი იღუპება, მარიუპოლი ალყაშია, რამდენიმე რეგიონში ფრონტის ხაზი არის გახსნილი და მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება. რაც უფრო მეტს გაუძლებს უკრაინა, რუსეთი მით უფრო დასუსტდება, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და საინფორმაციო თვალსაზრისითაც. უფრო და უფრო მეტ სანქციას აამოქმედებს დასავლეთი. პირველ აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. გარდა ამისა, დასავლეთი მუშაობს, რომ განთავისუფლდეს რუსული ნავთობისა და გაზისგან. რუსეთში საბიუჯეტო შემოსავლების 30%-ს შეადგენს ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. რთული ვითარებაა, მაგრამ, საერთო ჯამში, ფაქტია, რომ უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტი ამაღლდა, მსოფლიო იცვლება და იცვლება, ალბათ, უფრო დემოკრატიული ძალების სასარგებლოდ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თუნდაც რუსეთ-ჩინეთის შესაძლო ალიანსი, ლავროვის ვიზიტი ჩინეთში, ირანთან მოლაპარაკებები და რუსეთის ირანთან თანამშრომლობა, გარკვეულწილად, შეშფოთების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ დასავლეთმაც აქტიურად უნდა იმუშაოს, თუნდაც, ჩინეთსა და ირანთან, რადგან დასავლეთის მხრიდან ახლა ჩინეთისა და ირანის კრიტიკა არ იქნება ხელსაყრელი მისთვისვე. პირიქით, რუსეთს ყველა პოტენციური მოკავშირე უნდა ჩამოაცილონ, მით უმეტეს, ამის ბერკეტი არსებობს. რაც შეეხება ჩინეთს, ლავროვი კი ჩავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის 2021 წელს სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობამ შეადგინა 147 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში, როდესაც აშშ-სა დ ჩინეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა 700 მილიარდი დოლარია, ევროკავშირსა და რუსეთს შორის კი 500 მილიარდი ევრო. ჩინეთი დასავლეთზე უფრო მეტად არის დამოკიდებული ეკონომიკურად. ამიტომაც დასავლეთმა ეკონომიკური ბერკეტები უნდა აამუშაოს. ჩინეთს უნდა დაჰპირდნენ ინვესტიციების დაბანდებას და ა. შ. რაც შეეხება ირანს, მასთან დაკავშირებით სანქციები უნდა შერბილდეს და თუ ევროპა ეძებს გაზის ალტერნატიულ მარშრუტს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ირანთან შედგეს მოლაპარაკებები. ევროპამ ირანს შესთავაზოს, რომ ირანული გაზის იმპორტს განახორციელებს ევროპულ ბაზარზე, თურქეთის ტერიტორიის გავლით და ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ არსებობს ირანსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენი. თუ დასავლეთი კიდევ უფრო აქტიური იქნება იმისკენ, რომ რუსეთს ჩამოაშოროს პოტენციური მოკავშირეები, რა თქმა უნდა, დრო უფრო ნაყოფიერად იმუშავებს უკრაინის სასარგებლოდ.

_ ამ ყველაფრის პარალელურად კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით, _ რამდენად საფრთხის შემცველია ეს საქართველოსთვის?

_ რუსეთს სურს, რომ ხელმოცარული არ დარჩეს რუსეთ-უკრაინის ომიდან, რომ მთლიანად შეიერთოს დონბასის, ლუჰანსკის რეგიონი და ასევე საქართველოსაც გადასწვდეს. თუ ლუჰანსკსა და დონეცკში რუსეთმა ვერ განახორციელა წარმატებით შეტევა სამხედრო თვალსაზრისით, ე. წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მაინც იღონოს რამე, რომ არ დარჩეს მთლად ხელცარიელი და რომ აუხსნას პუტინმა მოსახლეობას, რომ, საერთო ჯამში, რუსეთის ტერიტორიები გაფართოვდა და ცხინვალის რეგიონი ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. როდესაც რუსეთმა ყირიმი „შეიერთა“, პუტინის რეიტინგმა 80%-ს გადააჭარბა. თუ ცხინვალის რეგიონს შეიერთებს, პუტინის რეიტინგი უნდა ამაღლდეს და ეს იქნება კომპენსაცია იმისა, რომ რუსეთი განიცდის წარუმატებლობას უკრაინის ფრონტზე. რაც შეეხება ე. წ. სამხრეთ ოსეთს, საქართველომ ე. წ. რეფერენდუმის საკითხი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, საკითხავია. ამ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება. თუ რუსეთმა განაცხადა, რომ „იერთებს“ სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო, დე იურე ვითარება არ შეიცვლება, რადგანაც საერთაშორისო საზოგადოება, რა თქმა უნდა, ცნობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილად, ხოლო დე ფაქტოც არ შეიცვლება იმიტომ, რომ დღეს დე ფაქტო რუსეთს ანექსირებული აქვს ცხინვალის რეგიონი. ვგულისხმობ იმას, რომ ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტის 99% ფორმირდება რუსეთიდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე. ასევე ცხინვალის რეგიონის უკანონო ბანდფორმირებები შეუერთდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს დასავლეთთან იმაზე, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობა უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის პრობლემის მოგვარება, არამედ საქართველოსა და მოლდოვის პრობლემების აღმოფხვრა.