ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება ჰგავს ქარის წისქვილებთან ბრძოლას“
გიგა გელხვიიძე
ჩვენ გავდივართ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მძიმე პერიოდს, რომელშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთდროულად იმყოფებიან _ რა გავლენები აქვს მოქალაქეებს ამ პროცესებზე და რა შეცდომა დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს?
პრეზიდენტის ინსტიტუტი _ დამოუკიდებელი ორგანო თუ უწყება, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც თავადვე იმართება სხვისი ხელით?
რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში და რა შეცდომებს უშვებს საპარლამენტო ოპოზიცია? როგორია გარედან დანახული საპარლამენტო ცხოვრება?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“-მა ჩაწერა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე:
_ ქალბატონო ნინო, რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში და რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდის ქმედებები?
_ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ხდება ის, რაც ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე. ძალიან მძიმე და რთული სურათია, რომელიც ქვეყნის პერსპექტივისთვის შემაშფოთებელია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ის ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენებს იმას, რომ მათი მთავარი ამოცანა არის ერთადერთი რამ: რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება, მაგრამ ასეთი ქმედებებით რამდენად და რამდენ ხანს შეძლებენ ამას, ეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ყველა მათი მოქმედების უკან იკითხება ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად, რომ აკონტროლონ სასამართლო ხელისუფლება და ისტერიულად დიაცვან მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. პარლამენტი გამოიყურება ძალიან მრუდედ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ არ მომწონდა ის პარლამენტი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, უფრო მეტი მინდოდა, უფრო სხვანაირი მინდოდა, რომ ყოფილიყო და ახლა მეცინება, რამდენად თვითკრიტიკული ვიყავი პარლამენტის მიმართაც, ჩემი თავის მიმართაც. იმ ფონზე, რასაც ახლა ვხედავთ, ამას ძალიან რთულია, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტი დაარქვა. უფრო სწორად, რაც არ უნდა მოინდომო, ვერ დაარქმევ ვერც დემოკრატიულ პარლამენტს და ვერც პარლამენტს. ასე რომ, ვითარება ძალიან მძიმეა, ძალიან რთული და სამწუხარო ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.
_ და ამ ყველაფრის ფონზე როგორ გამოიყურება საპარლამენტო ოპოზიცია?
_ ოპოზიციას უნდა სცოდნოდა, რომ იმ შედეგს მიიღებდა, რაც ახლა არის და არაფერი შეიცვლებოდა იმით, თუ „ქართულ ოცნებას“ „გაუპრავებდნენ“ ამ პარლამენტს. კარგად იყო ცნობილი ის, რომ არაფერს გააკეთებდა „ქართული ოცნება“ არც შარლ მიშელის დოკუმენტის და არც 12 პუნქტის შესასრულებლად. ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება ჰგავს ქარის წისქვილებთან ბრძოლას იმიტომ, რომ არანაირი მექანიზმი და სურვილი ხელისუფლების მხრიდან, ელემენტარული საპარლამენტო თანამშრომლობა, რომ ნორმალურად წავიდეს, ეგეც კი არ არის და ეს უნდა სცოდნოდა ოპოზიციას. ოპოზიცია ადეკვატურად რომ მოქცეულიყო 2020 წელს, 2021 წელს აუცილებლად მივიღებდით ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ რას ვიზამთ, ეს შანსი არ გამოიყენა ოპოზიციამ და ამის შედეგებს ახლა ვიმკით.
_ როგორ შეაფასებდით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს, რომელიც ქართველ მოსამართლეებს დაუწესეს?
_ სერიოზული გზავნილია, ეს არის პირველი შემთხვევა, სხვა მსგავსი გზავნილი მე არ კი ვიცი. ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეაქცია, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამ ყველაფერზე. ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური, ნორმალური და დიპლომატიური პასუხები გაეცათ ამ სანქციების შემოღებაზე, პირიქით, იქით დაუწყეს ბრალდებების წაყენება აშშ-ს. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სახეს. ეს ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, როდესაც ხალხს ჰყავს დასანქცირებული მაღალი რანგის მოსამართლეები, როცა ნაბიჯებს არ დგამ იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. ერთადერთი შანსი იმისა, რომ მივიღოთ ეს კანდიდატის სტატუსი, არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ არ გაირიყოს საქართველო, თუმცა ობიექტურად ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის და თუ ამ სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება დასავლელი პარტნიორების კეთილი ნება და დამსახურება.
_ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მინდა, რომ შეგვიფასოთ _ ორი მკვეთრად დაპირისპირებული მხარე უკვე გამოიკვეთა. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს მთავარ ოპოზიციურ პარტიას?
_ მოგეხსენებათ, არ არის მართებული, როდესაც ერთი პარტიის წარმომადგენელი მეორე პარტიის შიდა საქმეების შესახებ ლაპარაკობს, მაგრამ როცა საუბარია ისეთ ოპოზიციურ პარტიაზე, რომელსაც ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვარაუდები გავაკეთოთ, რა გავლენას მოახდენს ეს პოლიტიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს, რადგანაც ეს გაუთავებელი დაპირისპირებები, კითხვის ნიშნები, ძალიან ცუდია თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი საერთო პროცესს აზარალებს, არ უნდა გვიხაროდეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციაში არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, სხვა პარტიების ქცევაც არაა ნაკლები, რომლებმაც ვერ გაითავისეს, რომ ვერცერთი პარტია ვერ გაძლიერდება ისე დამოუკიდებლად, რომ პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, ვერცერთი პარტია, ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს პოლიტიკური პროცესების შეცვლას. არ უნდათ ამის გაგება. ყველას მიაჩნია, რომ რაღაც მარათონში უნდა მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებლად, რომ პარტია გააძლიეროს და მირბიან სადღაც, სად _ არ ვიცი, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ფინიში ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლა, თუ ოპოზიციური პარტიები არ გაერთიანდნენ და ერთხელ და სამუდამოდ არ მიმართეს ყველაფერი იმისკენ, რომ ვითარება შეიცვალოს და მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნები მივიღოთ. გაიგებს ამას ოპოზიცია კარგია, ვერ გაიგებს და ნუ გაიგებს… მახსოვს, პოლიტიკური პარტიები როგორ გვამუნათებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვამბობდით, რომ არ შეიძლება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომ მასაც და ევროპელ პარტნიორებსაც უნდა ავუხსნათ, რა მდგომარეობაა საქართველოში, აქ სხვა სპეციფიკური მდგომარეობაა და ის, რაც სწორია დემოკრატიისთვის, არ არის სწორი ავტოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც სულ სხვა რეჟიმით იმართება. აქეთ გვამუნათეს და გვასწავლეს ჭკუა იმ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავად არ აქვთ სათანადო პოლიტიკური გამოცდილება. შემდგომში კი, შედეგის მიუხედავადაც კი, ვერ გამოიტანეს სწორი დასკვნები. არ ვარ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციის მიმართ და არც მინდა, რომ ვიყო, მაგრამ იმ პრინციპით, რომ მოყვარეს პირში უძრახე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის სწორი პოზიცია, რომ დავანახო მათ რეალობა. მაგრამ არ უნდათ იმის აღიარება, რომ ვიღაცას მათზე ბევრად დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. არანაირ აღიარებას არ მოვითხოვ ვინმესგან, მე სრულიად მყოფნის ის აღიარება და შეფასება, რაც არსებობს ჩემი პიროვნებისა და პერსონის მიმართ რეალურ პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის, დასავლეთში, იციან რა გამოცდილების მატარებელი ვარ, არ ვთხოვ არავის აპლოდისმენტებს, თუმცა ჩუმად რომ გაითვალისწინონ ის, რასაც ვეუბნები, ძალიან კარგი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, 24 წელსაც მომიწევს ისევ თქმა, როგორც შარლ მიშელის შემთხვევაში, _ ხომ გეუბნებოდით… მაგრამ ეს შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს ადამიანისთვის, როდესაც ამას მტერს ეუბნები და ნიშს მოუგებ, მაგრამ არა მეგობრისთვის. როცა ამ ყველაფერს შენს თანამებრძოლებს ეუბნები, როცა შენი ქვეყნის პრობლემა არის, ჩემთვის სულაც არ გახლავთ სასიამოვნო, მოვბრუნდე და 2024 წელს თქვენთან ან სხვ ინტერვიუებში ვთქვა, რომ აი, ხომ გეუბნებოდით, ხომ ვიყავი მართალი-მეთქი. არ არის ეს ჩემთვის შეღავათი და დამაკმაყოფილებელი მომენტი, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზევით ძალა არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე და ჩემი პოლიტიკური პარტია ძალიან დავესუსტებინეთ, ჭკვიანურადაც მოიქცა, მე მას ამ შემთხვევაში ვერ გავაკრიტიკებ. ადამიანმა, რომელიც ცდილობს ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას, ზუსტად იცოდა, ვინ უნდა დაესუსტებინა, რა მიმართულებით უნდა წაეყვანა პოლიტიკური პროცესი, რომ ყოფილიყო ის აჯაფსანდალი, რაც ახლა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში. ძალიან მძიმე საყურებელია ოპოზიცია, ეს გულს მტკენს, არ მაძლევს იმის საშუალებას, რაიმე რეალურსა და პოზიტიურ პოლიტიკურ კურსზე ვილაპარაკო. ერთი მხრივ, ძალიან მძიმეა ამ ხელისუფლების ყურება, თუმცა არანაკლებია ოპოზიციის ხილვა.
_ როგორ აღიქვამს ამას ხალხი?
_ ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ხედავს ოპოზიციის არათანმიმდევრულობას, რომ ოპოზიციური ლიდერები ერთმანეთთან წესიერად ლაპარაკს ვერ ახერხებენ, რომ ერთგვარი მარათონია, თუ ვინ ჩაიგდებს ამ პოლიტიკურ პროცესებს ხელში. კი ბატონო, პოლიტიკურ კონკურენციაში, როდესაც ჩვეულებრივი ვითარებაა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა პარტიამ და ლიდერმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გარკვეული წარმატება მოიპოვოს, მაგრამ როცა ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც გემი იძირება, რა დროს კაპიტნობისთვის ბრძოლაა?! ეგებ, რაღაცნაირად, ის მოგეხერხებინა, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, გემის მდგომარეობა მოგეგვარებინა და როდესაც დასტაბილურდება და კაპიტნის კურსი იქნება განსასაზღვრი, მერე იბრძოლონ კაპიტნობისთვის. არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ იქნება კაპიტანი და ლიდერი. თუმცა მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ დღეს არ არის ქვეყანაში ისეთი ლიდერი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციას, მათ შორის, ჩემი ჩათვლით. არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც ვიყავით 2003-ში, დიდი ერთობაა საჭირო, რომელიც გააზავებს ყველაფერს და ერთობა ამ დროს ქმნის იმ სინერგიას, სადაც გაერთიანდება ოპოზიცია და ეს ნიშნავს ნორმალურ არჩევნებს, თუ ოპოზიცია გაერთიანდა ეს ნიშნავს კოალიციურ მმართველობას, სადაც ოპოზიციური ლიდერები მოძებნიან საერთო ენას და არ იქნება იდაყვებით გაწევ-გამოწევა, ვინ მიასწრებს თანამდებობის ადგილამდე. თუ ეს არ დაინახა ოპოზიციამ, მაშინ არაფერი მოხდება და 2024 წელს უმრავლესობით მივიღებთ ისევ „ქართულ ოცნებას“. შემდეგ კი დაიწყება იგივე, _ ოპოზიცია მოიწვევს სხდომას, არ ჩაატარებენ, შეაგროვებენ ხმებს კომისიისთვის, კვორუმი არ იქნება და გაგრძელდება ასეთი იწილო-ბიწილო, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას.
_ რამდენად მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის დახმარება, თუ ავნო კიდევაც ამ პროცესებით მას?
_ ნამდვილად გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს უნდოდეს, რამე ავნოს სააკაშვილს, მაგრამ ფაქტი ერთია, _ რომ ყოფილიყო ერთიანობა, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ძალა. როდესაც შენ დაკავებული ხარ შიდა პარტიული პრობლემებით, გავლენებისთვის ბრძოლით, როდესაც ასეთი პოლიტიკური ვითარებაა, ეს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციის მოთხოვნას.
_ სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება რომ შეგვიფასოთ, რომელიც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა…
_ ძალიან ვიკავებ თავს ქალბატონი სალომეს კრიტიკისგან. ბოლო პერიოდში მან ადეკვატური განცხადებები გააკეთა, მაგრამ ის, რომ ამ განცხადებებს არ მოჰყვა არცერთი ადეკვატური ნაბიჯი, მიმყარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს განცხადებები მას სჭირდება დასავლეთში კეკლუცისთვის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვის შემდეგ დასავლეთში მას კარები ყველგან ღია ჰქონდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ კურსი შეიცვალა ისე, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცის ამის შესახებ, ეს ხომ უბრალოდ ხალხის დაცინვაა და სხვა არაფერი. ის, რომ შეწყალებულთა სიაში არ არის ნიკა გვარამია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს არის სიტყვები და სხვა არაფერი. ეს ემსახურება მისი ევროპული იმიჯის გამყარებას.
_ ვინ მართავს სალომე ზურაბიშვილს?
_ მართავს-არმართავს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მას აქვს ისეთი ვალდებულებები, რომლის გამოც ხელ-ფეხი აქვს შეკრული და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე მოქმედებს. შეიძლება, მე გამოვრიცხავ იმას, რომ ვიღაც ყოველ წუთას ურეკავდეს მას და ეუბნებოდეს, ეს ასე უნდა გააკეთო და ეს ისე, მაგრამ მათ იციან, რომ ისეთი ადამიანი დასვეს პრეზიდენტად, რომელსაც აქვს წითელი ხაზები და იციან, რომ მათ ის ვერ და არ გადაკვეთს. მე ოპოზიციასაც ვაკრიტიკებ და ხელისუფლებასაც, პრინციპში, პოლიტიკოსებს არ გვაქვს დიდად იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობა ვაკრიტიკოთ, მაგრამ მოსახლეობამაც ჩაიხედოს საკუთარ თავში, ვის მისცეს ხმა, როგორი არჩევანი გააკეთოს. კი, ბევრმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი 2020 წელს, მაგრამ მაინც არ იყო ის აქტივობა, რაც უნდა ყოფილიყო და ამაში ოპოზიციასაც თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მოსახლეობასაც რომ უფრო მეტი ანალიზი გაეკეთებინა და მეტად აქტიური ყოფილიყო, ამხელა რესურსი „ქართულ ოცნებას“ აღარ ექნებოდა. თვითონ გადახედონ ყველაფერს და გააკეთონ ანალიზი, რისი შესაძლებლობა და უნარიც ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს.
_ დაუშვა თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ შეცდომა მარტის აქციების მოვლენების დროს?
_ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ის, რომ არ დაფიქსირდა ოპოზიციის ერთობა, ახალგაზრდებმაც კი დაინახეს, რომ იყო ამ პროცესების მითვისების მცდელობაც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან და ბევრი სხვა რამ, რის გამოც გვაქვს დღეს ეს რეალობა.
_ უნდა გაგრძელებულიყო თუ არა საპროტესტო ტალღა, ამას ვკითხულობ იმიტომ, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც ეს პროტესტი წარმოშვა, იყო ხელისუფლება. დღეს ისევ არის მთავრობა იმ სიმაღლეზე, სადაც მანამდე იყო?
_ ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა, რადგანაც საფრთხე რეალურად დაინახა თავისი ძალაუფლებისთვის და ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც მათ იმოქმედეს სწორად და ბუნებრივად. ის გულწრფელი პროტესტი, რომელიც ჰქონდათ ახალგაზრდებს, გააჩერა. გაიტანეს კანონი და პროტესტიც შეჩერდა. თუმცა ფაქტია, რომ პროცესები არ მიდის სწორად.
_ მარტის აქციებმა გამოკვეთა ე. წ. ხიდჩატეხილობის პრობლემა ახალგაზრდა თაობასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის _ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ორმა მხარემ საერთო ენა გამონახოს?
_ ხიდჩატეხილობას არ ვიტყოდი, თუმცა ბუნებრივია, რომ ახალგაზრდებს გარკვეული მაქსიმალიზმი ახასიათებთ და ამას ხელს უწყობენ პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი, როდესაც არაჯანსაღად ცდილობენ ახალგაზრდების გულის მოგებას. ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, არც ვიცი, ვინ საუბრობდა, მაგრამ სერიოზული გადაცემა იყო და ერთი ქალბატონო ამბობდა ასეთ რამეს, რომ ეს მონების შვილები არიან, ვითომ ჩვენ, ჩვენი თაობა, ჩვენი წინა თაობა ყველანი მონები ვიყავით. ასე არ შეიძლება, არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის ახალგაზრდებს. ვინ იყვნენ მონები? ვინც 1978 წელს ქართული ენა დაიცვა? ვინც 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის? ვინც შემდეგ ვაშენებდით საქართველოში დემოკრატიას, ესენი იყვნენ მონები? არ შეიძლება, ასეთი რამეებით ახალგაზრდების გულის მოგებას ეცადო და ამის გამო წინა თაობებს გადაუსვა ხაზი, ეს არის დათვური სამსახური ახალგაზრდებისთვისაც და პოლიტიკური პროცესებისთვისაც. ამ ახალგაზრდების ბებია-ბაბუებს და მშობლებს რომ არ ჰქონოდათ თავისუფალი სული და თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი არ ჩაენერგათ მათთვის, მონების შვილები ისევ მონები გაიზრდებოდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დასაფასებელია ის, რასაც ეს ახალგაზრდები აკეთებენ, თუმცა მათი მშობლებიც აკეთებდნენ იმავეს, როდესაც მათი ასაკის იყვნენ. ეს ჩატეხილი ხიდის პრობლემაც ამ შემთხვევაში არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალგაზრდებს უნდა დაანახო ერთობა, თანმიმდევრულობა, როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ არ შედიხარ პარლამენტში, მეორე დღეს შედიხარ, მერე გაჰყვირი გამოვდივარო და არ გამოდიხარ, ახალგაზრდებისთვის ეს მტკივნეული პროცესია. ერთობა უნდა შენარჩუნდეს და ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ ვერც ისინი შეცვლიან რამეს დამოუკიდებლად, უფროსების თანადგომის გარეშე და უფროსებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მათი თანადგომის გარეშე არაფერი გამოვა. ანუ თუ არ იქნა ერთობა თაობების, პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის.
_ დათმობს თუ არა მშვიდობიანი გზით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას?
_ სიმართლე გითხრათ, ძალიან საეჭვოა, რადგანაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რაც უფრო დაქსაქსული იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება, ახალგაზრდები ცალკე, მით უფრო მეტად ექნება „ქართულ ოცნებას“ ბრძოლის მოტივაცია. თუ მათ დაინახეს ერთიანი ძალა, როგორც ეს იყო 7-8 მარტს, როდესაც ხელისუფლებასა და მათ სტაბილურობას დაემუქრა სერიოზული საფრთხე, უკან დაიხიეს. საჭიროა სხვა მეთოდები, რადგანაც ის, რაც უკვე გამოყენებულია, შეიძლება უარესი იყოს. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. თუ სისუსტე დაინახეს, რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი გავლენებისთვის.
_ „ქრონიკა+“ 10 წლის ხდება, _ რას გვისურვებთ?
_ მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ 10 წლის იუბილე. ძალიან ბევრ საინტერესო მასალასა და ინტერვიუს აქვეყნებთ. სამწუხაროდ, როგორც წესი, საიმედო და სასიამოვნო წასაკითხი არაფერია, მაგრამ ეს არ არის თქვენი ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ ქვეყანაში ასეთი რთული და არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს. გისურვებთ, წარმატებულები იყოთ და ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მეტი მოტივაცია გქონდეთ.