მერაბ ბლადაძე: „სააკაშვილის თრევის კადრებს „ოცნების“ ლიდერები უყურებენ და ამით სიამოვნებას იღებენ“

შორენა მარსაგიშვილი

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ სულაც არ არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გასამართლებით. მისი აზრით, „ოცნებას“ სააკაშვილი ციხეში იმიტომ ჰყავს გამოკეტილი, რომ ვიღაცებმა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობით ისიამოვნონ.

ვინ განიცდის სიამოვნებას სააკაშვილის დამცირებით? რა თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“ „ნაციონალებთან“ ერთად? რატომ არ იქნება საქართველოში სოციალური აფეთქება? რატომ დუმს გიორგი გახარია და რა აქვს მას ჩაფიქრებული? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მერაბ ბლადაძე ესაუბრება:

_ ბატონო მერაბ, მეუფე ნიკოლოზი ინიციატივით გამოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოს და სასჯელი მოიხადოს მონასტერში შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი, რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

_ ამ კითხვაზე უკრაინის მაგალითზე გიპასუხებთ. გასულ კვირას კიევში ჩავიდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელზედაც ასევე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მას საზღვარი მალულად არ გადაულახავს, პირდაპირ სასამართლოში მივიდა. რა ქნეს უკრაინელებმა? ადგნენ და გამოუშვეს. სააკაშვილი ისე შემოვიდა, როგორც პრეზიდენტს არ ეკადრება. ამის მიუხედავად, ხმამაღლა გავაპროტესტე, როცა ვნახე, როგორ ათრევდნენ მას. ძალიან ბინძურად მოექცა მესამე პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლება. რაღაცნაირად არ მესმის ასეთი მოპყრობა პატიმრის მიმართ.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ რაღაც სასწაული და გაუმართავი სასამართლო სისტემა გვაქვს. ხალხს არ სჯერა სასამართლოსი. ქვეყანა მთლიანად ცირკად გადაიქცა. სასამართლოს პრეროგატივაა, გაუშვებს თუ არა სააკაშვილს. არასდროს ვიქნები შურისმაძიებელი. მიუხედავად იმისა, რომ მიშას ხელისუფლების მიერ დევნილი ვიყავი, ყველაფერი წამართვა, რაც კი მქონდა, იმაზე დიდი უბედურება რა არის, 10 წლის ბავშვს რომ დატოვებ და მხოლოდ 6 წლის მერე ნახავ, ერთადერთ შვილზეა საუბარი! ძალიან დიდი სიმწარე გამოვიარე, მაგრამ ვიმეორებ: შურისმაძიებლის პოზიციიდან ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. რისი უფლებადამცველი ვიქნები, თუ ჩემს პირად ამბიციებზე ავაწყვე ყველაფერი.

კარგად მახსოვს, რა საბუთები შემქონდა ევროსტრუქტურებში სააკაშვილისა და „ნაციონალების“ წინააღმდეგ. სასაწაულ მასალებს მიგზავნიდნენ საქართველოდან. ამ საქმეებიდან არც ერთი არ წარუდგენიათ სააკაშვილის წინააღმდეგ. რაღაც გადახარჯვებსა და გადმოხარჯვებს ედავებიან. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, რა უნდა „ქართულ ოცნებას“?

ამ ხელისუფლების აფერისტობასა და არაკომპეტენტურობაში რამდენიმე წლის წინ დავრწმუნდი. მე მიშას წინააღმდეგ ბრიუსელში საქმე აღვაძრევინე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართევლოში რომ დავბრუნდი, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს შევხვდი. ვეუბნებოდი, ამ თემას გაგრძელება უნდა-მეთქი. ვუთხარი ჩემს ადვოკატს, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიაში საქმე მიჰყავს, _ საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ხელი შეუწყვეთ-მეთქი. ყველა კარი ჩამიკეტეს. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მაშინ თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს მიშას წინააღმდეგ და რომ წავაგოთ, უფრო შევრცხვებითო.

_ ეს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ხომ არ გითხრათ?

_ კბილაშვილთან არასდროს მქონია შეხება, საერთოდ არ მინახავს ეს ადამიანი. სააკაშვილის ციხეში ჯდომა ჩემთვის მთავარი არ არის. თუ წაიყვანენ, მონასტერში წაიყვანონ. ამ ხელისუფლებაზე დიდი ხანია, ჩავიქნიე ხელი და ყველაფერში ეჭვი მეპარება.

_ რატომ გეპარებათ „ოცნებაზე“ ეჭვი? ფიქრობთ, რომ რაღაც გარიგება ხდება?

_ გარიგება კი არა, ეს არის უუნარო ხელისუფლება, რომელსც დამნაშავის წესიერად გასამართლებაც არ შეუძლია.

_ იქნებ, არ უნდა, რომ გაასამართლონ?

_ შეიძლება, ეგეც არის, მაგრამ ესენი სულ სხვა რამეზე არიან მოტივირებულები.

_ რაზე არიან მოტივირებულები?

_ პირადი შურისძიება ამოძრავებთ. უნდათ, რომ სააკაშვილზე პირადად იძიონ შური. ყველამ ნახა კადრები, როგორ მიათრევდნენ მიშას ციხის დერეფანში. ეს იყო ამაზრზენი სანახავი. ყველაზე მეტად შემზარა იმან, რომ ტაშს უკრავდნენ ხბოს აღტყინებით და ყვიროდნენ: ღირსია! ღირსია! რას ნიშნავს, ღირსია?! ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ შუა საუკუნეებში? ჩემთვის ასეთი რამე მიუღებელია.

_ გულწრფელად მითხარით, თქვენ არ გაგიხარდათ, ეს კადრები რომ ნახეთ? საუბრის კილოზე გეტყობათ, რომ აღშფოთებული ხართ, მაგრამ გულში რას ფიქრობთ? ზემოთ გვითხარით, რომ მიშას ხელისუფლების წყალობით ბევრი სიმწარე გაქვთ ნანახი.

_ რატომ უნდა გამხარებოდა? ბევრი სიმწარე ვნახე სააკაშვილის ხელისუფლებისგან, მაგრამ არ მესიამოვნა, მიშას დერეფანში რომ მიათრევდნენ. ეს როგორ უნდა გაგიხარდეს და მოგეწონოს ადამიანს? უფლებადამცველი მქვია და როგორ შეიძლება, ასეთი რამე მომეწონოს?!

_ თქვენ ცოტა სხვანაირი უფლებადამცველი ყოფილხართ. უფლებადამცველები ისეთ ტაშს უკრავდნენ ამ ამაზრზენ კადრებს, რომ მგონი, თავად „ქართული ოცნებაც“ კი გაოგნდა.

_ უფლებადამცველსაც გააჩნია. ვისაც არ ეზარება, ყველამ უფლებადამცველი დაირქვა. აქცია არ გამომიტოვებია ბელგიაში, რაც კი „ნაციონალების“ წინააღმდეგ ჩატარდა, მაგრამ 2 წელი საკუთარ თავს იმის საშუალებას არ ვაძლევდი, უფლებადამცველი ვარო, მეთქვა. დღეს ერთ ინტერვიუს მისცემენ მედიასაშუალებას და უფლებადამცველი ვარო, გაიძახიან.

სააკაშვილის დერეფანში თრევას კიდევ ერთხელ ვგმობ და ეს, ჩემი აზრით, იყო პირადი შურისძიების გამოვლინება. ეს უღირსი მოპყრობა საგანგებოდ გადაიღეს კამერაზე, რომ შემდეგ ვიღაცებს ენახათ და ამით სიამოვნება მიეღოთ.

_ ვის უნდა ენახა და ვის უნდა მიეღო სიამოვნება?

_ კობახიძესა და მისნაირებს უნდა ენახათ ეს კადრები, ეხითხითათ და სიამოვნება განეცადათ.

_ ივანიშვილი ამ კადრების ხილვით არ მიიღებდა სიამოვნებას?

_ არ ვიცი, არ ვიცი.

_ სააკაშვილი რომ ციხეშია, კობახიძე ამის გამო აშკარა სიამოვნებას განიცდის. არც მალავს, რომ უხარია მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნა. აცხადებს, „ნაციონალებს“ ვასუსტებთო. თქვენი აზრით, დასუსტდა ყოფილი ხელისუფლება?

_ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული პარტიაა საქართველოში. დასუსტებაზე საუბარი ზედმეტია. „ნაცმოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ყოველწლიურად განიცდის პროგრესს და ყველა შემდეგ არჩევნებში წინაზე უკეთესს შედეგს აჩვენებს. დავინახეთ, რომ წალენჯიხაში მათმა კანდიდატმა მერის არჩევნებიც კი მოიგო. ბევრ საკრებულოში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. აწი ყველაფერი წინაა. ჩათვალეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

_ რისი დასაწყისია?

_ ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა დაგვპირდა, საქართველოში, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორი პარტია იქნებაო. იქ თუ რესპუბლიკელები და დემოკრატები არიან, საქართველოში პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ უნდა იყვნენ. იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ მარტივ მამრავლებად დაიშლება.

დღევანდელი მათი ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ძალიან არ მომწონს, „ნაციონალების“ დასუსტებით რომ ხარობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. სახელები ჰქვიათ სხვა, თორემ სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან.

_ ე. ი. „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აქვთ.

_ ალბათ, აქვთ. ასე თუ გაგრძელდა, „ნაციონალებს“ ძალიან დიდი შანსი ეძლევათ, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

_ ხალხი მიიღებს მათ?

_ მიიღებს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი მაინც მაგათ ჰყავთ.

_ მხარდამჭერები კი ჰყავთ, მაგრამ აქციებზე ხალხი არ გამოდის. სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, მაგრამ ბევრი ხალხი არ გამოსულა.

_ ხალხი რომ არ გამოვიდა ქუჩაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალებს“ მხარდამჭერები არ ჰყავთ. სულაც არაა სავალდებულო, რომ არჩევნებამდე ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს.

_ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უჭრს მხარს.

_ ამ განცხადების გამო შეიძლება, თქვენც ნაციონალებთან გაგაიგივონ.

_ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეგენი ისე იქცევიან, რომ „ნაციონალების“ მხარეს გადადის ხალხი. მე მათი მხარდამჭერი არასდროს ვიქნები, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ნაციონალები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.  სამწუხაროა, რომ ხალხი ხსნას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს. სხვა პარტიებშიც რომ ხედავდნენ გამოსავალს, იმათკენ წავიდოდნენ, მაგრამ სხვა პარტია არ არის.

გასულ წელს გიორგი გახარიამ შექმნა პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“. თქვენც და თქვენი გაზეთის მკთხველსაც გემახსოვრებათ, ალბათ, თუ რა სიბინძურე იკადრა „ქართულმა ოცნებამ“ ამ პარტიის მიმართ. რაც გახარიას წინააღმდეგ იბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“, ამდენი „ნაციონალების“ წინააღმდეგ რომ ებრძოლა, დღეს შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ ყოფილიყო.

_ გახარიას პარტია ახსენეთ და თქვენც ამ პარტიის წევრი იყავით. თქვენც ხომ არ წამოსულხართ იქიდან?

_ მე არ ვყოფილვარ ამ პარტიის წევრი, მათი მხარდამჭერი ვიყავი და დღესაც ვგულშემატკივრობ გიორგი გახარიასა და მის პარტიას. არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მათ შორის, არც „პატრიოტთა ალიანსის“. უბრალოდ, მათგან ვიყარე კენჭი. ძალიან სამწუხაროა, თუ როგორ მოიქცნენ „პატრიოტები“. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია არიან. გახარიას პარტია სხვანაირად იქცევა და ამიტომ ვგულშემატკივრობ მას.

_ მაშინ, როგორც მხარდამჭერმა და გულშემატკივარმა ისე გვითხარით, სად გაქრა ყოფილი პრემიერი?

_ არა მგონია, რომ გიორგი გახარია გამქრალი იყოს. ამ პარტიაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და, ასე თუ ისე, ვიცი, მისი შიდა სამზარეულო. იქ ნამდვილად არ ხდება ის, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსი“, ფაქტობრივად, დამარხა.

_ შემთხვევით, გახარიას პარტიასაც ხომ არ მარხავენ? მათ ჰქონდათ შანსი, გამხდარიყვნენ მესამე ძალა. ახლა კი საერთოდ აღარ ჩანან.

_ დამარხვა რომ შესძლებოდათ, აქამდე დამარხავდნენ. ამ პარტიაზე ისეთი შეტევა მიიტანა „ოცნებამ“, „ნაციონალებზეც“ რომ არ მიუტანია.  დამარხვა არ გამოვა, თუნდაც იმიტომ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „პატრიოტთა ალიანსისგან“ ძალიან განსხვავდება. „პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია იყო.

_ ისე ლანძღავენ დღეს „ქართულ ოცნებას“, რომ ძნელი დასაჯერებელია მათი ერთად ყოფნა.

_ ახლა ლანძღავენ, მაგრამ რაღა დროსია? მათ უკვე თავი დაიმარხეს. გახარიას პარტია ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი.

_ თუმცა იქ, ძირითადად, „ქართული ოცნებიდან“ წამოსულები არიან.

_ პარტია „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ განაყოფი ნამდვილად არის. გიორგი გახარია ახლა ცდილობს, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლოს.

_ ასე უმოქმედობით აპირებს „ოცნების“ ჩანაცვლებას?

_ არ არის ის უმოქმედოდ. კულუარებში მისი ყოფნა რაღაც სტრატეგიის ნაწილია. არ არის გახარია ის კაცი, რომელსაც ასე იოლად მოერევა ვინმე. ისიც ფაქტია, რომ მის პარტიაში ბევრი უღირსი ადამიანი შეძვრა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ გიორგი გახარია მთავრობაში მოვიდოდა. არჩევნების წინაც და მის შემდეგაც ბევრმა დატოვა პარტია „საქართველოსთვის“.

_ მათი უმეტესობა ამბობს, რომ „ნაციონალებთან“ ალიანსის გამო დავტოვეთ პარტიაო.

_ ათას რამეს იტყვიან, სინამდვილეში გაიყიდნენ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი არა ის! ყველას სოლიდური თანხა აქვს აღებული, რომ გახარიას პარტიიდან წამოსულიყო. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორ ცდილობდა ხელისუფლება გახარიას მხარდამჭერების გადაბირებას.

_ თქვენი გადაბირების მცდელობაც იყო?

_ იყო. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დამელაპარაკა და მეუბნებოდა, არ გინდა მაგათთან ყოფნაო.  სამოქმედო გეგმაც კი შემომთავაზა. მითხრა, ჯერ შედი ამ პატიაში და მერე იქიდან დემონსტრაციულად წამოდიო. ამაზე ძალიან ცუდი სიტყვები ვუთხარი და მას შემდეგ დამეკარგა ის კაცი. აშკარად არ მოეწონა დედის გინება.

_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ გახარიას კულუარებში ყოფნა მისი სტრატეგიის ნაწილიაო და ელოდებით, რომ იტყვის თავის სათქმელს?

_ რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კულუარებში გახარიას ყოფნა რაღაც სტრატეგიის ნაწილია.

_ ეტყობა, რაღაც „მეგრული სვლა“ აქვს ჩაფიქრებული.

_ მეგრელები, საერთოდ, ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ეს განსაკუთრებით ჭკვიანია. ყოფილი პრემიერი ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის და ის აუცლებლად იტყვის სათქმელს.

_ თემა შევცვალოთ და დევნილების ყოფაზეც ვისაუბროთ. სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარმა ტრაგედიამ ხელისუფლების გარდა ყველა შეძრა. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ ექცევა ხელისუფლება დევნილებს ასე გულგრილად?

_ დევნილების მიმართულებით ხელისუფლება საზიზღრად მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მარტო აფხაზეთიდან არ გვყავს დევნილები, ცხინვალის რეგიონიდანაც უამრავი ქართველი გამოდევნეს. აჭარის რეგიონიდან ეკომიგრანტები ჩასახლებული არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ყველაზე დიდი კორუფციული გარიგებები მაგ სამინისტროში ხდება.

რამდენიმე წლის წინათ ძალიან სკანდალურ ფაქტს მივაკვლიე წალკაში. ადამიანი მზად იყო, ჩემთვის ინტერვიუ მოეცა და ესაუბრა კონკრეტულ ამბავზე, მაგრამ შემდეგ შეეშინდა. ამ პიროვნებას თანხას აძლევდნენ, რათა სახლი შეესყიდა. საუბარი იყო 18.000 ლარიდან ზემოთ. ამ თანხიდან სთხოვდნენ „ატკატს“. ეკომიგრანტს სამინისტროსთვის 5000 ლარი უნდა დაებრუნებინა უკან. ეს ადამიანი მზად იყო, სამინისტროს წარმომადგენლის ვინაობაც გაემხილა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.

_ ეს ამ ხელისუფლების დროს მოხდა?

_ ამათ დროს მოხდა. სულ რაღაც 2-3 წლის ამბავია. დევნილების უმეტესობას რამდენიმე ბინა აქვს: ზოგი ხელისუფლებამ მისცა, ზოგი თავად შეიძინეს. ამით მე დევნილებს არ ვაკნინებ, პირიქით, ეს ხალხი ძალიან მშრომელია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ქართული ეკონომიკა მათ ზურგზე დგას.

თუმცა არიან დევნილები, რომლებიც დღემდე იმ ბინებში ცხოვრობენ, 1993 წელს რომ შეასახლა ხელისუფლებამ. ყველას არ აქვს ბიზნესის თავი, ყველას არ შეუძლია ყიდვა-გაყიდვა. მივმართავ ხელისუფლებას, _ რატომ დატოვა ეს ხალხი უყურადღებოდ?! ვინც „შუსტრია“, გაექანება-გამოექანება და იმათ უთმობენ ყველაფერს. თბილისის შემოგარენში დევნილების ნაწილმა ტერიტორიები შემოღობა. ხელისუფლებამ ეს მიწები მათ დაუმტკიცა.

როგორც იქნა, ამ დაჩაგრულმა დევნილებმაც ამოიღეს ხმა. იმ საწყალმა კაცმა სხვა რომ ვერაფერი გააკეთა და ხმა ვერ მიაწვდინა ხელისუფლებას, თავი მოიკლა მეშვიდე სართულიდან გადმოხტა.

_ ახლა ხელისუფლება მის გაშავებაზეა გადასული.

_ აბა, იმაზე ხომ არ ილაპარაკებენ, სამინისტროებში კორუფცია რომ არის ჩაბუდებული? ხელისუფლება რომ შეიცვლება, ამ უწყებაში უნდა შევიდეს აუდიტი და ძალიან ბევრი სიბინძურე გამოაშკარავდება. უამრავი ჩინოსანი წავა ციხეში. დღეს დევნილებს იქით ადანაშაულებენ. მე ყველა დევნილს სოლიდარობას ვუცხადებ. ძალიან არ მომწონს ღარიბაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტების პოზიცია. გაიძახიან, როგორ შეიძლება, ადამიანებს 30 წელი დევნილის სტატუსი ჰქონდეთო. იმდენსაც კი ვერ ხვდებიან, რომ მათთვის დევნილის სტატუსის მოხსნა აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას ნიშნავს.

_ დევნილების აქციების გარდა სხვა მიმართულებებიც გააქტიურდა. გაიფიცნენ სოცმუშაკები, ითხოვენ ტარიფების გაიაფებას. თქვენი აზრით, მივალთ სოციალურ ბუნტამდე?

_ ოპოზიციამ რაღაც სხვა უნდა გვაჩვენოს, სადაც მას მოსახლეობა გაჰყვება. სოციალურ თემებზე არა მგონია, საქართველოში აფეთქება მოხდეს. ამ აფეთქებას „ნაციონალური მოძრაობა“ უშლის ხელს.

_ რანაირად უშლის ხელს? სადმე თუ პროტესტია, მაშინვე იქ ჩნდებიან.

_ სწორედ მაგით უშლიან ხელს. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ ყველას არ უყვარს ეს პარტია. ყველა სახის პროტესტზე მათ აქვთ თათი დადებული. ხალხის ნაწილი ყველაფერს გაუძლებს, ოღონდ „ნაციონალები“ არ დაინახოს ხელისუფლებაში. მე მაინც გახარიას იმედი მაქვს. რატომღაც მგონია, რომ გამოვა და საბოლოო სიტყვას იტყვის, თან ისე იტყვის, რომ მთელი მოსახლეობა მას გაჰყვება.