ბაკურ კვაშილავა: „ქართული ოცნება“ უხალისოდ უყურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ყველანაირად შეეცდება პროცესის ჩაშლას“

თამარ სანაძე

გასული კვირა საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, ძალიან საინტერესო იყო. საქართველოს პარლამენტის მიერ ე. წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ინიციატივას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების ამგვარ ფინალს არ მოელოდა მმართველი პარტია. მას კანონის გაწვევა მოუწია.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ჯიპა-ს პროფესორი, ბაკურ კვაშილავა:

_ ბატონო ბაკურ, გასული კვირა ძალიან საინტერესო და ბევრი სხვა პროტესტისგან განსხვავებით ძალიან დატვირთული იყო.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ ინიციატივასა და დაჩქარებული წესით დაიწყო აგენტების შესახებ კანონის განხილვა, პოლიტიკური პროცესები იმ მიმართულებით განვითარდა, რომელსაც არ მოელოდა სახელისუფლებო გუნდი.
როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?
_ ყველაზე ადვილად ასახსნელი რომ იყოს, უკვე ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა. კერძოდ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, გამოკითხვის მიხედვით, ირჩევს ევროპას, ირჩევს ევროკავშირს, ნატოსა და დასავლეთისკენ მიმავალ გზას; ხოლო მეორე გზის, ანუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრე ევროკაშვირის ხარჯზე, გაცილებით ნაკლებია _ სამჯერ, ოთხჯერ ნაკლებია რუსეთთან ურთიერთობის მომხრე ჩვენს მოსახლეობაში.
რაც შეეხება იმას, რომ რატომ გამოიწვია ამ მოვლენამ ხალხის ქუჩაში გამოსვლა, არის ის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ოცნება“ ახერხებდა ხალხისთვის იმის ჩვენებას, რომ ჩვენ მაინც მივდივართ დასავლეთისკენ და თუ რაღაც ხდება, ეს არ არის „ოცნების“ ბრალი და საუკეთესო შემთხვევაში, ეს არის რაღაც გაუგებარი შემთხვევების ბრალი, უარეს შემთხვევაში კი არის „ნაციონალური მოძრაბის“ ბრალი… ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს, მიაღწიოს თავის საწადელს. ბოლო ნაბიჯმა კი ცხადად აჩვენა, რომ ზუსტად „ქართული ოცნება“ არის მთავარი ხელის შემშლელი ევროკავშირის გზაზე სვლისა და უკვე ვეღარ იმუშავა იმ დევიზებმა, რომლებიც ხელისუფლებამ წარმოადგინა, როგორიც იყო: „ღირსებით ევროპისკენ“, „ასკინკილით არ შევალთ“, „მტკიცედ ვიდგებით და ქრისტიანული ევროპისკენ მივდივართ“. აღმოჩნდა, რომ ეს სლოგანები მოსახლეობის უმრავლესობამ აღიქვა, როგორც მტკნარი სიცრუე და სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი, რომ დაეცვა თავისი ევროპული მომავალი.
_ დასრულდა ბრძოლის ერთი ეტაპი. როდესაც პროტესტის ამ დღეებს აჯამებთ, რას ფიქრობთ? რა მოხდა? რა შედეგი დაიდო?
_ პროტესტის ამ დღეებმა მოიტანა ის, რომ თუკი რომელიმე იდეას გადავთარგმნით ისე, რომ ეს გახდება ხალხისთვის გასაგები, ხალხი დაინახავს, თუ რას ემუქრება საფრთხე, არ იქნება მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებისგან შემდგარი რაღაც კონსტრუქცია, რომელიც უმრავლესობისთვის გაუგებარია, მაშინ არის შანსი, რომ მოსახლეობამ, ახალგაზრდობამ, ყველამ მიიღოს ზომები და საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად გამოვიდეს ქუჩაში, დაიცვას საკუთარი აზრი და, საბოლოო ჯამში, მთავრობას შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური და ისტიტუციური ჩარჩოების მიხედვით, „ოცნებას“ შეეძლო, ეს კანონი ბოლომდე გაეტანა. მოგეხსენებათ, როგორი უმრავლესობა გვყავს ხელისუფლების ნებისმიერ შტოში.
_ რუსეთი ის საკითხია, რომელიც აერთიანებს ყველას და რომლის წინააღმდეგაც ირაზმება დიდი თუ პატარა. როდესაც მიმდინარე პროცესებს ვაანალიზებთ, ეს ხომ განუყოფელია პოლიტური პროცესებისგან? როგორ ფიქრობთ, ხალხისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც აქციების მიღმა მიმდინარეობს?
_ მათთვის რამდენად საინტერესოა პოლიტიკური პროცესები, ამაზე საუბარი არ შემიძლია. მე რომ მკითხოთ, შეიძლება ამ ხალხს მიაჩნია, რომ საერთოდ არ არის საინტერესო პოლიტიკური პროცესები და რაღაც სულ სხვა აინტერესებთ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მოსახლეობის დიდი ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის მიღწევა, რაც პოლიტიკურ პროცესებს მოაქვს. ახალგაზრდობას სურს, რომ შეეძლოთ მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება, კლუბებში სიარული, იმის თქმა, რასაც ფიქრობენ, კედლებზე ხატვა და ამისთვის ისინი არავინ დასაჯოს, მაგრამ ასეთ გარემოს ქმნის სწორედ პოლიტიკური პროცესი. იმედს გამოვთქვამ, რომ შესაძლოა, ამ დემოსტრაციებმა და მიღწეულმა შედეგმა გააჩინა ის იმედი ახალგაზრდობაში, რომ ნათელი პოლიტიკური მომავლის შექმნა, რომელიც შესაძლოა იდეალურია, შეუძლებელია სწორი პოლიტიკური პროცესის გარეშე კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის აუცილებელია მაღალი ჩართულობა. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ საქართველო არ გახდება დემოკრატიული ქვეყანა.
_ როგორ ფიქრობთ, ეს არის იმ ტიპის გამარჯვება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი წელში გატეხა?
_ მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და ყველაფერი ამას აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც მართავს დღეს მთლიანად „ქართულ ოცნებას“ (მოგეხსენებათ, რომ ის არსად ჩანს), ვინც პირველ რიგში დაკარგა სახე, ეს არის „ქართული ოცნების“ ის ლიდერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევდნენ და მათ ერთ დღეში მოუწიათ უკან დახევა, თან მოუწიათ რამდენჯერმე უკან დახევა. ჯერ იმ დათქმით, რომ თითქოს 21 მარტს გამართავენ სესიას, მაგრამ მერე ჩაატარებენ რაღაც კამპანიას, სადაც ხალხს აუხსნიან, როგორი მართლები ყოფილან და მერე ამის გადათქმაც მოუწიათ და ორ დღეში საერთოდ კანონის უკან გაწვევაც, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა „ქართული ოცნების“ მონოპოლიისთვის, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ეს შეიძლება დასრულდეს ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძოს დომინირება ქართულ პოლიტიკაში, თუკი პროცესი არ გაგრძელდა და არ მიიღო ისეთი სახე, რომ ეს უნდა იყოს სწორედ სტატუს კვო და არა რაიმე სხვა.
პირიქით მოხდა, ჯერ იყო განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და მერე იყო პროტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ყოფილიყო მხოლოდ პროტესტი დასავლეთის მხრიდან, „ქართული ოცნება“ ამას გაატარებდა, როგორც ყოველთვის და დაწერდა აი, ამ ჰეშთეგებს: ღირსებით ევროპისკენ. „ოცნებას“ გაუჭირდა იმის დამტკიცება, რომ მიუხედავად ამ აბსურდული და დემოკრატიის, თავისუფლების შემლახავი კანონპროექტისა, ის მაინც ევროპისკენ მიდის. ყველა დასავლელმა პარტნიორმა ცხადად, მკაფიოდ. არაორაზროვნად უთხრა საქართველოს მოსახლეობასა და „ქართულ ოცნებას“, რომ თქვენ ხართ არასწორ გზაზე, არც ერთი გაგებით ეს კანონი არ ემსახურება არც გამჭვირვალობას და არც ევროპისკენ სვლას. როდესაც ეს მოხდა, მერე უკვე აღარავის აღარ გაუჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნება“ შესაძლოა, მართლა იმას ცდილობდეს, რომ ჩვენ მყარად შეგვიყვანოს ევროპაში თუნდაც ამ კანონით ან რაიმე მსგავსი მავნებლური ინიციატივით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაარწმუნა საკუთარი მხარდამჭერები. მაგრამ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისკენ სვლა, არიან ასეთი ადამიანებიც. უმრავლესობა „ქართულ ოცნებაში“ საქართველოს ევროპულ გზას უჭერს მხარს. მათთვის ევროპული გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ „ოცნება“. აქ გამოირიცხებიან, რა თქმა უნდა, დეპუტატები, მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც, სამწუხაროდ, „ოცნების“ წარმატება უფრო მეტად უღირთ, ვიდრე საქართველოს წარმატება.
_ საქართველოს ბოლომდე აქვს დრო, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა? ამ პროცესების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს, ერთი მხრივ, ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიცია, ახალგაზრდობა, რომელმაც უკვე ნახა და იგემა ის, რომ მთავრობაზე ზეწოლა შესაძლებელია და შეიძლება ხელისუფლება აკონტროლო?
_ მთავრობა ეცდება, ეს პროცესი როგორმე ჩაიშალოს, მაგრამ ჩაიშალოს ისე, რომ ყველაფერი დაბრალდეს ოპოზიციას და მერე თქვას, რომ ოპოზიციამ ხელი შეგვიშალა კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
მეორე არჩევანი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვის დაბრალდება ეს, მაინც ჩაშალოს პროცესი და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მას რთული ამოცანა აქვს, ჩვენ რთული ამოცანა გვაქვს, იმიტომ რომ თვალსაჩინოა „ქართული ოცნების“ უხალისო დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ის ყველანაირად შეეცდება პროცესისთვის ხელის შეშლას. აქ მოსაფიქრებელია ის, როგორი კონსტრუქციით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და როგორ ვაიძულოთ „ოცნება“, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ეს განაპირობებს იმას, რომ ქვეყანას მოუწევს კიდევ უფრო მეტი ვალდებულების აღება, დაიცვას საკუთარი ხალხის უფლებები. როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირი რამეს გვიზღუდავს, ევროკავშირმა, აი, ამაში „შეგვზღუდა“, რაღაცაზე უარი გვათქმევინა. აქ მკაფიოდ და ცხადად უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ ერთადერთი და ყველაზე მთავარი, რის შეზღუდვასაც ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას სთხოვს, ეს არის მთავრობის ძალაუფლება, არ უსმინოს ხალხს. აი, სწორედ ამის შეზღუდვას ითხოვს ევროკავშირი და ეს არ მოსწონს ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“.