პანდემიამ ქვეყანაში ბიზნესის ის სფერო დააზარალა, რომელიც რეგულაციებს მკაცრად იცავდა
თამარ ოქრუაშვილი
მომდევნო კვირებში ღამის კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეეზღუდათ. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში კლუბებს მუშაობის უფლება გამონაკლისის სახით, კონკრეტულ თარიღებში მიეცათ, ამჟამად კი იგივე შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკოორდინაციო საბჭოს მანამდე ჰქონდა დაწესებული.
კლუბებმა მუშაობა დღეიდან შეწყვიტეს. „ბასიანმა“ და „ხიდმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეს: „ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას, – წერს „ხიდის“ ადმინისტრაცია.
„BAშშIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება“, – წერს „ბასიანის“ ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო და ამასთან, იქმნება საკომუნიკაციო პლატფორმაც, რომლის მეშვეობითაც, ყოველკვირეულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც საბუთდება „ომიკრონის“ შტამის ძალიან სწრაფი გავრცელებით.
მთავრობამ გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა აქტივობა ამ ორი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად დააანონსეს საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დაორგანიზდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით. კლუბების მუშაობის საკითხი ყოველკვირეულ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გადაიხედება“, _ აცხადებს კლუბების წარმომადგენელი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 დეკემბრიდან ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. საკლუბო სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე გამკაცრებული რეგულაციებით სტუმართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა.
” ხიდის” ხელმძღვანელი ქეთი ებრალიძე „ქრონიკა+“-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რის წინაშეც დღეს ბიზნესის აღნიშნული სექტორი დადგა:
_ პროტესტის ფორმა ამ შემთხვევისთვის აღარ შევარჩიეთ, რადგან გასული შაბათ-კვირა ვიმუშავეთ და დღეიდან გავჩერდით, ვიდრე „ომიკრონი“ არ დაიწყებს ჩამოსვლას. ჩვენ პირველები ვიყავით და პირველად დავიხურეთ 2020 წლის მარტში. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ 22 თვე დავიხურებოდით. ყველა სფერო მუშაობდა ჩვენ გარდა. ჩავატარეთ კვლევები, რამდენად ვიყავით ვირუსის გამავრცელებლები, თუმცა 31 დეკემბრამდე მაინც არ მოგვეცა მუშაობის საშუალება. სხვა ბიზნესებთან შედარებით კლუბები გაცილებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
გარდა იმისა, რომ სივრცეები შესანახია, ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ეს სამკვირიანი მუშაობის უფლება რეალურად ამოსასუნთქი არ იყო, ამ სამი კვირის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვიწევდა მუშაობა. შეთანხმებული ვიყავით მათთან, რომ 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე, ჩვენთან შემოდიოდა სრულად ვაქცინირებული პირი, ასევე კოვიდ გადატანილი და გამოჯანმრთელებული არა უგვიანეს 6 თვისა, ასევე პისიარის ტესტის მქონდე ბოლო 48 საათის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვასრულებდით, მაინც ყველაზე მეტად დავზარალდით. ამას არ დავთანხმდებოდით, უბრალოდ ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა კლუბები ვირუსის გავრცელების ყველაზე ნაკლები ადგილია. რაღაც ტიპის კვლევები არსებობს, რომ 45-დღიანი პიკი შეიძლება იყოს და ჩვენი დაბრუნების სავარაუდო თვე იქნება მარტი. კლუბში ყოველკვირეულად 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ასევე ღონისძიებებზე ემატებათ კადრები, ადამიანები კი შემოსავლის გარეშე რჩებიან.
_ საგადასახადო შეღავათები თუ შეგეხოთ?
_ ვითხოვთ, რაღაც სახის ფინანსური დახმარება გაგვეწიოს, რათა მოვახერხოთ ბიზნესის შენარჩუნება. არანაირი ფინანსური შეღავათი არ შეგვხებია, გვაქვს საბანკო ვალდებულება და გადავადებას შეღავათს ვერ დავარქმევთ, რადგან ეს გადავადება დამატებითი პროცენტია.
არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი. „მწვანე ზონის“ სტატუსი ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე, აცხადებდა, რომ კვების ობიექტების ნაწილი მზად იყო, შეერთებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას და დაენერგა „მწვანე ზონის“ პრაქტიკა:
_ ობიექტის „მწვანე ზონად“ გამოცხადება გულისხმობს, რომ ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდგადატანილი და ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ შესვლას, ასევე ის პირები, რომლებსაც ბოლო 72 საათში ჩატარებული Pჩღ ტესტისა და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი ექნებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, „მწვანე ზონების“ შესაქმნელად სპეციალური აპლიკაცია შემუშავდა, რომელიც Qღ კოდის წაკითხვის საშუალებით დაადგენს მოქალაქის კოვიდ-სტატუსს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს პრაქტიკა წარმატებული აღმოჩნდებოდა, უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო, რომ ამჟამად აკრძალული ღონისძიებების ჩატარება სწორედ ამ პრინციპით გახდებოდა შესაძლებელი, მათ შორის, დაბადების დღეების, ქორიწლებისა და ა. შ.
ამ ეტაპზე ბიზნესი მსგავსი პრაქტიკის გატარებისთვის მზად არ არის, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესობიექტებს მომხარებელი მოაკლდებათ, ამიტომ „მწვანე ზონაში“ ჩართული ბიზნესებისთვის ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები უნდა გააუქმოს.
_ კონკრეტულად?
_ „მწვანე ზონებს“ უნდა მიეცეს არსებული რეგულაციების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა. ობიექტის „მწვანე ზონად“ მოაზრებისთვის ასევე აუცილებელია, მომსახურე პერსონალიც აკმაყოფილებდეს ყველა იმ პირობას, რასაც მომხმარებელი.
_ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ბიზნესსექტორისთვის „მწვანე ზონა“?
_ საქართველოში აღნიშნული სტატუსი კონტრპროდუქტიულია.
პანდემიის პირობებში ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. „მწვანე ზონის“ ინიციატივა არ აღმოჩნდა შედეგიანი არც აცრის წახალისების თვალსაზრისით, რადგან მასში სხვა სფეროებიც უნდა ჩართულიყო:
რთული საკითხია, ზოგადად, „მწვანე ზონა“. უმნიშვნელოვანესია, რომ შეიქმნას უსაფრთხო ზონები და გარკვეულწილად მიეცეს მუხტი აცრის წახალისებას. სამწუხაროდ, ის რაც დღეს გვაქვს, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას გააჩნია. ეს უნდა ყოფილიყო დამატებითი იმპულსი საზოგადოებისთვის, მაგრამ სარესტორნო ბიზნესი არ არის ის სფერო, რის გარეშეც ვერ გაძლებს ადამიანი. ამ ინციატივას უნდა მოეცვა სხვა სფეროებიც. სამწუხაროდ, მან ვერ უპასუხა იმ გამოწვევებს, რასაც უნდა პასუხობდეს „მწვანე ზონა“.
_ რა შემთხვევაში იქნებოდა ეფექტიანი?
_ ეს ინიციატივა იმ შემთხვევაში იქნებოდა ეფექტიანი, თუკი შეიქმნებოდა სამკუთხედი, სადაც მოსახლეობაც, ბიზნესიც და სახელმწიფოც მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდნენ. სამივე მხარე იქნებოდა დაკმაყოფილებული. მოსახლეობა მიიღებდა სერვისს, რასაც მოკლებულია; მეორე მხარე იქნებოდა კომერციული სფერო, რომელსაც გაეზრდებოდა მომხმარებელი და შეზღუდულ სერვისებზე წვდომა დასაშვები გახდებოდა; მესამეა სახელმწიფო, რომელიც მიიღებდა იმუნიზაციის დამატებით საშუალებას. ვიმეორებ: ის გადაწყვეტილება, როგორი სახითაც „მწვანე ზონაა“ მიღებული, არის კონტრპროდუქტიული.
ჯერჯერობით ქვეყანაში ბიზნესის ნაწილი კვლავ პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს იმით, რომ რეგულაციები გამკაცრებული არ არის.
სარესტორნო, საკლუბო და სხვა ბიზნესი მილიონობით ლარის ზარალს ითვლის. ბიზნესმენები ამბობენ, რომ სფეროს დაბრუნებას პანდემიამდელ მდგომარეობამდე ბევრი წელი დასჭირდება,