„15 წელია, სასამართლო სისტემას მართავს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი“

ირინა მაკარიძე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო ერთგვარი ტესტი სასამართლო სისტემისთვის. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლეს გარდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა, სხვა გზა არ რჩებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

რა აჩვენა ამ ტესტმა და რა ხდება სასამართლო სისტემაში? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი:

_ რა თქმა უნდა, ყველა ასეთი საკითხი ნამდვილად ტესტია სასამართლოსთვის. შეიძლება ასეულ ათასობით საქმე იყოს განხილული სასამართლოებში, მაგრამ მათ შესახებ მოსახლეობამ ნაკლებად იცის. სწორედ ასეთი საქმეებით ექმნება საზოგადოებას წარმოდგენა სასამართლოზე. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სასამართლო ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე. ეს გამოჩნდა არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ საქმის მიმდინარეობაც გაჭიანურდა.
ეს ძალიან მალე, სულ 3 ან 4 დღეში დასასრულებელი პროცესი იყო. ყველა მსგავსს შემთხვევაში ასე ხდება. ისიც შესაძლებელი იყო, ზედიზედ ჩატარებულიყო პროცესები, თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში დაკითხულიყო ყველა და მოსამართლეს გამოეტანა გადაწყვეტილება. ასე ხდება, როცა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება საქმე. იქნებ, გასათავისუფლებელი იყო ადამიანი, ხომ არ იცოდა ეს წინასწარ მოსამართლემ? როდესაც მოლოდინი არის, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, პროცესები უნდა ჩატარდეს სწრაფად. მე არ მინახავს, ჯერჯერობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება და არ ვიცი, როგორ შეძლებს მოსამართლე ამ გადაწყვეტილების დასაბუთებას. მოსამართლემ ხან ერთი კვირით გადადო პროცესი, ხან _ რამდენიმე დღით, ბოლოს კი ჩაატარა შედარებით სწრაფად პროცესები, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაიწელა.
ასეთი ტიპის პროცესებზე საკითხს არ წყვეტს იურისტი, არამედ წყდება ექსპერტებისა და ექიმების დასკვნების საფუძველზე. ამ დასკვნების მიხედვით, ცალსახად ჩანდა მდგომარეობა, რაც აუცილებლად ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. არ ვიცი, როგორ შეძლებს მოსამართლე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, იმდენად დამაჯერებლად საუბრობდნენ ექიმები და ექსპერტები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
სწორედ ეს დიაგნოზები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას. რამდენიმე იყო ამ ჩამონათვალში, რაც მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, მაგრამ სასჯელი არ გადაუვადა. ამიტომ არის გაუგებარი მოსამართლე გიორგი არევაძის ეს გადაწყვეტილება.
როდესაც მოლოდინია, რომ პატიმარი მძიმედაა, მოსამართლე დაჩქარებულად ნიშნავს პროცესებს. აქ ჩანდა, რომ მოლოდინიც არ ყოფილა. ამით მოსამართლის წინასწარი განწყობა ჩანდა უკვე. გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, მე არ მომისმენია დასკვნა, თუ რატომ არ უნდა გადაუვადდეს ამ ადამიანს სასჯელი.
_ კლინიკის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე საწინააღმდეგოს თქმას ცდილობდა, დაადასტურა დიაგნოზი, რაც ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას, თუმცა მოსამართლემ არც ეს გაითვალისწინა. რა ახსნა აქვს ამას?
_ მიუხედავად მაღალი პოზიციისა, კლინიკის დირექტორი ნადირაძე არ არის კომპეტენტური ადამიანი, რომელმაც უნდა შეაფასოს ასეთი საკითხები. თითქმის დაეთანხმა თუ არ დაეთანხმა, ამით არ იცვლება კონკრეტული ექსპერტების დასკვნები. მას სულ სხვა ტიპის საკითხებზე უნდა ესაუბრა იქ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო, საერთოდ რაზე ისაუბრა მან. ის დღე საერთოდ მასხრად აგდება იყო სასამართლო სისტემის.
_ რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც „დასკვნის დასკვნა“ უწოდეს, უნდა მიეღო თუ არა მოსამართლეს იგი?
_ ეს არ არის პრობლემა, დასკვნა მიიღო თუ არა, საბოლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა არასწორი. ზოგადად, დასკვნის დასკვნა წარმოუდგენელია. არ გამიგია ასეთი შემთხვევა, დასკვნის დასკვნა გაკეთებულიყო. როგორც გაჟღერდა, მათ სულ სხვა მოცემულობაზე გამოიტანეს დასკვნა. რის საფუძველზე, როგორ გააკეთეს, რატომ გააკეთეს, სამართლებრივად ეს ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. ასეთი რამე არ ხდება, არც მომხდარა არასდროს. მსგავსი ტიპის საქმეზე უარიც მინახავს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შუამდგომლობები ყველა არ კმაყოფილდება, მაგრამ ისეთ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულება წარმოადგენდა, რომ მკურნალობა შესაძლებელია ან აქვს ამ ტიპის აპარატურა და არ საჭიროებს სხვაგან გადაყვანას, შეიძლება დაშვება. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რაც ვნახეთ, დიაგნოზიც კი არ არის სწორად დასმული მათ მიერ. მეორე, როდესაც ექიმები საუბრობენ, რომ რაღაც წამლები არ შეიძლებოდა დანიშვნოდა, როცა საუბარია მოწამვლაზე, ექსპერტები ამბობენ, რომ ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, ამდენი კითხვის ნიშანია საქმესთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, არ ხდება გადავადება, უბრალოდ, გაუგებარი მიზეზებია. მოისმინა ვინმემ სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი დიაგნოზები? მხოლოდ ვიცით კლინიკის დირექტორის საუბარი, ისიც ხან ერთს ამბობს, ხან _ მეორეს. ის კიდევ საერთოდ წარმოუდგელია, ოჯახის წევრებს რომ მოუწოდებენ, საჭმელი აჭამონ პატიმარს. ასეთი რამე არავის უნახავს. მგონი, ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტს, ქვეყნის სიმბოლოს, მიუხედავად იმისა, მოსწონს ის ვინმეს თუ _ არა. თუ ვინმეს არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, არ შეიძლება ის ამის გამო სიკვდილით დაისაჯოს. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რასაც ექიმები საუბრობენ და მოსამართლე მაინც ტოვებს ამ გაუგებრობაში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი მიუსაჯა.
_ ადვოკატი ვალერი გელბახიანი ვარაუდობდა, რომ დასკვნითი სიტყვების შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას იმდღესვე არ გამოაცხადებდა, რათა არ შექმნილიყო განცდა, რომ მას გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა გამზადებული. თუმცა ასე არ მოხდა და მოსამართლემ დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა გადაწყვეტილება. თქვენ რას გეუბნებათ ეს ფაქტი? მიანიშნებს თუ არა იმას, რომ მოსამართლეს აღარაფერი გააჩნდა სამსჯელო და გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მზად?
_ დიდი ალბათობით, ამას ნიშნავს. ჩანდა, რომ საქმის განხილვის პირველ ეტაპზე მან არ იცოდა, არ ჰქონდა მითითება, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ამის გამო იწელებოდა პროცესი. ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, როდესაც გაირკვა, რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, აღარაფერი განსახილველი აღარ ჰქონდა და პირდაპირ თქვა ის, რაც უთხრეს. მოვისმინეთ მოსამართლის მიზეზიც, თუ რატომ გამოაცხადა იმდღესვე გადაწყვეტილება, რომ შემდეგში მას სხვა პროცესი ჰქონდა ჩასატარებელი. ის სხვა, ჩვეულებრივი პროცესი არ გადადო მიხეილ სააკაშვილის საქმისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდებოდა. ესეც დამოკიდებულების მაჩვენებელია. მართლაც წარმოუდგენელია მოსამართლის დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. თუნდაც ის, რამდენი ხანიც იხილავდა ამ საქმეს, ეს იყო უკვე ნიშანი იმისა, რომ ის გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. კარგად ვიცნობ გიორგი არევაძეს, ასეთი კატეგორიის საქმეები, ალბათ, ასეულობით განუხილავს და ზუსტად ვიცი, რომ 2 ან 3 დღეში შეეძლო ამ საქმეში გარკვეულიყო და გაეცა პასუხი. მაგრამ როცა ვნახე, რომ საქმე იწელება, მივხვდი, რომ ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ის ელოდება ვიღაცას. დავინახეთ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო.
_ თავის დროზე, როდესაც გაირკვა, რომ საქმეს გიორგი არევაძე განიხილავდა, საუბრობდნენ მის შესაძლო აცილებაზე, რადგანაც ის იყო „პოლიტიკურ საქმეებთან“ დაკავშირებული და ამასთან, პატიმრობის გადაწყვეტილება ჰქონდა გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. თუმცა შემდეგ თავად მიხეილ სააკაშვილმა არ მოინდომა აცილების დაყენება, რაც, როგორც ახსნა, დაკავშირებული იყო დროის ფაქტორთან. თქვენთვის რისი მანიშნებელი გახლდათ კონკრეტული მოსამართლის არჩევა ამ საქმეზე? თუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი მოსამართლე იქნებოდა?
_ კანონით განაჩენის გამომტანი სასამართლო იხილავს სასჯელის გადავადების საკითხსაც, თუმცა მითითებული არ არის, რომ განაჩენის გამომტანმა მოსამართლემ უნდა განიხილოს. რატომღაც, სასამართლო სისტემა მიიჩნევს, რომ ეს იგივე მოსამართლეს უნდა გაეკეთებინა. ზოგადად, წინააღმდეგი ვარ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა, ის განიხილავდეს სასჯელის გადავადების საკითხსაც. სჯობს, სხვა მოსამართლემ განიხილოს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ამ გახმაურებულ საქმეებს განიხილავს, ამიტომ ვეჭვობთ, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია, სასამართლო ერთი ჯგუფის ხელშია და ეს ჯგუფი წყვეტს ამ საქმეებს.
_ პრობლემურ საკითხად მიიჩნევა ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლო კლანის არსებობა. რამდენად არის შესაძლებელი ამ ვითარებაში ობიექტური გადაწყვეტილების მიღება?
_ შეიძლება ითქვას, რომ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც ხელისუფლების ან რომელიმე თანამდებობის პირის ინტერესი იკვეთება, არავის ამ სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით სასამართლო არ გაგვაჩნია. ძალიან ბევრ პრაქტიკას გავეცანი, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტს, 100 საქმიდან შეიძლება 95 სწორად გადაწყდეს, მაგრამ არავინ იცის, ის 5 საქმე რომელი იქნება. ამიტომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს. თუ მოუნდება ხელისუფლებას ან გავლენიან პირებს, მიიღებენ სასამართლოში იმ შედეგს, რაც უნდათ. სანამ ასეთი იქნება სასამართლო, მას მხოლოდ სიმბოლურად ერქმევა ეს სახელი. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მოსამართლეების უმეტესობას მხოლოდ აცვიათ მანტიები და განასახიერებენ მოსამართლეებს, თუმცა ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და ზემოდან ელოდებიან პასუხს.
ასეთია დღეს სასამართლო, კიდევ უფრო მახინჯდება ის, იცლება წესიერი ადამიანებისგან და ივსება კლანის წევრების ბიძაშვილ-მამიდაშვილებით და საყვარლებით. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქმეზე ასეა და საერთოდ არ არსებობს სამართალი. კარგი გადაწყვეტილებაც ბევრი მინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერცერთ საქმეზე, სადაც ხელისუფლებას ინტერესი ჰქონდა, ვერავინ წარმატებას ვერ მიაღწია.
ეს ჯგუფი უკვე 15 წელია, სასამართლო სისტემას მართავს, ეს არის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ორგანიზებულად აკეთებს.
_ რამდენად მასშტაბურაადაა ფეხმოკიდებული ნეპოტიზმი ამ სისტემაში?
_ ფაქტობრივად, სასამართლოში მესამედი ნათესაური პრინციპით არის დასაქმებული. გარდა ამისა, კიდევ სხვა „პრინციპებით“ შერჩეული ადამიანები არიან. საზოგადოებამ რაც იცის, მე კიდევ მეტი ვიცი, შიგნით რა ხდება. კლანისადმი მორჩილების გარეშე იქ ადამიანი ვერ მოხვდება. ყველაზე წინწამოწეული ის ადამიანები არიან, რომლებსაც არანაირი პიროვნული ღირსება არ გააჩნიათ _ უსახური, წარსულის არმქონე ადამიანები, რომელთა კარიერული ზრდა იმის მიხედვით ხორციელდება, თუ რამდენად მორჩილები არიან და რამდენად უსიტყვოდ ასრულებენ მითითებებს. მაგალითად, გამომძიებლობიდან პირდაპირ დასვეს სასამართლოს თავმჯდომარედ, წარმოდგენაც კი რომ არ ჰქონდა, რა არის მოსამართლეობა.
_ როგორც ცნობილია, მოსამართლეების ადგილები ვაკანტურია და ამ პოზიციის დაკავების მსურველები ნაკლებად არიან, ამის შესახებ რას იტყვით?
_ სამწუხაროდ, არავითარი დაცვა მოსამართლეებს არ გააჩნიათ. ერთია, რომ ისინი დავადანაშაულოთ, მაგრამ არც სახელმწიფოს, არც საერთაშორისო საზოგადოების, არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოსამართლეებს არ გააჩნიათ საჭირო მხარდაჭერა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრსაც უნდა მოსამართლეობა, მაგრამ იცის, რომ იმას ვერ გააკეთებს, რისი სურვილიც აქვს, იმ იდეალებს ვერ ემსახურება, რაც მას უნდა. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ხელფასისთვის იქ ადამიანები არ მივლენ. მე ჩემით დავწერე განცხადება და წამოვედი სასამართლოდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. როდესაც 17-20 წელი მუშაობ სისტემაში, ძალიან ძნელია, შენი ხელით დაწერო განცხადება და დატოვო სისტემა, მაგრამ თუ პრინციპებს ემსახურები, მაშინ სხვაგვარად ვერ მოიქცევი. ძალიან ბევრი ყოფილი მოსამართლე ვიცი, რომელიც გულანთებული იყო სასამართლო სისტემაში, მაგრამ არც ერთს განაცხადიც კი არ შეუტანია, რომ ისევ მოსამართლეობას დაბრუნებოდა, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებდნენ. ესენი არიან „აფთრების ხროვა“, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ მოსამართლეს ათასი პრობლემა შეუქმნან, იმიჯი დაუზიანონ, თუ მათი სურვილების შემსრულებლები არ იქნებიან. ასეთ ბრძოლაში ცალკეული მოსამართლე არის კანონითაც და საზოგადოების მხრიდანაც მარტო დატოვებული. შესაბამისად, ასეთ უთანასწორო ბრძოლაში შესვლა, ვხედავთ, რომ არავის უნდა, თორემ კარგი იურისტები ძალიანაც ბევრნი არიან, ძალიან ბევრი კარგი მოსამართლეც იყო, რომელიც გაუშვეს სასამართლოდან. როგორ არ რცხვენია ზოგიერთ მოსამართლეს, რომ დარჩა მოსამართლედ და ზოგიერთი ისეთი მოსამართლეა გარეთ, რომლის გადაწყვეტილებებიც სანიმუშო იყო თითოეული მოსამართლისთვის.
_ ზოგიერთი მათგანი ემიგრაციაში წავიდა.
_ ზოგიერთი ემიგრაციაში წავიდა, ზოგიერთი სხვადასხვა სტრუქტურაში, ზოგიერთმა საერთოდ იურისტობას დაანება თავი, იმდენად დამახინჯდა ეს პროფესია. ყველამ იცის, რომ მსახიობია მოსამართლეც, პროკურორიც და ადვოკატიც, როლებს ასრულებენ, ატყუებენ მოქალაქეებს და პასუხს მიიღებენ იმას, რაც ვიღაცას სურს. მოსამართლე პრინციპების ადამიანი უნდა იყოს და მსახიობად გადაქცევა არავის უნდა. ესენი აიძულებენ მსახიობობას და მათ მიერ დაკისრებული როლის შესრულებას, რაც, დარწმუნებული ვარ, ნორმალურ, საღი გონების ადამიანს არასდროს მოუნდება. ამის შედეგსაც ვხედავთ, როცა, ვთქვათ, 70-მდე ვაკანტური ადგილია და 20 კანდიდატია. ეს კატასტროფაა, არავის უნდა მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მისვლა.
_ ისევ მიხეილ საააკაშვილის საქმეს დავუბრუნდები: ამ სასამართლო სისტემის პირობებში, რამდენად აქვს პერსპექტივა მისი საქმის სააპელაციო განხილვას? გარდა ამისა, ადვოკატები საუბრობენ, რომ აპირებენ დროებითი ღონისძიების სახით მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. რა არის შესაძლებელი ამ მიმართულებით?
_ არ მინდა, წინასწარ იმედი გადავწურო, რომ იქნებ მოსამართლეებმა გადადგან სწორი ნაბიჯი და იარონ სწორი გზით, რაც სჭირდება ამ ქვეყანას და მის მომავალს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნების შესახებ, რა მნიშვნელობისაც უნდა იყოს ის. აქ, ფაქტობრივად, წყდება ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხით, ფაქტობრივად, აფასებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისად, როდესაც ასეთ საკითხებზე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება, ამიტომაც ვართ ასეთ სიტუაციაში, ყველასგან გარიყული.
რაც შეეხება აპელაციას, კიდევ ერთხელ დავიტოვებ იმედს, თუმცა იქ, სადაც ჩინჩალაძ-მურუსიძე არის, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინმეს საღი გონება აღმოაჩნდეს. რაც შეეხება სტრასბურგს, ასეთი კომპეტენტური ექსპერტების დასკვნები საერთაშორისო მოსამართლეების ყურადღების მიღმა ვერ დარჩება და იქნება სწრაფი რეაგირება. მაგრამ ამისთვის საჭირო არის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ დაუწერია მოსამართლეს და ეს კიდევ არის საქმის გაჭიანურება. ამის გამო შუამდგომლობა დროულად ვერ იგზავნება სტრასბურგში.
ვფიქრობ, პერსპექტივა ამ საქმეს ნამდვილად აქვს, მაგრამ სამართალი ისეთი რამეა, საჭიროა სწორი კუთხით და მიმართულებით სარჩელის მომზადება. ბევრი კომპეტენტური ადამიანია ამ საქმეში ჩართული და ვფიქრობ, ეს შესაძლებელი იქნება.
ქვეყნის პრესტიჟი დამოკიდებულია ამ კატეგორიის საქმეებზე. ყველა საერთაშორისო მეგობარმა გვითხრა, რომ ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რაც ხდებაო. 12-პუნქტიან რეკომენდაციაში შეიტანეს ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია მედიასთან, მართლმსაჯულებასთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
_ იქნება თუ არა საკმარისი ხელისუფლების შეცვლა პოლიტიკური მართლმსაჯულების დასასრულებლად?
_ ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. როგორღაც ამ ქვეყანაში უნდა მოხერხდეს, რომ კოალიციურად მოხდეს ქვეყნის მართვა და არა ერთპიროვნულად, სასამართლო უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური მარწუხებისგან. თუ 50 წესიერ მოსამართლეს ვერ ვიპოვით ქვეყანაში, მაშინ რაღაზე არის საუბარი? მე ვიცნობ 50-საც და მეტსაც, ვინც შეძლებს ამ სისტემის გამართვას, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ამ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა ამისთვის, თუმცა ეს არ გააკეთა. თუ სამართლიან სასამართლოს ვერ შექმნის საქართველო, შესაბამისად, ვერ შედგება სახელმწიფოდ. ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის, ეკონომიკაც. პირველი, რასაც კითხულობს ინვესტორი, ესაა სამართლებრივი გარემო.
სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეებს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბევრ მათგანს, ვინც დღეს სასამართლო სისტემას მართავს, სურათი ეკიდათ მიხეილ სააკაშვილის და პირჯვარს იწერდნენ მის დანახვაზე, დღეს მის დასჯას ითხოვენ… დარწმუნებული ვარ, ეს მახინჯი პრაქტიკა შეიცვლება. თუ ამას ვერ შევცვლით, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება. საკუთარ თავზე ხელი მაქვს აღებული, მე ვიბრძვი ჩვენი შვილებისთვის. ნამდვილად არ მინდა, მათ კიდევ ისეთ სიტუაციაში მოუწიოთ ცხოვრება, რაც ჩვენ გავიარეთ. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ისეთი ძვრები მიდის მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა საკითხში, დარწმუნებული ვარ, ის სათავე, საიდანაც ეს ბოროტება და სიმახინჯე მოდის, მოიშლება და ყველაფერი ცივილიზებულად გაგრძელდება ამ ქვეყანაში.