სახელმწიფომ „აწარმოე საქართველოდან“ გამქრალი მილიონების შესწავლა დაიწყო

თამარ როსტიაშვილი

წლები მოუნდა აუდიტის სახელმწიფო სამსახური, გამოეკვლია და შეესწავლა საპარტნიორო ფონდ „აწარმოე საქართველოს“ (და არა მარტო) ფინანსური ანგარიშგებები. არავის ეგონა, რომ ამის გასაჯაროებას გაბედავდნენ და დაარტყამდნენ ხსენებულ ინსტიტუტს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დროც მოვიდა.

„აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში დავალიანებების ანგარიშზე 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 13 574 630 ლარიდან 9 993 574 ლარი წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს! ეს არის „აწარმოე საქართველოში“ მიერ 2021 წლის მანძილზე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საავანსო (ვაკონკრეტებთ, არა შესრულებული სამუშაოსი, არამედ ავანსის სახით წინასწარ) გადახდები.
სად გაიხარჯა და რას მოხმარდა ეს 10 მილიონი ლარი? ამ მიზნით, აუდიტის სამსახურმა წერილობით მიმართა საფინანსო ინსტიტუტებს, ვის მიმართაც გაიცა აღნიშული თანხები. მიღებული პასუხების მიხედვით, ორგანიზაციებმა აღიარეს 6 603 909 ლარით ნაკლები დავალიანება.
თავად „აწარმოე საქართველოში“ განმარტებით, ისინი ყველაფერს პანდემიის პერიოდს აბრალებენ. კერძოდ, 2021 წლის ბოლოს, პანდემიის პერიოდში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საფინანსო ინსტიტუტებმა დროულად ვერ წარმოადგინეს ინფორმაცია ჩამოჭრილი თანხების შესახებო. აქ 6 მილიონ-ნახევარ ლარზეა საუბარი. ანუ მთელი ერთი წლის განმავლობაში „აწარმოე საქართველოს“ არ ჰქონდა მის მიერ გადარიცხული მილიონების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია და მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში ასახეს ეს ინფორმაცია თავიანთ ანგარიშებზე. ასე მაგალითად, ქონების ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის იანვარში „საქართველოს ფოსტის“ კაპიტალში შეტანილი აქვს 8 645 690 ლარი ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მაგრამ ქონების ეროვნულ სააგენტოს თავის ფინანსურ ანგარიშგებაში ეს თანხა აღრიცხული არ ჰქონდა.
აქ სახელმწიფო ფულზეა საუბარი. თან კაპიკებზე კი არა, 9 მილიონამდე ლარზე. ამის გამო, ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების დავალიანებების მუხლი 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შემცირებულია 8 645 690 ლარის ოდენობით.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღრიცხული, „მინერალური რესურსების სააგენტოს“ ფინანსურ ანგარიშგებაში დებიტორული დავალიანებების ანგარიშზე 2021 წლის დეკემბერში რიცხული 3 467 001 ლარიდან 200 970 ლარის დაფარვა არ ჩანს.
სახელმწიფო აუდიტმა ვერ მოიპოვა ასევე მტკიცებულება 2021 წელს დარიცხული 6 804 879 ლარის არსებობასა და სისწორეზე. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული 5 631 278 ლარის მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონება. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მატერიალური მარაგების“ მუხლი შემცირებულია, მინიმუმ, 5 631 278 ლარით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი _ ზემო აღნიშნული წლების განმავლობაში, სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და პრივატიზება ქონების ეროვნულ სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ აქვს აღრიცხული. კერძოდ, არ აქვს მითითებული და დაკონკრეტებული მის განკარგვაში არსებული სახელმწიფო მიწები და შენობები. არადა, ეკონომიკის სამინისტრომ 2021 წელს განახორციელა 309 800 951 ლარის ღირებულების იმ ქონების პრივატიზება, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა დაფიქსირებული, როგორც აქტივი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ _ ეკონომიკის სამინისტრომ 309 800 951 ლარის ქონება შეიძინა (პრივატიზება) და ეს შენაძენი ფინანსურ ანგარიშგებაში არ გაწერა. ეს უკვე ცალკე გამოძიების საკითხია.
როგორც აუდიტის ანგარიშშია მითითებული, ასეთი რამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი მიდგომა იდენტიფიცირებულია ეკონომიკის სამინისტროს წინა წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშებშიც.
სამინისტროს აპარატის ბალანსზე ირიცხება 1 514 725 ლარის ღირებულების ისეთი მატერიალური მარაგები, რომელთაც სამინისტროსთვის არ მოაქვს არანაირი ეკონომიკური სარგებელი. არც მომავალში იგეგმება მათი გამოყენება. შესაბამისად, აღნიშნული მატერიალური მარაგები არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს, მაშინ როდესაც ისინი აქტივებად არის აღრციხული.
ასე მაგალითად, ტურიზმის ადმინისტრაციის ბალანსზე მატერიალური მარაგების ანგარიშზე ირიცხება 336 292 ლარის ღირებულების ისეთი მცირეფასიანი აქტივები, რომლებსაც იყენებს ორგანიზაცია და აღარ აკმაყოფილებს მარაგად აღიარების კრიტერიუმებს. აღნიშნული მარაგები ექვემდებარებოდა ხარჯად აღიარებას ექსპლუატაციაში გადაცემის დროს. ანუ ხარჯია და არა მარაგი!
„აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე აქტივების ანგარიშზე 2021 წლის მდგომარეობით ირიცხება 2 812 483 ლარის და 1 695 649 ლარის გადარიცხული ავანსები. ამის სანაცვლოდ, ფონდს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურება მიღებული აქვს 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით _ 30 876 ლარის, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით _ 181 246 ლარის ოდენობით. ახლა, კარგად გადახედეთ ავანსების რაოდენობას და შემდეგ, _ გაწეული მომსახურების ციფრებს ლარებში.
შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივები გაზრდილია 30 876 ლარის და 181 246 ლარის ოდენობით.
„ჰიდროგრაფიული სამსახურის“ იგივე წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 435 252 ლარი, რომელიც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად შპს „ჰაიგმასტერზე“ (რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში) ზარალის ასანაზღაურებლად დაკისრებულ თანხას. ესეც ცალკე გამოძიების საკითხია. კერძოდ, ამ საქმესთან დაკავშირებით, 2010 წელს, დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვერ დასრულდა და აღნიშნული თანხა მიღებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჰაიგმასტერსი“ რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში, ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა 2020 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაგზავნა დოკუმენტაცია, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების კეისი დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოშია
დასარეგისტრირებლად გაგზავნილი. თუმცა 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში საქმისწარმოება დაწყებული არ არის. შედეგად, აღნიშნული კომპანიის მოძიებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი გახანგრძლივებულია, რაც ზრდის ფინანსური დანაკარგების რისკებს. შესაბამისად, 435 252 ლარის მოთხოვნის მიღების ალბათობა დაბალია და აქედან გამომდინარე, ეს თანხა ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგულია.
რაც შეეხება, ეკონომიკის სამინისტროს გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს _ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხება გრძელვადიანი ფინანსური აქტივები 616 650 301 ლარის ოდენობით, საიდანაც 609 676 672 ლარი წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში მიმართულ ფულად შენატანებს.
ეს არის ყველაზე საინტერესო თემა საქართველოს მოსახლოებისთვის, როდესაც იგივე „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე სახელმწიფოს თავისი წილი შეჰქონდა ბიუჯეტიდან და შემდეგ, ვითომ გახსნილი საწარმოები ხან რომ ჩერდებოდნენ და ხანაც ქრებოდნენ.
კერძოდ, 3 218 934 ლარის, 605 657 738 ლარისა და 800 000 ლარის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის საკითხი შეისწავლა აუდიტის სამსახურმა.
ქონების ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში აღრიცხული აქვს „საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდში“ (GღDF) განხორციელებული ინვესტიცია 78 769 832 ლარის ოდენობით. „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლი 4-ის მიხედვით, ის არ აკმაყოფილებს ფულადი მუხლების განმარტებას, არაფულადი მუხლები კი არ ექვემდებარება პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსის გამოყენებით გადაანგარიშებას. შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდში“ განხორციელებული ინვესტიცია აღიარებული უნდა იყოს საწყისი ღირებულებით, რაც შეადგენს 42 975 535 ლარს.
ახლა, 78 769 832-ს გამოვაკლოთ 42 975 535! ისმის კითხვა, სად წავიდა 35 794 297 ლარი?! აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების ეროვნული სააგენტოს „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლი გაზრდილია 35 794 297 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო აუდიტის ექსპერტების მოკვლევის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული შენატანების აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული არც ქონებრივი, არც წილობრივი ტიპის შენატანები და შემცირებები არ არის ასახული.
მეტიც: ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ მოიპოვა ინფორმაცია 2016 წლამდე საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ქონებრივი და წილობრივი შენატანებისა და კაპიტალიდან ამოღებული ქონებისა და წილების შესახებ. ასევე ქონების ეროვნული სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდში“ განხორციელებული ქონებრივი და წილობრივი შენატანებისა და ამოღებების ღირებულების შესახებ.
ასე და ამრიგად, არ არსებობს ინფორმაცია „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ ანგარიშზე აღრიცხული 616 650 301 ლარის სისწორესა და სისრულეზე.
2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტოს ჯამურმა საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 7 813 705 ლარი. ამ დროს, იჯარით გაცემული ქონება არ არის აღრიცხული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში და არც საიჯარო ინფორმაცია არის მოცემული განმარტებით დოკუმენტში.
ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის საოფისე ფართები, საერთო ფართით _ 415,75 კვ.მ. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვანთ: სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის ბაკურიანში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საზღვაო აკადემიას ანგარიშში ასახული აქვს საერთო საცხოვრებელი, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის. ქონების ეროვნული სააგენტოზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 8 ავტოსატრანსპორტო საშუალება არ იძებნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშებზე ირიცხება 2 928 521 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივები. ამავე დროს, არ არის დასაბუთებული არამატერიალურ აქტივებზე მინიჭებული სასიცოცხლო მომსახურების ვადების განსაზღვრის საკითხი და ყველა არამატერიალურ აქტივზე სასარგებლო მომსახურების ვადად განსაზღვრულია 10 წელი. როგორც მოკვლევის შედეგად დგინდება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ირიცხება 1 367 130 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე გაცვეთილი და შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისი არამატერიალური აქტივები, რომლებიც არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. აქვე არის აღრიცხული 102 590 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივები, რომლებიც შემდგომი გამოყენებისთვის ვარგისია და მათი საბალანსო ღირებულება ნულის ტოლია.
თუ შევაჯამებთ, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის ფინანსურ ანგარიშგებებში ირიცხება 881 611 ლარის და 3 591 663 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივები. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბალანსზე რიცხული ყველა არამატერიალური აქტივი, ხოლო საზღვაო აკადემიამ ბალანსზე რიცხული არამატერიალური აქტივებიდან 3 343 580 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივები შეაფასა, როგორც განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე აქტივები. ეს კი უკვე ბიუჯეტის ხარჯვაა. კანონის მიხედვით, სავალდებულოა ყოველწლიურად გაუფასურების ტესტირების ჩატარება, რაც ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საზღვაო აკადემიამ არ განახორციელეს.
აუდიტის სახელმწიფო სამსახური ეჭვს გამოთვამს „არამატერიალური აქტივების“ ანგარიშზე აღრიცხული 7 153 712 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივების ღირებულების სისწორეზე.
ქონების ეროვნული სააგენტოს შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან
აღიარებულია 29 765 091 ლარით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტოს შემოსავლებმა გაცვლითი ოპერაციებიდან შეადგინა 30 606 052 ლარი, ნაცვლად ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 29 765 091 ლარისა. სად გაქრა მილიონ ლარამდე?! უფრო სწორად, 840 961 ლარი?
სამინისტროს აპარატის მიერ ანაზღაურებულია ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება. სულ _ 10,091,661 ლარი. არადა, იმ წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდებათ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას (აბონენტები) 2020 წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში.
ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სააგენტოს 5 დღის ვადაში. აუდიტის მიმდინარეობისას ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ. მიღებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა, რომ 10 091 661 ლარის ხარჯიდან 2 422 567 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში არ აქვთ მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ მუდმივად მცხოვრების სტატუსის არმქონე პირებზე თანხები გადაირიცხა 2020 წელსაც, რაც განხილულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში. ესეც გამოძიების საკითხია, რაც კორუფციისა და ე. წ. ადგილობრივი გამგეობის დონეზე ჩაწყობების თემის გაგრძელებაა.
ინოვაციების სააგენტოს ინდივიდუალური ფინანსურის ანგარიშგებაში ასახული 13 318 567 ლარის გრანტებისა და სუბსიდიის ხარჯი მოიცავს 7 851 631 ლარის ისეთ დანახარჯებს, რომელთა აღრიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე შეუსაბამოა ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნებთან. შედეგად, ინოვაციების სააგენტოს 2021 წლის „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიის“ ხარჯი 7 851 631 ლარით არის გაზრდილი.
„აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის ხარჯი შემცირებულია 169 710 ლარით, რაც წარმოადგენს წინა პერიოდებში სხვადასხვა კომპანიაზე აღიარებული გრანტის ხარჯების უკუგატარებას, შეცდომის გასწორებას.
„აწარმოე საქართველოში“ დებიტორული დავალიანებების აღრიცხვასთან დაკავშირებული შეცდომების გამო, აუდიტმა ვერ მოიპოვა რწმუნება აღნიშნული სსიპ-ის ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წელს „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის სისრულისა და სისწორის შესახებ.