სასტუმრო სინოდის განჩინებით და მომლოცველებისთვის

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ალავერდის ტაძართან ახლოს, აშენდება პრემიუმკლასის 32-ნომრიანი სასტუმრო Alaverdi Resort („ალავერდი რიზორტ“). სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ განახორციელებს 14 მილიონი ლარის ინვესტიციას. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერსაა დაგეგმილი.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს ვიცე-პრემიერმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტარები და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

გოგი სალაყაიას თქმით, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავითაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

„ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპისა, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება. ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას.Alaverdi Resort-ი იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. იგი გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, Alaverdi Resort -ი წელიწადში 8-10 ათას ვიზიტორს მიიღებს და დაასაქმებს 80 ადამიანს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა აერთიანებს 32 ნომერს, საცურაო აუზს, ბარებსა და რესტორნებს. Alaverdi Resort -ის პროექტის ავტორი არქიტექტორი გახლავთ ზვიად სურგულაძე.

ერთი შეხედვით, რა კარგი ამბავია, რა ბედნიერებაა, 80 ადამიანი დასაქმდება, ბიზნესი განვითარდება. „ბადაგონისთვის“ მართლა კარგი წამოწყებაა, რატომაც არა? „ბადაგონი“ ამას იმსახურებს. და არა მარტო „ბადაგონი“, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეს ნამდვილად სჭირდება, რადგან ახმეტაში კარგი სასტუმროსა და კარგი რესტორნის დეფიციატია. არადა, ეს ხომ ტურისტული გზაა, თუშეთისკენ მიმავალი ტურისტი ხომ ამ გზაზე დადის. რატომაც არა, რატომაც არა… ქვეყანა თუ წინ წაიწევს და პანდემიის გადავლის მერე ტურიზმი ასე დადგება ფეხზე, ამას რა სჯობს?.. მაგრამ, ოჰ ეს მაგრამ…

„ბადაგონი“ სასტუმრო Alaverdi Resort -ს სწორედ საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ მიწაზე აშენებს. არადა, ალავერდის გარშემო მიწაც, წყალიც და ჰაერიც კი ეპარქიისაა. ახლა, ალბათ, მეუფე დავითი ამ სტატიას რომ წაიკითხავს, იტყვის… _ და სად მიმაქვს მე ეს მიწა, ეს წყალი, ეს ჰაერი? მე ხომ ეს ამ ქვეყნისთვის მინდა? მე ხომ ამ ყველაფერს ჩემი მრევლისთვის ვაკეთებ? რადგან სასულიერო პირი ვარ, საერო პირებზე ნაკლებს ჩავდივარ? მე ხომ ამდენი წელია, ვიცავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს? დაგავიწყდათ, როგორი იყო ალავერდი, შუამთა?.. და მე რაც მოვიტანე, რაც ვიშოვე, ხომ მათი აღორძინებსთვის ჩავდე?

არადა, 2020 წელს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ მიერ ჩატარებული კვლევა ალავერდის ეპარქიის წინამძღოლის საქმიანობისა და ბიზნესკომპანიებში მისი წილების შესახებ ამბობს:

„აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი მახარაძე, ალავერდის ეპარქიას 1993 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი დანიშვნიდან 4 წელიწადში ეპარქიის სასულიერო პირები პატრიარქისადმი მიწერილ წერილში ითხოვენ დავით მახარაძის ალავერდის ეპარქიისგან ჩამოშორებას. ერთ-ერთ მიზეზად წერილში წერია: „მღვდლებს ჩამოერთვათ უფლება და საშუალება, იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი მიჩხრიალებს „ბედნიერი“’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში. ყველა ტაძრის ნებაყოფლობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშ და ზემოქმედებაში ამყოფოს“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გარდა შემოწირულობებიდან აღებული თანხისა, მან კარგად გაიაზრა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ბიზნეს და ტურისტული შესაძლებლობები.

„2006 წელს ალავერდის მონასტერში ფუნქციონირება დაიწყო მარანმა, რომელიც კომპანია „ბადაგონის“ მხარდაჭერით აღდგა. ბერები ასხამენ საკუთარი ბრენდის ღვინოს სახელწოდებით „ბერების ღვინო 1011-დან“. ბერებმა ღვინის ჩამოსხმა „ბადაგონთან“ ერთადაც დაიწყეს და კომპანიამ ალავერდის მონასტრის წინ, ტურისტულ სივრცეში, რესტორანიც გახსნა. 2014 წელს ალავერდის მონასტრის წინ გაიხსნა „მაწვნის სახლი“. კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში „მაწვნის სახლი“ ეპარქიას გადაეცა. 2019 წლის ივნისში მიტროპოლიტმა „მაწვნის სახლი“ „ბადაგონის სახლს“ გადასცა სამართავად. მიტროპოლიტ მახარაძის ინიციატივით, სახელმწიფომ ეპარქიას აუშენა „იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემია“, რომელიც 2016 წელს გაიხსნა. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია და მის მშენებლობაში სახელმწიფოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკმაც. აკადემიაში აქვთ ქვევრის გამოსაწვავი ძვირადღირებული დანადგარები. საქართველოში ხარისხიანი ქვევრის წარმოება პრობლემაა. ეს პრობლემა კი იყალთოს ქვევრის აკადემიის დახმარებით უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა აკადემია უფუნქციოა. მონასტერში მიტროპოლიტს საკუთარი ბიზნესიც აქვს. ის 2016 წლიდან კომპანია შპს „თაფლიკაცის“ 55%-იანი წილის მფლობელია. მათ ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე სკები აქვთ, ექვსი სახეობის თაფლს აწარმოებენ და იქვე ყიდიან“, _ წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

საჯარო რეესტრის თანახმად, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ფლობს 2,60 1კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სოფელ დიღომში. ასევე მეუფის მფლობელობაშია 6,000 კვ.მ. მიწა თბილისში, უდაბნოს ქუჩაზე, რომელიც 2000 წელს ირმა ნიკოლაიშვილისგან 3,000 ლარად იყიდა. ამ მიწაზე ზაჰესის სამონასტრო კომპლექსია გაშენებული. ის ფლობდა 6,451 კვ.მ. საკარმიდამო მიწას ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში, რომელიც 2015 წლის 28 მაისს დიმიტრი აბდუშელაშვილმა აჩუქა. 2017 წელს მიტროპოლიტმა დავითმა საჩუქარი 20,000 ლარად გაყიდა.

მიტროპოლიტი ფლობს „შპს თაფლიკაცის“ 55%-იან წილს.

ის ასევე ხელმძღვანელობს 8 არაკომერციულ ორგანიზაცის:

1. ა(ა)იპ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი;

2. ა(ა)იპ ქვევრის ფონდი;

3. ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;

4. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი;

5. ა(ა)იპ ალავერდის აღდგენისა და განვითარების ფონდი;

6. ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული მომავლის ფონდი;

7. ა(ა)იპ შირიმი;

8. ა(ა)იპ ანტიფონი.

P. შ. დაბოლოს, სახარებაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტემ თოკისგან მათრახი გააკეთა და ტაძრიდან ვაჭრები გააძევა.

„იუდეველთა პასექი მოახლოვდა. იესო იერუსალიმში მივიდა და დაინახა, რომ ტაძარში ხარები, ცხვრები და მტრედები იყიდება და ფულის გადამცვლელები სხედან. და გააკეთა თოკებისგან მათრახი და გაყარა ტაძრისაგან ყველა, ცხვარნიც და ხარიც. ფული გადაუყარა და მათი მაგიდები ააყირავა. და უთხრა მათ მტრედების გამყიდველებს: წაიღეთ აქედან ყველაფერი და ნუ გახადეთ მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად“.