_ ჩვენ შეგვეძლო, ყველა დაგვებრიდა! _ აბა, რაა! აბა, რაა!

სათაურში გამოტანილი ფრაზები არც იმ „სისხლიან ცხრა“ წელს უთქვამთ და არც რომელიმე ძალოვანს ეკუთვნის. „ჩვენ შეგვეძლო, ყველა დაგვებრიდა!“ _ ამ სიტყვებს, არც მეტი არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ეუბნება მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ფარულმა ჩანაწერმა, რომელიც ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა, ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილის ფეისბუქზე დაწერილი კრიტიკული კომენტარის ან თუნდაც გინების გამო დაცვის სპეციალური სამსახური სადამსჯელო ოპერაციას ატარებს და კომენტარის ავტორებს სახლში სპეციალურ ჯგუფებს უგზავნის.
„საღოლ, ჯიგარო!“ _ ამ ფრაზით ბერა ივანიშვილი უკვე დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს გენერალ ანზორ ჩუბინიძეს მიმართავს და ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს ეცნობა. ის გენერლის სადამსჯელო ზომებით უკმაყოფილოა, _ ვახო უფრო „ძერსკად“ უსწორდებაო, _ ამბობს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვახოში ბერა მოქმედ შს მინისტრს გულისხმობს თუ ვინმე სხვას, რომელიც უფრო „ძერსკია“, ვიდრე ჩუბინიძე, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, ჩანაწერი მკაფიოდ და ცხადად ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა, საბოლოოდ, ჩამოშლილია, სახელმწიფო კი მიტაცებულია და ერთი კაცის ოჯახის სურვილზეა დამოკიდებული, ვის დასჯიან და ვის წაახალისებენ სადამსჯელო რაზმები. აკი, ბერაც ფიქრობს, რომ მამამისს სიტყვასაც კი ვერავინ შეუბრუნებს.
ჩანაწერების ანონსმა „ქართულ ოცნებაში“ სრული დაბნეულობა გამოიწვია. ანონსის გასვლის მერე ტროლების სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და „პოსტ ტვ“ საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ერთადერთი მესიჯბოქსი, რომელიც დილიდან „ოცნების“ მხარდამჭერების ფეისბუქ გვერდებზე ტრიალებდა, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილის შავ არქივსა და მონტაჟს ეხებოდა, დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ სამივე ვერსია, უბრალოდ, ტყუილი იყო, _ 2010 წელს ირაკლი ღარიბაშვილის არსებობა არავინ იცოდა, შესაბამისად, მას ზუმერად რაც არ უნდა „ტრი ტრი“ დაეყენებინა, მინისტრები ვერ (არ) დაურეკავდნენ, ჩანაწერში კი ბერა სწორედ ამ ფრაზებს ამბობს, რომელიც დამონტაჟებული არ გამოდგა, არამედ სწორი ვერსიაა. ჩანაწერი ფრაგმენტია, მაგრამ უწყვეტი და სრულად ასახავს მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციის მსვლელობას.
როგორც გაირკვა, ბერას ფეისბუქ გვერდზე გინებისთვის იმ მომენტისთვის ორი პირი დასაჯეს: ერთი 15 წლის სკოლის მოსწავლე, რომელსაც 45 მლ. გრამიანი ტყვიის გადაყლაპვით და ცოცხლად დამარხვით დაემუქრნენ და მეორე ვაკელი 23 წლის ჯეელი, რომელიც ახლა 27 წლისაა და რომლის დედაც ვერ იხსენებს, რა დაწერა მისმა შვილმა და ვინ მიაკითხა სახლში მუქარით.
რას ითხოვდნენ პოტენციური მსხვერპლისგან? _ საჯარო ბოდიშს.
გვქონდა თუ არა მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ანუ ოცნების ხელისუფლების სინამდვილეში?
გვქონდა, როცა რეპერმა ზაზა ნოზაძემ, რომელიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა ბიძინა ივანიშვილისა და ბერას მისამართით, სრულიად მოულოდნელად ვიდეო ჩაწერა, ბერას ბოდიში მოუხადა, იუთუბზე ატვირთა და ფეისბუქზე დასპონსორებული სტატუსიც გამოაქვეყნა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა .
დაატერორეს თუ არა ნოზაძე ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმებმა? ამ კითხვას თავად უნდა უპასუხოს, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, დანაშაულის ანატომია სწორედ ასეთია _ საჯარო ბოდიში არასაჯარო მუქარისა და ტერორის შემდეგ.
„ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთი არასოდეს უყვარდათ, არც ენდობოდნენ და დასწრებაზე იყო, ბიძინა ივანიშვილთან ვინ მიიტანდა პირველ ჭორს. ამ მხრივ ჩემპიონი ყველა ეტაპზე მაინც ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ამ ჩანაწერების გასაჯაროების მერე უკვე ოფისშიც კი ჩურჩულით ლაპარაკობენ და ყველაზე აქტუალური კითხვაა, _ ვინ უსმენდა ბერა ივანიშვილს?
ვერსიები აქაც ბევრია: დაწყებული სოსო გოგაშვილით, დასრულებული გიორგი გახარიათი. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩანაწერები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს, ვიღაცებს კი ლაშა ნაცვლიშვილი და სომხეთში გატანილი ფარული ჩანაწერები გაახსენდათ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მომხრე სოსო გოგაშვილის ვერსიას ჰყავს. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე კარგა ხანია, გასულია „ოცნების“ კონტროლიდან, ის იქამდეც მივიდა, რომ ტვ „პირველის“ ეთერში ღიად დააშანტაჟა საქართველოს პროკურატურა, _ „ციანიდის საქმე“ არასწორად გამოძია, ციანიდი ამოღებული არ არის და, რეალურად, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა არ მზადდებოდაო. იმავე ინტერვიუში ირიბად მიანიშნა ბიძინა ივანიშვილს, _ თუ არ მომხედავთ, დადგება ის დღე, როცა ღიად ვიტყვი, პატრიარქის შეცვლის ოპერაციაში მონაწილეობდით თუ არაო. გოგაშვილის ინტერვიუს ოფისში ხმამაღალი გინება მოყვა, ჩვენი წყაროს ინფორმაციიტ, ყველაზე ხმამაღლა მისი ხელდასმული ნათელ მირონი, დიტო სამხარაძე იგინებოდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან გადაპორტორდა , როგორც ჩანს, გოგაშვილის შანტაჟმა არ გაჭრა, _ კარგა ხანია, ის ყველასთვის ზედმეტი ბარგია: პანკისის სისხლიანი სპეცოპერაცია, ჩატაევის შემოყვანა და მისი ლიკვიდაცია, „ციანიდის სკანდალი“, ირანული ფულის გათეთრება და უამრავი სხვა სკანდალი სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საქმე დევს, ერთ-ერთი სპეცსახსრების უკანონო ხარჯვაა. საუბარია შვიდ მილიონ ლარზე მეტ თანხაზე, რომელიც გაურკვეველი მიზნით და, უმეტესად, პოლიტიკურად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ დაიხარჯა, დიდი ნაწილი კი „ატკატების“ სახით ისევ გოგაშვილთან დაბრუნდა, ამიტომ „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ გოგაშვილმა თავდაცვის მიზნით კომპრომატების გამოყრა დაიწყო. ახლა „ოცნებაში“ იმას არკვევენ, კიდევ რა ჩანაწერები შეიძლება ჰქონდეს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს.
მეორე ვერსია გიორგი გახარიას უკავშირდება. მისმა გადადგომამ „ოცნება“ დაზაფრა. გარდა იმისა, რომ ექსპრემიერი ღიად გაემიჯნა ნიკა მელიას დაკავებას და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევას, მისმა პოპულარობამ „ოცნების“ ლიდერშიპი დააბნია და დააფიქრა კიდეც. გახარიას მინისტრები არა, მაგრამ ძალოვან უწყებაში საკუთარი კადრები ჰყავდა, სუსის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც თავის დროზე ამირან მესხელის თანაშემწე იყო და შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე, რომელიც შს მინისტრის, ჯერ კიდევ, მოქმედი მოადგილეა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა გახარიას გადადგომის მერე დატოვა, საბანაძე კი პოსტს ინარჩუნებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გომელაურმა მას თათბირზე ღიად უთხრა, რომ გაშვებას არ უპირებს, თუმცა მისი კადრები სამხარეო სამმართველოებს უკვე ჩამოაშორა, მათ შორის, საბანაძის ქვისლი კონსტანტინე ანანიაშვილი.
მიუწვდებოდა თუ არა ხელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ფარულ ჩანაწერებზე? ალბათ, უფრო _ არა, რადგან ის არც სუსის უფროსის პირველი მოადგილე იყო და არც დიდი გავლენებით სარგებლობდა, არც ენდობოდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ. განუკითხაობა “ ოტოში “ გოგაშვილის დროს უფრო იყო, გომელაურს მისთვის დიდად არ ეცალა. წყარო ტვ „პირველს“ უყვება, რომ გოგაშვილმა სუსი საკუთარი არაპროფესიონალი კადრებით გაავსო. მისი მარჯვენა ხელი ვინმე გოგიტა ოტოში უკონტროლოდ შედიოდა , ვიღაც გოგონების ტელეფონებს უკანონოდ უსმენდა, მერე ურეკავდა და მათ ეღადავებოდა, ასეთ პირობებში კი არც ბერას მოსმენა იყო გამორიცხული და არც ირაკლი ღარიბაშვილის,
საქმეში უფრო ჩახედულ ადამიანებს ლაშა ნაცვლიშვილი გაახსენდათ. თავის დროზე ლაშა ნაცვლიშვილი ფარული ჩანაწერებით ღიად ვაჭრობდა, ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერს საქართველოს პატრიარქზე ნიკა გვარამიასაც კი სთავაზობდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილმა ჩანაწერები მისი მეგობრის, დათო ახვლედიანის დახმარებით სომხეთში გადაიტანა , თავიც ასე გადაირჩინა. ის „ქართულ ოცნებაში“ დააბრუნეს და კარგა ხანს იყო ოცნების მთავარი იდეოლოგი. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარე გახდა, პარტიის პოლიტსაბჭოში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე შეიყვანეს, ლაშა ნაცვლიშვილის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მერე კი ლაშა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისი დატოვა და „პოსტ ტვის“ დირექტორის სავარძელს დაუბრუნდა. ღარიბაშვილ-ნაცვლიშვილს ერთმანეთთან ღია და დიდი ხნის მტრობა აქვთ, ღარიბაშვილის ინიციატივით დაატოვებინეს მას მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი, ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, სკანდალური ჩანაწერი ლაშა ნაცვლიშვილის შავი არქივიდან იყოს.
ასეა თუ ისეა, ტვ „პირველის“ ეთერში გასულმა ჩანაწერმა „ქართული ოცნება“ მორალურად გაანადგურა, სულ უფრო და უფრო მცირდება იმ პირთა რიცხვი, ვისაც „ოცნების“ საჯაროდ „გაპრავების“ სურვილი დარჩა.
სკანდალურ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე ახსენებენ ფრაზას: „ამიკომ გვითხრა“… ვინ არის ამიკო, ვისაც ორივე მათგანი ასე შინაურულად მოიხსენიებს?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამიკო „ბლექსი არენას“ დირექტორი, ამიკო ჯანელიძეა, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქში ბერა ივანიშვილის თვალი და ყურია. ის, რაც შეიძლება ბერას გამორჩეს, არ გამორჩება ამიკოს, ის სტატუს-სტატუსს დასდევს კრიტიკულ კომენტარებს და არც საჯარო გინება-მუქარას ერიდება.იცის რომ გამწვანებული აქვს და საჯარო მუქარებისთვის არც არავინ დასჯის .
ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ჩანაწერზე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ ჩანაწერებზეც იმსჯელეს და დაასკვნეს _ ჩანაწერი 2010 წლის მონტაჟია, თუმცა ამ ვერსიის „ოცნებაშიც“ არ სჯერათ. ამავე ბრიფინგზე ისიც განაცხადეს, რომ „ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან ერთად პლებისციტის იდეა განიხილოს. ოდნავ უფრო ადრე პლებისციტზე განცხადებები „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გააკეთეს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ პლებისციტზე თანხმობის შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოპოზიციასთან შეთანხმებული პროექტით და გამართული ჩავიდოდა, ოპოზიციის ნაწილი კი „ოცნებას“ აისრულებდა და პარლამენტში შევიდოდა.
გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა მოლაპარაკების პერსპექტივა ერთობ ბუნდოვანი გახადა. ძნელი წარმოსადგენია, მძიმე კრიმინალურ დანაშაულში მხილებულ პრემიერ-მინისტრთან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ღია ალიანსი გაბედოს. ასეთ სიტუაციაში პლებისციტის იდეა აზრს კარგავს. ხათუნა ლაგაზიძის არ იყოს, რაზე უნდა ჩატარდეს პლებისციტი, _ დარჩნენ თუ არა ხელისუფლებაში მოქმედი კრიმინალები ოთხი წლის განმავლობაში?
პოლიტიკური რეალობა უფრო და უფრო დამძიმდა. ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობას უნდა ტოვებდეს და მასთან ერთად უნდა გადადგეს დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ხოლო „ქართული ოცნება“ პლებისციტისთვის კი არა, რიგგარეშე არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს. პრინციპში, ნორმალურ ქვეყანაში არსად მოქმედი ხელისუფლის ოჯახის წევრები ადამიანებს სადამსჯელო რაზმებით არ ატერორებენ კრიტიკული კომენტარების გამო. სოციალურ ქსელში უკვე დაიგეგმა აქცია: „შეაგინე ბერას!“ ეს არის საზოგადოების პროტესტი და პასუხი კითხვაზე, _ რამდენს დასჯიან?

ელისო კილაძე