მალხაზ პატარაია: „სოზარ სუბარის უწყებამ ისეთი დასკვნა დაწერა, ზედ პუტინის ხელმოწერაღა აკლდა!“

c4

ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის საქართველოში ორჯერ დაპატიმრებული დაღესტნელი უფლებადამცველი, მიკაილ კადიევი, ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებულ უარს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს და მის გაბათილებას ითხოვს.

როგორც კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია აცხადებს, უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაღესტნელი უფლებადამცველისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და მისი რუსეთისთვის გადაცემას დიდი რეზონანსი მოჰყვება კავკასიელ ხალხებში, რომლებიც იმედით უყურებენ საქართველოს და მის ბრძოლას რუსეთის წინაღმდეგ.

რატომ არ უნდა ლტოლვილთა სამინისტროს კადიევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება? რა დასკვნა დაწერა სოზარ სუბარის უწყებამ?

ამ და სხვა საკთხებზე, „ქრონიკა+“-ს მიკაილ კადიევის ადვოკატი, მალხაზ პატარაია ესაუბრება:

_ მიკაილ კადიევის საქმეზე საზოგადოების, ადვოკატების, პარტიებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელახალი გააქტიურება განაპირობა იმან, რომ მიუხედავად ისეთი სერიოზული პროტესტისა, რომელიც ამ საქმეს მოჰყვა, ხელისუფლებამ, ლტოლვილთა სამინისტროს სახით, ისევ უარი თქვა თავშესაფარზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პირველი უარი გააუქმა და სამინისტროს სერიოზული მითითებები მისცა, რა უნდა გაეკეთებინათ, ამ მითითებებიდან აბსოლუტურად არაფერი შეასრულეს და, პრაქტიკულად, ისეთივე შინაარსის უარი ხელახლა გამოსცეს. სასამართლოში 6 იანვარს შევიტანეთ სარჩელი და მისი წარმოება გუშინ დაიწყო. სარჩელით ვითხოვთ მეორე უარის გაუქმებას და თავშესაფრის მინიჭებას. ხელისუფლებამ სრული იგნორირება მოახდინა როგორც ხელისუფლების პრესტიჟის, ისე მთელი საზოგადოებრივი აზრის, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება!

_ რატომ არის წინააღმდეგი დევნილთა სამინისტრო კადიევისთვის თავშესაფრის მიცემაზე?

_ წინააღმდეგია რუსეთი, ის ითხოვს კადიევს და შესაბამისად, რუსული მმართველობა, რომელიც ხელისუფლებაში მოსულია 2012 წლის არჩევნების შედეგად, ასრულებს რუსულ დავალებას! ჩვენ ვიცით, რომ ამის თაობაზე საუბარი იყო აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც, ერთ-ერთ საკითხად ესეც ფიგურირებდა. კადიევი არის დაღესტნელი უფლებადამცველი. ის დაღესტნის დამოუკიდებლობის მომხრეა, საკუთარ ქვეყანაში აქტიურ უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა. კერძოდ, ის იცავდა რუსეთის ხელისუფლებისგან რეპრესირებული დაღესტნელების ინტერესებს. იცით, რა რეჟიმი აქვს დამყარებული რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში? _ ეს არის სასტიკი, ძალმომრეობითი რეჟიმი, ადამიანის სიცოცხლეს იქ ფასი არ აქვს, ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! რუსეთის მოწინააღმდეგე ადამიანებს სასტიკად აწამებენ, კლავენ, იტაცებენ, ამ რეჟიმის მსხვერპლთა ინტერესებს იცავდა კადიევი, მონაწილეობა აქვს მიღებული მიტინგების ორგანიზებაში, სხვადასხვა მასალას ავრცელებდა პრესაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კორუფციაში ამხელდა მაღალჩინოსნებს, კიდევ ძალიან ბევრი რამეს ასაჯაროებდა, რასაც სჩადის დაღესტანში ცენტრალური ხელისუფლება და მისი მარიონეტული მმართველობა. მოგეხსენებათ, ამ უფლებადამცველებს რუსეთში არანაკლები სისასტიკით დევნიან. ამიტომ, 2011 წელს, ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაღესტანი და საქართველოში შემოვიდა. ჩვენ საქმეში გვაქვს დაღესტნის არაერთი ორგანიზაციის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ჩვენი სახალხო დამცველის მიმართაც არსებობს, ასევე ქართული ორგანიზაციების დასკვნები იმის თაობაზე, რომ ეს კაცი არის უფლებადამცველი, ის იდევნებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, მისი უკან წასვლის მერე მასზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და ამის საფუძველზე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა კიდეც მისი საქართველოდან ექსტრადირება. იცით, რომ კადიევი საქართველოში 2 წელიწადი პატიმრობაში ჰყავდათ, ახლა ის თავისუფალია, თბილისში ლეგალურად ცხოვრობს. პარალელურად, ექსტრადიციისგან რომ დაგვეცვა, პროცედურა დავიწყეთ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გასულები ვართ დსთ-დან, ყველა ხელშეკრულება გაუქმებული არ არის. არსებობს ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ და ამის  ფარგლებში, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, შესაძლებელი ხდება დამნაშავე პირების ექსტრადირება რუსეთიდან საქართველოში, ან პირიქით, ასევე პოსტსაბჭოური სივრცის სხვა ქვეყნებში. ლტოლვილის სტატუსი კადიევს დაიცავს ექსტრადირებისგან, რომელზედაც მასალები დევს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ეს შეჩერებულია, სანამ სასამართლო პროცესები არ დამთავრდება. მოგეხსენებათ, ლტოლვილის სტატუსის მიღება ადმინისტრაციული პროცედურაა, ადმინისტრაციული სასამართლო იხილავს არსებითად იგივე საკითხებს, რასაც იხილავს საექსტრადიციო წარმოება, ოღონდ წესია განსხვავებული. ის სისხლის სამართლის წესით მიდის. ღმერთმა ნუ ქნას და როდესაც ადმინისტრაციული წესით დაადგენენ, რომ ამ ადამიანს არ ეკუთვნის ლტოლვილის სტატუსი, ანუ ის არ იყო დევნის მსხვერპლი, რომ რუსეთის სასამართლო და პენიტენციურ ორგანოებში ასეთი პირების მიმართ შექმნილია საამური ვითარება, მას არ ელის წამება, სიკვდილი, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, რაც უკვე დაადგინა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ხელმეორედ, მაშინ ასეთ ვითარებაში საექსტრადიციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იქნება შესული. საექსტრადიციო სამართალწარმოება, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საექსტრადიციო პატიმრობა, იქნება ფორმალური და ის დადგენილება მისთვის ერთგვარ პრედუციულ ძალას შეიძენს. ადმინისტრაციული პროცედურის დადგენილების ძალიან დიდი საშიშროება არსებობს სოზარ სუბარის ხელმეორე უარის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლება კადიევს რუსეთს გადასცემს!

_ ბატონო მალხაზ, ზემოთ აღნიშნეთ, სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს დავალება მისცა და არ შეასრულაო. რას გულისხმობდით?

_ პირველი ინსტანციის სასამართლოში, პრაქტიკულად, ხელები გადაგვიგრიხეს და ყველაფერი წავაგეთ. საზოგადოებრივი რეზონანსი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ზემდგომი სასამართლოებიც უცვლელად დატოვებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციას უთხრა, _ ხელახლა განიხილე ეს საქმე, რაც შენ განიხილე, ამ დასკვნის გამოსატანად საფუძველი არ არისო. კერძოდ, კადიევს სამინისტროში მხოლოდ გაესაუბრნენ, არ განიხილეს მრავალრიცხოვანი წერილობითი მტკიცებულება და ა. შ., არ შეაგროვეს მასალა, არ გადაამოწმეს მის მიერ ზეპირად მიწოდებული ინფორმაცია. ლტოლვილთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია გასაუბრება. უმეტეს შემთხვევაში, ეს ასეც არის, მაგრამ ადამიანი, როდესაც უცხო ქვეყნიდან შემოდის, მას შეიძლება არანაირი საბუთი არ გააჩნდეს, მაგრამ თუ მას აქვს ეს საბუთები, დოკუმენტები და არ განიხილავ, არსად წერია, თან თუ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტებია! თან გასაუბრება შედგა თარჯიმნისა და დამცველის გარეშე. ერთადერთი, რაც მეორე გასაუბრების დროს შეასრულა სამინისტრომ და რაც პირდაპირ დაუწერა სააპელაციო სასამართლომ, თარჯიმანი დასვითო, ეს გააკეთეს! ადვოკატის უფლება მისცეს, მაგრამ სხვათაშორის, ძალიან მნიშვნელოვანი მითითებები არ შეასრულეს! სასამართლომ დაავალა, რომ კადიევისთვის ჩაეტარებინათ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, რადგან მას სხეულზე წამების კვალი აქვს. ის ჩიოდა, რომ წამების დროს ტვინის შერყევა მიიღო და ჰქონდა შესაბამისი ჩივილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სხეულზე ნასროლი ჭრილობაც აქვს. მის წინ კაცი მოკლეს, კადიევმა განცხადება შეიტანა და რუსეთის პროკურატურა იძულებული იყო, წარმოება დაეწყო. ამ საქმეზე ადგილობრივი „ომონის“ უფროსი დააკავეს, მაგრამ შემდეგ ზემოქმედების მეშვეობით აიძულეს, განცხადება გაეტანა. ასეთი ფაქტი მოხდა, ოჯახის წევრებზეც იყო ზემოქმედება და ამ განცხადების შემდეგ საშინელ ტერორში მოაქციეს, სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარეს. პირველი ადმინისტრაციული წარმოების დროს, კადიევმა საბუთი გადასცა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს და ამ საბუთის გამცემის ოჯახს დაღესტანში თავს დაესხნენ, ეს ინფორმაცია სამინისტროს კონფიდენციალურად მივაწოდეთ. ეს კონფიდენციალობა დაარღვიეს და ესეც მიუთითებს, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ! ამიტომ ვინც გადასცა ეს საბუთი, იმ პირის ადმინისტრაციული წარმოებიდან აცილება მოვითხოვეთ, მაგრამ ესეც არ დააკმაყოფილა სამინისტრომ. წერილობითი დოკუმენტაცია არც მაშინ განიხილა და არც ახლა. ეს დოკუმენტაცია არის მოწმეთა განცხადებები, დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების წერილები მისი საქმიანობის შესახებ, გაზეთის რედაქტორის წერილი და ა. შ. წერენ ავტორიტეტული პირები როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. თვითონ არ შეაგროვეს არანაირი დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრული წყაროების მიხედვით. გაზეთ „კომერსანტიდან“ აქვთ ამოღებული რაღაც ინფორმაციები. ეს გაზეთი კი ეკუთვნის კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქ რუსმანოვს, რომელსაც 2011 წელს სამხრეთ ოსეთის დიდების ორდენი აქვს მიღებული. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ამ გაზეთის ფილიალი იმიტომ დახურეს, რომ არაობიექტურად დაიწყო გაშუქება. ამ გაზეთის რამდენიმე ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელიც კადიევის დისკრედიტაციას ეწევა.

რუსეთის სახელმწიფოს აქვს ორი მიზანი _ დასაჯოს კადიევი, არათუ დასაჯოს, მას იქ მოკლავენ! და მეორე _ მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე კავკასიაში! საქართველო კიდევ ამ და სხვა საქმეებშიც ასრულებს რუსეთის ნებას! იცით, ახლაც მიმდინარეობს „გაზპრომის“ ყბადაღებული საკითხი და სხვ. ამაში ოფიციალურ ხელისუფლებას კი არა, არაფორმალურ ხელისუფლებას ვგულისხმობ, რომ პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს! მათ შორის არის ეს საქმე! კადიევი რომ რუსეთს გადაეცეს, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოყვება! რუსეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია აგრესორად, ოკუპანტად, ახლახან გამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ხელისუფლება არის მთლიანად კორუმპირებული. ამას წინათ იყო აგრეთვე ინგლისის სასამართლოს დასკვნა ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით, როგორ უსწორდებიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და ეს დასკვნა პირდაპირ ხელს ადებს რუსეთის ხელისუფლებას. იქ წერია ისიც, რომ ლიტვინენკო პუტინს ბრალს სდებდა პედოფილიაში და ამას სერიოზული საფუძვლები აქვს, იქ ასევე საუბარია სხვა მკვლელობებზე, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ჟურნალისტების და ა. შ. უკრაინის ამბებზე, თუ როგორ იმოქმედა რუსეთმა; ჰოლანდიური ბოინგის ჩამოგდებაზე და ბევრი რამ… ასე რომ, ამ ფონზე, როდესაც დასავლეთი რუსეთის საერთაშორისო  პოლიტიკურ იზოლაციას ცდილობს და უკვე სამართლებრივი პროცესებიც არის მის წინააღმდეგ, ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს გააკეთოს! ე. ი. ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონია არავითარი თავმოყვარეობა, პრესტიჟი და მის მტერს გადასცა მის წინააღმდეგ მებრძოლი უფლებადამცველი! წარმოიდგინეთ, ეს რა რეზონანსს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში!

სოზარ სუბარი თავის დასკვნაში წერს, რომ თურმე იქ მუსლიმანებისთვის საამური პირობებია, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით არავინ იდევნება, პრაქტიკულად, მათ დასკვნას და აქტს პუტინის ხელმოწერაღა აკლია! ეს არ არის ქართული მოხელის მიერ შედგენილი დასკვნა, ეს არის რუსი მოხელის მიერ შედგენილი! ამაზეც უკვე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს დასკვნა იქ შეადგინეს და აქ გამოაგზავნეს! მეორე საკითხია, ზოგადად, საქართველო არის რეგიონული ლიდერი. ძალიან პოზიტიური რეზონანსი ჰქონდა მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში პირველ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საზოგადოებამ დაიცვა კადიევი და რუსეთს არ გადავეცით. კადიევის რუსეთისთვის გადაცემას, ასევე დიდი რეზონანსი ექნება კავკასიელ ხალხებში, რომლებიც იმედით უყურებენ საქართველოს და მის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. საქმეშიც არის, 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოზარ სუბარს სთხოვა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ეხვეწებოდნენ, რომ არ გადაეცათ კადიევი. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზეც კი დავკითხეთ, ვისაც უშუალოდ დაეხმარა მიკაელი თავისი ოჯახის წევრის თაობაზე. მას ოჯახში ფეხმძიმე რძალი მოუკლეს და ჩვენება მისცა ქართულ სასამართლოს, რომ ესა და ეს დახმარება გამიწია ამ კაცმაო.

_ რას აპირებთ?

_ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიური მუშაობა დაიწყეს. მივმართეთ საზოგადოებას, რომელმაც საჯარო აქტივობა დაიწყო კადიევის დასახმარებლად. ხელახლა დავიწყეთ საპროტესტო ღონისძიებები, რამდენადაც ეს ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მხოლოდ სასამართლოში ბრძოლა არ იქნება საკმარისი მის დასაცავად. საზოგადოებრივმა აზრმა ერთხელ შეაჩერა ხელისუფლება, ახლა მარტო კი არ უნდა შეაჩეროს, არამედ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავროს ეს საკითხი! გავაკეთეთ მოწოდება, რომელსაც გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიცია, ამ საქმეში ადრეც აქტიურად იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობა“ და გარკვეული რეზონანსი უკვე გვაქვს! როგორც ვატყობ, ხელისუფლება ცდილობდა, დაჩქარებული ტემპებით განეხილა ეს საქმე, რომ არჩევნებამდე არ მიეტანა. არსებულმა პროტესტმა, როგორც ჩანს, ისინი აიძულა, რომ დაფიქრებულიყვნენ. ამას ისიც მიუთითებს, რომ გუშინდელი პროცესი 2 თვით გადაიდო. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, როგორც კი მოვადუნებთ საზოგადოების ყურადღებას, მაშინვე გამოვა გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის შესახებ! ამ დღეებში აქციებს დავიწყებთ ლტოლვილთა სამინისტროსთანაც, რომელსაც მასობრივი ხასიათი ექნება!

 

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი