ზუგდიდში სუს-ის შენობის აფეთქებისას დაღუპული ზვიად ლაგვილავა ავზის აფეთქებამდე მოკლეს?!
ზუგდიდში სუს-ის აფხაზეთის განყოფილების შენობის აფეთქების შემდეგ გაჩენილ სხვადასხვა საეჭვო დეტალზე თავიდანვე ბევრი დაიწერა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საეჭვო დეტალები გაახმაურა, სწორედ „ქრონიკა+“ იყო. მაშინ ოჯახის წევრები კომენტარებისგან და აქტიურობისგანაც თავს იკავებდნენ, დღეს კი დაღუპულის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ზვიად ლაგვილავა ავზის აფეთქებამდე ბლაგვი საგნის ჩარტყმითაა მოკლული.
სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი, ზვიად ლაგვილავა, აფეთქების ღამეს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა. ოფიციალური ვერსია „უბედური შემთხვევის“ შესახებ ადგილზე საგანგებოდ ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა გააჟღერა, რომელიც მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო.
მან ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, რომ საქმე გვქონდა უბედურ შემთხვევასთან და ნგრევა, შედეგად კი სიკვდილი, წყლის ავზის აფეთქებამ გამოიწვია.
არსებობს ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის ვერსიის სარწმუნოობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ეს დეტალები არსებობდა მანამდეც და კიდევ უფრო განმტკიცდა ახლა, როცა ოჯახის ადვოკატმა რამდენიმე დეტალზე ღიად ისაუბრა, ხოლო ზვიად ლაგვილავას ოჯახის წევრებმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს და სამხარეო პოლიცის ეზოშიც შეიჭრნენ, რათა სამართლიანი გამოძიება მოეთხოვათ.
ზვიად ლაგვილავა აფეთქების დროს საკუთარ კაბინეტში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, მას სწორედ იმ კედელთან მდგარ ტახტზე ეძინა, რომლის მიღმაც ავზი იყო. იგი აფეთქდა და ნგრევის შედეგად ჩამოვარდნილმა სინკარმა მძინარი ლაგვილავა ქვეშ მოიყოლა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც წინა ხელისუფლებას, ლამის, დანაშაულად უთვლიდა პირველსავე წუთებში პრემიერ ჟვანიას დაღუპვის მოხსენიებას „უბედურ შემთხვევად“, მსგავს სიტუაციაში სწორედ ასე მოიქცა და გომელაურის პირით „უბედური შემთხვევის“ ვერსია გაავრცელა, მეორე დილით კი სასწრაფოდ შეუდგა, მთლიანად, შენობის დანგრევას.
თუმცა, როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალება: კითხვები მაშინვე გაჩნდა, როგორც კი ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით გაიხსენეს დაღუპულის ბოლოდროინდელი, ჩვეულებრივი რიტმიდან ამოვარდნილი ქცევა და მისი მოქმედება სამსახურში.
დავიწყოთ იქიდან, რომ ზვიად ლაგვილავა, თითქოსდა გრძნობდა, რომ უნდა მოეკლათ. ეს ან ინტუიცია იყო, ან მას რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის დილით თავის მანქანაში არაფრით ჩაჯდებოდა და არ დაქოქავდა, სანამ საფუძვლიანად არ შეამოწმებდა: მოტორშიც, სალონშიც და ასევე ქვემოდან, სავალი ნაწილის დეტალებით. მანქანაში მხოლოდ ამის შემდეგ ჯდებოდა. არავისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ მანქანაში არასასურველი პირების აფეთქება სპეცსამსახურების „საყვარელი“ საქმიანობაა (ასე ააფეთქეს ბათუმში სწორედ ლაგვილავას რანგის ოფიცერი შსს-ს საგანგებო დავალებათა სამმართველოდან _ დიმა კორძაძე), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლაგვილავა მასზე თავდასხმას არ გამორიცხავდა.
სანამ კიდევ სხვა, რამდენიმე საეჭვო დეტალზე ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება, ვუპასუხოთ შეკითხვას: ვის და რატომ უნდა მოეკლა ზვიად ლაგვილავა?
ზვიად ლაგვილავას შსს-ში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი ჰქონდა, სუს-ის აფხაზეთის განყოფილებაში კი ერთ-ერთი პასუხსაგები თანამდებობა 2013 წელს მიიღო.
ზვიად ლაგვილავა ერთ ტერაქტს 2008 წელს გადაურჩა, როცა ოქტომბერში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რომელიც გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობდა და რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს სხვა, ზემოთ ხსენებულ პირებთან ერთად მისული ზვიად ლაგვილავა მაშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა, ხოლო წალენჯიხის გამგებელი გია მებონია გარდაიცვალა.
შენობა ზუგდიდში, სადაც 2014 წლის 28 ოქტომბერს ღამის საათებში აფეთქება მოხდა, 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო: საწყობში შესაღწევად მათ რკინის კარი დანაღმეს და ისე ააფეთქეს, რადგან სხვაგვარად შესვლა ვერ მოახერხეს. იქ რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩნენ, გარე პერიმეტრზე კი ჯარისკაცები ჰყავდათ განლაგებული.
როცა ოკუპანტებმა ზუგდიდი დატოვეს, შენობაში მოცულობითი განნაღმვითი სამუშაოები ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მას აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლები.
მაშ, ასე: თუ აფეთქება მოწყობილია, ვისი ხელი ურევია ტერაქტში? ქართველების? ოკუპანტების _ ქართველების ხელით? ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ, მოდით, თავი მოვუყაროთ ყველა იმ საეჭვო გარემოებას, რაც მაშინვე და, მოგვიანებით, ოჯახის წევრების პროტესტის შემდეგ გახდა ცნობილი:
კერძოდ, ზვიად ლაგვილავას შსს-ს შესაბამის სტრუქტურაში, თბილისში, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, გაგზავნილი ჰქონდა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავზი შენობაში დაზიანებულია და სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას. ყურადღება მივაქციოთ, რომ წერილში ავზის შეცვლის და არა შეკეთების მოთხოვნაა აღნიშნული. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ზვიად ლაგვილავამ, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებმა, ავზის დაზიანების შესახებ იცოდნენ. რახან ამ ავზის დანიშნულება მხოლოდ წყლის გაცხელებით შემოიფარგლება, ისიც ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ავზს წყლის გასაცხელებლად არავინ ჩართავდა, უცხო პირი კი, წესით, იქ ვერც უნდა მოხვედრილიყო.
და მაინც, ავზი აფეთქდა, აფეთქებამდე კი, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში იქ წნევა უნდა დაგროვილიყო _ როცა ავზში წყალი არ ჩადის, ხოლო წყლის გამაცხელებელი ირთვება, ცარიელ ავზში გროვდება წნევა, ხოლო მანამდე ის შიშინებს, რასაც საკმაოდ დიდი ხმაური ახლავს თავს. როცა წნევა მაქსიმალურ მოცულობას აღწევს, ავზი სკდება და, შესაძლოა, ნგრევა გამოიწვიოს.
მაგრამ რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანმა, რომელმაც კარგად იცოდა ავზის დაზიანების შესახებ, სწორედ იმ კედელთან დაიძინა, რომელიც მის ოთახს ავზისგან ყოფდა? ან ისე რამ დააძინა, რომ ავზის შიშინი ვერ გაიგონა, თუკი ის ვინმეს „ჩართული დარჩა?“
სწორედ ამ კითხვების გამო აქვთ ოჯახის წევრებსა და ადვოკატ რომეო საჯაიას ეჭვი, რომ ზვიად ლაგვილავა ჯერ თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს, მერე კი ავზი ჩართეს და შენობაში დატოვეს, რადგან კარგად იცოდნენ, რას გამოიწვევდა ავზის აფეთქება. მართლაც, ავზი ისე აფეთქდა, როგორც სხვა, ანალოგიურ შემთხვევაში, კედელი მთლიანად ჩამოანგრია, ამ კედლის ნანგრევებში კი ზვიად ლაგვილავა მოყვა…
მაგრამ არის კიდევ რამდენიმე საოცარი დეტალი, რომელთა გაცნობის შემდეგ ლაგვილავას ოჯახის წევრები, უბრალოდ, აღშფოთდნენ:
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების მიზეზი თავში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებაა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ლაგვილავას კედლის ნანგრევი _ ბეტონის ფილა დაეცა თავში. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილის სხეულის რაიმე ნიმუში, თუნდაც თმა _ ბეტონის ფილაზეც უნდა იყოს, არადა, არ არის…
ამას გარდა, როგორც ადვოკატი ამბობს, ზვიად ლაგვილავას ცხედარი არაფრით ჰგავდა ორტონიანი ბეტონის ფილის დაცემულს:
„დაზიანება მხოლოდ თავის არეში ორ სხვადასხვა ადგილას აქვს, ამასთან, ჭრილობაში შიგნით არ აღმოჩნდა ბეტონის ფილის ნაწილაკები. არც ფილაზე არაა ნაპოვნი ამ ადამიანის თმის, კანის ნაწილაკები და სისხლი. ანუ, ფაქტობრვად, გამორიცხულია, რომ ფილის დაცემის შედეგად გარდაცვლილიყო“, _ უთხრა საჯაიამ ჟურნალისტებს…
სხვა დეტალები: თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა ზვიად ლაგვილავას ტელეფონები, ჩამწერი საათი, იარაღი. ტელეფონები გამოჩნდა მეორე დღეს და არ იყო დაზიანებული. ზვიად ლაგვილავას კუთვნილი პერსონალური კომპიუტერი პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ 5 თვის შემდეგ მიიტანეს, ხოლო პატარა, ციფრული სეიფი, რომელიც ზვიად ლაგვილავას კაბინეტში ჰქონდა, საერთოდაც დაიკარგა…
ანუ ვინ რას ეძებდა? ვინ რას ასუფთავებდა პერსონალურ კომპიუტერში? სად გაქრა სეიფი, რადგან ვერ გახსნეს? ვინმეს ჰგონია, რომ ოკუპანტები, საქართველოს ხელისუფლებისა და საგამოძიებო ორგანოების გარეშე, ამდენს მოახერხებდნენ? რა თქმა უნდა, არა. ესე იგი, თუ შემთხვევითობა გამოირიცხა, თუ იმასაც გამოვრიცხავთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს, რა გამოდის? ზვიად ლაგვილავას მოშორებით თავად ქართველები იყვნენ დაინტერესებულნი?..
„გამორიცხულია, ქუჩიდან შენობაში იქ ვინმე უცხო ვერ მოხვდებოდა, ეს შიგნიდან, თანამშრომლების გაკეთებულია. დიდი ეჭვი მაქვს, შესაძლოა, ზვიად ლაგვილავა სხვა ოთახში მოკლეს, მერე ცხედარი იმ ოთახში გადაასვენეს და აფეთქება მოაწყვეს“, _ ამბობს რომეო საჯაია.
ზვიად ლაგვილავას ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მათ რამდენჯერმე მიმართეს წერილობით პროკურატურას, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინათ, ზვიად ლაგვილავას ნათესავები სამხარეო პოლიციის ეზოში შეიჭრნენ და უშუალოდ პოლიციის უფროსისგან მიიღეს პირობა, რომ გამოძიება ხელხლა დაიწყება და სამართლიანი იქნება.
დოროთე გითოლენდია