რუსეთმა უკრაინისათვის ვალის პატიებაზე უარი განაცხადა

bes2

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილის სერგეი სტორჩაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. იუწყება სააგენტო ТАСС-ი. ,,ჩვენ უკრაინის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, კიევს კი მინდა შევახსენო, რომ მოსკოვი კიევისაგან, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, საკრედიტო დავალიანების ნაწილის დაფარვას ელოდება“ – ხაზგასმით აღნიშნა სტორჩაკმა. რუსეთის ფედერაცია, უკრაინის ევროობლიგაციების, ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია და ის სამ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წლის ივნისში, კიევმა რუსეთს, არსებული ვალიდან 73,3 მილიონი დოლარი გადაუხადა, წლის მიწურულს (დეკემბერი) გადახდილმა თანხამ 75 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკრაინა ვალდებულია 2019 წლამდე 15 მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთოს, რაზეც დამოკიდებული იქნება, მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ დასახმარებლად გამოყოფილი მორიგი ტრანშის ბედი.