ნემცოვის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა
ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში, შესაძლოა ახალი ფიგურანტი გამოჩნდეს. წერს გაზეთი «Коммерсантъ»-ი. გამოცემა საგამომძიებლო უწყებაში მომუშავე საკუთარ წყაროს ეყრდნობა და მის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს. როგორც გაირკვა, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაურ დადაევი აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელმაც მათი ავტომობილით და იარაღით უზრუნველყოფა შეასრულა, რუსლიკის სახელით გაიცნო. (მის ნამდვილ სახელს და გვარს გამოძიება არ ასაჯაროვებს) დადაევის მტკიცებით, იგივე რუსლიკმა, მკვლელობაში მონაწილე პირებს, თითოეულს ჯილდოს სახით ხუთ-ხუთი მილიონი რუბლი დაპირდა. გამოძიების ვერსიით შესაძლოა ნემცოვის მკვლელობის დამკვეთი სწორედ ხსენებული რუსლიკი აღმოჩნდეს. სამართალდამცავები ჯერჯერობით დაწვრილებითი ინფორმაციის გასაჯაროებაზე თავს იკავებენ და მხოლოდ დადაევის საგამომძიებლო პროცესთან თანამშრომლობას ადასტურებენ. გამოცემისათვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ 27 მარტს, ნემცოვის მკვლელობის საქმის გარშემო, მოწმის სტატუსით, ბატალიონ «Север»-ის მეთაური რუსლან გემერევი დაიკითხა. არის თუ არა რუსლან გემერევი დადაევის მიერ დასახელებული ვინმე რუსლიკი, ჯერჯერობით უცნობია.