აფხაზეთის ომიდან „ვიტ ჯორჯიაში“

2ww

თბილისის „ვიტ ჯორჯია“ განსაკუთრებული საფეხბურთო კლუბია.  მას აქვს საკუთარი მიმართულება და ეს გუნდი ყოველთვის ინარჩუნებს სახეს.

ამ ეტაპზე „ვიტ ჯორჯია“ არ არის მოწინავეთა შორის, თუმცა მაინც სამაგალითო კლუბია თავისი პატარა, მაგრამ წარმატებული ისტორიით. „ვიტ ჯორჯია“ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, აუწევია საქართველოს თასიც და სუპერთასიც, „ვიტ ჯორჯია“ არის ევროპის კლუბთა ასოციაციის წევრი.

„ვიტ ჯორჯია“ 1998 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან არასდროს გავარდნილა. ამ კლუბმა არაერთი ფეხბურთელი აღუზარდა საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს, მაგალითად: ოთარ მარცვალაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი ჯანელიძე, ლექსო კვახაძე…

„ვიტ ჯორჯია“ პირველად 2004 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი, მეორედ კი 2009 წელს. ამ გუნდს ჰქონდა იმის უნარი, რომ უკან მოეტოვებინა ისეთი მეტოქეები, რომლებსაც მასზე მეტი ფული და უკეთესი სავარჯიშო პირობები ჰქონდათ. „ვიტ ჯორჯია“ ამას სწორი პოლიტიკით და კიდევ იმით ახერხებდა, რომ ამ კლუბში ყველა ერთ ოჯახში გრძნობდა თავს.

„ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი და მფლობელი გურამ რუხაძე გახლავთ, მეცნიერი და ბიზნესმენი. არ არის პატარა საქმე, ფული ხარჯო იმ საქმეში, რომელსაც ფინანსური უკუგება არ მოაქვს. რუხაძის „ვიტ ჯორჯია“, ფაქტობრივად, სოციალური პროექტია. იყო შემთხვევები, როცა „ვიტ ჯორჯია“ წარმატებით ასხვისებდა თავის აღზრდილ ფეხბურთელებს, თუმცა ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავალი კლუბის მაღალ დონეზე შენახვას მაინც არ ჰყოფნიდა და რუხაძეც მეცენატურად აფინანსებდა „ვიტ ჯორჯიას“.

საქართველოში საფეხბურთო კლუბი ბევრმა ბიზნესმენმა მიატოვა, რუხაძე კი ამ საქმეს კვლავაც აგრძელებს.

„ვიტ ჯორჯიამ“ წარმატებულად ითანამშრომლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფასთან _ მცხეთაში საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქცია მოახერხა. მალე ამ სტადიონს ხელახალი რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს, რადგან 2017 წელს საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება და რამდენიმე მატჩს „ვიტ ჯორჯიას“ სტადიონი „მცხეთა პარკი“ უმასპინძლებს.

„ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელია ზურაბ ბერიძე, რომელიც უკვე წლებია, რაც ამ კლუბში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. ბერიძე არის აფხაზეთის ომის მონაწილე. მისი გაწვრთნილი გუნდი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით.  ბერიძე გულახდილი მოსაუბრეა, დანარჩენს კი ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

 

„ქრონიკა+“-ს ზურაბ ბერიძე ესაუბრება:

_ მწვრთნელის ხელობა ისეთია, გუნდიდან გუნდში გადასვლა ხშირად უწევს, თქვენ კი დიდი ხნით შემორჩით „ვიტ ჯორჯიას“…

_ ამ კლუბში 2000 წლიდან ვმუშაობ და მას იმიტომ შემოვრჩი, რომ მივეჩვიე კოლექტივს, კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძეს კი ინსტიტუტიდან  ვიცნობ. „ვიტ ჯორჯიაში“ კარგი, ჭეშმარიტად საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია.

_ ახლანდელ „ვიტ ჯორჯიას“ კარგი დრო არ უდგას _ რა არის ამის მიზეზი?

_ კლუბს დღეს არ ულხინს, ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ფეხბურთელებს გამოცდილება აკლიათ. ამიტომ ვართ გათამაშების ცხრილის ქვემოთ. სამაგიეროდ, ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს.

_ ამ ეტაპზე რა არის თქვენი გუნდის მთავარი მიზანი?

_ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მოწინავეთა შორის არ ვართ, ვფიქრობ, ცუდ თამაშს არ ვაჩვენებთ და ეს შედეგზეც უნდა აისახოს. მთავარია, დავრჩეთ უმაღლეს ლიგაში, მომდევნო სეზონში კი უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება.

_ შედეგის მისაღწევად შესაბამისი დაფინანსებაა საჭირო. აქვს „ვიტ ჯორჯიას“ ბიუჯეტის გაზრდის საშუალება?

_ ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივა არსებობს. ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა გუნდს დაეხმარა ფინანსურად, ფედერაციისგან მიღებული 200 ათასი ლარი ძალიან გამოგვადგა. ამ დროისთვის ჩვენს კლუბს სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. სავარჯიშო პროცესი ჩვენთან ნორმალურად მიდის. საშუასეზონო პერიოდში უცხოურ შეკრებაზე ვერ წავედით, თუმცა თბილისშიც ნაყოფიერად მოვემზადეთ, კარგ სპარინგ-პარტნიორებს ვეთამაშეთ.

_ „ვიტ ჯორჯიაში“ დაწინაურდა საინტერესო ახალგაზრდა თავდამსხმელი მათე კვირკვია, თუმცა ის გუნდში აღარ ჩანს. კიდევ რომელი ახალგაზრდები უნდა გამოვარჩიოთ თქვენი გუნდიდან?

_ კვირკვიამ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე დატოვა „ვიტ ჯორჯია“.  გამორჩეული ფეხბურთელები „ვიტ ჯორჯიაში“ მართლაც გვყავს: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, ჩიტიშვილი, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი… ყველა ჩემი ფეხბურთელის კმაყოფილი ვარ, ისინი ვარჯიშებზე თუ თამაშებზე მაქსიმუმს აკეთებენ.

_ საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 16-მდე რომ გაიზარდა, ამაზე რას იტყოდით? რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება?

_ ამ ნაბიჯს დადებითად ვაფასებ, ბევრი ფეხბურთელი და მწვრთნელია დასაქმებული, უფრო მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუჩნდა უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება და ეს ქართული ფეხბურთის წინსვლას წაადგება.

_ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

_ პირველ რიგში „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი, მათი მჯერა და ყველა სხვა ფეხბურთელებს მირჩევნია.

_ რომელი გუნდი თამაშობს ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს საქართველოში?

_ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს „დინამო თბილისი“, გამოვარჩევდი გორის „დილასაც“, ვფიქრობ, ეს ორი გუნდი სხვებზე ხარისხიანად თამაშობს.

_ ქართული საფეხბურთო სამყარო განსაკუთრებულად ელის 29 მარტს _ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევში გერმანიას მასპინძლობს. როგორი წინათგრძნობა გაქვთ?

_ რთული თამაში იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრები ფურორს მოახდენს, თუმცა იმას კი ველოდები, რომ ფეხბურთელები დაწყნარებული ნერვებით გავლენ მოედანზე და აღარ იქნება ის დაძაბულობა, რაც მანამდე იყო ხოლმე. ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი, კახა ცხადაძე, ამბიციური და მომთხოვნი მწვრთნელია. ვფიქრობ, ის ყველა ფეხბურთელთან გამოძებნის საერთო ენას.

_ სხვა თემაზე გადავიდეთ: აფხაზეთის ომის მონაწილე ხართ და საინტერესოა, ყოფილი ფეხბურთელი და მომავალი მწვრთნელი როგორ გახდით მეომარი?..

_ აფხაზეთის ომს ბოლომდე შევრჩი, ომის პერიოდში სულ ორჯერ ჩამოვედი თბილისში. დედაქალაქის მაშინდელი მერის, ოთარ ლითანიშვილის ხელშეწყობით შეიქმნა მოხალისეთა ბატალიონი „თბილისი“, თავიდან, დაახლოებით, 470 კაცი ვიყავით, ბოლოს კი ბატალიონს 78 მეომარი შემოვრჩით _ ზოგი დაიღუპა და დაიჭრა, ზოგმაც ვერ გაუძლო ფრონტზე ყოფნას, ზოგს ეგონა, რომ აფხაზეთის ომი დაახლოებით ისეთივე იქნებოდა, როგორიც სამოქალაქო ომი იყო თბილისში… ვინც ფრონტის წინა ხაზს ვერ უძლებს, ჯობია, შინ დაბრუნდეს და მეომრებს ზურგი გაუმაგროს.

_ თუ საქმეს დასჭირდა, ისევ წახვალთ ფრონტზე?

_ რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს და ამ პოზიციაზეა ყველა, ვინც ჩვენს ბატალიონში იბრძოდა.

_ აფხაზეთის ომის მერე იყო 2008 წლის აგვისტო…

_ ძველი მეომრები შევიკრიბეთ და საბრძოლველად მზად ვიყავით, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი გვითხრა…

 

 

დავით თავართქილაძე