ვინ ყიდის საქართველოში ფაბერჟეს უნიკალური ზარდახშას?

xx

ეს ნივთი სულ სამია მსოფლიოში: ერთი ინგლისის დედოფალს აქვს, მეორე რუსეთის ეროვნულ მუზეუმს ამშვენებს, მესამე კი „ქრონიკა+“-ის დღევანდელი რესპონდენტის საკუთრებაა. როცა შეიტყობთ, რაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად გაოცდებით.

გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებია, ახალი დამთავრებულია სამამულო ომი და მაშინდელ საბჭოთა კავშირში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთმა ქართველმა კაცმა საქართველოში ჩამოიტანა ძვირფასი ნივთი, რომელსაც წლების მანძილზე ინახავდა სახლში, თუმცა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არც კი იცოდა, სინამდვილეში რა განძის მფლობელიც იყო. დიდი ხნის შემდეგ მხოლოდ მისმა შვილიშვილმა დაადგინა, რომ თურმე მის ოჯახში ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს უიშვიათესი ქმნილება ინახება. საუბარია ფაბერჟეს ზარდახშაზე, რომლის მხოლოდ სამი ეგზემპლარია ცნობილი დღეისათვის და ერთ-ერთი სწორედ საქართველოში ინახება.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს უნიკალური ნივთის მფლობელთან, რომლის ვინაობასაც, ამ ეტაპზე, რა მოსაზრებების გამო არ ვასახელებთ, ინტერვიუს გაცნობის შემდეგ თავადვე მიხვდებით:

_ ეს ზარდახშა გახლავთ ფაბერჟეს სახლიდან და, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს. ჩვენს ოჯახში საკმაოდ საინტერესო გზით მოხვდა: ჩემი პაპა სამამულო ომის დამთავრების შემდეგ შვიდწლიანი კონტრაქტით იმყოფებოდა ქალაქ ლენინგრადში აღდგენით სამუშაოებზე. საიდან მოხვდა მის ხელში ეს ზარდახშა, უცნობია, მაგრამ დაახლოებით 1952 წლიდან იგი უკვე ჩვენს ოჯახში ინახება. თვითონ, სხვათა შორის, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არ იცოდა, რა ნივთის პატრონი იყო და სინამდვილეში მისი ზარდახშა რა საგანძურს წარმოადგენდა. მამაჩემიც რომ გარდაიცვალა დაახლოებით ათი წლის წინათ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა, სოფელში რაღაც ძალიან ძვირფასი ნივთი აქვს პაპაშენს შენახულიო. მივედით და დაგვხვდა ანდერძთან ერთად, სადაც ეს ზარდახშაც იყო ნახსენები და რომელსაც მემკვიდრეობით გვიტოვებდა. მაშინ ჩვენც არ ვიცოდით, ეს რა ნივთი იყო. მერე ნელ-ნელა შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო რუსეთში მოღვაწე ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს ზარდახშა.

_ ეს მხოლოდ ერთადერთი გზით დგინდება _ როცა ექსპერტი ადასტურებს წარმომავლობას და ავტორს.

_ სწორედ ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს არის ფაბერჟეს ზარდახშა. ავსტრიაში ჩავიტანე და იქ გავაკეთებინეთ ექსპერტიზა, რისი წყალობითაც დადგინდა ზარდახშის წარმომავლობა და ავტორი. ზარდახშის ავტორი რომ ფაბერჟეს სახლია, ეს ექსპერტის გარდა სხვა სპეციალისტებმაც დაგვიდასტურეს. კუთვნილებით კი, როგორც გითხარით, ნიკოლოზ მეორის საკუთრება უნდა ყოფილიყო, რადგან ზარდახშაზე სწორედ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ინიციალები არის ბრილიანტებით და ლალის ქვებით გამოყვანილი. როგორც ირკვევა, იგი ნიკოლოზ მეორის დაკვეთით დაამზადა ფაბერჟემ, იმპერატორმა იგი საჩუქრად გადასცა ახლობელ პირს. სხვათა შორის, ნივთი მიტანილი მქონდა საქართველოს კულტურის სამინისტროში ქვეყნიდან მისი გატანის ნებართვის ასაღებად. იქ შემომთავაზეს, რომ ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ მისთვის, მაგრამ უარი განვაცხადე, რადგან სოციალური პირობების გამო გაყიდვას ვაპირებ და ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ვეღარ გავყიდი. თუ საქართველოს ხელისუფლება შეიძენს, კი ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, კარგიც კია, თუკი ნივთი საქართველოში დარჩება.

_ ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ რა ხდება?

_ ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭება, დაგეხმარებიან შენახვასა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ როგორც პატრონს, აღარ გაქვს უფლება, გაიტანო, ან გაყიდო საქართველოს ფარგლებს გარეთ. თვითონ საქართველოში გაყიდვა დასაშვებია, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, აქ ასეთ ძვირფას ნივთს მყიდველი გამოუჩნდეს.

_ რადგან გაყიდვაზე საუბრობთ, რამდენად არის შეფასებული უნიკალური ზარდახშა?

_ მოგეხსენებათ, ფაბერჟე ორ ერთნაირ ნივთს არასოდეს აკეთებდა. მაგალითად, ჩემი ზარდახშა არის წითელი და თეთრი მინანქრით გაკეთებული, ხოლო ამის მსგავსი რომ გამოიტანეს 2006 წლის დეკემბერში სოტბის აუქციონზე და მილიონ რვაასი ათას დოლარად გაიყიდა, მწვანე ფერებით იყო გადაწყვეტილი. სავარაუდოდ, ასევე შეიძლება ამ ზარდახშის შეფასებაც. ჩემს ზარდახშას აქვს ხუთი განსხვავებული მონოგრამა. აღნიშნულია, რომ არის ფაბერჟეს სახლიდან, ასევე აქვს იმდროინდელი _ 1907 წლის კულტურის სამინისტროს ხარისხის ბეჭედი, აქვს ფაბერჟეს სახლის წარმოების ოსტატის ხელმოწერა _ ჰენრიკ ვინგშტრომი, რომელიც 1903 წლიდან იყო ფაბერჟეს წარმოების უფროსი და რომელმაც შემოიტანა ფრანგული იმპერიული სტილი ამ წარმოებაში. სხვათა შორის, სწორედ ამ ოსტატის ხელით არის დამზადებული ფაბერჟეს ძალიან ბევრი კვერცხი.

_ დასანანი არ არის, ასეთ ნივთს რომ ელევით?

_ როგორც გითხარით, სოციალური პრობლემები მაიძულებს, ასეთი ნაბიჯი გადავდგა, თუმცა თუკი სახელმწიფო, ან მუზეუმი გადაწყვეტს და იყიდის, ძალიან დაბალ ფასად მივყიდი.

_ ადრე არ გქონდათ გაყიდვის მცდელობა?

_ როგორ არა, რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ასეთი ღირებულების ნივთით ვაჭრობა ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება _ ხან პირობები იყო მიუღებელი ჩემთვის, ხან გადახდის ფორმა. მოკლედ, ახლა ერთ-ერთ ბანკში მაქვს შენახული, წინა ხელისუფლების დროს კი თურქეთში ვინახავდი ბანკში. „ნაციონალების“ დროს ვერც გავბედავდი, რომ ასე სააშკარაოზე გამომეტანა. უნდოდათ, რომ ხელში ჩაეგდოთ, მაგრამ ვინაიდან თურქეთის ბანკში ინახებოდა, ვერაფერი მოახერხეს.

რამდენიმე დღით დაკავებულიც კი ვიყავი ამასთან დაკავშირებით: თურქეთში მივფრინავდი. მოსკოვიდან ჩამოვიდა შუამავალი და მეორე კანადიდან ჩამოსულ მყიდველთან ერთად ორივე სტამბულში მელოდებოდა. ორი დღე დამაკავეს, ვითომდა პასპორტში იყო რაღაც გაუგებრობა. ის კლიენტები კი თვრამეტი დღე მელოდებოდნენ და ძალიან დიდი თანხა დაუჯდათ იქ ყოფნა. ბოლოს ვერაფერი გამოვიდა და მოლაპარაკება ჩაიშალა. დაახლოებით ამდაგვარი მიზეზების გამო ჩაიშალა სხვა მოლაპარაკებებიც. არადა, მე საწყის ფასად ვყიდი. წეღან სოტბის აუქციონზე გატანილი ზარდახშა რომ ვახსენე, იქ ვაჭრობა 500 ათასი დოლარიდან დაიწყო. ამაზე კიდევ უფრო ნაკლებად ვყიდი _ 300 ათას დოლარად.

_ მაშინ, სავარაუდოდ, მყიდველიც გამოჩნდება.

_ ალბათ გამოჩნდებიან. შუამავლები, რომლებიც უტრიალებენ ზარდახშას, ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აქაც ბიზნესის კეთების ქართულ ნაირსახეობასთან გვაქვს საქმე: ხან არის ისე, რომ ჩემსა და მყიდველს შორის ცამეტი შუამავალიც კია. თითო ამატებს ასი ათასს და ორასი ათასსაც კი. ცამეტ შუამავალზე გადაამრავლეთ მინიმუმ ასი ათასი და გამოდის, რომ მარტო შუამავლებში მიდის მილიონ სამასი ათასი დოლარი. ამიტომ, ცხადია, მყიდველი ბოლოს ვეღარ წვდება ფასს. ახლაც იყო შანსი, რომ გამეყიდა, მაგრამ თერთმეტი შუამავალი აღმოჩნდა საქმეში. ამერიკიდან ორჯერ იყო კაცი ჩამოსული და ძლივს მოიყვანეს ჩემამდე. იყო ერთი შუამავალი, რომელმაც ინგლისიდან სამჯერ ჩამოიყვანა კაცი, მაგრამ შუამავალთა სიმრავლის წყალობით ჩემამდე არც მოიყვანეს. ასე ატარებენ ხალხს და მერე ნამდვილი მყიდველი ფიქრობს, რომ ეს თაღლითობაა და ანებებს თავს, ანდაც ფასი ზღაპრულ თანხას უკაკუნებს და აღარ უღირთ.

არადა, მართლაც უნიკალური ნივთია, რადგან ფაბერჟეს კვერცხები გაცილებით მეტია. მსგავსი საიმპერატორო ზარდახშა კი სულ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს და ამიტომ იშვიათობას წარმოადგენს. კვერცხები, მაგალითად, ერთი ვერსიით, არის 69, ხოლო მეორე ვერსიით, სულ 57 და აქედან 54 ცნობილია, თუ სად და რა პირობებში ინახება. სამი კვერცხის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, ან დაკარგულია. ასეთი საიმპერატორო ზარდახშა კი სულ სამი ეგზემპლარია: ერთი აქვს ინგლისის დედოფალს, მეორე შეიძინა რუსეთის ნაციონალური მუზეუმის დირექტორმა ივანოვმა სოტბის აუქციონზე 2006 წელს. ეს სწორედ ის ნივთია, მილიონ რვაასი ათას დოლარად რომ გაიყიდა და მესამე ეს გახლავთ _ პაპაჩემის მიერ ლენინგრადიდან ჩამოტანილი საიმპერატორო ზარდახშა. ჩემს ნივთს თავისი დოკუმენტებით და სურათებით ერმიტაჟშიც კარგად იცნობენ. იქიდანაც დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, რომ შეიძენდნენ, მაგრამ ეტაპობრივად გადაიხდიდნენ. ამ წინადადებამ, სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც არ დამაინტერესა, თანაც მინდა, რომ იქნებ მაინც საქართველოში გამოჩნდეს მყიდველი და ასეთი უნიკალური ნივთი ქვეყნიდან არ გავიდეს.

 

                                                                                                  დავით დევიძე