ჯონ ქერი: „რუსეთის იზოლაცია შტატების ინტერესებში არ შედის”
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის იზოლაცია შტატების ინტერესებში არ შედის. აღნიშნული განცხადება ჯონ ქერიმ, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. ,,ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვი ნდობას დაიბრუნებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ, რუსული მხარე მინსკის შეთანხმების შესრულებას დაიწყებს. უკრაინის კრიზისი საერთაშორისო ნორმებს სცდება და ვიცით, რომ აღნიშნული კონფლიქტის მოგვარება რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე არ მოხდება. რუსეთის სამხედრო ძალა ისევ უკრაინის საზღვრებთან ახლოს დგას და ეს სამშვიდობო პროცესს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორ დღიანი შეხვედრა დღეს დილით დაიწყო და ორ დღეს გასტანს. შეხვედრის ძირითად თემას უკრაინის კრიზისი წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აღნიშნულ სხდომაზე ის ევროკავშირს, საბაჟო კავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას შესთავაზებს.