ასმათ ტყაბლაძე: „ბეწვის ხიდზე გადის საქართველო“
გიორგი საკარული
ქვეყანაში განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მსახიობი ასმათ ტყაბლაძე:
_ ქალბატონო ასმათ, 9 აპრილიდან მოყოლებული თქვენ არაერთი რთული პერიოდი გამოიარეთ: მთავრობების შეცვლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ქუჩაში მსვლელობები, არეულობა ქვეყანაში, ბევრის მომსწრე გამხდარხართ. დღეს როგორ შეაფასებდით იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს?
_ დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არაფრით მიყვარს, ვინმე რომ მბრძანებლობს. ვფიქრობ, მე თავად შემიძლია გადავწყვიტო ჩემი ბედი, ისევე როგორც ჩემს სამშობლოს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს თავისი საკითხი. ნიჭიერი ხალხი ვყვავდა, გვყვავს და გვეყოლება, იმიტომ რომ ეს არის ჯიში და ჯილაგი, მაგრამ დღეს ქვეყანაში განათლების პრობლემა არის ძალიან დიდი. მე რასაც ვხედავ და ვუსმენ, იმდენად გაუნათლებელი ახალგაზრდები არიან, მადლობა ღმერთს, ეს ყველას არ ეხება. ჩემს დროს იყო შენი ქვეყნის ბედიღბლის შესწავლა და გაზიარება, შენი ისტორიის ცოდნა, აწმყოზე, ისევე როგორც მომავალზე ფიქრი. არაფერი მაკლია მე დღეს, არც საჭმელი, არც სასმელი, არც მანქანა და არც სახლი, როდესაც ეს ყველაფერი მაკლდა, მაშინაც კარგ ხასიათზე ვიყავი და ველოდებოდი მომავალს. როგორ შეიძლება, დღეს ხიზილალა ჭამო და ამის გამო იკადრო ყველაფერი. შავი პურის ჭამა მირჩევნია და არ ვიკადრო არაფერი ცუდი და ასე უნდა იცხოვროს ადამიანმა ყოველთვის. ქვეყანა ყველაზე საყვარელი უნდა იყოს შენთვის.
დედაჩემი 101 წლის გადაიცვალა, პირჯვარი გადაიწერა და იცით, რა თქვა? ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი ქვეყანა და ჩემი შვილები. ჯერ ქვეყანა თქვა და მისი სიტყვები ძალიან ჩამრჩა გულში. არ მინდა, რომ ჩემი უფროსი იყოს ვიღაცა, ბევრი მინუსი ვიცი ამერიკის, ევროპისაც და უამრავი მინუსი ვიცი რუსეთისაც და ჩემი ქვეყნისაც, რადგან ჩემს ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა ძალიან არასწორი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ცუდ დღეში ყოფილიყო. რას წერს ვაჟა, რას წერს აკაკი, რას გვეუბნებაა ილია, გადაიკითხონ და შეხედონ ამ ყველაფერს. მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს, თორემ აწყმო ძალიან კარგად ვიცი, რაც არის. მე არ მინდა, ვიღაცამ თითი მიქნიოს და მიბრძანოს. მე თვითონ უნდა გავაკეთო ჩემი არჩევანი, შენ უნდა მიყვარდე თუ სხვა. დღეს რა მდგომარეობაცაა აქ, ეს საქართველოსთვის ახალი არ არის. როცა ვინმეზე გავიგებ, რომ წასულია დღეს ადამიანი საქართველოდან ემიგრაციაში, გული მწყდება. ვინ რატომ წავიდა გასამდიდრებლად თუ უბრალოდ საჭმელად, ეს მათი საქმეა. ბევრისგან გამიგია, რომ ჩემმა შვილმა ქართული აღარ იცის, დაავიწყდაო. შემირცხვენია ის ქართველი, რომელიც იტრაბახებს ქართულის არცოდნით და სხვა ენაზე დაიწყებს საუბარს. არცერთი ენა და დამწერლობა არ სჯობია ქართულს. არცერთი არ იყო იმდენი ხნის, რამდენისაც იყო და არის ქართული. ქართული ენა და დამწერლობა არის უძვირფასესი, ქართული კულტურა და ისტორია არის ძალიან ძვირფასი, ყველაზე ძველი. ტყუილად კი არ უთხრა აკაკი წერეთლმა რუსებს: „როდესაც თქვენი წინაპრები ტყეში დაძრწდნენ, ჩვენი წინაპრები ბიბლიას თარგმნიდნენო“. ეს სიტყვები ტყუილად ნათქვამი არ არის. იმან იცოდა, რასაც ამბობდა და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა, რომ სანამ ევროპა გახდებოდა უძვირფასესი და რენესანსი, მანამდე ქართველებს ეგ ყველაფერი უკვე ჰქონდათ საქართველოში. საიდან მოდის ჩვენი ძირი, კოლხეთიდან, ოქროს საწმისიდან, ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ქართველებმა და ამიტომაა, რომ არ იციან, არ იციან რა უნდათ და რისთვის. ისეთ სისულელეს ამბობენ ხოლმე… ან რა საქციელია, ახალგაზრდა ლამაზი გოგონები შუა თითს რომ აჩვენებენ, განა, შეიძლება ეს გოგონამ იკადროს?! არცერთი შვილი და შვილიშვილი არ მინდა, რომელიც ამას იკადრებს. ქალს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, თავისი სათქმელი და კაცს თავისი სათქმელი. ხუმრობით შეიძლება შეიგონო, მაგრამ როცა სახალხოდ ეთერში გადმოდიხარ, იცი, რომ გისმენს აუდიტორია და იქ ეგეთ რაღაცას აკეთებ, ეს ყოვლად მიუღებელია. მახსოვს, ერთხელ მიმიწვიეს სერიალში და მითხრეს, რომ ძალიან კარგი როლი გაქვთო, მაგრამ, ქალბატონო ასმათ, თქვენი პერსონაჟი იგინებაო და არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდი. არც თანხა მაინტერესებს, არც ის როლი და არც იმ სერიალის შინაარსი. იქ უკვე დამთავრდა ყველაფერი.
_ თუმცა თქვენ ხომ მსახიობი ხართ?
_ ხო, მაგრამ მსახიობობამდე, პირველ რიგში, ვარ ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქალი, დედა, ბებია, უამრვაი ძმისშვილის და დისშვილის პატრონი, სესილია თაყაიშვილის მეგობარი ვარ, სოფიკო ჭიაურელის, იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ამას არ იკადრებდა არასოდეს.
_ ანუ თქვენთვის მაინც ზღვარი გადის პროფესიასა და რეალურ ცხოვრებას შორის?
_ რა თქმა უნდა. მარლონ ბრანდომ რომ შარვალი ჩაიხადა, ძალიან დიდხანს იყო ის მიუღებელი საზოგადოებისთვის. დიდხანს ეცადა რეპუტაციის აღდგენას, რადგან რეპუტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ ე. ი., თქვენ ანგრევთ სტერეოტიპს, რომ მსახიობი ყველაფერზე წამსვლელია…
_ ვანგრევ, ჩემთვის მიუღებელია. თანხისა და როლის გამო მიუღებელია. მკაცრი ქალის როლს ვითამაშებ, ყველაფერს, მაგრამ არის რაღაც, რის გამოც, უბრალოდ, არ უნდა წახვიდე ყველაფერზე. ესთეტიკა და ეთიკა არ უნდა დაირღვეს. აუცილებლად უნდა დაიცვა ზომა და წონა. ამიტომაცაა, რომ ადამიანები ასეთი სხვადასხვანაირები ვართ, თორემ ვიქნებოდით ერთნაირები. ყველაფერი არ უნდა იკადრო რაღაცის გულისთვის. რაც შეეხება შენს პირადს, ეგ სხვა რამ არის. ვინ ხარ, რა ხარ და რატომ, ეგ შენი პირადია და არავისი საქმე არ არის, მაგრამ სახალხოდ რომ გამოდიხარ და პრეტენზია გაქვს სახალხო არტისტობაზე, გავლენებზე, პოპულარობაზე, ხალხის სიყვარულზე, სხვა ქმედებები გმართებს ადამიანს. იმიტომ ვუყვარვარ მაყურებელს, რომ ყველაფერზე არ მივდვარ. აბა, მეკადრა რაღაცები, გეფიცებით, ძალიან ბევრი აღარ იქნებოდა ჩემი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი. ვცხოვრობ სხვა ეპოქაში, მაგრამ გინდა-არ გინდა, მაინც იქიდან ვარ, სხვა თაობის გაზრდილი, იმათ გვერდზე ვცხოვრობდი და არის ის გავლენებიც.
_ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გაგიცნოთ და შეგიყვარათ თინეიჯერებმა, ახალგაზრდა თაობამ. სწორედ ეს თაობა აპროტესტებდა ქუჩებში რუსულ კანონს, ეს თაობა დგას დღეს ისევ ქუჩაში, მსახიობების ნაწილი თეატრის სცენიდან აპროტესტებდა იმ კანონს, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო და ამდენი ადამიანის პროტესტმა ის გააღიზიანა. საინტერესოა, რა პარალელს გაავლებთ თქვენს თაობასა და ამ თაობას შორის, რა განსხვავებებია, რამდენად მისაღებია პროტესტის ეს ფორმა?
_ ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან და ამით ყველაფერს ვიტყვი: მე, ზოგადად, პირველი ქუჩების გადამკეტი ვიყავი. თეატრის გამო პირველად მე გადავკეტე ქუჩა, დენის, გაზის არქონის გამო გამოვედი და გადავკეტე ქუჩა და კარგი შედეგითაც სრულდებოდა ეს ყველაფერი, დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ არასოდეს მიკადრია და გვიკადრია, რომ რამე გაგვეფუჭებინა, გაგვეტეხა, დაგვენგრია… მახსოვს, საბურავები დაწვეს და ვთხოვე, რომ ისე დავწვათ, რომ ასფალტი არ გავაფუჭოთ-მეთქი. ახლა რა გააკეთეს? _ უნივერსიტეტში რაღაცები დაანგრიეს. უნივერსიტეტი ხომ ცოდნის ტაძარია. როგორ შეიძლება იქ, სადაც დაკრძალულია ჯავახიშვილი, ნუცუბიძე, მელიქიშვილი და გენიოსი ადამიანები, იქ ამტვრევ, ამსხვრევ, ცეცხლს უკიდებ და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიუღებელია ჩემთვის და განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რაც ჩემს დროს კეთდებოდა. სხვა ქვეყნებში როცა ვხედავდი პროტესტის დროს თუ როგორ ამტვრევდნენ მანქანებს, ლეწავდნენ ირგვლივ ყველაფერს და წვავდნენ, სულ ვამბობდი, თუ როგორი კულტურული ერი ვართ, როგორც გვეტყობა, საიდან გვაქვს კულტურა, რა ფესვებიდნ, რადგან ამას ჩვენ არ ვკადრულობთ-მეთქი და ყველაფერი ვიკადრეთ.
_ ეს არის ახალი თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირი არ უნახავს. ისინი თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მათ იციან, თუ რა არის თავისუფლება.
_ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კადრებას. თავისუფლებას კიდევ თავისი ეთიკა და ესთეტიკა აქვს. თავისუფლება არის შენი გონება, ბუნება, შენი შინაგანი სამყარო, განწყობა. ახლა რომ მოვბრუნდე და ეს მაგიდა დავამტვრიო და ვთქვა, მე თავისუფალი ადამიანი ვარო, ასე იქნება? არა, ეს სიგიჟეა და არა თავისუფლება. ვერაფრით ვღებულობ იმას, რომ ჩემს ქალაქში რამეს ამტვრევენ და აფუჭებენ, ცუდი ადამიანის მიერ გაკეთებულიც კი არ უნდა დააზიანო. წუთისოფელი ტყუილად კი არ ჰქვია ცხოვრებას, წუთია ადამიანის ცხოვრება და ყოფა და ეს წუთისოფელი უნდა გამოიყენო მაქსიმალურად სწორად, ლამაზად. რომ დაფიქრდები, სწორად ვიცხოვრე, სწორი პროფესია ავირჩიე, სწორად შევებრძოლე მათ, ვინც უღირსნი იყვნენ, კანონით ვიბრძოდი მე და არა რაღაცების მტვრევით.
_ კანონის გზით ბევრი ვერ აღწევს სამართალს.
_ მაინც უნდა გააგრძელო ბრძოლა, არაფრით უნდა გაჩერდე. მე ბოლომდე ვიბრძოდი.
_ 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხალხი სწორედ ამ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის?
_ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიცოდი, რომ სოჭამდე ჩვენი იყო საქართველო, იქით თურქეთს აქვს წაღებული მიწები, არაკაცმა ორჯონიკიძემაც გააჩუქა მიწები, სულ იმას ვფიქრობდი და განვიცდიდი, რომ რამხელა იყო ჩვენი საქართველო. თურქეთში როცა ჩავედი და ვნახე, თუ როგორი გაპარტახებულია ქართული ტაძრები, გული მომიკვდა. როცა ვიხსენებ, თუ როგორ დავდიოდით აფხაზეთში, ვისვენებდით, გასტროლებით ჩავდიოდით ცხინვალში, სოხუმში და მშვენიერი ურთიერთობები გვქონდა ადამიანებს ერთმანეთთან და უცებ ისიც დავკარგეთ. ყველა სხვას აბრალებს ამ შეცდომებს, საკუთარ თავებში ვერ ხედავენ დანაშაულს. აი, აქ არ მინდა, ჩემი ბრძანებელი ვიღაცა იყოს. მე ახლა ასაკში ვარ და არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი ქვეყანა დალაგებული არ ვნახო. გულის სიღრმეში მაინც მგონია, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ რა გზით, არ ვიცი და თუ არსებობს ის სწორი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს აქამდე, აუცილებლად იმ გზას უნდა დავადგეთ.
_ რომელია ეს სწორი გზა?
_ არ ვიცი და თუ ვინმე ჭკვიანმა დამიანმა ეს გზა იცის, უნდა დავუჯეროთ. ალბათ, მეცნიერმა. მე მეცნიერი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ლამაზად უყვარს თავისი ქვეყანა. თავის დროზე ჩემს ქვეყანს, რაც შემეძლო, ჩემი თავიც ვაჩვენე ვინ ვარ. სკოლის ასაკიდან რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახლდით, ჯილდოები, სიგელები მაქვს მიღებული, ინსტიტუტში უმაღლესი სტიპენდიის მქონე სტუდენტი გახლდით წითელი დიპლომით, თეატრის კარგი მსახიობი, კარგი ადამიანების მეგობარი ვიყავი, მაგრამ რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ჩემ წინააღმდეგაც წამოვიდა ბოროტება, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ სოწრად ვიცხოვრე. თავიდან რომ დავიწყო ჩემი ცხოვრება, იგივე გზას გავივლიდი. ცოტა დროს შევცვლიდი, ცოტა წინ წავწევდი ჩემს სამსახიობო სურვილებს.
_ რას შეცვლიდით?
_ გვიან ჩავაბარე და პირდაპირ უნდა წავსულიყავი თეატრალურ ინსტიტუტში. პირად ცხოვრებაშიც ცოტა რაღაცებს შევცვლიდი.
_ მაგალითად?
_ ქართველ ქალს სამ შვილზე ნაკლები მაინც არ უნდა ჰყავდეს, რადგან საქართველოს სჭირდება გამრავლება. როცა შენი ქვეყანა გიყვარს, ამაზეც უნდა იფიქრო.
_ ნანობთ?
_ კი, უფრო მეტი შვილი უნდა გამეჩინა. მადლობა ღმერთს, საოცარი შვილი და შვილიშვილი მყავს, ასევე ჩემი ძმისშვილები და დისშვილები, როგორც საკუთარი შვილები, ისე მიყვარს. ყველაფერს ვეუბნები, რომ თქვენ მაინც გააჩინეთ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი, საქართველოს გამრავლებაზე იფიქრეთ-მეთქი. ხალხის აღწერა რომ მიდის, ბოლო პერიოდში სიკვდილიანობა უფრო მეტია, ვიდრე შობადობა. თბილისში რომ ჩინელები და ირანელები გამრავლდებიან, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ყველას ვუსურვებ კარგად ყოფნას და ყველას მივეხმარები ადამაინური თვალსაზრისით, მაგრამ ჩემს ქვეყანაში რომ გამრავლდეს სხვა ჯიშის ადამიანი, არ მინდა. ჩემი მინდა, რომ გამრავლდეს და არ გაიყიდოს ქართული მიწა. აიღონ იჯარით, მაგრამ არა მუდმივი გადაფორმებით.
_ დედის სურვილი ახდა, როცა ის სიკვდილის წინ ამბობდა, რომ ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი ქვეყანაო?
_ ჯერ არა, და ვფიქრობ, რომ ჩემი ბოლო სიტყვაც ეგ იქნება. სხვათა შორის, ბებიაჩემიც, დიდად მორწმუნეები არცერთი ყოფილა, მაგრამ დედაჩემმაც და ბებიაჩემმაც პირჯვარი გადაიწერეს ბოლოს და ისე მომწონს, როცა ჩვენს მაგარ ბიჭებს, ფეხბურთელებს რომ ვუყურებ ხოლმე, თუ როგორ იწერენ პირჯვარს სტადიონზე მოგების დროს, თამაშის დაწყებამდეც, რომ ამაყი ვარ. ჩვენია ეს ყველაფერი და რაც ჩვენია, ამას ვერავინ წაგვართმევს. არ მინდა, ვიღაცამ მიკარნახოს, თუ რა უნდა გავაკეთო. ძალიან მომწონს, თუ როგორი ძლიერები არიან რწმენაში მუსლიმანები. აბა, გაუბედე რამე, ასევე უნდა იყვნენ ქართველებიც. ძალიან მომწონს პირჯვარი, ჩემი რელიგია. ხევსურებს დღემდე ამოქარგული აქვთ ქუდებზე ჯვარი. მიმიღონ ისეთი, როგორც ვარ. არც რუსის მბრძანებლობა მინდა და არც _ ამერიკის. ჩემს ქვეყანას ომი არ შეუძლია, დღეს ის პერიოდი არაა, ჩვენი პაპების თაობა ხმლით რომ იბრძოდა, ახლა ქართველი გმირი ვაჟკაცები გვყვავს, მაგრამ ცოტა ვართ. მხოლოდ ჩვენი გმირული თვისებებით ვერავის ვაჯობებთ, რომ სადმე გავიმარჯვოთ. ეს გმირები სხვაგან უნდა გამოვიყენოთ, მეცნიერებაში, ჯარიც უნდა გვყავდეს, მაგრამ ომით ჩვენ რუსეთს კი არა, პატარა ქვეყანასაც კი ვერ ვაჯობებთ.
_ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ვინმეს თავი დავუხაროთ.
_ არც თავს დავუხრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი გამოვაცხადო. რას ჰქვია დიპლომატია, რომ ენით და საქმით მოაგვარო პრობლემები. მე და თქვენ რომ პატარა კონფლიქტი შეგვექმნას, ჯობია, დიპლომატიურად, ლამაზად მოვაგვაროთ ეს უთანხმოება, ვიდრე ვიკივლოთ.
_ როცა დიპლომატიური ენა არ ჭრის მტერთან?
_ და ომი? გამორიცხულია! ვერ ვიომებთ, ამის ესურსიც არ გაგვაჩნია. ვითომ ცხინვალის გათავისუფლებით აფხაზეთი წაიღეს. ხომ ვიცით, რა ძალაც აქვს. აქე და ერიდეო, ხომ გაგიგიათ? ამიტომ უნდა მოვერიდოთ, არც უნდა აქო, მაგრამ არ უნდა გააღიზიანო. სანამ ის თავის ძალას არ დაკარგავს თვითონ, ჩვენ იმას ძალას ვერ დავაკარგვინებთ, რადგან ჩვენზე ძლიერია რაოდენობით და აბსოლურად ყველაფრით. კი გვაქვს დღეს ვითომ თავისუფლება, მაგრამ ამდენი წართმეული ტერიტორია გვაქვს, იმას რა ეშველება? ახალგაზრდება არ იცით, რა წაიღო რუსეთმა. ულამაზესი სამოთხე წაგვართვეს, ენით აღუწერელი. ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის ჩემი ქვეყანა.
_ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობებს ირჩევენ ოთხი წლით და შემდეგ უკვე მოდიან სხვები, რასაც ჩვენს ქვეყანაზე ვერ ვიტყვით, რადგან აქ ერთხელ რომ მოდიან, მუდმივი მმართველობა უნდათ.
_ როგორ შეიძლება, სულ ერთი და იგივე იყოს ან როგორ შეიძლება, როცა ადრე გაქვს დაშვებული უამრავი შეცდომა და დღეს მობრუნდე? არავითარ შემთხვევაში. ახალია საჭირო, ესეც გაუნათლებლობის ბრალია. ახალ თაობას იმის შეგნება არ აქვს, რომ ის კი არ იკივლო, ძველი დამიბრუნეო, არამედ თვითონ მოინდომო მოსვლა. მე არც ძველი მთავრობის მოსვლა მინდა და არ ამათი გაჩერება. ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ქვეყნის ისტორია, უნდა შეიყვარონბ ის და გააკეთონ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები, ესაა ჩემი სურვილი და არა ის, რომ ვიღაცა ძველი მოატრიალონ და ა. შ. საჭიროა ახალი, ნიჭიერი თაობა, ახალი ძალა, ახალი სული, ახალი განათლება და ქვეყნის დიდი სიყვარული. ძალიან მიყვარს ჩერჩილის ნათქვამი, რომ თუ შეამჩნიეთ, რომ შეგიყვარდათ მთავრობა ან პოლიტიკოსი, მიაკითხეთ ფსიქიატრს. რანაირად შეიძლება მთავრობა შემიყვარდეს? მთავრობამ, რომელმაც იბრძოლა იმისთვის, რომ სათავეში მოხვდეს, მხოლოდ თავისთვის შეიქმნას კარგი პირობები და მე იმაზე ვგიჟდებოდე?
_ დაბოლოს, სად დგას დღეს საქართველო? რას ეტყვით იმ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ისევ თავისუფლებისთვის იბრძვიან და საკუთარი ხმის დაცვას ცდილობენ?
_ ძალიან ცუდ ზღვარზე დგას, ბეწვის ხიდზე გადის ისევ საქართველო. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი სხვების კარნახით სიარულს, ისტორია ისწავლონ, პროფესიონალები გახდნენ და მიხედონ ქვეყანას. ამ ქვეყანას ახალი თაობა სჭირდება. წაიკითხეთ ვაჟა, ილია, აკაკი, მათ ნათქვამს ჩასწვდით. ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ თვითონ, ნუ გაიქცევით საზღვარგარეთ, აქაც შეიძლება კარგი განათლების მიღება.