საბა სხვიტარიძე: „რეჟიმი პოლიციელებს ეფარება, მათი მიზანი ჩვენი დასჯაა“

ირინა მაკარიძე

19 ნოემბრის გამთენიისას თსუ-სთან აქციის დაშლისას 16 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი, მათე დევიძე, პატიმრობაში რჩება. დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, მათ შორის, მუშაობის პროცესში დააკავეს და სცემეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე, ერთ-ერთ დაკავებულს, მანუჩარ ჩაჩანიძეს, პოლიციელმა ცემა არ აკმარა და ხელზე უკბინა. დააკავეს აქციის მონაწილე გოგო, რომელიც პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა (პოლიციის მანქანით გადაყვანისას მუხლებზე დაჩოქილი ამყოფეს) და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. დაკავებულებს იზოლატორში 48 საათი გაატარებინეს, მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, აღნიშნული ბრალდება 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძის დაკავების კადრები ტელევიზიით ყველამ ნახა, მის დაკავებას რამდენიმე პოლიციელი ცდილობს, ერთი ყელში ხელს უჭერს, მეორე თმებზე ექაჩება, მერე ხელს უშვებს თმას და შემდეგ უკვე სხვა პოლიციელი ქაჩავს თმებზე.

ძალადობრივ დაკავებებზე, გაყალბებულ არჩევნებსა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და აქტივისტი, საბა სხვიტარიძე:

_ დაკავებები 19 ნოემბერს გამთენიისას დაიწყო. რეალურად, პოლიციელების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა, რომ რამე გაგვეკეთებინა ან არ გაგვეკეთებინა. პირდაპირ ცემაზე გადმოვიდნენ. პირადად მე საერთოდ შეხება არ მქონია პოლიციასთან და პირდაპირ ცემა დამიწყეს, ანუ დაკავებას კი არ ცდილობდნენ, მცემდნენ და მერე დამაკავეს. რეალურად, ფიზიკურად გამისწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს განყოფილებაშიც.

_ 48 საათი გაატარეთ იზოლატორში. თუ მიმართეთ პოლიციელების ძალადობაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს?

_ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მოვიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვიმყოფებოდი. გამომკითხა, თუ რა მოხდა, მოვუყევი დეტალურად. ექსპერტიზაც ჩამიტარეს, დაზიანებები აღწერეს. ასევე მოვიდა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, რომელმაც გამომკითხა. სარჩელები დაწერეს. რა თქმა უნდა, გამოძიებისა და დღევანდელი სასამართლოს იმედი არ მაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ ფაქტების დაფიქსირება, ყველა პოლიციელის დანაშაული უნდა გამოვლინდეს და ვიცოდეთ ამის შესახებ. თუ საჭირო გახდება, შეიძლება სტრასბურგშიც გადაიგზავნოს ეს საქმეები.

_ როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ძალადობრივი დაჭერების მიზანი?

_ დაშინება, ანგარიშსწორება, ეს რეალურად ძალის დემონსტრიტრება იყო. როდესაც აქციაზე ბევრ ადამიანს ხედავენ, არ მოდიან, მაგრამ როდესაც ცოტა ვრჩებით, და ასე იყო გამთენიისას, ცდილობენ ასეთი სურათი დადგან, რომ შეაშინონ ხალხი, აჩვენონ ეს ძალადობრივი დაჭერები. ამით  უნდათ, გადაფარონ ხელისუფლების არალეგიტიმურობა. მათ არჩევნები გააყალბეს და ახლა ცდილობენ, პოლიციას ამოეფარონ და ამით შეაჩერონ ხალხის პროტესტი.

_ ამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ არჩევნების დღეს მობილურ ჯგუფში ვიყავი და ვიცი, რა ხდებოდა უბნებში. ჩვენ გაყალბების არაერთი ფაქტი დავაფიქსირეთ. დრო დაგვჭირდა, რომ ეს ყველაფერი გაგვეანალიზებინა, რადგანაც ყველა დარღვევა ასე ხილული არ იყო და ამას სჭირდებოდა შესწავლა და განხილვა. დავადასტურეთ უკვე, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები. ჩვენ გაყალბების სქემა  გავშიფრეთ, რეალურად როგორ მუშაობდა „ქართული ოცნება“.  მაგალითად, ვინც რეგიონში იყო ჩაწერილი, მაგრამ რეალურად იქ არ ცხოვრობს ან დედაქალაქშია ან სხვა ქალაქში, მათ მონაცემებს იღებდნენ და მათ ნაცვლად სხვა აძლევდა ხმას. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთი სახის დარღვევასთან საქმე, იყო კარუსელებიც, სხვისი პირადი მონაცემების გამოყენება, ორი ბიულეტენის ჩაგდებაც, ფარულობის დარღვევა… ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწერა „ქართულმა ოცნებამ“ 15 პროცენტით მეტი, ეს ძალიან ბევრია, იმაზე მეტი, ვიდრე ცალკეული პარტიიების მიღებული მხარდაჭერა. რეალურად, ეს ძალიან ცვლის შედეგს. ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს გამოხატული და არა გაყალბებით დაწერილი შედეგი. ამ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება არ იყო გამოხატული, მხოლოდ ერთი კაცის ნება იყო გამოხატული, რომელმაც გასცა ბრძანება, რა შედეგები უნდა დაეწერათ.

დაველოდეთ ასევე სასამართლო განხილვების დასრულებას, რადგან მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ არის სამართლიანი. რეალურად, ყველა სტრუქტურა მორღვეულია: სასამართლო, პოლიცია, საჯარო რეესტრი. წარმოიდგინეთ, ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შეიძლება შენი პირადი მონაცემები ხელისუფლებამ გამოიყენოს ისე, რომ შენ არც კი იცი. ამას აკეთებდნენ. სხვისი პირადი მონაცემებით აძლევდნენ ხმას. ეს ნორმალური არ არის. ერთადერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ქვეყანაში, რომელიც ფუნქციონირებს და ასრულებს თავის მოვალეობას, დანარჩენი ყველა ემსახურება ერთი კაცის ნება-სურვილს. დიპლომატებიც კი ჩუმად არიან, _ მხედველობაში მაქვს უცხო ქვეყნებში  საქართველოს ელჩების დუმილი. როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ ასე ჩატარებული არჩევნებით და ასეთი კანონებით ვერ შემოხვალთ ჩვენთან, შეასრულეთ კონკრეტული რეკომენდაციები, დემოკრატია შეინარჩუნეთ და შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ამას ხელისუფლება არ ასრულებს და პირიქით, ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს, ამაზე დიპლომატები, რომლებიც თავად ევროკავშირის ქვეყნებში არიან საქართველოს წარმომადგენლები, დუმან. რეალურად, იზოლაციაში თუ მოვექეცით, მათი ფუნქციაც იკარგება, მათი სამსახურიც იკარგება. ამაზე ხმას არ იღებენ, ძალიან მშვიდად არიან. ამდენად, როცა ყველა ინსტიტუცია ამოიწურა და პროცესებმა გადმოინაცვლა ქუჩაში, ქუჩა არის ერთადერთი გზა და გამოსავალი.  

_ რა მოლოდინი გაქვთ, მალე მიიღწევა ეს შედეგი და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, თუ გრძელვადიანი ბრძოლისთვის ემზადებით?

_ რეალურად, ეს ბრძოლა ვერ იქნება გრძელვადიანი, ამ ბრძოლის შედეგი მოკლე ხანში უნდა დაიდოს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნით. თუ დავნებდით და დავთმეთ ეს არჩევნები, მომავალი აღარ გვექნება. რეალურად, შემდეგ არჩევნებზე წასვლასაც აღარ ექნება აზრი. გაუქმდება არჩევნები. არჩევნები არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და თუ ხალხი არ გირჩევს და შენ მაინც ხარ ხელისუფლებაში, ეს არის ავტოკრატიული და რუსული რეჟიმი. რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, თუმცა გამარჯვების იმედი გვაქვს. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არაერთხელ დაგვიმარცხებია რუსები, ამჯერადაც დავამარცხებთ.

_ ამ ბრძოლაში როგორი იქნება სტუდენტების როლი?

_ სტუდენტების და დავამატებდი, ლექტორების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია ის კომუნიკაცია, რაც ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არის. უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთ აზრზე არიან ამ საკითხში. მნიშვნელოვანია მათი პროტესტი, ახალგაზრდების ჩართულობა და ახალგაზრდული ენერგია. ვნახეთ უნივერსიტეტების გამოსვლები, ლექტორების განცხადებები, რაც ძალიან კარგია, ამაღლებს მუხტს და ეხმარება ამ პროცესს.

_ როგორც ვხედავთ, ახალგაზრდებს იჭერენ და აბსურდული ბრალდებებით უპირებენ წლობით ციხეში გამოკეტვას, როგორც მათე დევიძეს, რომელსაც ჯოხის ქნევის გამო სისხლის სამართლის მუხლი წაუყენეს. ამაზე რას იტყვით?

_ ძალიან ცუდად ექცევიან ახალგაზრდებს, სჯიან ადამიანებს არაფრის გამო, რეალურად, როცა თვითონ სჩადიან დანაშაულს, თვითონ გვისწორდებიან ფიზიკურად, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეც ვიყავი მათესთან ერთად, მეც მცემეს სრულიად უმიზეზოდ, განყოფილებაში მითხრეს, ჯოხი ჩამარტყიო. მეთქი, რა ჯოხი, ჯოხი არ მჭერია-მეთქი. ზოგს უთხრეს, რომ ქვებს ისროდიო. ყველას რაღაცებს  აბრალებდნენ, არარსებულს. მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და წესრიგში მოვიყვანთ ქვეყანას. ქვეყანაში არის ქაოსი. პოლიცია, რომელიც ხალხს უნდა იცავდეს, ხალხს უპირისპირდება.

_ შეძლეს მათ ახალგაზრდების დაშინება?

_ პირიქით, უკურეაქციას ვხედავთ, დაჭერების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, პოლიცია გაწია და ხალხი ისევ იმ ადგილას დადგა, სადაც დარბევამდე იდგა. აქედან გამომდინარე, ესენი კი ვერ დააშინებენ, ამ საქციელით კიდევ უფრო მაღლა სწევენ მუხტს. რაც მეტად დაგვიპირისპირდებიან, მეტი ხალხი გამოვა. მეც რომ დაკავებული ვიყავი, ჩემ მაგივრად 5 ადამიანი იდგა ისეთი, რომელიც ხშირად არც დგას ხოლმე აქციაზე, მაგრამ ჩემმა დაკავებამ აიძულა, რომ აქ დამდგარიყო. ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი მეგობრები, ნათესავები.

_ რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს, დრონით გადაიღებენ და იტყვიან, რომ არ იყო საკმარისი რაოდენობა… 

_ ისინი რას იტყვიან, რეალურად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით ნაბიჯებზე, თუ ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ, შედეგიანი იქნება ჩვენი ბრძოლა.

_ დემოკრატიული წინააღმდეგობის ფორმები, აქცია, პროტესტი არის მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნებისთვის, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაშინ რა ხდება?

_ ჩვენ რომ გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, მაშინაც ასეთი დემოკრატიული პროტესტით ვუპირისპირდებოდით და ავტორიტარულ რეჟიმს ვუთხარით უარი. როგორ ბრუტალურად მოგვექცნენ, კი ვიცით, დაჩეხეს ადამიანები და ტანკებით მოგვადგნენ, მაგრამ ცარიელი ხელებით გავიტანეთ ჩვენი პროტესტი და მივაღწიეთ დამოუკიდებლობის აღდგენას. ასევე მოხდება ახლაც, ვერასდროს გაიმარჯვებს ავტოკრატია დემოკრატიაზე, ის ყოველთვის მარცხდება, თუმცა ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა და პასუხისმგებლობა აქციაზე მოსასვლელად და პროტესტის დასაფიქსირებლად. პროტესტი მნიშვნელოვანია, ჩემ მაგივრად არავინ  მივა აქციაზე, ჩემ ნაცვლად არავინ მოიტანს ახალ არჩევნებს. ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ პროტესტზე და ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში.

_ როგორც ვხედავთ, ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება, ეს რა გავლენას მოახდებს საერთო ბრძოლაზე?

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რა მოხდა საქართველოში, მათი დამკვირვებლები ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესს, მათ აქვთ მასალები, უტყუარი ფაქტებით იციან, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტია ხალხის პროტესტი. ქართველი ხალხის მონაწილეობისა და პროტესტის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ _ არა.