თამარ ჩხეიძე: „რუსეთმა „ქართულ ოცნებას“ ოკუპირებული ტერიტორიების გადაფორმება მოსთხოვა“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ იყო შეცდომა საპროტესტო ტალღის ჩახშობა? რას არ ითვალისწინებს ოპოზიცია? რას სთხოვს რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე:
_ ქალბატონო თამარ, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი რეფერენდუმს უწოდებს და ბევრიც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან ათანაბრებს მას. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ეს არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია, მაგრამ ბევრად უფრო საშიში ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1990 წელს. მაშინ უკვე გარდაუვალი იყო დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დაშლა. დღესაც იმედი მაქვს, ასევე გარდაუვალი იქნება დღევანდელი რუსეთის იმპერიის დაშლა. ამის მიუხედავად, გაცილებით უფრო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის მთელ მსოფლიოში. ბრძოლა მიდის ბოროტებასა და სიკეთეს შორის. იმ ფრონტზე, რომელიც ახლა არის უკრაინაში, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ჩვენ და მთელი თავისუფალი სამყარო.
_ არჩევნებს რაც შეეხება, მასზე მხოლოდ საკუთარ არჩევანსა და აქტივობაზე ვართ დამოკიდებული.
_ სამწუხაროდ, არჩევნებიც უკრაინის ომზე არის დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, არჩევნების დღისთვის რა მდგომარეობაში ვიხილავთ პუტინს, უფრო შესუსტდება, თუ გაძლიერდება. „ქოცები“ პირდაპირ პუტინზე არიან მიბმულები. „ქართული ოცნება“ არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იარსებოს. ჩვენი ხელისუფლება იმაზეც თანახმაა, რომ პუტინი დამარცხდეს. მაგრამ მის მირე იმპერიაში იყვნენ გაერთიანებული მეორე ბელარუსად. ოღონდ ჩვენ უფრო უარესი ვარიანტი ვიქნებით, ვიდრე ბელარუსი. ქოცებისგან განსხვავებით ლუკაშენკოს შედარებით კიდევ აქვს თავისი თვითმყოფადობა შენარჩუნებული.
_ ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ არჩევნების წინ ლუკაშენკოს გააჟღერებინეს, _ დროა, საქართველო დავაბრუნოთ დსთ-შიო.
_ რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. აქამდე არც ის და არც სხვა ამ განცხადებას არ აკეთებდა, იმიტომ რომ სიტუაცია არ იყო მომწიფებული. საქართველომ რა ეტაპებიც გაიარა ბოლო წლებში, მომწიფდა ეს ამბავი. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ დადგა ის ეტაპი, როცა საქართველო მას დაპყრობილ ტერიტორიებს გადაუფორმებს. და ამისთვის მოხდა ის, რომ „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მეშვეობითაც თითქოს უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თავად რუსეთმა არ გამოიჩინა იმდენი დელიკატურობა, რომ ამათთვის ეს ტყუილი არ გაეშიფრა. მოსკოვმა პირდაპირ თქვა, _ ლაპარაკია იმაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არიან საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები.
_ კიდევ ერთხელ მოგვიწოდეს იმისკენ, რომ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ.
_ ახალ რეალობას რომ შევეგუოთ, ამაზე წლების განმავლობაში მუშაობს რუსეთი. რუსეთი ფიქრობს, რომ რაღაცები მომწიფდა. ახლა ტერიტორიების გადაფორმება სურს და ამიტომ ითხოვს თავის აგენტურისგან უფრო გაბედულ მოქმედებას.
_ ქართული საზოგადოება მოქმედ ხელისუფლებას მისცემს უფრო გაბედულად მოქმედების უფლებას და საშუალებას? შეძლებს „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას?
_ ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან მეშინია. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება არჩევნებზე. წინა პერიოდებში აშკარა იყო, რა ხდებოდა და საით მიდიოდა სიტუაცია. ახლა ისეთი გამალებული ბრძოლა მიდის და ძალიან არსებითია ყოველი დღე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებისთვის იმას, თუ რა მოხდება ფრონტზე და რა ვითარება იქნება რუსეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დასუსტდება პუტინი. ორი თვის მერე რომ ყოფილიყო არჩევნები, სიტუაცია კიდევ უფრო გამოიკვეთებოდა. ახლაც უკრაინის წყალობით ჩვენთვის სასარგებლოდ არის სიტუაცია გამოკვეთილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს მდგომარეობა საშუალებას აძლევვს ჩვენს ხელისუფლებას, რაღაც გეგმები დააწყოს. თუმცა ისინი შეშინებულებიც არიან და ხედავენ, რომ მოპოვებული არ აქვთ გამარჯვება. ხალხი მისცემს თუ არა ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ რუსეთს გადაუფორმოს დაპყრობილი ტერიტორიები, ამაზე ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა. ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მხარი იმიტომ უნდა დაგვიჭიროთ, რომ დემოკრატია მოვსპოო. ეს სიტყვები პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ რის გაკეთებასაც აპირებს, ეს დემოკრატიის მოსპობაა. პარტნიორებსა და არასამთავრობოებს თუ მოსპობს, აღარც დემოკრატია იქნება. ისიც თქვა, პარლამენტში მარტიო რომ ვიყოთ, არც ეგაა პრობლემაო. იმაზე არაფერს ვამბობ, მტრისთვის ბოდიშის მოხდას რომ აპირებს. ამაზე რეაქცია რომ არ ჰქონია ხალხს, ეს ცოტა მადარდებს.
_ რეაქცია საკმაოდ მწვავე და ადეკვატური იყო.
_ რეაქცია სათანადოდ მწვავე იყო, მაგრამ არა საკმარისი. დგება მომენტი, როცა მთელი ერი იღვიძებს და საკადრისს პასუხს სცემს. არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს ეს გამოღვიძება მოხდეს.
_ ახლა არ არის ერი გამოღვიძებული?
_ გამოღვიძებული არ არის, მაგრამ შეღვიძების რაღაც ნიშნები ნამდვილად არის. როგორ იფეთქებს ქართველი ერი, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. რუსული კანონის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი გამოვიდა. მაშინ გამოსულ ხალხს, განსაკუთრებით სტუდენტობას, თუნდაც ერთი წლის წინათ პულსი არ ესინჯებოდა. არაფერში არ აქტიურობდნენ. არ ჩანდა, ეროვნული სული რომ არსებობდა, მაგრამ როგორც კი დადგა მომენტი, ამ ეროვნულმა სულმა იფეთქა. ეს მარტო პოლიტიკური მომენტი არაა. აქ მისტიური ამბავიცაა. შემდეგ ეს ტალღა შეჩერებულ იქნა, რაც არასწორია. ტალღა შეაჩერეს იმიტომ, რომ წინ არჩევნები იყო. არადა, ეს არჩევნები საპროტესტო ტალღის ფონზე უნდა ჩატარებულიყო. არ ვიცი, ეს ტალღა როდის იჩენს თავს. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებზე იქნება. ახლა ეს ეროვნული სული მიძინებულია. ეს იმას სულაც არ მიშნავს, რომ არ მოხდება მისი ამოფეთქვა.
იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველების უმეტესობას უნდა ეს რეალობა შიცვალოს. ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა. ისიც უნდა ითქვას, რომ ისე სულაც არაა საქმე, როგორც ხალხს ოპოზიცია მოუწოდებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარია მოხვიდეთ არჩევნებზეო.
_ არჩევნებზე მისვლაც მთავარი და მნიშვნელოვანია.
_ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია, მაგრამ როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, მხოლოდ მისვლით და გაფერადებით ყველაფერი არ გადაწყდება. არჩევნებზე უნდა იყოს ბევრი მიზანდასახული. ხმის დასაცავადაც უნდა იყვნენ მზად. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება და ეს რომ ასე იყოს, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია უფრო აქტიურ ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.
_ ოპოზიციის დაქსაქსულობაზე რას იტყვით? იქონიებს ეს არჩევნებზე გავლენას?
_ აქ სხვანაირად უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ახლა პარტიულობის დრო არ იყო. ახლა საქართველოა გადასარჩენი. რა დროს იმის ძახილია, მე ვარ პირველი ოპოზიციური ძალა. რეალურად დგას იმის საფრთხე, რომ საქართველო გახდეს მეორე ჩღდილოეთ კორეა. ამიტომ აქ პარტიული არჩევნები არც უნდა ყოფილიყო. საუბარი მაქვს იმაზე, რომ პარტიის ნიშნით არ უნდა ყოფილიყო არჩევნები, თორემ პარტიების გარეშე 4 არჩევნები ვერ ჩატარდებოდა. აქ ასე უნდა დამდგარიყო საკითხი _ არის ორი ბანაკი: რუსეთის ბანაკი და ევროპის ბანაკი. ისეთი ტალღა უნდა ყოფილიყო, როგორც გაზაფხულზე აგორდა. ეს არ ყოფილა არცერთი პარტიის მიერ აგორებული ტალღა. ეს იყო ეროვნული სულის გამოხატულება. იქ ყველა დასავლური პარტია უნდა ყოფილიყო და იყო კიდევაც, მაგრამ ეს გალდათ ყველას აქცია. ამ ტალღის ფონზე უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. მთავარი ისაა, რომ ისევ მოხდეს საკმარისი ძალისხმევა ხმების დასაცავად. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რას მიიღებს. მთავარია, არ მიიღოს ხმები ივანიშვილმა და მისმა სატელიტებმა.
ყოველგვარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები მიიღებენ უმრავლესობას. როდესაც ამ ჭირს მოვიშორებთ და რუსეთიდან გავთავისუფლდებით, მერე უკვე გვექნება იმის დრო, გავარკვიოთ, რომელი პარტია რომელს სჯობს. ახლა ამის გარკვევის დრო ნამდვილად არ არის. ახლა იმის დროა რომ რუსეთი უნდა მოვიშოროთ. დღეს ხელისუფლება მშვიდობის თემით მანიპულირებს ხალხზე, საზოგადოებას უმტკიცებს, რომ მშვიდობა ჩვენი დამსახურებააო. ამ დროს საქართველოში რომ მშვიდობაა, ეს უკრაინის დამსახურება გალავთ. უკრაინას რომ არ გაეძლო და რუსები კიევში შესულიყვნენ, რამდენიმე დღეში უკვე მთელი საქართველო იქნებოდა ოკუპირებული. ოპოზიციამ მთელი საქართველო უნდა მოიაროს და ხალხს აუხსნას თუ ვისი დამსახურებაა დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამ ხელისუფლებას კი დავასრულებთ, მაგრამ სანამ პუტინი იქნება, მშვიდად ვერ ვიქნებით, სულ ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული. როგორც მთელ სამყაროს. საშველი ისაა, რომ რუსეთი უნდა დასუსტდეს.