ნიკოლოზ ვაშაკიძე: „აფხაზეთის შესახებ მართლაც დაგეგმილია რაღაც“
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და თავისი ტყვიაგაუმტარი კაბინით რეგიონებში გადაადგილდება, მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიოპოვების მიზნით მხარდაჭერას სთხოვს. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ხელსაყრელი ვითარება _ მომენტუმი შეიქმნას, რისთვისაც მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება.
„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე გურიაში. თუ როგორ გეგმავს ივანიშვილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდდგენას, ამის შესახებ არ საუბრობს. „ქართული ოცნების“ ლიდერებიც მხოლოდ მინიშნებით შემოიფარგლებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.
დასავლელი პარტნიორების ჩამოშორების კვალდაკვალ რა შეიძლება იმალებოდეს მმართველი გუნდის ამ დაპირებაში და რა საფრთხეებს შეიცავს ის საქართველოსთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვაშაკიძე:
_ ეს, ალბათ, არის ყველაზე სახიფათო თემა იმ დაპირებებიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ იძლევა. რა თქმა უნდა, არც ერთ სერიოზულ ადამიანს არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს საჩუქრის სახით შეიძლება მიიღოს საქართველომ. ალბათ, უფრო საქართველოსთვის არასახარბიელო და სახიფათო სცენარებთან გვაქვს საქმე. გამომდინარე იქიდან, რომ ის ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუციური უმრავლესობის საჭიროების კონტექსში, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და მთლიანობის კუთხით დაგეგმილი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს იმდენად ფუნდამენტური საკითხია, რომ საზოგადოებამ მას უნდა მოსთხოვოს აბსოლუტურად კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა სახის ცვლილებებს გეგმავს ის. თორემ ზოგადი საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამოიყურება, როგორც ქართული საზოგადოების დაცინვა. ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა და ამის ასე გატარება არ შეიძლება.
_ ეს პირველი შემთხვევა არ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც საზოგადოებასთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს (მაგალითად ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება პოსტფაქტუმ გავიგეთ). მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რას შეიძლება გულისხმობდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. გამოითქმება მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სწორედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს. ამის შესახებ რას იტყვით?
_ საუბარია, ძირითადად, კონფედერაციულ მოწყობაზე. ალბათ, ეს ახლოს არის იმასთან, რაც დაგეგმილია. ყოველ შემთხვევაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კარგი არაფერია დაგეგმილი, მით უფრო, რუსეთთან შეთანხმებით. ცხადია, თუ ამის განხორციელება დაიწყო, ეს აუცილებლად მოხდება რუსეთის ჩართულობითა და ეგიდით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი იმ მოწყობის, რომელზეც საბოლოოდ უნდა გავიდეთ, გარანტად ოფიციალურად, იურიდიულად და პოლიტიკურად მოგვევლინება რუსეთის ფედერაცია. ეს რასაც ნიშნავს, ისტირიული გამოცდილებითაც კარგად ვიცით და დიდი იურიდიული განათლება და პოლიტიკური გამჭრიახობაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, რაც მოხდება. ეს იქნება, პრაქტიკულად, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვა. ამ ტიპის ხელშეკრულება პირდაპირ ჩართავს რუსეთს, როგორც საქართველოს შიდა ტერიტორიული მოწყობის მოთამაშეს და გარანტს ოფიციალურად. გარდა ამისა, თუ კონფედერაციულ მოწყობაზეა საუბარი, ვიცით, რომ ეს თანაბარი სუბიექტების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, შესაბამისად, ნებისმიერ ამ წარმონაქმნში შემავალი სუბიექტი დატოვებს მას მაშინ, როცა მიიჩნევს საჭიროდ. დიდი ალბათობით, თუ ჩვენ ამ გზით წავედით, ეს ასეც მოხდება.
_ როგორ ფიქრობთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა ეს არის მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, რომლის შესახებ ივანიშვილი ამბობს, რომ „რაღა ჩემი დაპირება დაიჯერეთ, საარჩევნო დაპირებებს არავინ ასრულებსო“, თუ მართლაც არსებობს ეს გეგმა?
_ არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო „ტრიუკია“, ეს სიტყვა მას უყვარს. ეს მართლაც დაგეგმილია, ჩემი აზრით. გეტყვით, რატომ ვფიქრობ ასე: დღეს აფხაზეთში ყველაზე მწვავედ დგას სწორედ უძრავი ქონების საკითხი. ვგულისხმობ „აპარტამენტის კანონს“ და მასთან დაკავშირებით განვითარებულ ცნობილ პროცესებს. თვითონ აფხაზები ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს, რაც მიმდინარეობს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა თანდათან ეუფლება მთელ ამ პოტენციურად ძალიან ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებას აფხაზეთში. ამავდროულად, ყველამ კარგად ვიცით, ვიდრე აფხაზეთი არის ასეთი რუხი, არაღიარებული ქვეყანა, ამ უძრავი ქონების ფასი კაპიკებია. საკმარისია აფხაზეთის ლეგიტიმაცია მოხდეს საერთაშორისო დონეზე, და ეს მხოლოდ საქართველოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს, ამ უძრავი ქონების ღირებულება ასტრონომიულად გაიზრდება. აქ დიდი ფულის გაკეთებაზე მიდის საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფულის კეთებაში ჩართავენ საქართველოს მხრიდან იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამას რუსეთს გაუკეთებს, შემდეგ როდესაც შეძლებენ ამ დიდი ქონების რეალიზაციასა და ფულის გაკეთებას, რა თქმა უნდა, აფხაზეთს საქართველოს არავინ დაუტოვებს _ ფულსაც გააკეთებენ, ამ მოღალატე ქართველებსაც გააკეთებინებენ ფულს და შემდეგ ამ ტერიტორიას საბოლოოდ უკვე ოფიციალურად და იურიდიულად წაართმევენ საქართველოს.
_ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე გაკეთებული განცხადებები „ქართული ოცნების“ ლიდერებს რუსეთში არ მოუწონეს, განსხვავებით სხვა საკითხებისგან. ამ შემთხვევაში ისინი არ შეაქეს. 26 მაისს ირაკლი კობახიძის განცხადებას რუსეთიდან კრიტიკა მოყვა, რის შემდეგაც ამ თემაზე საუბარი კარგა ხნით შეწყდა და ახლა წინასაარჩევნოდ განახლდა, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?
_ აქ პიართამაშებთან გვაქვს საქმე. რაღაცა რომ იგეგმება სერიოზული, ეს ყველანაირად იგრძნობა და ვხედავთ ჩვენ ამას. რა თქმა უნდა, მთელი ამ პროცესის თანმხლები იქნება ურთიერთგამომრიცხავი პიარსვლები და დამაბნეველი ნაბიჯები, მაგრამ თვითონ ვექტორს ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ დიდ მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე _ საქართველოს ხელმძღვანელობის სერიოზული ფინანსური დაინტერესების გამოყენებით განხორციელდეს ამ ტერიტორიის უკვე საბოლოდ, იურიდიულად ჩამოცილება საქართველოსგან. პლუს, ამ თემის გამოყენებით, საქართველოს სუვერენიტეტის მითვისება მოსკოვის მხრიდან. კარგად გათვლილი კომბინაციაა, ჩემი აზრით, რის შედეგადაც, პრაქტიკულად, მთელი თაობების ნაშრომი და ნაბრძოლი უნდა გადაიყაროს წყალში. ძალიან დიდი გულის ტკივილით ვადევნებ თვალყურს ამ პროცესებს, დიდი გამოცდილება გვაქვს მეც, ჩემს კოლეგებსაც და ვიცით, როგორ აკეთებს რუსეთი ამ საქმეებს და როცა ვხედავთ, ეს ხდება, თან საქართველოს ე. წ. ხელისუფლების ხელით, ამის ყურება ძალიან მძიმეა.
_ ბევრისთვის აღმოჩენა გახდა და მოულოდნელი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური კურსის ცვლილება. თქვენ 2013 წელს სწორედ ამ მოტივით დატოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი და აღნიშნეთ, რომ შეუთავსებლობა გქონდათ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან. რა იყო კონკრეტულად მაშინ ამის მიზეზი?
_ რამდენიმე შეხება მქონდა ბიძინა ივანიშვილთან პირადად, ასევე მისი გუნდის წევრებთან. პრინციპში, მაშინვე მივხვდი, საითკენაც მიდიოდა საქმე და 2013 წლის იანვარშივე გადავდექი თანამდებობიდან, ჩემთვის ეს პრინციპები და ეს კურსი პოლიტიკურად და მორალურადაც აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო. საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია და ხედვები, რაც მათ ჰქონდათ, რომ რუსეთთან დაახლოებითა და დათმობით, ხოლო პროდასავლური კურსის შესუსტებით შეიძლება კარგი შედეგების მიღწევა, ეს მიდგომები მაშინ უკვე გამოჩნდა.
_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სხვა საარჩევნო დაპირებებს, ის, პრაქტიკულად, არაფერს ჰპირდება მოქალაქეებს მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ჰპირდება ოპოზიციის _ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ _ დაჭერას, აკრძალვას, სამოქალაქო სექტორისა და მედიის გაჩუმებას. როგორ ფიქრობთ, როდესაც ასეთი დაპირებები კეთდება, რაზეა ხელისუფლების გათვლა? ასეთი დაპირება მოუტანთ ხმებს?
_ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ყალბი დაპირება, ეს რეალური განზრახვაა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი განახორციელებენ. ისეთი ნაბიჯების გადადგმას აპირებს არჩევნების შემდეგ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ნებისმიერი ოპონირების რეჟიმი და საშუალება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ ყველანაირი ეს საშუალება უნდა მოსპონ, რომ ეს ნაბიჯები უპრობლემოდ გადადგან. ჩვენ ვხედავთ, როგორ თანმიმდევრულად ხდება ეს. პირველი უმძიმესი დარტყმა გაკეთდა არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც, პრაქტიკულად, სპობენ საქართველოში, ახლა დაანონსდა უკვე საერთოდ პოლიტიკური სპექტრისა და ოპოზიციის მოსპობა. რა თქმა უნდა, გულუბრყვილოები არ ვართ და ვიცით, რომ ამას ავტომატურად მიყვება თავისუფალი მედია. შესაბამისად, აღარ დარჩება ქვეყანაში ხმის ამომღები არცერთი სერიოზული ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს იმ უმძიმეს პოლიტიკურ ნაბიჯებს, უკვე გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური კუთხით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და მთლიანობის კუთხით, რომლის გადადგმასაც ეს ხელისუფლება აპირებს. ეს ყველაფერი შეკრულია კომპლექსურად. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მოსახლეობის ნება, პოლიტიკური მანდატი, რომ ეს გავაკეთოთ.
_ და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ასეთმა დაპირებამ იმუშაოს? მიიღებენ ამით ხმებს?
_ გარკვეულ ხმებს მიიღებენ, მაგრამ ძირითადად იმუშავებს უკვე ის, როგორც ატარებენ ესენი არჩევნებს. სამწუხაროდ, ძალიან ცუდ როლს თამაშობს ის პრეცედენტები, რომელიც შეიქმნა ბელარუსში, აგერ უკვე ვენესუელაში. წელს ამ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის მიღების პროცესში ივანიშვილი და მისი გუნდი მიხვდა იმას, რომ შეიძლება გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისთვის, შეიძლება წაგებული არჩევნები გააყალბო და გამოაცხადო მოგებულად, მიიღო მასობრივი პროტესტი, მაგრამ ცოტა ხანი გაუძლო და გადააგორო და მაინც გაიტანო შენი. ჩემი აზრით, დაახლოებით რაღაც ასეთი იგეგმება. ამ პირობებში ზუსტად ოპოზიცია ვალდებული იყო, ამ მზაკვრული ჩანაფიქრისთვის ერთიანი ფრონტი და სია დაეპირისპირებინა, რადგან ასეთი კონფიგურაცია აძლევდა მას შანსს, რომ რაღაცნაირად წინ აღდგომოდა ამას. სამწუხაროდ, მათ აბსოლუტურად გაუგებარი და საწინააღმდეგო გზა აირჩიეს და დაქსაქსული ფორმით გადიან ამ არჩევნებზე.
_ თქვენი პარტიის შესახებ რას იტყვით?
_ ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს მხოლობით რეჟიმში გასვლა ამ არჩევნებზე. ჩვენი იდეა იყო, რომ არჩეულიყო დროებითი მთავრობა ამ ხელისუფლების შესაცვლელად და შემდეგ მომხდარიყო ახალი არჩევნების დანიშვნა. ამისთვის საჭირო იყო მთელი ოპოზიციის გაერთიანება, ერთიანი სიით გასვლა. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვების შანსები გაცილებით მაღალი იქნებოდა.