ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა აღარ გაიხსნება?
გიორგი საკარული
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სამხედრო-საზღვაო ბაზა შენდება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აქ აპირებენ რუსული სამხედრო გემების განთავსებას. საუბარია იმ გემებზე, რომლებიც უკრაინელებს ანექსირებულ ყირიმში გადაურჩათ.
ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაშინ განაცხადა, რომ ეს გემები გახდებოდნენ უკრაინელების ლეგიტიმური სამიზნე. ამ განცხადებამ აფხაზეთში დიდი ხმაური გამოიწვია. ოჩამჩირესა და სოხუმში პროკლამაციებიც კი გააკრეს, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო გემების ადგილი არ არის.
საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს გაურბის. ცდილობენ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთონ. ამ საკითხზე საუბარი არც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას უყვარს. ამ თემაზე ღია კომენტარი გასულ კვირას გაკეთდა. სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ შენდება სამხედრო პორტი.
სერგეი შამბა ცოტა ხნის წინ დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. მანამდე ეს თანამდებობა ინალ არძინბას ეკავა, რომელიც, თავის დროზე, აფხაზეთში მოსკოვმა მოავლინა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი მას ამზადებდა ოკუპირებული აფხაზეთის მომავალ პრეზიდენტად. ინალ არძინბა კრემლის გამოზრდილი კაცია. ის 2014 წლამდე ოდესაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. იქ მას ერთხელ მიხეილ სააკაშვილთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. ეს უკანასკნელი მაშინ ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო.
რაც შეეხება სერგეი შამბას, მას აფხაზეთის უშიშრიოების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. არძინბას გაგდების შემდეგ ის დაინიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელად. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შამბას წლების წინათაც ეკავა. ეს უწყება მას პირველად ვლადისლავ არძინბამ ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ შამბა თავის ძმებთან ერთად აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელია.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. შამბამ „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.
„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს“, _ განაცხადა სერგეი შამბამ.
იმავე ინტერვიუში შამბამ აღნიშნა, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – ამბობს აფხაზური დიპლომატიის მამა.
შამბამ თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად დესტრუქციულია.
რუსულ მედიას შამბამ უთხრა, რომ სოხუმი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და შეშფოთებით ისმენენ, თუ როგორ მოუწოდებს დასავლეთი საქართველოს, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას.
„საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს რაც შეხება, ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოიყენება აფხაზეთის თემა ჩვენი მეზობლების შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოსადმი მიმართვებსა და მის რეაქციას „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებებზე. ჩვენ არასოდეს ვამცირებთ დაცვას. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, _ აღნიშნა შამბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას მართლაც შეიძლება პრობლემები შეექმნას. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს სერიოზულად გაიზარდა ანტირუსული განწყობა. აფხაზები ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რესპულიკაში უძრავი ქონების შეძენის უფლება მიეცა, ბიჭვინთის წაღების შემდეგ კი აფხაზთა ანტირუსული განწყობები კიდევ უფრო გაიზარდა.
ამას მოწმობს ისიც, რომ აფხაზებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა რესპუბლიკაში არ მიეღოთ რუსული კანონი. საუბარია აგენტების კანონზე. აღნიშნული კანონის ინიციატორი აწ უკვე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ინალ არძინბა იყო. ამ კანონის გარდა, აფხაზი საზოგადოების პროტესტმა ჩააგდო კიდევ მეორე კანონი, რომლის უკანაც ასევე რუსეთი იდგა. საუბარია აპარტამენტების შესახებ კანონზე. მას ერთ-ერთმა აფხაზმა ოპოზიციონერმა „ქართული ოცნების“ კანონიც კი უწოდა. აფხაზები ეჭვობდნენ, რომ ამ კანონის უკან ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც ამ კანონის მეშვეობით შეეცდებოდა რუსებთან ერთად აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას. აღსანიშნავია, რომ ყოველი არჩევნების წინ საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ივანიშვილი აპირებს აფხაზეთის ნაწილი იყიდოს და საქართველოს დაუბრუნოს.
რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ამბობენ პორტში უკვე შევიდა რამდენიმე მცირე ზომის რუსული გემი.