მიხეილ ბატურინი: „არ გამოვრიცხავ იმ სცენარსაც, რომ კრემლი დააბარებს რუსულ რეჟიმს რაღაცის პროვოცირებას საქართველოს ტერიტორიაზე“
მიხეილ ხაჩიძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, გელა კახაბრიშვილი, ლაშა რუხაია და კონსტანტინე ჯღამაია.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
უნდა ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მმართველი გუნდის ლიდერები „გადატრიალებაზე“, ტერორიზმსა და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. სუს-მა მაისის დასაწყისშიც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი მზადყოფნას აცხადებს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. უფრო ადრე, გასული წლის 18 სექტემბერს, უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებული გამოძიების შესახებ ამცნო. მაშინ უწყებამ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა კონკრეტული პირები: ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი. შეთქმულებებსა და დესტაბილიზაციაზე საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო. იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად მიმართა ქართულ საზოგადოებას. მისი თქმით, მავანნი საქართველოში „ევრომაიდნის სცენარის“ განვითარებაზე მუშაობდნენ და ამისთვის საბურავების მომარაგებაც კი დაწყებული ჰქონდათ. „საბურავების საქმის“ გამოძიების შედეგები ქართული საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.
2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიება და ამ მოტივით უწყებაში მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო. 2021 წლის 29 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუს-ის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერი 2 საათს გრძელდება.
ახლაც კი, როგორც, ჩანს ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებადე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ ტრადიციულ მეთოდს მიმართა და დაშინებებისა და ხალხში უიმედობის დათესვის მიზნით, ისევ შეთქმულებებზე ალაპარაკდა.
დაანონსებულ შეთქმულებებზე, გადატრიალებებსა და ტერორიზმზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, უკრაინაში მებრძოლი, ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაური, მიხეილ ბატურინი:
_ მიხეილ, მთავრობის მიერ წამოწყებულ კამპანიას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების წინააღმდეგ, როგორ აფასებთ?
_ პირველ რიგში, მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ყველა მებრძოლს, ვინც ახლა რეპრესიებს ებრძვის საქართველოში. ეს არის სრული სისულელით, აბსურდული ბრალდებებით აღძრული საქმე. მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული ბრალდდებები და ამ აბსურდებით დაწყებული საქმეები არაერთი გვახსოვს, „საბურავების საქმე“, გადატრიალება, ტერორიზმი და ა. შ. აღარ ჩამოვთვლი. ეს არის პროპაგანდა, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ცდილობენ, რომ ზეწოლა განახორციელონ მებრძოლებზე, რომლებიც არიან ჩამოსულები, ზოგი სარეაბილიტაციოდ, ზოგი შვებულებაში _ და გაახარონ რუსეთი, იმიტომ რომ ეს არის კრემლის პირადი დავალება. მეორე მიზანი ის არის, რომ აშინებენ ხალხს, როგორც არაერთხელ გააკეთეს წინასაარჩევნოდ, რომ მებრძოლები აპირებენ არეულობას და ა. შ. მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ არცერთი მებრძოლი საქართველოს წინააღმდეგ არ ჩაიდენს არაფერს. პირიქით, ეს ბიჭები იბრძვიან უკრაინაში იმიტომ, რომ საქართველოში არ იყოს ომი. ეს ბრალდებები, მებრძოლების გაშავება ემსახურება ერთ რამეს, რომ დათესოს შიში, პანიკა, რადგან არაერთხელ გაგვიგია ამ რუსული რეჟიმისგან, რომ მეორე ფრონტის გახსნა, ომი გინდათ და რაღაც-რაღაცები. ეს არის მათი სტილი, რუსეთში დაწერილი სცენარი, რომელსაც მიჰყვება, რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში. რასაც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი ომის პარტია არის „ქართული ოცნება“, რომელიც სასტიკად უსწორდება ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, იწვევს პროვოკაციებს სპეციალურად და 26 ოქტომბერს საქართველო გასცემს მათ პასუხს. მაგრამ არის მომენტი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ _ რუსეთის სტილი თავისი სპეცოპერაციებით ცნობილია და არაერთი ფაქტი ვიცით, როცა რუსეთი თავის ტერიტორიაზე ახორციელებს ტერაქტებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ჩეჩნეთში, იჩქერიაში არაერთხელ ვნახეთ… აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ იმ სცენარსაც, რომ კრემლი დააბარებს რუსულ რეჟიმს საქართველოში, რაღაც პროვოკაცია მოახდინონ ჩვენს ტერიტორიაზე და მერე გამოიყენებენ ბოროტი განზრახვებისთვის.
_ ვარაუდობთ, რომ ასეთი სცენარი შესაძლოა, „ოცნებამ“ საარჩევნოდ გაათამაშოს?
_ არ გამოვრიცხავ, რადგან „ოცნება“ არის გაკოტრებული, აეხადა ნიღაბი, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიომ დაინახა მათი რუსული ვექტორი და რუსეთისკენ სწრაფვა. ყველა პარტნიორმა დაინახა „ოცნების“ განზრახვა და ყველა თანხმდება, რომ ეს არის რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში, რუსული კანონებით და ყველა ქმედებებით. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტიას სჭირდება ისეთი მომენტი, რომ რეინკარნაცია, რეაბილიტაცია გააკეთოს. კარგად დავინახეთ ეს, როცა ტრამპზე მოხდა თავდასხმა, გვახსოვს, როგორი სპეკულაციები დაიწყეს „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ თემის გასაშლელად. ამდენად, ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ლილუაშვილის უწყება დაკავებულია პოლიტიკური დევნით, თავის პირდაპირ დანიშნულობას და კომპეტენციას არ ასრულებს. არ აკონტროლებს რუსეთის მოქალქეებს, არც იციან, რამდენი მოქმედი რუსი აგენტია საქართველოში შემოსული. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყურადღებით _ ჩვენი იარაღი არის სიმართლე და ინფორმირება მოსახლეობის. „ოცნების“ იარაღი არის დაშინება, აღძრავენ საქმეებს, მოაწერინებენ ბიჭებს გაუთქმელობაზე ხელს და ქმნიან ისეთ სურათს, თითქოს რაღაც ხდება. სინამდვილეში კი რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას, უფრო კარგია. ინფორმაციულ ვაკუუმში არავინ უნდა იყოს. საქართველოში როცა შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი, რა თქმა უნდა, მოხდება ლუსტრაცია და ყველაფერი ცხადი გახდება. მანამდე კი ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. გარწმუნებთ, აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში ნაბრძოლი არცერთი მეომარი თუ სხვა, არავინ არაფერს გეგმავს სამშობლოს წინააღმდეგ. ერთადერთი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ცუდს გეგმავს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მას ბოლო მოეღება არჩევნებზე.
_ ისევ სუსის გამოკითხვებს მივუბრუნდეთ. ითქვა, რომ დაკითხვებზე თქვენი სახელი გაჟღერდა, ამაზე თუ გაქვთ მეტი ინფორმაცია, რა კონტექსტში და კონკრეტულად რა თემაზე?
_ რაც გაჟერდა ტელევიზიებით და პირად საუბრებში, ჩემ შესახებ კითხულობდნენ. თუმცა მე მეტი არ მიკითხავს ბიჭებისთვის, რომ არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ. სხვადასხვა სახის კითხვა იყო, მაგრამ არ მინდა, რომ ამ სისულელის გამო ბიჭები ისეთ სიტუაციაში ჩავარდნენ და ამიტომ არ ჩავეძიე მეტად. მახსოვს შარშან, მანამდეც, ჩემ წინააღმდეგ აღძრული არაერთი საქმე, გადატრიალების მცდლეობა, ტერორიზმის მცდლეობა, რა აღარ დამაბრალეს, ახლა ისევ აქტუალურია ჩემი თემა „ოცნებისთვის“.
_ რას უკავშირებთ მათ, ასე ვთქვათ, ამოჩემებას თქვენდამი, ეშინიათ რაღაც კონტექსტში რამის, თუ რა ხდება?
_ გახსოვთ, ჩემი დაკავება, 9 თვე ვიჯექი ციხეში არარსებული ბრალდებით, თეთრი ძაფით შეკერილი საქმით. უნდოდათ, მაგათი თამაში მეთამაშა, მაგრამ ვერ გამტეხეს. მერე, როცა რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, პირველივე დღიდან მოხალისედ წავედი და აქ ვარ მას შემდეგ, ვეხმარები ჩვენს უკრაინელ ძმებს. ჩემი მეგობრობა მესამე პრეზიდენტთან, მე ვიყავი მისი პირადი მცველი, ჩემი პოლიტიკური აქტიურობა _ ეს მოცემულობა, ყველაფერი ერთად, ვფიქრობ, მათთვის არ არის მისაღები.
_ გასაგებია. პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, რამე პროგნოზი, ვარაუდი ხომ არ გაქვთ?
_ ამ რუსული რეჟიმისგან ყველაფერი მოსალოდნელია. იურიდიულ მხარეზე აღარ ვისაუბრებ, რადგან ამათთვის არც კანონი არსებობს და არაფერი. აგერ, ცოტა ხნის წინ, მესამე პრეზიდენტს მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, რაც ნონსენსია და პრაქტიკაში არსად მომხდარა. მე თვითონ იურისტი ვარ განათლებით და უამრავი სხვა საქმე არსებობს, სადაც პირიქით, , თუ ადამიანს აქვს მისჯილი და მეორე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, იქ უხსნიან წინასწარ პატიმრობას. სააკაშვილის ქეისში მოხდა სრული ნონსენსი, სრული დარღვევა კანონის. მოგეხსენებათ, რომ მესამე პრეზიდენტს აბსურდული ბრალდებით და აბსურდულ საქმეზე აქვს მისჯილი და მიუსაჯეს ისევ წინასწარი პატიმრობა. ყველა იურისტი მიხდვება, რომ ეს არის სრული სისულელე. აღარ ვსაუბრობ შეკერილ საქმეებზე. აგრეთვე ვხედავთ რეპრესიებს, როცა იარაღს უდებენ: სოსო ბაბაევს ჩაუდეს იარაღი, ლექსო რაფავას, აგრეთვე ბავშვებს სცემენ ე. წ. ტიტუშკები და მოძალადე კრიმინალები. აგონიაში მყოფი რეჟიმის ავადმყოფურ თავში რა მოიხარშება, არ ვიცით. ისევ და ისევ გავიმეორებ, ჩვენი იარაღი არის ერთობა, მოსახლეობის ინფორმირება და შეუპოვრობა, ერთად ყველაფერს გადავლახავთ, საქართველო გაიმარჯვებს.
_ 16 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შემოჭრიდან. მაშინ პრეზიდენტის გვერდით იყავით. როგორ იხსენებთ იმ პერიოდს?
_ რუსეთის ოკუპაციასა და აგრესიას საქართველო ეომება უკვე 300 წელიწადია. 2008 წელი უახლოესი იყო და ყველაზე ძლიერ გვტკივა. აღსანიშია, რომ რამდენიმე კვირით ადრე მესამე პრეზიდენტი გამოდიოდა მსოფლიო არენაზე და ამბობდა, რომ რუსეთი აპირებს თავდასხმას და დივერსიას საქართველოზე. მაშინ არავინ იჯერებდა. ახლა რასაც ვიხსენებ, მაშინდელი მაღალჩინოსნები ყველა აღიარებს, რომ არ დაუჯერეს სააკაშვილს და ნანობენ. პარალელისთვის ვიტყვი, რომ მაშინ რომ დაეჯერებინათ სააკაშვილისთვის და ყოფილიყო შესაბამისი რეაქცია, 2014-ში უკრაინა შეძლებდა თავის არიდებას ომისთვის. ახლაც არ იქნებოდა ომი. სამწუხაროდ, ესაა რეალობა რაც გვაქვს, ევროპელებმა დაინახეს თავისი შეცდომები და ის, რომ არ დაუჯერეს მესამე პრეზიდენტს. მაშინ უბრალოდ დაგვეხმარნენ პრეზიდენტის პირადი კავშირებიდან გამომდინარე, გვახსოვს 4 პრეზიდენტი თბილსის ცენტრში, რომლებიც მოვიდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით გვერდით დაუდგნენ საქართველოს მოსახეობას. მაშინ ერთობამ და მხარდაჭერამ გადაგვარჩინა სრული ოკუპაციისგან. ყველას გვახსოვს და გვტკივა 2008 წლის აგვისტო. ჩვენთვის ეს ომი არ დამთავრებულა, სანამ სოხუმისა და ცხინვალის თავზე არ აფრიალდება საქართველოს დროშა, ვერ ჩავთვლით, რომ ომი დამთავრდა. რა თქმა უნდა, ყველა ეცდება, რომ ეს მშვიდობიანად დასრულდეს და არ იყოს მსხვერპლი. ამაშიც უნდა დაგვეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია განხორციელდეს მშვიდობიანად. ჩვენ ვიცით, რა ხდება ე. წ. საოკუპაციო ხაზზე, ყოველდღიურად იტაცებენ მოქალაქეებს, თუმცა ახლანდელი ე. წ. ხელიუფლება დუმს.
_ კარზეა მომდგარია ისტორიული არჩევნები, რა იმედები გაქვთ, რა ვარაუდები?
_ ახლა საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე _ ან ისტორია მეორდება, ან ეს არჩევნები უდრის საქართველოს რეფერენდუმს, როცა საქართველო გახდა თავისუფალი მაშინ და საბჭოთა ტყვეობიდან გავედით. იგივე გვაქვს ახლა. სამწუხრაოდ, ამ ჰიბრიდული ომის ფარგლებში მივიღეთ ის, რომ საქართველოს მართავს რუსეთის ადმინისტრაცია, რომელიც ასრულებს კრემლის დავალებას. ყველამ უნდა გავცეთ პასუხი, მაქსიმალურად მეტი ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე, არ შეშინდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი. საქართველოს მოსახლეობის აზრი კი არის ევროპა, განვითარება, არა რუსეთს, არა ოკუპანტს, რუსეთი არის ჩვენი მტერი. ეს უნდა დავაფიქსიროთ ყველამ ერთად. მერე დავიცვათ ხმები და ყველაფერი გამოგვივა. არ უნდა ავყვეთ „ოცნების“ პროვოკაციებს, დაშინებებს და ა. შ. ყველაფერი იქნება კარგად, საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და გააკეთებს ბრძნულ არჩევანს. ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს ინტერესები, ყველამ დინჯად უნდა გავცეთ არჩევნების დღეს პასუხი ამ რუსულ რეჟიმს.
_ დაბოლოს, უკრაინელების საომარ განწყობასა და ზოგადად პოზიციონირებაზე გკითხავთ, როგორია დღეს ვითარება მანდ?
_ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა სცადა სუმის ფრონტზე გარღვევა და შეჭრა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს ეს, ჩაატარეს კონტროპერაცია. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის შეტევა სუმზე შეჩერებულია, რუსეთს აქვს დიდი დანაკარგი როგორც ტექნიკაში, ასევე ცოცხალ ძალაში, ბევრი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა. განადგურებულია წერტილები, სადაც კონცენტრაციას აკეთებდნენ. კარგი ოპერაცია ჩაატარეს უკრანიის შეიარაღებულმა ძალებმა. ვნახოთ… რაც შეეხება უკრაინული ჯარის მოტივაციას _ ყველა ხვდება, რომ ეს არის მათი სამშობლო, რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, აგრესორი და ყველამ იცის, რომ უნდა დაიცვას სამშობლო, აქედან გამომდინარე, მოტივაცია ისევ მაღალია, ყველა აკეთებს თავის საქმეს. უკრაინის გამარჯვებას ალერნატივა არ გააჩნია, უკრაინა გაიმარჯვებს. F16-ების ცაზე გამოჩენამ შედეგი დადო უკვე. ყველაფერი კარგად იქნება ძალიან მალე. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას, გამარჯვება ჩვენს ქვეყნებს!