დავით კირკიტაძე: „ევროპაში არ ელოდებიან ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს“

ირინა მაკარიძე

როგორ ესმით პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული „სხვანაირი პარლამენტი“ და „სხვანაირი მთავრობა“ ქარტიაზე ხელმომწერ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს? რა მოლოდინი აქვთ რეფერენდუმად მიჩნეულ არჩევნებთან დაკავშირებით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე:

_ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც იქნება ამ ხელისუფლების შეცვლისკენ  გადადგმული და რომელიც დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია და ერთიანობა, მხარს დავუჭერთ. ჩვენთვის ახლა არავითარი თანამდებობები და პარლამენტში სკამების განაწილებები მნიშვნელოვანი არ არის და ამაზე მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ ისაუბრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ისტორიული არჩევნები _ მსგავსი ტიპის არჩევნებზე ჩვენ ვიყავით მხოლოდ ერთხელ, როდესაც რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ დამოუკიდებლობის მომხრე იყო. მეორე ასეთი ტიპის არჩევნები არის ახლა, როდესაც ჩვენმა ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით იქნება, _ რუსეთისკენ თუ ევროპისკენ? აი, ამ მასშტაბის არჩევნები გვაქვს, ამას ჩვენ ვაცნობიერებთ და  პარტიული ჭრილიდან არ ვუყურებთ ამ ვითარებას. ამიტომ პრეზიდენტის ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ერთობისკენ, საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, ჩვენ ვეთანხმებით. უბრალოდ, პრეზიდენტისგანაც და სხვა აქტორებისგანაც ორმაგი სტანდარტების შეგუებისა და თვალის დახუჭვის უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, ასე ვიქცევით და მსგავსს ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ მათი განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც დაპატიმრებულ ადამიანს მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა. როგორ არის, ევროპაში გვინდა და ამას ვდეკლარირებთ თუ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ?  ევროპაში არ ელოდებიან ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს. არ შეიძლება, საკითხებს წავუყრუოთ. ჩვენ შეგნებულად პედალირებას არ ვახდენთ ამ და მსგავსი ტიპის საკითხებზე, რომ არ გაჩნდეს განცდა, თითქოს აქ რაღაც უთანხმოებაა. პირიქით, ვცდილობთ მეტი შეხების წერტილები მოიძებნოს. ამას ადასტურებს ის ხელმოწერაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, დაფიქსირებულია „ქართულ ქარტიაზე“

_ მოსახლეობასთან შეხვედრისას თუ საუბრობთ ამ საკითხზე, რამდენად ინფორმირებულია ამომრჩეველი, რომ ერთი წლის ვადით დროებითი პარლამენტი ირჩევა?

_ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ არ ვართ ორდინალურ მდგომარეობაში. ეს მათ ძალიან კარგად ესმით. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება შემჩნეულია არაერთხელ არჩევნების უხეშად გაყალბებასა და ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცებაში. მას ამაში ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ოლიგარქის მიერ, როგორც ეს იყო 2018 წელს, გამოყოფილი დიდძალი ფულადი სახსრები. ამიტომ ამ  პირობებში, რაშიც დღეს ვართ, ეს არის მიტაცებული ხელისუფლების ყველა შტო, ოლიგარქის ხელში განუზომლად დიდი ფინანსური რესურსები, მნიშვნელოვანია საერთო, შეხების წერტილების პოვნა. მნიშვნელოვანია ასევე ის, მოქალაქემ დაიჯეროს, რომ 26 ოქტომბერს მის ხელშია რეალური ძალაუფლება და არა ოლიგარქის ხელში. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც მოქალაქეებს ვხვდებით და არა იმაზე, ვის რამდენი მანდატი, ვის რამდენი პროცენტი, ვის რა სამინისტრო უნდა. ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ფიქრობს, ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს რაც უშლის ხელს, ეს არის „ქართული ოცნება“, არჩევნების გზით აბსოლუტურად მშვიდობიანად მოვაშოროთ ხელისუფლებას და გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ.

_ ეს გასაგებია, მაგრამ დროებითი პარლამენტის შესახებ კითხვაზე არ მიპასუხეთ.

_ ეს საკითხი ამომრჩევლის მხრიდან არ დასმულა, თორემ ვუპასუხებდი იმავეს, რაც თქვენ გიპასუხეთ. სადაც ვხვდებით მოსახლეობას, მათი განწყობა არის ის, რომ „გაერთიანდით, მოძებნეთ საერთო შეხების წერტილები, უფრო დიდი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ამბიციები“. ერთიანობას ხელს რაც შეუწყობს, ვაცხადებთ, რომ იმ ნაბიჯს ვეთანხმებით, მოგვწონს, არ მოგვწონს, სწორად მიგვაჩნია, არ მიგვაჩნია, ეს არის უკვე  მეორეხარისხოვანი. ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ ორმაგი სტანდარტებით, არ ვცდილობთ, რომ მუდმივად დაპირისპირების წერტილები და დაპირისპირების საკითხები ვეძებოთ.

_ ე. ი. ამბობთ, რომ ამ საკითხზე საუბარი დაპირისპირებას გამოიწვევს? ეს ერთგვარად უნდა ყოფილიყო იმ პროპაგანდის წინააღმდეგაც  მიმართული, რომლითაც აშინებენ ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებაში  ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან და აღარ წავლენ. ასე არ არის?

_ ამ საკითხის ქარტიაში შეტანის მოტივაცია იყო ის, რომ რეალურად თუ გვინდა ჩვენ გავზომოთ პოლიტიკური ძალების რეიტინგი, უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში არ არის შესაძლებელი, რადგან მას ხელისუფლების ყველა შტო უზურპირებული აქვს. რეალურად, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოახერხებს მხოლოდ დროებითი, ტექნიკური მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ იქნება ვალში. ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ კი არ ეშინია, „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო 2012 წელს, მაშინ არ შეშინებია, დღეს რატომ უნდა ეშინოდეს? ამ შიშს კულტივირებს და თესავს ხელისუფლება და ძალიან გთხოვთ, ნუ უწყობთ ამას ხელს…

_ მაგრამ ხომ მუშაობს ეს პროპაგანდა _ „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად წარმოჩენის?

_ შიში მუშაობს იმის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ დადიან   და ეუბნებიან, „ამას მოგიხსნით, იმას მოგიხსნით“, _ აი, ეს შიში მუშაობს. ეს შიში უკვე გადალახული აქვს საქართველოს მოქალაქეს და დარწმუნებული ვარ, თავის არჩევანს გააკეთებს. „ოცნება“ 12 წელი, რაც ახლა ხელისუფლებაში არის და მანამდე, 2006 წლიდან, ავრცელებდა პროპაგანდას და „ნაციონალური მოძრაობა“ არის მუდმივად მსხვერპლი ცრუ პროპაგანდისა და ცილისმწამებლური კამპანიის. არც ერთი ბრალდება, რომელიც 2012 წლამდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არ გამოუძიებიათ და არ გასცემია პასუხი. იმიტომ, რომ ყველაფერი იყო თითიდან გამოწოვილი მაშინაც და დღესაც. ეს არის რეალობა, სამწუხაროდ, ვიღაცებმა 2012 წელს ეს დაიჯერეს, დაიჯერეს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეებისა და სიმართლისთვის აკეთებდა. ყველაფერი, ეს ბინძური პროპაგანდა და ტყუილი, დაწყებული იმ მოგონილი საქმეებიდან… რომელი ერთის მიმართ დაიდო სხვა მტკიცებულება, რომელიც არ იყო დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან? რაზეც ისინი აქცენტირებდნენ და ცდილობდნენ საზოგადოება  შეცდომაში შეეყვანათ, დაწყებული ზურაბ ჟვანიას საქმიდან და სხვა  მრავალზე, რომელზე დადგა სხვა განაჩენი?!

_ არის საქმეები, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევებს და სხვა, მაგრამ ეს არ არის ახლა ჩვენი საუბრის თემა.

_ ეს არის პრობლემა, რომ რუსეთში დაწერილი სცენარებით, გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, მუდმივად ცდილობდენ, რომ ცრუ ინფორმაციებით შეცდომაში შეეყვანათ საქართველოს მოქალაქეები. ნაწილობრივ ეს მოხერხდა, მაგრამ განვლილმა 12 წელმა აჩვენა, რომ ისინი არიან მატყუარები, აჩვენა, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რაზედაც 2012 წლამდე საუბრობდნენ, არამედ იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება შემდეგში გამდიდრებისა და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის. ეროვნული ინტერსების ღალატია, როდესაც მოქალაქეებს სურთ ევროპაში ინტეგრაცია და  ხელისუფლებაში მოკალათებული „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანას ძალით, ძალდატანებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიაქანებს რუსეთისა და ირანისკენ.

_ განსხვავებით 2018 წლისგან, რომელიც თქვენ ახსენეთ და სხვა საარჩევნო წლებისგან, ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან არანაირი დაპირება არ ისმის, გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჯიან და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებას მიახდენენ, რით ახსნით ამას?

_ ჯერ ერთი, ოლიგარქსა და „ქართულ ოცნებას“ ის ტყუილების გუდა, რომლითაც მოვიდნენ და აქამდე იყვნენ, ამოეწურათ და გამოელიათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ რაღაცას არ მოიგონებენ და არ შეთხზავენ მოქალაქეების მოსყიდვის მიზნით, მაგრამ მთავარია, საქართველოს მოქალაქემ იცოდეს, რომ თუკი რაიმეს არჩევნებამდე გაუკეთებს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი გამოართვან, მაქსიმალურად ისარგებლონ, იმიტომ რომ ესენი არიან ფლიდები და მატყუარები და არაერთხელ მოატყუეს საქართველოს მოსახლეობა და ანალოგიური უნდა გაუკეთოს საქართველოს მოქალაქემ მათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს, თუკი რაიმე სარგებელს შეჰპირდებიან არჩევნების შემდეგ, ისინი მოატყუებენ, როგორც მრავალჯერ გააკეთეს. არჩევნებამდე კი თუ შეძლებენ, ამ მტარვალებს, რომლებმაც დაიტაცეს სახალხო დოვლათი, ხალხი გააღარიბეს, თვითონ გამდიდრდნენ, რამეს გამოსძალავენ, გამოართვან და მერე იმოქმედონ საკუთარი  შეხედულებისამებრ.

_ რას იტყვით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან  დაკავშირებულ ვითარებაზე, აფხაზეთის მოსახლეობის პროტესტზე, რომელმაც დე ფაქტო მთავრობას აიძულა, აპარტამენტების შესახებ კანონი უკან წაეღო?

_ ახლა რუსეთი ჩართულია უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში და ამისთვის არ სცალია. გახსოვთ, როდესაც სოჭის ოლიმპიადა იყო, რაც კი სჭირდებოდათ მშენებლობისთვის, აფხაზეთიდან  გაიტანეს, ამაში არავინ შეწინააღმდეგებია. ახლა რუსეთის პოზიციები შესუსტებულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და გარკვეულმა ჯგუფებმა აფხაზეთში რაღაც წინააღმდეგობა აჩვენეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სტატუს კვო თუ შენარჩუნდა, უარესი არ მოხდება იქ. მხედველობაში მაქვს დემოგრაფიული სურათის შეცვლა აფხაზეთში. ახლა თუ საუბარია ქონებრივ საკითხებზე, რა თქმა უნდა, არ ვისურვებ ამას და ღმერთმა არ ქნას, თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში იქ რუსები საბოლოო ჯამში შეცვლიან დემოგრაფიულ ვითარებას, არა  აფხაზეთისა და არა საქართველოს სასარგებლოდ.

_ გარკვეული პერიოდი „ქართული ოცნება“ ცდილობდა ამ თემის აქტუალიზებას, რომ მშვიდობით  შეძლებდნენ ქვეყნის დეოკუპაციას, თუმცა შემდეგ ეს შეწყვიტეს, რით   ახსნით ამას?

_ ისინი არიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები. რუსეთის ინტერესში არ შედის ერთიანი, ძლიერი საქართველო. აქედან გამომდინარე, ეს თემაც ჩაიხსნა, „ქართული ოცნება“ როგორ გააკეთებდა რამეს რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ? მთელი მათი პოლიტიკა, რასაც ვხედავთ, მიმართულია რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ეს არის, რაზეც ვწუხვართ და რასაც ვსაუბრობთ _ ეს ვიზიტები ირანში,  ჩინეთის, როგორც რუსეთის ეკონომიკური პარტნიორის ინტერსების გაძლიერება, მხარდაჭერა საქართველოში. ამას აკეთებენ, რაც არის რუსეთის ინტერესი. რუსეთის  ინტესებში ნამდვილად არ შედის საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება და ეკონომიკური გაძლიერება.

_ რა მოლოდინი გაქვთ  წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით?

_ ხელისუფლებისგან მიჩვეული ვართ უკანონო მოქმედებებს, მასობრივ მოსყიდვებს, მოქალაქეების დაშინებას, თუმცა დღევანდელი ვითარება მაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას, _ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიცნეს რაობა „ქართული ოცნების“. თუკი აქამდე ვინმეს კიდევ ჰქონდა ეჭვი  შემორჩენილი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ იყო პროევროპული, საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი, დღეს ეს შეკითხვა აღარ არსებობს. ყველამ იცის, რომ ისინი არიან რუსები.

_ თუმცა სარჩევნო ბანერებზე ისევ „ევროპისკენ“ დააწერს…

_ იმიტომ, რომ ცინიკოსები არიან. მთელი ევროპა, დასავლეთი ეუბნება, რომ თქვენი გადადგმული ნაბიჯები გაშორებთ ევროპასო და ესენი უტიფრად უმტკიცებენ  საქართველოს მოქალაქეებს, თითქოს მათი გადადგმული ნაბიჯები არის პროევროპული.