თეონა აქუბარდია: „ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარული მეთოდებით აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას“

გიგა გელხვიიძე

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ამნისტიის შესახებ კანონი დააინიცირა, რომელიც გულისხმობს 1000 პატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, 7000-ზე მეტი პრობაციონერის სასჯელისგან განთავისუფლებას და სხვადასხვა ტიპის დანაშაულებში მსჯავრდადებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ამნისტიის პროექტმა ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ოპოზიციურ ფლანგზე და იმთავითვე გაკეთდა განცხადებები, რომ ეს იყო „ოცნების“ ხმების მობილიზებისთვის მიმართული აქტი და მას არანაირი საერთო არ ჰქონდა ჰუმანურობასთან.

ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია:

_ ქალბატონო თეონა, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ამნისტიის კანონი, რომელიც ძალიან კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა. თქვენ ესწრებოდით აღნიშნულ პლენარულ სხდომას და იცნობთ „ოცნების“ მიერ შემუშავებულ ამნისტიის შესახებ კანონს _ როგორ შეაფასებთ?

_ ამნისტია ჰუმანური აქტია. მისი მიღება მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ამდენი პატიმარი ჰყავს, მათ შორის, სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო, რომ მათი ოდენობა შემცირებულიყო, მაგრამ ეს ამნისტია არის პოლიტიკური და არა ჰუმანურობის აქტიდან გამომდინარე. ამნისტიის ამ პროექტს არანაირი კვლევა არ უძღოდა წინასწარ, რომ იყოს გარკვეული, რა პრინციპით შეადგინეს ეს პროექტი, არ არის კვლევა რეციდივის, ანუ დანაშაულის განმეორებასთან დაკავშირებით. ამავდროულად იყოს საუბარი იმაზე, რომ შეეხებოდა ყველას, საბოლოო კი აღმოჩნდა, რომ ეხება ძალიან ცოტას. ამ აქტში იმ დანაშაულების მუხლებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ზონდერებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხებათ მომიტინგეებს რუსული კანონის წინააღმდეგ, მათ ეს ამნისტია არ ეხებათ და ამ ჭრილში უამრავი მოქალაქის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. რადგანაც სამართლიანობისგან შორს არის ეს ყველაფერი, მით უფრო ვადებს თუ შევხედავთ, ეს არის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის ბოლოს კი არჩევნებია, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ ხმების მოსაგროვებელი ამნისტია.

_ ძალიან მკაცრი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის ტონი, რომელმაც პატიმრების ოჯახებისა და თავად პატიმრების პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ მიუხედავად შიმშილობის გამოცხადებისა, არ იქნება არანაირი მუხლის დამატება, თუ არ წარადგენენ შესაბამისს მყარ არგუმენტაციას. როგორ აფასებთ მდინარაძის ამ ტონს და განცხადებას?

_ დაზარალებულის თანხმობაზე იყო აქცენტი. პოლიციის შემთხვევაზე ამომცნობი ნიშანი არ აქვთ სპეცრაზმელებს და ისიც კი ვერ დაადგინეს, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვინც სცემა, დავით ქაცარავას შემთხვევას რომ თავი დავანებოთ. ელისაშვილის შემთხვევაში ეს ყველაფერი, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში, ვიდეოკადრებით ჩანდა, განსაკუთრებით კი ელისაშვილის შემთხვევაში. ამ მოცემულობაში ეს არის პოლიტიკა, გაათავისუფლებენ მათი ზონდერები.

_ ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ ამნისტია არ შეეხება საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულ პირებს და ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ხომ არ ისჯებიან სხვა მსჯავრდადებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო, რომელსაც ასევე აქვს ერთ-ერთ ბრალად წაყენებული საზღვრის უკანონო კვეთა?

_ რა თქმა უნდა. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის კვეთის ბრალდება, ის ასევე იმყოფება საპატიმროში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ მუხლის გაზიარება, მაგრამ პოლიტიკურად არის ნაკარნახევი ეს ამნისტია და არა ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპით. ბრძანება აქვთ მიღებული, რომ მოხარშეთ ისე ეს ყველაფერი, რომ მათთვის საჭირო ადამიანებს შეეხოს და არა იმათ, ვისაც ეს სჭირდება.  

_ ახალი გენერალური პროკურორი დაინიშნა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, რატომ იჩქარა ასე „ქართულმა ოცნებამ“?

_ რაღაც პერიოდი დარჩა არჩევნებამდე. მისი ცვლილება არ არის შესაძლებელი, რადგანაც ის კონკრეტული ვადით არის დანიშნული. შესაძლებელი იყო, რომ მომდევნო პარლამენტს აერჩია გენერალური პროკურორი და ეს იქნებოდა რაღაც ადეკვატური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ეს ბერკეტი მათ დარჩეს, მით უფრო იმის შემდეგ, რაც მე ამ კაცს ვუსმინე, ის არის ჩვეულებრივი შემსრულებელი, ფარცხალაძესთან ნამუშევარი, ივანიშვილის ნების გამტარი. არ არის გასაკვირი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ერთპარტიულად დაინიშნა. ვერ დავარქმევდი, რომ ის არის არჩეული.    

_ ივანიშვილის ბოლო გზავნილები… 

_ ივანიშვილის გზავნილები არაფრით არის ახალი და გამორჩეული 29 აპრილის გამოსვლისგან. ერთადერთი ახალი ის იყო, რომ ჩინეთის როლი განსაკუთრებით გამოყო და საკუთარ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიულ ხარისხში აყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ რაღაც 27-მილიონიანი ოფისი, რომელმაც გამახსენა მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გახსნა, რის შემდეგაც მათ მოუწიათ ხელისუფლებიდან წასვლა და მილიარდერი ოლიგარქი 27-მილიონიანი ოფისიდან ხალხს კიდევ ერთხელ სთხოვდა, რომ ერთი შანსი მიეცათ და ის ყველაფერს გააკეთებდა ამის შემდეგ.

_ რამდენად არის შესაძლებელი, რომ მმართველ რგოლში „ქართული ოცნება“ კიდევ 12 წლით ვიხილოთ?

_ როდესაც ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, იქ ნათლად ეწერა, რომ მმართველობითი ფორმის გაზიარება უნდა მომხდარიყო. ჩინეთს მართვას ერთი კომუნისტური პარტია, ის შორს არის დემოკრატიისგან და მმართველობის ფორმის გაზიარება შედგა კობახიძესთან, როდესაც ჩინეთის კომპარტიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ამიტომ ისინი გვეუბნებიან ახლა, რომ რუსეთი მაინც წითელი ხაზია ხალხისთვის და ვერ იტყვიან, რომ ეს მოდელი გადმოაქვთ, მაგრამ აი, ჩინური მართვის მოდელი, ერთპარტიული მმართველობა სამუდამოდ და ეს უნდათ გააკეთონ, ღიად გვითხრეს. ძალიან ცხადი იყო, რომ ისინი მიდიან ავტორიტარული მმართველობისკენ, როდესაც სურთ, რომ ერთი პარტიის მხრიდან იმართებოდეს ქვეყანა, ხალხს არაფერი შესთავაზონ, მხოლოდ თავად გამდიდრდნენ და დააშორონ ეს ქვეყანა იმ ცივილიზაციურ არჩევანს, რომელიც ჰქონდა მას საუკუნეების განმავლობაში.

_ 8 ივლისის შემდგომ სამი ოპოზიციური ცენტრი გამოიკვეთა. რამდენად არიან ეს ცენტრები მზად ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად?

_ სამი კოალიცია არის, თუმცა ცენტრი მეტია. თუ შევხედავთ ენმ-ს „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, იქით გვარამია, მელია, „გირჩი-დროა“ და აქეთ უკვე „ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ ეს არის სამი გარკვეულწილად კოალიციური ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკები აკრძალულია კანონით. არის კიდევ მეოთხე _ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, იცით საპარლამენტო „გირჩი“ გადის ცალკე, არის კიდევ პრორუსული დაჯგუფება, ამიტომ ყველაფერი ეფუძნება გამოცდილებას და ისტორიას. რისკები ბევრი პარტიის არსებობას თან ახლავს და ეს რისკები არის არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ საერთო გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამი ალტერნატიული ცენტრი იქნებოდა ოპტიმალური და არა 5, 6, 7 ან 8.

_ თუ განიხილავთ საკუთარ თავს რომელიმე ამ კოალიციურ ჯგუფთან ერთად?

_ არასოდეს არ დამიმალავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავს ვერ ვხედავდი და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი მესამე ოპოზიციურ ცენტრს, რომელიც არც ენმ-ს და არც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არ იქნება, შესაბამისად, ველოდები როდის დასრულდება ეს გადაჯგუფებები და ჩემს თავის დავინახავ მესამე ალტერნატიულ ცენტრში. მაგრამ ჯერ ადრეა საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი, რადგანაც პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

_ ბევრი გამოუძიებელი საქმე დაგროვდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. რამდენად უნდა ჰქონდეს საზოგადოებას იმის მოლოდინი, რომ ეს საქმეები დაიძრება და მათ გაეწევა სათანადო ყურადღება უკვე კოალიციური ხელისუფლების მხრიდან?

_ თუ საქართველოში დემოკრატია არ დავიცავით, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსული კანონის შემდგომ საფრთხეშია, ისევე როგორც ევროპული კურსი, ამის გარეშე ცალკეულ უფლებებზე საუბარი იქნება უბრალოდ თავის მოტყუება, იქნება ეს მედიის თუ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავამთავროთ სხვა თემებზე ლაპარაკი და მოვემზადოთ იმ შედეგებისთვის, რაც ნანახი გვაქვს ავტორიტარულ ქვეყნებში მსგავსი მმართველობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გაქვს 9 რეკომენდაცია შესასრულებელი, რათა დავიწყოთ გაწევრიანება ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში ეს 9 რეკომენდაცია შესრულდება.

_ თავდაცვის საკითხებს მინდა შევეხო: შეჩერებულია 30 000 000 ევროს ოდენობის ფულადი დახმარება ევროკავშირის მხრიდან, უარი ითქვა აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე და შესაძლოა კიდევ მოხდეს გარკვეული სახის დახმარებების შეჩერება ქართული ჯარისთვის _ სად დგას ახლა ყველა ამ შეზღუდვისა თუ სანქციის შემდეგ ქართული თავდაცვა?

_ ნატოში გაწევრიანება იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქართული ჯარის გაძლიერების. თუ ნატოს წევრობა ხვალ და ზეგ არ იყო მოსალოდნელი, ნატოს გზაზე ყოფნა იყო შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა. ისევ როგორც ევროკავშირის წევრობა ეხმარებოდა თავდაცვას. ჩვენ გვახსოვს საფრანგეთის მიერ გადმოცემული თავდაცვის საშუალებები, ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიამ დაიწყო ამაზე მუშაობა და თინა ხიდაშელმა დაასრულა, ასევე ის დახმარება, რომელიც ევროპის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში გვქონდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთს მტრობა გამოუცხადა „ოცნებამ“, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ყალბად იცავს „ქართული ოცნება“, თუმცა რეალურად კიდევ უფრო ასუსტებს. ხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან ანექსიური პროცესები კიდევ უფრო ძლიერდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და მიღებული კანონით რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების ფლობას და მიწის ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს ოჩამჩირის პორტისა და ბიჭვინთის აგარაკების უკანონო მიღების შემდგომ. აი, სწორედ ეს არის დამატებითი საფრთხე.

_ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსული კანონის წინააღმდეგ, სადაც საუბარია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არის მოთხოვნა, რომ ეს კანონი იყოს მიჩნეული არაკონსტიტუციურად, ასევე სარჩელი შედის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მიერ ერთობლივად და როგორც ცნობილია, მზადდება პარლამენტის დეპუტატების მიერ კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გათვალისწინების ფონზე, რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ?

_ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს ვუყურებ, როგორც სამართლებრივი ბრძოლის მნიშვნელოვან ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იყო გადაწყვეტილება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ მამუკა ხაზარაძის წიგნთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაცდომის ჭრილში, _ თუ საარჩევნო პერიოდი არ არის, ამგვარი პოლიტიკური რეკლამა იკრძალება და ეს არ ეწერა კანონში ამ დრომდე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ 26 ოქტომბერს ხელისუფლება არ შევცვალეთ, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო უშველის ამ ქვეყანას და ვერც _ სტრასბურგის. თუ დემოკრატიული რეფორმები არ გავატარეთ და ევროკავშირისკენ არ წავედით, რომელიც გაყინულია რუსული კანონის გამო, ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან, რომელიც მზად არის უკვე, საქართველო წაიღოს თავისი გავლენის ქვეშ და არა მხოლოდ ცალკე აფხაზეთი. მერე ნებისმიერი განცხადება ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არის მითი, რადგანაც რუსეთის კარნახის პირობებში რუსეთი არ დათმობს აფხაზეთსა და ცხინვალს, რომელიც ომით აქვს წაღებული. რუსეთი მაქსიმუმ შესაძლებელია წავიდეს იმ კონფედერაციის იდეაზე, სადაც ცალკე სახელმწიფოები ვიქნებით რუსეთის ქოლგის ქვეშ, რაც არის კატასტროფა საქართველოს სუვერენიტეტისთვის. ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის არის ნატოსა და ევროკავშირში წევრობა, მით უფრო მაშინ, როდესაც ის ევროპული კეთილდღეობები და სიკეთეები, რომლებიც ჩვენს ხალხს ექნება, შეგვიძლია გავუზიაროთ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს და ერთ-ერთი მშვიდობის პროექტი არის ევროპა.

_ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ ახსენა აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობა და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯა. რისი თქმა სურს „ოცნებას“ ამით, მით უფრო იმის ფონზე, რომ თავად ამაყობდა იმ გადაწყვეტილებებით, რაც აგვისტოს ომის შესახებ მიიღო სტრასბურგმა?

_ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებაზე საუბრით ისინი ჩვეულებრივ რუსულ საქმეს აკეთებენ, რადგანაც რუსეთი ამ წლების მანძილზე ზოგადად ამტკიცებდა, რომ ომში ბრალდებული არ არის აგრესორი რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე. შეუძლებელია შენს ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება შენსავე ტერიტორიაზე. გამოჩნდა, რომ რუსეთზე არის ბრალი დამტკიცებული და ახლა როცა ამაზე საუბრობენ, მათ შორის პროკურორის არჩევისა თუ დანიშვნის დროს, ხანდაზმულობის ვადებს როდესაც ეკითხებოდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს საინფორმაციო ომის ერთ-ერთ ნაწილად იქნას გამოყენებული წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს სამხედროებთან დაკავშირებითაც გაავრცელონ. ეს არის კიდევ ერთი მტრობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მაშინ როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსეთის სახე უკრაინაში.