ცოტნე კობერიძე: „მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის ნდობა დავიმსახუროთ“
ირინა მაკარიძე
რა იყო ის პირობები, რამაც აშშ მიიყვანა ქართველი ხალხის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის გადაწყვეტილებამდე? რა რეალობას ქმნის ახალი ვითარება, რაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას უკავშირდება? რამდენად არის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია“ ამ ვითარებიდან გამოსავალი და რას აპირებს ოპოზიცია?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩი _ მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ცოტნე კობერიძე:
_ დასავლელ პარტნიორებს რომ არ სცოდნოდათ, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ამ სანქცირებულ პირებს შეცვლის, გაუჭირდებოდათ იმ ქვეყნის დასანქცირება, რომელშიც ამდენი ინვესტიცია ჩადეს. შესაბამისად, მათ რომ არ ჰქონოდათ გარანტია, რომ ქოცების გარდა ამ ქვეყანაში ვართ ადამიანები, რომლებიც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ შევწყვეტთ დასავლეთისკენ სვლას, ამის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ეს სანქციები. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესების შედეგად დადგა ეს სანქციები. გარდა იმისა, რომ აქციას ბევრი შედეგი ჰქონდა: ის, რომ ერთმანეთი დავინახეთ ადამიანებმა, ერთმანეთი გავიცანით, ვიგრძენით ერთობის ძალა და ვარყიეთ სისტემა დიდი ხნის განმავლობაში, ამას დაემატა კონკრეტულად ეს დასავლური წნეხი, რაც ეტაპობრივად გაიზრდება უსათუოდ. შესაძლოა, იყო მოლოდინი, რომ დღესვე დასანქცირებულიყო 84-ვე დეპუტატი, მაგრამ ეს არის დასავლური პოლიტიკა, რომ დაიტოვონ ხელისუფლებასთან სასაუბრო ველი. თუმცა მოსალოდნელია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დამძიმდეს ვითარება და ამიტომ უნდა ველოდოთ დასავლეთიდან სანქციების ახალ პაკეტებს.
_ „ქართულ ოცნებაში“ „არაადამიანურ დამოკიდებულებადაც“ კი შეაფასეს ეს ფაქტი, რომ კონკრეტულად არ ითქვა, ვინ მოხვდა სანქცირებულთა შორის. ამის შესახებ რას იტყვით?
_ „ქართული ოცნება“ რაზედაც იდგა ამ კვირების განმავლობაში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამშვიდებდა, რომ სანქცია თუ იქნებოდა, ეს იქნებოდა მის წინააღმდეგ, _ მე ისედაც სანქცირებული ვარ და, შესაბამისად, ეს პრობლემა არ არისო. ძალიანაც კარგი, რომ ზუსტად არ ეცოდინებათ, ვინ არის დასანქცირებული და ვინ _ არა. ეს დააფიქრებს მათ, რომ არ უნდა შესწირონ თავიანთი ოჯახის, შვილების ინტერესები ბიძინა ივანიშვილს და არ უნდა ჩაყვნენ მას ბოლომდე.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯერ აცხადებდენ, რომ არაფერი ჩაუდენიათ საიმისო, რომ დაასანქცირონ, შემდეგ კითხულობდნენ, თუ „რატომ“ და ბოლოს აცხადებენ, უმჯობესია იყვნენ სანქცირებულები, ვიდრე ომში გაწვევის ბარათები მიიღონ. რას იტყვით „ოცნების“ ამ რიტორიკაზე?
_ ძალიან მარტივად არის საქმე. თუ ფიქრობენ, რომ კანონის მიღების გამო დაასანქცირეს, მაგრამ ამ კანონის მიღებით ომის საფრთხე აარიდეს ქვეყანა, ეს ხომ ნიშნავს, რომ კანონი იმიტომ მიიღეს, რომ რუსეთმა მოსთხოვა? ლოგიკა ასე გამოდის, _ მიიღეს კანონი, დაასანქცირეს და ამბობენ, იმიტომ დაგვასანქცირეს, რომ ომში არ ჩავერთეთო. ე. ი., ეს კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ რუსეთმა დაგვაძალაო. ამას გვეუბნებიან სინამდვილეში, რომ რუსეთმა დააშანტაჟა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვინ რა ომს სთხოვს? რატომ გაუკვირდათ ახლა სანქციები? გასაგებად უთხრეს, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, თუ არა სანქციები იქნებაო. ის თუ უკვირთ, რომ ბიძინა დაჰპირდა, სანქციები არ იქნებაო და საწინააღმდეგო მოხდა, ეს თქვან. შეიძლება, ის კაცი ასულელებს მათ, მაგრამ მარტივი იყო ამერიკელების საჯარო განცხადებებიდან დასკვნის გამოტანა, თუმცა მათ იმედი ჰქონდათ, რომ ზურგს უკან რაღაცას ალაგებდა. ეძებონ ახლა მასონები და უცხოპლანეტელები. რეალობაში როგორც ხდება, ამას ეტაპობრივად კიდევ დაინახავენ.
_ თუ „ოცნების“ ლოგიკას მივყვებით და ჩავთვლით, რომ ამ კანონის მიუღებლობის შემთხვევაში რუსეთი ომით გვემუქრებოდა, მაშინ ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად საჭიროა მეგობარი და მეგობრების მტრად გამოცხადება რა ლოგიკაში ჯდება, როგორ ფიქრობთ?
_ სავარაუდოდ, მათი გათვლა ემყარებოდა იმას, რომ დასავლეთი მაინც არ გაგვწირავდა. ფიქრობდნენ, _ მეგობარს მტრად გამოვაცხადებ და მეგობარი ომს ხომ არ დამიწყებს და აგერ რუსეთს ვასიამოვნებო. ჩინეთსა და რუსეთზე აკეთებენ გათვლას, მათთვის დასავლეთის განაწყენება პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ფული მოიპოვება აზიურ სამყაროშიც. ამ შემთხვევაში ქვეყანა და ხალხი ვართ ცოდო, თორემ მათ ასე უფრო გაუადვილდებათ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება.
_ აშშ-ის მიერ სანქციის _ სავიზო შეზღუდვების მიზეზად დასახელებული იყო დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ძალადობა და დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც ჩანს, მათ ვერაფერი გაიგეს და სანქციების გამოცხადების შემდეგაც იგივე გააგრძელეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს, ამის შესახებ რას იტყვით?
_ გაგრძელდა იგივე პრაქტიკა, საკუთარ „ახალგაზრდულებს“ არბენინებენ, რომ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა, რომ მოქალაქეები იყვნენ იქ და დამეხმარნენ. ისეთი გაპარტახებული ტიპები იყვნენ, ვინც მომიგზავნეს, გირჩელებს რომ გვეძახიან ნარკომანებს, კარგად შეხედონ, ვისი „ახალგაზრდულები“ გვანან ნარკომანებს. ორჯერ წაიქცა და ძლივს წამოდგა ფეხზე. ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობენ, ქუჩაში კონფლიქტი შექმნან. ასეთ ქმედებებზე არის დასავლეთის პასუხი. მათთვის ზუსტად ადამიანის უფლებების დაცვაა პრიორიტეტი, რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული და მას ქუჩაში ვერავინ გაუსწორდეს. როგორც ჩანს, მოგვიწევს ასეთ საარჩევნო გარემოში ყოფნა. მიუხედავად ამისა, უნდა მოვუგოთ, სხვა შანსი არ არსებობს.
_ თქვენზე თავდასხმის ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ორჯერ დაეცა, მაგრამ თქვენ ამით არ ისარგებლეთ და ფიზიკურად არ გაუსწორდით. თქვენს შემთხვევაში ელექტროშოკებით იყვნენ შეიარაღებულები, რას იტყვით ამის შესახებ?
_ კი, ასე იყო, ერთი მათგანი ვიპოვე, ფეისბუკი წაშალა, მერე ინსტრაგრამზე ვიპოვე, „დავაფოლოვე“, იქაც ვეღარ ვპოულობ, წაშალა.
_ ამ აქციებმა თავისი შედეგი მოიტანა საერთაშორისო მხარდაჭერის სახით, ახლა საჭიროა, პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამ გასცეს პასუხი ამ ყველაფერს, ამის შესახებ რას იტყვით?
_ შიდა პოლიტიკაში ჩვენ თუ რეალური ძვრები ვერ მოვახერხეთ, შეუძლებელია, აქ სხვა ქვეყნებმა ჩვენ გარეშე იბრძოლონ. პირველ რიგში, ჩვენი გასაკეთებელია ეს საქმე. გვესმის, რომ პროპორციული არჩევნებია 5-%-იანი ბარიერით, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი კონფიგურაციები, რომლებიც მოქალაქეებს აჩვენებენ ალტერნატივებს.
_ რას იტყვით პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე“?
_ „ქართულმა ქარტიამ“ მეტი შინაარსობრივი ნაწილი შესძინა ჩვენ ბრძოლას, რომ მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ დასავლეთთთან და ასევე ვირჩევთ დროებით ხელისუფლებას, რომელიც ჩაატარებს უკეთეს არჩევნებს. ეს შეთანხმება ადასტურებს, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად არ მოვდივართ, ახლა არჩეული პარლამენტი, დაახლოებით, 2 წელიწადში ჩაატარებს ახალ არჩევნებს, ამდენად, შეიძლება მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ ახლა თქვენ შეიძლება საყვარელ პარტიას არ ირჩევთ, მაგრამ ირჩევთ დასავლურ მომავალს. ვინც ამ ქარტიას შეუერთდა ამ პასუხისმგებლობით, სწორი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება კონფიგურაციებს, ვფიქრობ, ივნისის ბოლომდე ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ახლა ტარდება გარკვეული კვლევები, რომლის შედეგებსაც პარტიები ელოდებიან. ივნისის შემდეგ, როცა ადამიანები გავლენ დედაქალაქიდან, მათ უკვე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა, რა ტიპის არჩევნებისთვის ვემზადებით.
_ რამდენად შეიძლება იყოს ეს „გამარჯვების ფორმულა“?
_ ეს რომ გახდეს „გამარჯვების ფორმულა“, კიდევ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამ თვეების განმავლობაში, რომ ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ქარტიის პუნქტების შინაარსი. ამასთანავე, ნდობა მოვიპოვოთ, რომ ხელი რასაც მოვაწერეთ, იმის შესრულებას ვაპირებთ. ამის შემდეგ იქნება ქარტია გამარჯვების ფორმულა. სწორად გადადგმული ნაბიჯი და პროცესი როგორ გაგრძელდება, დამოკიდებულია პრეზიდენტსა და ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებზე, ორგანიზაციებსა და ადამიანებზე. სხვა მხრივ არაფერი გამოვა, ნდობა უნდა დაბადოს პროცესმა.
_ პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ იქნება „სხვანაირი მთავრობა“, „სხვანაირი პარლამენტი“, რამდენად იქნება ამის განხორციელება რეალობაში შესაძლებელი? პარტიებმა მართალია ხელი მოაწერეს, მაგრამ მაინც სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა თუნდაც მოკლევადიანი პარლამენტის საკითხზე, მით უფრო, რომ რეფორმების განხორციელებას, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ისაუბრა, შესაძლოა, ეს დრო არც ეყოს, რას იტყვით ამაზე?
_ არ მგონია, რომ იმხელა უპირატესობით ვინმემ მოიგოს, რომ რომელიმე პარტიამ მერე მხარი აღარ დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და მარტომ მოახდინოს ამ პირობის შეცვლა. რამდენიმე პარტიამაც რომ დაიწუნოს ეს პუნქტი, უნდათ თუ არ უნდათ, მაინც ისე მოხდება, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება აუცილებელი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს, ნორმალურ სიტუაციაში ადამიანი შეიძლება ამას ვერც მიხვდეს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში, სადაც ნდობის დეფიციტია და მოქალაქეებს შეიძლება განცდა ჰქონდეთ, რომ შენ ძალაუფლებისთვის მოდიხარ, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ამომრჩეველს კარგად უნდა განვუმარტოთ, ეს არჩევნები არის იმისთვის, რომ გადავიდეთ ევროპასთან მოლაპარაკებაზე და ევროკავშირის გაფართოების ნაწილი გავხდეთ.
_ დამეთანხმებით, ალბათ, რომ გარკვეული ბუნდოვანება ახლავს ამ საკითხს, თუნდაც ის, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას, რომელიც, როგორც პრეზიდენტმა თქვა, იქნება პროფესიონალებისგან და არა პოლიტიკოსებისგან შემდგარი. როგორ აპირებთ ეს მიიტანოთ ამომრჩევლამდე?
_ ცხადია, სირთულე არსებობს, თუმცა ეს დოკუმენტი ახლოს დგას შარლ მიშელის დოკუმენტთან, მასში ჩამოთვლილი რეფორმების ნაწილის გათვალისწინებით, ამდენად, ამ საკითხებზე გარკვეული კონსენსუსი არსებობს. მნიშვნელოვანია, ჯერ პოლიტიკოსებმა გაიაზრონ და შემდეგ უკვე ხალხამდეც მიიტანენ ამას. ახლა აუცილებელია, ამომრჩევლის ნდობა დავიმსახუროთ და შესაბამისი შედეგი დავდოთ არჩევნებზე.
_ ელექტრონული არჩევნებია, ოპოზიციურ ამომრჩეველს ამ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, იყო შუალედური არჩევნები, მაგრამ ოპოზიციის ბოიკოტის გამო მასში მხოლოდ სახელისუფლებო პარტია მონაწილეობდა. რას იტყვით, რა სირთულე შეიძლება იყოს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ელექტრონულ არჩევნებს? არის თუ არა გაყალბების საფრთხე და რას გეგმავთ ამის თავიდან ასაცილებლად?
_ მთავარი პრობლემა არჩევნებზე მუდმივად იყო არჩევნებამდე ხმის გამოძალვა, როდესაც კოორდინატორული სისტემით, მასწავლებლებით, ბაღებით, სახელმწიფო რესურსებით ხდება ხმების მობილიზება. რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, პრობლემაა ის, რომ გასაფერადებელია ბიულეტენები, ინფორმაციის დონეზე არ არის ეს გავრცელებული დღესდღეობით, მოქალაქეებს შეიძლება ჰგონიათ, რომ უნდა მივიდნენ და საყვარელი პარტია უნდა შემოხაზონ. „გავრუსდებით-არ გავრუსდებით“ ყვირილში მიგვავიწყდა ასეთი პროცესუალური საკითხები. მე ჯერ მოქალაქე არ შემხვედრია, რომელმაც შეიძლება იცოდეს ეს საკითხები. ზოგადად, მომხრე ვარ, რომ „ქოცებმა“ შემოხაზონ „ქართული ოცნება“ და ოპოზიამ გავაფერადოთ ჩვენი არჩევანი. რადგან თუ შემოვხაზავთ, არ ჩაითვლება, რადგან იმას ფიზიკურად არ წაიკითხავს მოწყობილობა.