პაატა ზაქარეიშვილი: „კობახიძე ივანიშვილს უფსკრულში მიათრევს“
შორენა მარსაგიშვილი
ვინ ურჩია ბიძინა ივანიშვილს გაწვეული რუსული კანონის შემობრუნება? რატომ არის ირაკლი კობახიძე ყველაზე ცუდი პრემიერი? რაზე შეუძლია მას წასვლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად? რა შანსები რჩება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
_ ბატონო პაატა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებას“ სანქციების დაწესება დაუანონსა. ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები არხეინად შეხვდნენ. აცხადებენ, სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯებით და მზად ვართ, ეს სასჯელი მივიღოთო. თქვენი აზრით, მართლა არ ადარდებთ ეს სანქციები, თუ აგონიაში არიან და ამითაა გამოწვეული ეს განცხადებები?
_ ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის არ ისჯებიან. ისინი ისჯებიან იმ კეთილდღეობისთვის და ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოში აქვთ. არაფერი ესაქმებათ მათ უცხოეთში. ქართული რეალობის ტრაგედია ისაა, რომ მათ საერთოდ არ ადარდებთ საქართველოს მომავალი და ქვეყნის მოსახლეობა. განაღდებული აქვთ, რომ ხელისუფლებას შეინარჩუნებენ. გარანტირებული აქვთ ბიზნესის მფარველობა, თანამდებობები პარლამენტში და პარლამენტს გარეთ. ამიტომ სულ არ ადარდებთ, რა მოხდება საქართველოში, საქართველოსთვის და რა პერსპექტივები ექნება ქვეყანას ევროპის მიმართულებით. იქნება რუსეთი, ხომ კარგი. არ იქნება ამერიკა? ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამერიკას! _ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნება“ აგონიაში არ არის. აგონიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია. პირველ რიგში, ეს არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს და უნდა, ბიძინა ივანიშვილის კარზე ყველაზე საყვარელი და მიღებული ფიგურა იყოს.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსული კანონის ხელმეორედ შემოტრიალება კობახიძის ინიციატივა იყო. ახლა სულაც არ უხარია ივანიშვილს, რომ ასე აიჭრა სიტუაცია. ისტერიკა, პირველ რიგში, ივანიშვილს ექნება. მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. როგორც გითხარით, აგონიაშია ირაკლი კობახიძეც. მასაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. დანარჩენს პანიკა არ აქვს.
_ რატომ არ აქვს დანარჩენს პანიკა? დასაკარგი არაფერია?
_ ისინი არიან ბალახივით. როგორც წესი, როცა ქარიშხალია, ბალახს არაფერი ემუქრება. მათ ჰგონიათ, რომ გადარჩებიან, სანქციები ცოტა ხანი იქნება და მერე გადაივლის რაღაც ფორმით. ამ სანქციებით, პირველ რიგში, სახელმწიფო ზარალდება და ესაა ტრაგედია.
_ თქვენ კობახიძის აგონია და ისტერიკა ახსენეთ და ალბათ ამ სერიიდან არის მისი განცხადება, ევროკომისარი დამემუქრაო. ან ეს განცხადება ყურადღების მიპყრობის მიზნით ხომ არ გააკეთა?
_ აშკარაა, რომ ირაკლი კობახიძეს რაღაც პრობლემები აქვს. უკვე პარანოიის დონეზეა ეს ადამიანი. მსოფლიოს ახსოვს შემთხვევები, როცა პარანოიდული ადამიანები ხელისუფლებაში არიან. ჰიტლერიც ასეთი იყო, სტალინიც პარანოიდული იყო. აშკარად კობახიძესაც აქვს ეს ნიშნები, ის ჩაკეტილია საუთარ თავში. გაბრაზებული და გამწარებულია იმის გამო, რომ თავისი საქმე უვარდება. სჯერა, რომ მართალია და ამიტომ ბოლომდე რქებით აწვება. არადა, შეუძლია, დათმოს და უკან დაიხიოს. გონიერი ადამიანი ასე იქცევა ხოლმე. შეცდომას ყველა უშვებს. შეცდომა ტრაგედია არ არის. აღიარებ შეცდომას, უკან დაბრუნდები და სხვა გზით შეეცდები მიზნის მიღწევას. კობახიძისნაირი ადამიანები ვერ ხვდებიან იმას, რომ უკან უნდა დაიხიონ და სხვა ფორმით წავიდნენ წინ. ასე მოუვიდა ჰიტლერს. მან თავისი პარანოიდული ბუნების გამო დაანგრია გერმანია. ივანიშვილი არ არის პარანოიდული ადამიანი. მას პოლიტიკა არ უყვარს, მას პოლიტიკა ეზარება და ეძებს ხალხს, ვისზეც დადებს ფსონს. ბევრ ვიღაცაზე დადო ფსონი. არ გაუმართლა ერთმა, მეორემ. მესამემ… არ გაუმართლა ღარიბაშვილმა და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა ირაკლი კობახიძე. ის პარანოიდული ადამიანია და არ დათმობს, რომ ბიძინას კარზე ყველაზე მიღებული ფიგურა იყოს. არსებულ სტატუსს და ძალაუფლებას კბილებით ებღაუჭება. ბოლომდე მიაწვება და საქართველოს სამარეში ჩაიყვანს, ოღონდ თავად არ იყოს მტყუანი.
წესით, ბიძინა ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ ქვეყანა და თავად ისიც კობახიძეს უფსკრულისკენ მიჰყავს. საკმაოდ სერიოზული დუღილი იქნება შიგნით ხელისუფლებაში. კობახიძის გარშემო მდინარაძეები, ოხანაშვილები და კიდევ რამდენიმე იქნება მარტო. ისინი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულები არიან, როგორც კრიმინალური ბანდა, რომელიც როცა დანაშაულს ჩაიდენს, პოლიცია კვალს დაადგება, ესენი იმალებიან სადღაც სარდაფში, სადაც არ შეიძლება ხმის ამოღება. დაახლოებით ასეთი კრიმინალაური ბანდის ფსიქოლოგია აქვს იმ გუნდს, რომელიც ახლა ჩაენაცვლა ღარიბაშვილს.
ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არის ძალიან სახიფათო. ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება. ამ სისუსტის გამო ისინი ძალიან საშიშები არიან. ისინი ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ და ამიტომ მათთან მაქსიმალურად ფრთხილად არის მუშაობა საჭირო.
_ მაინც, რაზე შეიძლება წავიდნენ ეს ადამიანები?
_ ყველაფერზე წავლენ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იტყვიან უარს, მათ შორის, სისხლისღვრაზეც. ყველაფერს იკადრებენ, რისი კადრებაც შეიძლება და არ შეიძლება. აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. აღტაცებული ვარ ამ აქციებით, ძალიან მომწონს, თუ როგორ ტარდება. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რამენაირად უნდა მოხერხდეს, რომ რაღაც პროვოკაციებს არ აყვნენ. კობახიძის გუნდი შეეცდება, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგონ აქციის მონაწილეები. პროვოკაციების რისკი მინიმუმამდე კი არ უნდა დაიყვანონ, არამედ სრულად უნდა გამოირიცხოს. არჩევნებამდე უნდა გავძლოთ, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ აბსოლუტურად სუფთად. „ოცნების“ მთავარი პრობლემა არის შიში. მათ ძალიან ეშინიათ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებიან.
_ დამარცხდებიან ვითომ?
_ დამარცხდებიან, ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომ ეშინიათ ასე. იმის შანსი მაღალია, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავიდეს. მაგრამ შემდეგ ადგილზე გასულმა პარტიებმა შესაძლოა, ჯამურად მასზე მეტი ხმა აიღონ. ამას კარგად ხვდებიან „ოცნებაში“ და ესაა მათი პრობლემა. დღეს რომ ასეთი ვითარებაა, ეს ახალგაზრდების დამსახურებაა. ორი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი რამე მოხდებაო, არ დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. და ეს რეალობა ჩვენმა ახალგაზრდებმა მოიტანეს.
_ ე. ი. კობახიძეს რაღაც კარგი მაინც გაუკეთებია, ახალგაზრდობა გამოგვიღვიძა.
_ ახალგაზრდობა უფრო ივანიშვილმა გამოგვიღვიძა, ვიდრე კობახიძემ. კობახიძე საკუთარ თავს ვერ დანიშნავდა პრემიერად. ის ივანიშვილმა დასვა ამ თანამდებობაზე. მისი გაპრემიერება იყო დიდი შეცდომა და მგონი, ახლა ამას ივანიშვილიც ხვდება. ჭადრაკში არის ასეთი ტერმინი _ მძაფრი ცუგცვანგი, როდესაც მოთამაშე პარტიას აგებს და ნებისმიერი ფიგურის გადაადგილება მის წინააღმდგ მუშაობს. ამ სიტუაციაშია დღეს ივანიშვილი.
_ არაფრის შეცვლა არ შეუძლია?
_ ახლა ნებისმიერი ცვლილება მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. კობახიძეს იქით _ ვაი, „ქართულ ოცნებას“; აქეთ გადმოაადგილებს _ ვუი, „ქართულ ოცნებას“. ხელს თუ არ მოკიდებს, კიდევ მეტი უბედურება იქნება. იმდენად ღრმად შევიდნენ კრიზისში ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ გულში შეშფოთებულები უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აცნობიერებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე კობახიძის მოყვანით დიდი შეცდომა დაუშვა. სიმართლე რომ ვთქვათ, რაც დღეს საქართველოში ხდება, არც რუსეთს აუნდა უხაროდეს.
_ რუსეთს რატომ არ უნდა უხაროდეს? რუსეთს ხომ უყვარს საქართველოში არეულობა, თანაც ეს კანონი პირდაპირ რუსეთისკენ მიგვაქანებს.
_ ამ კანონის მიღება შეიძლებოდა არჩევნების შემდეგაც. არ გამოვრიცხავ, კრემლიდან რეკავენ შეშფოთებულები და ამათ ეუბნებიან, რამ გამოგაშტერათ, თქვე უბედურებოო. არჩევნები „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა. არჩევნებამდე ამ კანონის მობრუნება იყო დიდი სისულელე. რუსები აუცილებლად უსაყვედურებენ ამის გამო და ეტყვიან, თუ არ უთხრეს უკვე, რომ როგორ დაუშვით არჩევნებამდე ამ კანონის მიღება, არჩევნების შემდეგ მიგეღოთო. არ მგონია, რომ რუსები ბედნიერები იყვნენ საქართველოში დღეს არსებული ვითარებით.
სანქციები ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ამ ქვეყნისთვის. სანქციები საზოგადოებას აფხიზლებს. თუ არჩევნების თემას დავუბრუნდებით და ვიტყვით, რომ არჩევნებს აგებენ, ეს სანქციები კიდევ მეტ მოტივაციას მისცემს ხალხს, რომ გადახაზონ „ოცნება“. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკა არ ხუმრობს. იცის, რომ ისინი ამის გამკეთებლები არიან. საზოგადოებას არ სჯეროდა ამის და ახლა ხალხიც ხედავს, რომ ეს სანქციები ძალიან რეალურია. ეს სანქციები არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას იქონიებს.
_ თქვენ თქვით რომ კობახიძის ინიციატივა უნდა იყოს რუსული კანონის მეორედ შემობრუნებაო. ამბობენ, ივანიშვილი კობახიძეს ძალიან ენდობა და მისი მიტანილი ინფორმაციების სჯერა. რამდენიმე პრემიერიც შეიწირა კობახიძის მიტანილმა ხმებმა. ე. ი. დიდი გავლენა ჰქონია კობახიძეს ბიძინა ივანიშვილზე. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ივანიშვილზე კობახიძეს დიდი გავლენა არ აქვს, უბრალოდ, კობახიძე ყველაზე კარგად მოერგო ივანიშვილს, კობახიძემ ყველაზე კარგად გაუგო ივანიშვილს. კობახიძე კომფორტული ფიგურაა ივანიშვილისთვის. ბევრი კრიტიკულია გიორგი გახარიას მიმართ, მაგრამ ეს ადამიანი თავისი ნებით გადადგა პრემიერის პოსტიდან. ძნელი წარმოსადგენია, რომ გახარია ასეთ პარანოიაში შესულიყო. იყო დრო, როცა ივანიშვილი გახარიას ტიპის ადამიანს ენდობოდა. საინტერესოა ისიც, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია?
_ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის გადადებას ითხოვდა და როცა შს მინისტრმა უარი უთხრა, გადადგა.
_ ეს არის ოფიციალური ვერსია. მე მგონია, რომ გახარიამ პრემიერის პოსტი სულ სხვა მიზეზით დატოვა: გახარიას გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე დანიშნა. მგონია, რომ გახარია სწორედ ამის გამო წავიდა.
_ საინტერესო ვერსიაა ნამდვილად.
_ ჩემი აზრით, ეს იყო გახარიას გადადგომის მთავარი მიზეზი. გახარიას პარალელურად ბევრი ადამიანი წავიდა მაშინ „ქართული ოცნებიდან“. წავიდა, მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ერთი თვით ადრე არჩეული იყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში. წავიდა ვასიკო მაღლაფერიძე, რომელიც ასევე არჩეული იყო პოლიტსაბჭოში. ერთი თვის წინათ რომ აგირჩიეს, ან რატომ დათანხმდი ან მერე რატომ მიდიხარ? ძალიან საინტერესო ამბები იყო. ეს ადამიანები გახარიასგან არ წასულან, ეს ადამიანები წავიდნენ კობახიძისგან.
_ მაგ პერიოდში, ფაქტობრივად, კალაძეც წავიდა „ქართული ოცნებიდან“. გვახსოვს განცხადებები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და საქართველოდანაც უნდა წავიდესო.
_ იყო ეს ამბავი. ბევრი ვინმე წავიდა მაშინ „ოცნებიდან“. მათ შორის წავიდა მაია ცქიტიშვილი. რომელიც გავლენიანი ფიგურა იყო მთავრობაში. ყველა, ვინც მაშინ „ოცნებიდან“ წავიდა, ეტყობა, ადრევე მიხვდა, თუ რა საშინელება მოდიოდა ირაკლი კობახიძის სახით. ახლა ყველანი ვხედავთ უკვე, თუ რა საშინელება ყოფილა ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის ტიპაჟი კარგად აქვს აღწერილი შექსპირს რიჩარდ მესამეში. ის რიჩარდ მესამის ტიპაჟია, როგორც პოლიტიკოსი. ეს ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. ეს ძალიან საშიშია. ასეთი ადამიანები ამთავრებენ, როგორც ჰიტლერმა დაამთავრა, მაგრამ ქვეყანასაც აქცევენ. არც კობახიძე დაამთავრებს კარგად, მაგრამ საქართველოც შეიძლება დააქციოს.
ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები კარგად ხედავენ, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე და ღიად ამბობენ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს და ა. შ. ეს არ გამოგივათ. ამაში კარგი არაფერია. დღეს თუ ვინმეს უნდა საქართველოსთვის კარგი, ეს არის ამერიკა და ევროპა.
_ ამერიკას და ევროპას ნამდვილად უნდათ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და დღეს რომ საქართველო რუსეთი არ არის, ეს დასავლეთის დამსახურებაა.
_ ასეა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას მართლა შესტკივათ გული საქართველოზე. მათ უნდათ, რომ გადაარჩინონ ჩვენი ქვეყანა და ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ.
_ შეძლებენ საქართველოს გადარჩენას? მონდომებულები კი არიან, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის ნების გარეშე ამას ვერ გააკეთებენ. საქართველოს გადარჩენა, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას უნდა უნდოდეს.
_ უამრავი ბირთვული და ქიმიური იარაღია დედამიწაზე, ბევრსაც მომავალში გამოიგონებენ, მაგრამ დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი იარაღი არის უიარაღი ადამიანები. ათასობით უიარაღო ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ომის მოგება. ეს არის ჩვენი ძალა. მშვიდობიანი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირზე.
_ მთლად მშვიდობიანი არ ყოფილა ეს გამარჯვება.
_ ჩვენი სისხლი დაიღვარა ცხრა აპრილს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გააძლიერა საბჭოთა რეჟიმის მიუღებლობის მშვიდობიანი პროტესტის ფორმები. მშვიდობიანი ფორმებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა შევარდნაძეზეც. მშვიდობიანი აქციებით შეიცვალა 2003 წელს ხელისუფლება.
_ ახლაც ასე იქნება?
_ ახლაც მშვიდობიანად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. მთავარია, არჩევნებამდე ასე მივიდეთ. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ.
_ 2012 წელსაც მშვიდობიანად, არჩევნების გზით, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა მაშინდელ ხელისუფლებაზე.
_ მე ვარ პოლიტოლოგი და ჩემთვის პოლიტიკოსისა და პარტიის შეფასების მთავარი ინდიკატორი არის არა ის, თუ როგორ მოდის ხელისუფლებაში ესა თუ ის ძალა, არამედ თუ როგორ მიდის ხელისუფლებიდან იგი. „ნაციონალებსა“ და მიხეილ სააკაშვილზე ათასი საშინელების თქმა შემიძლია, მათი მომხრე არასდროს ვყოფილვარ, სულ ვაკრიტიკებდი და მათზე კარგს ვერ ვიტყვი.
_ გიდასტურებთ, რომ სულ აკრიტიკებით და არაერთი მწვავე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი თქვენთან ყოფილ ხელისუფლებაზე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.
_ მე მათ მართლა მწარედ ვაკრიტიკებდი, ახლაც ვაკრიტიკებ, მაგრამ ამის მიუხედავად ვაღიარებ, რომ სააკაშვილი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც არჩევნების გზით, თავისი ნებით წავიდა. შევარდნაძეც კი გადადგა თავისი ნებით, მაგრამ ეს იყო შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც კი. არავინ ითხოვდა მის გადადგომას პრეზიდენტობიდან. ხალხი და ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვდა. იმის ნაცვლად, რომ არჩევნები დაენიშნა, გადადგა და მიატოვა ქვეყანა. კეთილი უნდა ენება და დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩებოდა მხოლოდ. ეს წასვლა სხვა თემაა. სააკაშვილი სხვანაირად წავიდა. ის წავიდა იმ იმედით, რომ დააფუძნებდა ქვეყანაში დემოკრატიულ ნორმას, რომ ოპოზიციაში გადასული ძალა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წესით, ეს ასეც უნდა იყოს, პოლიტიკური ძალა ხან ხელისუფლებაშია და ხან _ ოპოზიციაში.
_ ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება.
_ ჩვენთანაც ამ სტანდარტის დამკვიდრებას შეეცადა სააკაშვილი. მე საათობით შემიძლია ვილაპარაკო „ნაციონალებზე“ ცუდი, კარგს მართლა ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმის აღუნიშნაობაც არ შეიძლება, რომ ისინი წავიდნენ არჩევნების გზით. მათ არჩევნებში დამარცხება აღიარეს და გადავიდნენ ოპოზიციაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით ხელისუფლება, პურველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, 2012 წელს შეიცვალა. სხვა შემთხვევაში საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით არ შეცვლილა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგაც შეიცვლება საქართველოში ხელისუფლება. „ქართულ ოცნებაში“ უკვე დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს წააგებენ. რუსული კანონი რომ არ დაებრუნებინათ, არჩევნები მოგებული ჰქონდათ. ამ კანონის შემობრუნებამ ბევრი რამე შეცვალა ქვეყანაში. დღეს „ქართული ოცნება“ ხელებით და ფეხებით ებღაუჭება ძალაუფლებას. ისინი „ნაციონალებზე“ ბევრად უარესები გამოდიან, რადგან „ნაციონალებმა“ არჩევნებში დამარცხება აღიარეს და წავიდნენ.
_ კობახიძის ტიპაჟიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის არაფრით დათმობს ძალაუფლებას. ივანიშვილმა რომ მოსთხოვოს წასვლა, ამ შემთხვევაშიც არ დათმობს?
_ ივანიშვილმა თუ მოინდომა, მაშინ კობახიძეს, რაც არ უნდა ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას, მოუწევს წასვლა. კარგად მახსოვს, როგორ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან პირველად. მაშინ მთავრობის წევრი ვიყავი და კარგად ვხედავდი, რაც ხდებოდა. ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი იმ დღეს წასულიყო, რა დღესაც წავიდა. მას შეუძლია, ირაკლი კობახიძე მარტივად გაუშვას, თუ ამას მოინდომებს. ისე კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კობახიძეს იარაღის გასროლაც შეუძლია. საქართველოში ერთადერთი, ვინც იარაღს გაისვრის, არის კობახიძე და მისი გუნდი.
_ ივანიშვილი არ წავა ამაზე?
_ ივანიშვილს გასროლა არ უნდა. მას ურჩევნია, კრიტიკულ სიტუაციაში უკან დაიხიოს. მას ასეთი რამე გაუკეთებია კიდევაც. ეს კობახიძე არ იხევს უკან. როგორც უკვე ვთქვი, მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად შეუძლია სისხლისღვრაზეც კი წავიდეს. ამით არაფრით არ მინდა, ივანიშვილს პასუხისმგებლობა ავაცილო. ის, რომ კობახიძე პრემიერია, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. „ქართული ოცნების“ ყველა პრემიერ-მინისტრი იყო შერიგებაზე მორგებული, კვირიკაშვილი იქნებოდა ეს თუ გახარია. მამუკა ბახტაძეზე არაფერს ვიტყვი.
_ რიგ შემთხვევებში ირაკლი ღარიბაშვილიც კი შერიგებაზე საუბრობდა.
_ ღარიბაშვილსაც შეეძლო უკან დახევა. ღარიბაშვილი რომ უკეთესი პრემიერია, ვიდრე კობახიძე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვართ. ბევრი წილი უბედურებისა, რაც ქვეყანაშია, კობახიძის სინდისზეა, რაც, თავის მხრივ, ივანიშვილის ბრალია, რომელმაც გააპრემიერა კობახიძე.